20 აპრილი, შაბათი, 2024

სწავლების უნივერსალური დიზაინი

spot_img

გიორგი ბაკურაძე
თბილისის №102 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

 

 

განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის ღიაობასა და ყველასთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას სახელმწიფო უზრუნველყოფს მთელი ცხოვრების განმავლობაში (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის). ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბევრი მოსწავლე გარკვეული გამოწვევების წინაშე დგება. ეს, შესაძლოა, განპირობებული იყოს ფიზიკური, ინტელექტუალური განვითარების, სენსორული, მეტყველების, ქცევითი, ემოციური თუ სხვა მდგომარეობებით. სწავლის უნივერსალური დიზაინის სტრატეგია არც ერთ მოსწავლეს არ ტოვებს ყურადღების მიღმა და აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიოს განვითარების უახლოეს ზონას.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების უნივერსალური დიზაინის საგანმანათლებლო სივრცეში დასანერგად ყურადღება უნდა მიექცეს სასკოლო პერსონალში ემპათიის არსებობას. სკოლებში, ამ კუთხით, პირველი ნაბიჯების გადადგმა იწყება იმის აღიარებით, რომ ჩვენი სამყარო მრავალფეროვანია და საჭიროა გამოწვევების მიღება, მათზე ადეკვატური რეაგირება. მაშ ასე, უნდა შევთანხმდეთ, რომ გარემოში, სადაც არ არსებობს ემპათიის გრძნობა და მაღალი მიმღებლობის მზაობა განსხვავებული შესაძლობებისადმი, წარმატებაზე საუბარი უადგილოა. მას შემდეგ, რაც ამას გავაცნობიერებთ, დღის წესრიგში დგება საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად გვაქვს საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის კომპეტენცია? როგორ ვპასუხობთ განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეებს თვითრეალიზაციის პროცესში? მიზნის მისაღწევად საკმარისია ჩვენი ძალისხმევა თუ გვესაჭიროება სხვადასხვა სპეციალობის ასისტენტები? როგორც ვხედავთ, გარემოს შექმნა და მასში ადამიანური რესურსის სწორად განსაზღვრა სწავლა-სწავლების პროცესში წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საგანმანათლებლო სივრცეში მატერიალური რესურსების სწორად შერჩევას და გამოყენებას საკმაოდ დიდი ხვედრითი წილი აქვს იმისათვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიონ. სასკოლო სივრცე ადაპტირებული უნდა იყოს ყველა ტიპის მოსწავლისათვის, არ უნდა იყოს სკოლაში ისეთი ადგილი ან ინვენტარი რომლის თანაბარი გამოყენების უფლება არ ექნება ყველა ბავშვს. ეტლით მოსარგებლე თუ მხედველობის არმქონე ბავშვი ყველა სართულზე და ყველა სასწავლო კაბინეტში უნდა გადაადგილდებოდეს. როგორც ვიცით, კლასში ყველა მოსწავლე ერთი სიმაღლის არ არის და უმოძრაოდ დაკიდებული დაფა უხერხულ მომენტს უქმნის განსხვავებული სიმაღლის მოსწავლეებს, ასევე სველ წერტილებში უნდა განთავსდეს სხვადასხვა ზომის ხელსაბანი ნიჟარები, სხვადასხვა ზომის კარადები, რათა ყველამ იგრძნოს იმ გარემოს წევრად თავად, სადაც იმყოფება და არ დათრგუნოს სკოლამ.

სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვაზე და სასწავლო რესურსების მიზანმიმართულ გამოყენებაზე საჭიროა ბევრი შრომა. როდესაც მასწავლებელი სასწავლო რესურსს ქმნის, მან უნდა გაითვალსწინოს მისი კლასის განსხვავებული შესაძლებლობები, მზაობა, სწავლის სტილი, ტემპი და ასე შემდეგ. კლასში, რომელშიც ირიცხება მხედველობის არმქონე მოსწავლე, სასწავლო რესურსად მხოლოდ საკითხავ მასალას ვერ შევიტანთ ისევე, როგორც ყრუ-მუნჯ მოსწავლეს ვერ შევთავაზებთ მოსასმენ აუდიორესურსს. მოსწავლეები, რომლებიც განსხვავებული საშუალებებით იღებენ ინფორმაციას, გადაამუშავებენ მას და შემდეგ ქმნიან პროდუქტს, უფრო წარმატებულები არიან. სწავლის უნივერსალური დიზაინი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს, ის მორგებული იყოს მხოლოდ სპეციალური სამედიცინო დიაგნოზის მქონე ბავშვებზე, პირიქით, ის გათვლილია ტიპურ თუ ატიპურ მოსწავლეებზე. მსურს მოვიყვანო ერთი მაგალითი ჩემი მეგობრის ისტორიიდან. იგი უკეთ ითვისებდა მასალას, როდესაც საკლასო ოთახში, რიგებს შორის კითხვით დადიოდა, ამაზე კი მასწავლებელს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა, ჩიოდა, რომ კლასში მის სიარულს ხმაური შეჰქონდა სასწავლო პროცესში. ვფიქრობ, სწორი კომუნიკაცია ბავშვებთან და იმის ახსნა, რომ ჩვენ განსხვავებულ კონტექსტში ვიღებთ განათლებას, უკეთ მოაგვარებდა პრობლემას. ამით მსურს ვთქვა, რომ სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ჭანჭიკია.

სწავლის უნვერსალური დიზაინი თავის თავში მოიაზრებს სასწავლო მიზნებისა და შედეგების განსხვავებულ დასახვასა და შეფასებას. ეს უნდა მოხდეს იმგავარად, რომ გათვალისწინებული იყოს მოსწავლეების შესაძლებლობები. ჩვენ არ შეგვიძლია მხედველობის არმქონე მოსწავლესთან მიზნად დავისახოთ, რომ მან შეძლოს ფერების გარჩევა, ფოტოების აღწერა ან ესეს დაწერა. რაც უფრო შეესაბამება სწავლის მიზნები მოსწავლეების შესაძლებლობებს, მით უფრო მეტი წარმატების მიღწევის შანსი არსებობს. შეფასება საკმაოდ რთული, საჭოჭმანო საკითხია მასწავლებლისთვის. შეფასება უნდა იყოს იმგვარი, რომ გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლეების შესაძლებლობები. არ შეიძლება იმ მოსწავლეების, რომლებთანაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ვმუშაობთ, შეფასება ისევე, როგორც ტიპური მოსწავლის შედეგების.

სწავლის უნივერსალური დიზაინი, დღეს, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღიარებული სწავლების სტრატეგიაა. სწავლების ასეთი მიდგომა შეცვლის ჩვენს გარემოს, აღარ იქნება სტერეოტიპებით გაჯერებული აზროვნება და აღმოვაჩენთ ადამიანებში ისეთ ნიჭს, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის მსოფლიოს.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები