გვესაუბრება ექიმ-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
– ქალბატონო მაია, საინტერესოა თქვენი აზრი სასწავლო დაწესებულებების გახსნა/დაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა, ვიდრე ამ თემაზე გადავალთ, მინდა გკითხოთ, როგორ გააანალიზებთ პანდემიის სიტუაციას საქართველოში?
– მოკლედ რომ ვთქვა, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ძალიან სერიოზულია, მეტიც, მძიმეა, აღმავლობის ტემპით მიდის. ყოველდღიური შემთხვევებით, ფაქტობრივად, უკვე ბევრ ქვეყანას გავასწარით. ცოტა ხნის წინ საუკეთესო სტატისტიკა გვქონდა, თუმცა, ამჟამად, სამწუხაროდ, ამას ვეღარ დავიკვეხნით. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ რამდენიმე ხანში დადგება სტაბილიზაცია და ინფიცირებულთა შემთხვევების შემცირება, მაგრამ როდის, ეს არ ვიცით. ჯერჯერობით წინ, მინიმუმ, ზრდა გვაქვს.
– კოვიდ 19-ს ბავშვების ჭრილში რომ შევხედოთ, რა მდგომარეობაა, რას ამბობს კვლევები და გამოცდილება, მართალია თუ არა მოსაზრება, რომ ბავშვები ნაკლები რისკის ჯგუფს წარმოადგენენ?
– ეს მოსაზრება არ არის სწორი და ბავშვებიც ისეთივე რისკის ქვეშ იმყოფებიან, ინფიცირების თვალსაზრისით, როგორც ზრდასრულები. ისინიც, რა თქმა უნდა, ისევე ინფიცირდებიან, როგორც დიდები. ხალხმა არასწორად გაიგო, თითქოს ბავშვები დაბალ რისკს მიეკუთვნებიან. სინამდვილეში ეს ასე არ არის, უბრალოდ, ბავშვებთან არ ხდება გართულებები და ლეტალური გამოსავალი, უფრო სწორედ, ეს უკიდურესად იშვიათი ხასიათისაა. თორემ, ბავშვებიც ისევე შეიძლება დაინფიცირდნენ, როგორც ჩვენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გართულებების რისკია მათში დაბალი და არ აღემატება გრიპისას.
– ამ სიტუაციაში სკოლების გამოკეტვა როგორი გადაწყვეტილებაა? თქვენ რამდენიმე დღის წინ წერდით, რომ „გარკვეული აფეთქებები სკოლების გახსნასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს კიდევაც, მაგრამ დასაფიქრებელია რამდენიმე მომენტის გათვალსიწინება“ – რა არის ის მომენტები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ?
– ფაქტი ის არის, რომ, ფაქტობრივად, სკოლები არ გაიხსნა და ბავშვები ისევ სახლში არიან. აქ მშობლების მოთხოვნა და განწყობაც აშკარად ჩანს, ისინი ძალიან შიშობენ და არ უნდათ შვილების გაშვება სკოლაში. ფაქტია, რომ გადაწყვეტილებაც უკვე მიღებულია — ბავშვები რჩებიან სახლში. თუმცა, სკოლების გახსნასთან დაკავშირებით, ზოგადად, იმას ვამბობდი, რომ ასე ცალკე/მარტო ბავშვების სახლში გამოკეტვა დიდად არაფრის მომტანია და არც რაიმეს ცვლის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ყველა დანარჩენი ქუჩაშია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე მარტივად მაინც სკოლებს და უნივერსიტეტებს კეტავენ.
– თუმცა, ეს რეგულაცია არ შეეხო ყველა მოსწავლეს და სამინისტრომ პირისპირ სწავლება გამოაცხადა პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით მოსწავლეებისთვის, შემდგომი კლასები კი დისტანციურ სწავლებაზე დატოვა – თქვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება რას ეფუძნება? უფროსკლასელები უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არიან?
– ეს გათვლა იმაზე გაკეთდა, რომ უფროსკლასელები დამოუკიდებლად უფრო მეტად ახერხებენ ონლაინ სწავლებაში ჩართვას, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი ნაკლებად. ვფიქრობ, ალბათ, მხოლოდ ამ მოსაზრების გამო მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.
– მთავრობამ დააწესა წერტილოვანი შეზღუდვები, ანუ სკოლებში, სადაც კოვიდის შემთხვევები ფიქსირდება, ეპიდემიოლოგებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, დაიკეტოს სკოლა ან კლასი თუ გაგრძელდეს სწავლება?
– ალბათ, სწორია, თუ რომელიმე კლასში გავრცელდა ინფექცია, უმჯობესია, შეზღუდვები დააწესონ, რადგან მასიურად არ მოედოს ყველას. მოკლედ, უნდა გადავიდეთ ინდივიდუალური მიდგომების რეჟიმზე. ასე საყოველთაო და ყველასთვის ერთი ხელის მოსმით დაწესებულმა შეზღუდვამ – სახლში ჩაკეტვამ – როგორც ვნახეთ, უმძიმესი შედეგები მოიტანა. ჩვენც ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც იქცევა, მაგალითად, ევროპა – ევროპაშიც ასეა, გზადაგზა, იმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორი ეპიდსიტუაციაც აქვთ. არც იქ არის საყოველთაო ჩაკეტვები.
– საერთოდ, რას ფიქრობთ, ამ სიტუაციაში უნდა გაგრძელდეს თუ არა სკოლებში პირისპირ სწავლება, თუ სასურველია გადავიდნენ სრულად დისტანციურ და ონლაინ სწავლებაზე? განათლების სისტემის შეფერხებით სტატისტიკის ზრდა შეფერხდება?
– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მხოლოდ ბავშვებზე ეპიდზომების გატარებით დიდად ვერაფერს შევაჩერებთ. მაინც და მაინც ბავშვებზე რეგულაციების დაწესება არაფერს მოგვცემს.
– 19 ოქტომბერს, უმაღლეს სასწავლებლებს უნდა განეახლებინათ სწავლა აუდიტორიებში, თუმცა, ერთი დღით ადრე, სამინისტრომ მიდგომა შეცვალა და გამოაცხადა, რომ უნივერსიტეტებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება და სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად წარიმართება. რას ფიქრობთ, გამოიწვევს თუ არა უნივერსიტეტების გახსნა შემთხვევების ზრდას?
– მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიმღები პირი, გავხსნიდი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ სერიოზული წინააღმდეგობაა მშობლების მხრიდან და თვითონ სტუდენტებშიც სერიოზული მასობრივი შიშია. რატომღაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პირისპირ განახლება ყველასთვის მაინცდამაინც ეპიდსიტუაციის აფეთქებასთან ასოცირდება. დიდი შიშის გამო, დავუთმობდი მშობლებს და მოვუხსნიდი ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორს — არ გავხსნიდი. თუმცა, ეპიდემიოლოგიურად მეჩვენება, რომ ცალკე აღებული მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების და ბავშვების სახლში ჯდომა სიტუაციას ვერ გააუმჯობესებს.
– აქვე გკითხავთ, რამდენად სწორად შემუშავდა, სამედიცინო კუთხით, სასწავლებლებში რეკომედაციები?
– რეკომენდაციები ნამდვილად სწორად გაიცა, მთავარია, ნამდვილად მოწესრიგებულია თუ არა ინფრასტრუქტურა და ნამდვილად ასრულებენ თუ არა ამ რეკომენდაციებს სასწავლებლებში.
– ზოგადად, გრიპის სეზონი დგება, ეს ყველას დაგვავიწყდა, რადგან მთავარი აქცენტი ახლა გადატანილია კოვიდზე, არადა, შემოდგომა-ზამთრის სეზონი ვირუსული ინფექციების აღმავლობის პერიოდია. რას ურჩევთ მშობლებს?
– ვურჩევ, რომ ყოველთვის აცრან თავიანთი შვილები. უბრალოდ, წელს, სამწუხაროდ, ვაქცინის დეფიციტია, ამიტომ გამოდის, რომ ამის გამო შეიქმნა პრობლემები, მაგრამ თუ ვაქცინა ისევ გაჩნდება, უარი არ თქვან, აუცილებლად აცრან შვილები. და კიდევ, თუ შვილებს გრიპის სიმპტომი გამოუვლინდა, არ გაუშვან სხვა ბავშვებთან საკონტაქტოდ, რათა ნაკლებად მოხდეს სხვების ინფიცირება.
– რამდენიმე დღის წინ თქვენ დაწერეთ, რომ გრიპის ვაქცინაცია ამცირებს კოვიდის გართულებების რისკს და ამის შესახებ ბრაზილიის კვლევაც მოიშველიეთ…
– დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ბრაზილიაში კოვიდის მქონე 92 664 პაციენტზე ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო კოვიდის გართულებების შედარება გრიპზე აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის (როგორც ვიცით, სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპზე ვაქცინაცია რამდენიმე თვით ადრე მიმდინარეობს, ვიდრე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში). წელს გრიპზე ვაქცინაციის კამპანია ბრაზილიაში 2020 წლის მარტიდან დაიწყეს. კვლევამ აჩვენა, რომ გრიპზე ვაქცინირებულ კოვიდის მქონე პაციენტებში 8%-ით ნაკლები იყო იმის რისკი, რომ დასჭირვებოდათ ინტენსიური თერაპია, 18%-ით ნაკლები იყო შანსი, რომ გადაყვანილი ყოფილიყვნენ მართვით სუნთქვაზე და 17%-ით ნაკლები იყო ლეტალური გამოსავალი.
ამიტომ, მოსახლეობის მაქსიმალურად მეტი ჯგუფების გრიპზე ვაქცინაცია, კოვიდის გართულებების რისკის შესამცირებლადაც, მნიშვნელოვანია.
– მინდა გკითხოთ ნიღბების შესახებაც – უნდა ეკეთოთ თუ არა ბავშვებს სკოლაში ნიღბები? თქვენ წერდით, რომ „ბევრი მშობელი ღელავს იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ბავშვებს მიეცათ უფლება არ ატარონ ნიღბები სკოლაში. მე ვფიქრობ, განათლების სამინისტროს ეს გადაწყვეტილება იყო სწორი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით“. კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ ჩვენი მკითხველისთვის, რა ფაქტორებს გულისხმობთ?
– პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ ბავშვები ვერ გამოიყენებენ სწორად ნიღაბს და ამიტომ არა აქვს აზრი. უფრო კონკრეტლად კი ჩამოვთვლი იმ ფაქტორებს, რატომ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას:
⇒ ბავშვები ნიღბებს ხშირად სრულიად არასწორად მოიხმარენ, მიუხედავად მშობლების მითითებისა, ნიღაბს კიდებენ ხელს და აბინძურებენ. როდესაც ბავშვი იგრძნობს დისკომფორტს პირბადის ტარებისას (და ეს დისკომფორტი პირბადის გამოყენებას ნამდვილად ახლავს), მაღალი ალბათობით, ხშირად მოიხსნის, განსაკუთრებით შესვენების დროს და მასწავლებლებს ძალიან გაუჭირდებათ თითოეული ბავშვის გაკონტროლება ამ მიმართულებით. დროებით მოხსნილ პირბადეს შეეხებიან ჭუჭყიანი ხელით, ჩაიდებენ ჯიბეში, შეიძლება ძირს დაუვარდეთ და ისევ აიღონ. შემდეგ ეს დაბინძურებული პირბადე ისევ მოხვდება სახეზე და გადაიქცევა მიკროორგანიზმების წყაროდ;
⇒ ბავშვები ხშირად დარბიან სკოლის ეზოში/დერეფნებში და იოფლებიან. დანესტიანებული პირბადე დაუყოვნებლივ უნდა გამოიცვალოს, რადგან შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. ამის რეგულირება სკოლაში გართულდება;
⇒ პირბადეს ვერ გამოიყენებენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების (განსაკუთრებით სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების) მქონე ბავშვები. ამიტომ მოსწავლეებს შორის ასეთები აშკარად გამორჩეულები აღმოჩნდებიან და ეს გარკვეულად სტიგმასთან იქნება დაკავშირებული, ანუ ყველასთვის გასაგები გახდება, თუ ბავშვს პირბადე არ უკეთია, მას რაღაც პრობლემა აქვს. ბავშვის მიერ ასეთი ფაქტები მწვავედ აღიქმება და სტრესული იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლებში ჰიგიენური პირობების დაცვა და ძალისხმევაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს – მოწესრიგებული სველი წერტილები, ხელის საპნით დაბანის და გაშრობის საშუალება გადამწყვეტია ინფექციურ დაავადებებთან, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლაში.
– დაბოლოს, ზოგადად, რა შეცვალა კოვიდმა? რა დაინახეთ – როგორია ჩვენი საზოგადოება ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში?
– რეალურად იმაზე უფრო კანონმორჩილები აღმოჩნდნენ ადამიანები, ვიდრე მე მეგონა, ადრე უფრო უარესი წარმოდგენის ვიყავი. გაზაფხულზე ხალხმა წესები დაიცვა, მერე უბრალოდ ყველა ძალიან დაიბნა იმიტომ, რომ ცოტა არათანმიმდევრული იყო ეს წესები, თან რეგულაციები მოსუსტდა, მხოლოდ ერთეული შემთხევევებში იკეტებოდა დაწესებულებები, ამიტომ მოადუნეს ყურადღება, თორემ, რეალურად საზოგადოებასთან სამდურავი სპეციალისტებს არ ეთქმით.
– როგორ ფიქრობთ, ხალხის მოდუნებამ იქონია გავლენა პანდემიის აღმავლობაზე?
– არა, ჩვენი მოშვება არაფერ შუაშია, ეს გარდაუვალი იყო – როცა რეგულაციებს შეასუსტებ, ცხადია, აღმავლობა იქნება. კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, სულ უფრო ხშირად გაისმის სპეციალისტების მხრიდან დაახლოებით ამ შინაარსის ფრაზა – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი დადო; ახლა სიტუაცია იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან ცალკეული მოქალაქეები; შემთხვევათა მატება იმის ბრალია, რომ ადამიანები არ იცავენ რეგულაციებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მესიჯების იდეა ის არის, რომ თუ კოვიდის აფეთქება მოხდება, ეს იქნება რიგითი ადამიანების ბრალი, თორემ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს.
ცოტა არ იყოს, არ მომწონს ეს პათოსი და ამ პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება მოსახლეობაზე. საქმე იმაშია, რომ ტაქტიკა და პრევენციული ღონისძიებები მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად და ეფექტურად, თუ ისინი ზუსტად იმ კონტექსტსა და რეალობაზეა მორგებული, რომელიც არსებობს. ისედაც ხომ მოსალოდნელი იყო და მეც ხშირად ვიმეორებდი ხოლმე, რომ შეუძლებელია ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები. ამიტომ, იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში ყელში არ ამოუვიდეს ხალხს და სრულად არ თქვან უარი წესების დაცვაზე ყველაზე საჭირო მომენტში და მერე არ გაგვიხდეს საძახებელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა თავში ქვა გიხლიათ, რაც დაგემართებათ, თქვენი ბრალიაო.
როდესაც რეგულაციებს ვასუსტებთ, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ.
საერთოდ კი, კონკრეტული ხაზი უნდა გვქონდეს, მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციებით, სადაც ადამიანური სისუსტეებიც გათვალისწინებულია და ეკონომიკაც. რაღაც გაურკვეველი და შუალედური ვარიანტები და ადამიანების თვითშეგნების იმედად დარჩენა არ გამოდის. ან ისევ ყველაფრის ჩაკეტვის და იზოლაციის ტაქტიკას ვირჩევთ (პირადად მე ამ არჩევანს არ ვემხრობი), ან შესუსტებულ რეგულაციებს, ოღონდ ვაი-ვიშის და ცალკეული ადამიანების შეჩვენების და ნამუსზე შეგდების გარეშე და, ბოლოს და ბოლოს, ვეგუებით გაზრდილ სტატისტიკასაც.
ესაუბრა ლალი ჯელაძე