მარნეულის კოლეჯი, რომლის სტუდენტებიც მინდა გაგაცნოთ, 30 წლის წინ, 1992 წელს დაარსდა, ექიმთა ასოციაციის ინიციატივით. პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე, 2008 წლიდან, ახორციელებს პროფესიულ პროგრამებს, მათ შორის, მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამებსაც.
ეს გოგონები ამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კოლეჯის სტუდენტები არიან. მას შემდეგ, რაც საექთნო საქმე სახელმწიფო დაფინანსებით შეისწავლება, მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა ეს ის პროფესიაა, რომელსაც მხოლოდ დიპლომისთვის არავინ ირჩევს. ამიტომაც პასუხი შეკითხვაზე, რატომ საექთნო საქმე, თითქმის, ყოველთვის ერთნაირია – ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი, მომწონს, როცა ადამიანებს ვეხმარები…
არც ჩემი რესპოდენტები არიან გამონაკლისი. ემილია მირაქიანი და ვოსკეჰატ ოგანესიანი თანაკლასელები არიან, შაუმიანის №3 სკოლა დაამთავრეს. პროფესია ბავშვობიდანვე არჩეული ჰქონდათ და ორი წელია უკვე მარნეულის პროფესიული კოლეჯის სტუდენტები არიან. მოსწონთ პედაგოგები, გარემო, კაბინეტები, სადაც თეორიულ ცოდნას პრაქტიკით იმტკიცებენ. ჯერ კლინიკებში ოფიციალურად არ დაწყებიათ პრაქტიკა, მაგრამ ამბობენ, რომ რამდენიმე მოდული უკვე დაასრულეს და უფროსი მედდის, ხათუნა ქობულაშვილის ძალისხმევას უმადლიან, რომ, მაგალითად, შინმოსვლის მიმართულება ისე კარგად შეისწავლეს, შეუძლიათ კიდეც ამ კუთხით მუშაობა, ისე კი, კოლეჯის დასრულების შემდეგ, ვოსკეჰატი ფიქრობს სტომატოლოგიური მედდა გახდეს, ემილია უკვე მუშაობს ექთნის თანაშემწედ, ავერსის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში და სწავლის დასრულების შემდეგაც აქვე აპირებს გაგრძელებას.
რაც შეეხება მარიამ ხაჩატურიანს და ნინო ნასყიდაშვილს, მათი არჩევანი ბავშვობის ოცნებას არ უკავშირდება – მარიამს კოსმეტოლოგობა სურდა, აზრი სკოლის დამთავრებისას (მარნეულის №2 სკოლა) შეიცვალა და მარნეულის კოლეჯში ჩააბარა. „ჩემი ბიძაშვილი სამედიცინოზე სწავლობს. მას არ ურჩევია, მე თვითონ გადავწყვიტე, ძალიან რთული პროფესიაა, მაგრამ ვიცი, ამ სირთულეს მოვერევი, აქ ისეთი პირობები გვაქვს შექმნილი, რომ შეუძლებელია არ ისწავლო. ჩემს მონდომებას რომ ხედავენ, მშობლები სწავლის გაგრძელებასაც მირჩევენ. ჯერ ამაზე არ ვფიქრობ, მთავარია, სწორი არჩევანი გავაკეთე, პრაქტიკის გავლა და მუშაობაც ქირურგიაში მინდა, ვნახოთ, ჯერ კიდევ მაქვს დრო“…
მარნეულის კოლეჯის სტუდენტი რომ გახდა, ნინოს ორი შვილი უკვე ჰყავდა და აფხაზეთის ქორეოგრაფიული ანსამბლის სტაჟიანი მოცეკვავეც იყო. ექიმობა კი მოსწონდა, მაგრამ მისი პროფესიული არჩევანი მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ უფრო განსაზღვრა – გადაწყვეტილება რამდენიმე მშვიდობიანად დასრულებული ოპერაციის შემდეგ მიიღო. ნინო თამარისიდანაა, ოჯახი მარნეულში ჰყავს. აქ მისი და სწავლობდა მენეჯმენტის მიმართულებით და კოლეჯის შესახებ მხოლოდ კარგი მესმოდაო, ამბობს. „არაჩვეულებრივი ლექტორები და ყოველმხრივი ხელშეწყობა ხელმძღვანელებისგან საშუალებას გვაძლევს თეორიული ცოდნა სათანადო დონეზე მივიღოთ, რაც წარმატებული პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელია. ეს თავად გამოვცადე, დამხმარე ექთნად ვმუშაობ ავერსის კლინიკის სტაციონარში, სადაც ყველა მიმართულებით – თერაპია, ქირურგია, ნევროლოგია – მიხდება მოვემსახურო პაციენტებს, რაც ძალიან მომწონს და ვერც სწავლის დასრულების შემდეგ წარმომიდგენია ჩემ თავი სხვაგან“.
როზა ხაჩატურიანიც ამ გოგონების ჯგუფელია, მომავალმა ექთანმა, შულავერის რუსული სკოლა დაამთავრა და სრულიად გააზრებულად აირჩია სამედიცინო სფერო. ისიც უკვე დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა, ამბობს, თუ არჩევანის საშუალება ექნება, პედიატრიაში დაიწყებს მუშაობას. კოლეჯში შესაფერის ცოდნას მიიღებს და როცა თებერვლიდან პრაქტიკა დაეწყებათ კლინიკებში, იქ უფრო გამოჩნდება რაზე შეაჩერებს არჩევანს.
დაბოლოს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რაც გოგონების მომავალ პროფესიასთან პირდაპირ კავშირში არაა, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო – ჩვენ ქართულ ენაზე ვისაუბრეთ და არავითარი დაბრკოლება მათ ამ მხრივ არ ჰქონიათ, გაუმჯობესება სჭირდებათ, მაგრამ ეს აღარ იქნება მათთვის რთული. ამბობენ, რომ სკოლაში ნასწავლს კოლეჯში ექვსთვიანი მოსამზადებელი კურსიც დაემატა, რამაც გააუმჯობესა ქართული ენის ცოდნის დონე. ეს კი აადვილებს მათ ურთიერთობას თანატოლებთან, პედაგოგებთან, არსებულ თუ მომავალ პაციენტებთან.
წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს ამ რთულ და კეთილშობილურ პროფესიაში.
ანა ფირცხალაიშვილი