როგორ განვსაზღვროთ რა არის განათლების სისტემაში კეთილსინდისიერება ან რა ფაქტორები განსაზღვრავს მის ინდექსს. ამის გასაგებად განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, ცოტა ხნის წინ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პროექტში „კეთილსინდისიერება განათლების სისტემაში“, რომელიც ღია საზოგადოების ფონდის (განათლების მხარდაჭერის პროგრამა) მხარდაჭერით, გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა (CAPI) და განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელმა (NEPC) განახორციელა ქსელის წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საქართველოდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან და მონღოლეთიდან.
პროექტის ფარგლებში, სწორედ ამ ქვეყნების განათლების სისტემებში კეთილსინდისიერების ადგილობრივი შეფასებები განხორციელდა და მასზე დაყრდნობით მომზადდა შემაჯამებელი ანგარიში, რომელშიც გაანალიზდა ქვეყნების დონეზე იდენტიფიცირებული კეთილსინდისიერების შეფასებების ძირითადი მიგნებები.
სინთეზურ ანგარიშში, ძირითადად, განხილულია საკვლევ კითხვასთან დაკავშირებული მიგნებები, მაგალითად, ერთვებიან თუ არა საქართველოს, ყირგიზეთის, მოლდოვასა და მონღოლეთის სასკოლო განათლების მონაწილეები იმ პრაქტიკებში, რომლებიც იწვევენ განათლების სფეროში ადამიანური და ფინანსური რესურსების ბოროტად გამოყენებას და თუ კი, რა მექანიზმები და სისტემური სისუსტეები უწყობს ხელს ამგვარ ქცევას? კეთილსინდისიერების შეფასებები საქართველოსა და მოლდოვაში ფოკუსირებული იყო განათლების სფეროში ადამიანური რესურსების მართვაზე, ხოლო ყირგიზეთსა და მონღოლეთში, შეფასებებისას, გაანალიზდა კერძო წყაროებიდან ფულადი სახსრების გამოყენების კეთილსინდისიერება.
საქართველოში კეთილსინდისიერების ადგილობრივი შეფასება განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM) განახორციელა, საკვლევ თემად განისაზღვრა „კეთილსინდისიერება სკოლის მასწავლებლების დაქირავების პროცესში“. აღნიშნული კვლევის მიზანი, განათლების სისტემაში მიმდინარე სარეფორმო აქტივობების ფონზე, კორუფციული რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა გახდა. საკვლევი თემის არჩევა კი პედაგოგთა პროფესიიდან გასვლის და ახალი კადრების დაქირავების ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურმა პროცესმა განაპირობა. ცხადია, საინტერესოა ამ პროცესებზე დაკვირვება და მათი შეფასება.
რა ხარვეზები გამოიკვეთა სკოლის მასწავლებლების დაქირავების პროცესში და როგორია ამ მიმართულებით კეთილსინდისიერების ინდექსი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში – ამ თემებზე საუბრობს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი ⇒ გიორგი მაჩაბელი.
მისივე განმარტებით, შეფასება განხორციელდა აღნიშნული სარეფორმო აქტივობების პარალელურად და ფოკუსირებული იყო პედაგოგების დაქირავების პრაქტიკაში არსებული ხარვეზების, კორუფციული ფაქტებისა და რისკების იდენტიფიცირებასა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე. გამოყენებული იყო განათლების სისტემის კეთილსინდისიერების INTES-შეფასების მეთოდოლოგია და მონაცემთა შეგროვების მეთოდები, რომლის მიზანია დაეხმაროს ეროვნულ ხელისუფლებასა და დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ პოლიტიკასთან დაკავშირებული რა პირობები უწყობს ხელს განათლების სისტემაში კორუფციას და მხარი დაუჭირონ ვითარების გამოსასწორებელი გზების შემუშავებას, კორუფციის პრევენციის მიზნით. აღნიშნული მეთოდოლოგია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელისათვის შეიმუშავა გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა (CAPI).
– ბატონო გიორგი, რა სახის ხერვეზებია იდენტიფიცირებული კვლევის შედეგად?
– პედაგოგთა პროფესიაში შესვლისა და დაქირავების სისტემაში, 2019-2020 წლებში, განხორციელებულმა სარეფორმო აქტივობებმა მასწავლებელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ვაკანსიები წარმოქმნა და, ამავდროულად, ხელი შეუწყო პედაგოგთა დაქირავების პროცესში კეთილსინდისიერების დარღვევის რისკების ზრდას.
პედაგოგთა დიდი ნაწილი, რომელმაც გაიარა შესარჩევი კონკურსი, მიუხედავად შედეგებისა (ვინც დასაქმდა ან ვერ დასაქმდა), სკოლებში ვაკანსიების გაჩენას პროგრესულ მოვლენად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ამით ხელი შეეწყობა სისტემაში ახალი და კვალიფიციური კადრის დასაქმებას, სისტემის გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას. თუმცა, უმრავლესობის აზრით, ამ გზაზე, ბევრი ხელშემშლელი და დამაბრკოლებელი პრობლემა იჩენს თავს. მათ მიაჩნიათ, რომ კეთილსინდისიერების დარღვევის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფავორიტიზმი, ყველა თავისი ფორმით (ნეპოტიზმი, პატრონაჟი და ქრონიზმი), მასწავლებლების დაქირავების პროცესში ფართოდ გავრცელებული ფენომენია საქართველოში. მასწავლებელთა სისტემიდან მასშტაბური გასვლის და მათ ადგილზე ახალი კადრების დაქირავების პროცესის დროს, განსაკუთრებული სიმწვავით ფავორიტიზმის პრობლემამ იჩინა თავი, რაც 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყო. რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ფავორიტიზმი არსებობს პედაგოგთა დაქირავების პროცესში.
კვლევით დაფიქსირდა სხვადასხვა ინტერესით (მათ შორის პოლიტიკური) მოტივირებული გარეგანი ზეგავლენის შემთხვევები სკოლის დირექტორების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე. სკოლის დირექტორთა უმრავლესობას ურეკავდნენ განათლების ზემდგომი ორგანოებიდან ან ქალაქისა და რაიონის სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერად. აპლიკანტებში იყო განცდა იმისა, რომ პროტექციის გარეშე ძნელი იქნებოდა სამსახურში მოწყობა. იყო შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირდაპირ ავალებდა სკოლას კადრის დასაქმებას. მასწავლებელთა ნაწილს არ მიაჩნია ფავორიტიზმი კეთილსინდისიერებისა და ეთიკის ნორმების დარღვევად, ისინი ღიად აფიქსირებდნენ დასაქმების პროცესში მათ მიმართ კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევით გაწეულ დახმარებას. მეტიც, შემდეგ, სამსახურში პროტექციით მოწყობილი ადამიანები არ ერიდებოდნენ პროტექტორებისთვის მადლობის საჯაროდ, სოციალური მედიით გადახდას.
ზოგიერთ რაიონში გასაუბრებები, სკოლების მაგივრად, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ჩატარდა, რასაც ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები პროცესის უკეთესი ორგანიზების მცდელობით ხსნიდნენ, თუმცა ამან ბევრგან გამოიწვია ქაოსი, რიგები და სხვა პროცედურული დარღვევები. რიგ შემთხვევებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩართული იყვნენ გასაუბრების კომისიის მუშაობაში, როგორც დამკვირვებლები. დამკვირვებელთა ფუნქცია-მოვალეობები არც ერთი დოკუმენტით არ ყოფილა დადგენილი და, პროცესზე დაკვირვებასთან ერთად, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული შესარჩევი კომისიების მუშაობაშიც. ხშირი იყო გასაუბრებების ფორმალურად ჩატარების შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რესპონდენტი საკონკურსო გასაუბრების პროცესს დადებითად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ გასაუბრება შინაარსობრივად გამართულად და ყველა წესის დაცვით წარიმართა.
იყო შემთხვევები, როდესაც გასაუბრება აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, გრძელდებოდა მხოლოდ ორი-სამი წუთი ან, რაც კიდევ უფრო დაუშვებელია, იყო ჯგუფური გასაუბრებებიც. ეს ფაქტები მონაწილეებს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ვაკანსიაზე კანდიდატი წინასწარ იყო შერჩეული. რამდენიმე რესპონდენტმა, გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატის აყვანის სანაცვლოდ, ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებაც ისაუბრა. კვლევის ხასიათიდან გამომდინარე, ვერ დადგინდა ამ ფაქტების მასშტაბურობა, თუმცა რესპონდენტების მხრიდან ანალოგიური ფაქტების დასახელება გვაფიქრებინებს სისტემაში აღნიშნული ფენომენის სავარაუდო არსებობას.
– თქვენ საუბრობთ მასწავლებელთა დაქირავების პროცესში საკმაოდ მაღალ კორუფციულ რისკებზე, საინტერესოა, რა არის გამომწვევი მიზეზები?
– რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, კეთილსინდისიერების დარღვევის ხელშემწყობ ფაქტორებსა და გარემოებებს შორის უმნიშვნელოვანესია განათლების პოლიტიკის არასწორი დაგეგმვა და განხორციელება. ამ ვითარებას დაემატა დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელებული ცვლილებები და თანმიმდევრული მონიტორინგის არჩატარება. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ მასწავლებელთა დაქირავების პროცესი არ იყო ღია და გამჭვირვალე. დაინტერესებული მხარეები მხოლოდ ლიმიტირებულ ინფორმაციას ფლობდნენ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის პროცესებისა და პროცედურების შესახებ.
სისტემაში არ არსებობს მონიტორინგის გამართული მექანიზმი, რომელიც შეაფასებდა, აკმაყოფილებენ თუ არა შერჩეული კანდიდატები საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და არის თუ არა გამჭვირვალე პედაგოგთა დაქირავების პროცესი. გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები არ აგროვებენ და არ აანალიზებენ ასეთი სახის ინფორმაციას.
ახალი და გამარტივებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა კორუფციული რისკები. სისტემაში გაჩნდა ახალი შესაძლებლობები ფავორიტიზმისა და კორუფციული სქემების განვითარებისათვის. ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე, პრაქტიკოს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს (ნებისმიერი დარგის ბაკალავრი). აღნიშნული ცვლილება ბევრად უფრო ამარტივებს მასწავლებლობის კანდიდატისადმი მანამდე წაყენებულ მოთხოვნებს, ვინაიდან ამ ცვლილებამდე მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად, პირს პროფესიული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების გარდა, დასრულებული უნდა ჰქონოდა რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ზემოხსენებული მოთხოვნა კი, ფაქტობრივად, საგნის კომპეტენციის, პედაგოგიური განათლებისა და მასწავლებლობის გამოცდილების არმქონე ადამიანს საშუალებას აძლევს, ორი წლის განმავლობაში, იმუშაოს სკოლაში. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ აღნიშნული მოთხოვნის თანახმად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ნაცვლად, მსურველს შეუძლია გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი, რომლის დაძლევის შედეგად, მასწავლებლობის უფლება ენიჭება. კვლევამ აჩვენა, რომ ახალი და გამარტივებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ უზრუნველყოფს შესაბამისი კადრის არჩევას. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს კლასში არაკვალიფიციური (მასწავლებლობის კვალიფიკაციის არმქონე) და გამოუცდელი კადრის მომზადების გარეშე შეშვებას. ასეთი ვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება ფავორიტიზმის შემთხვევების ზრდაზე, რადგან საშუალებას აძლევს გადაწყვეტილების მიმღებებს, დაასაქმონ მათთვის სასურველი პირები მასწავლებელთა დეფიციტისა და შესუსტებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომიზეზებით.
პროცესისათვის განსაზღვრული იყო ძალიან მჭიდრო ვადები, რამაც დამატებითი სირთულეები შექმნა შესაბამისი კანდიდატების შერჩევისთვის. რადგან შესარჩევი კონკურსები ძალიან დაჩქარებულად ჩატარდა, რიგ შემთხვევებში, სამსახურში აიყვანეს არა საუკეთესო, არამედ იმ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი კადრი.
პედაგოგიური კონტინგენტის ჩანაცვლების პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება არ იყო მონაწილეობითი პროცესი. დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე, თვალსაჩინო იყო გამჭვირვალობისა და ჩართულობის ნაკლებობა. არც შესაბამისი გადაწყვეტილება და არც თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხილულა სკოლის დირექტორებთან, პედაგოგებთან, განათლების ექსპერტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. არ მომხდარა, ორგანიზატორების მხრიდან, პროცესის სათანადო საინფორმაციო უზრუნველყოფა, საზოგადოების ინფორმირება.
– რა სახის რეკომენდაციებს სთავაზობს კვლევა განათლების სისტემას მსგავსი ხარვეზების თავიდან ასაცილებლად და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც პედაგოგთა დაქირავების პოლიტიკის ცვლილებისას უნდა მიექცეს ყურადღება?
– პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებს წინ უნდა უძღოდეს თანმიმდევრული დაგეგმვის ეტაპი. გადაწყვეტილებების მიღებამდე უნდა მოხდეს პოტენციური რისკებისა და სასურველი შედეგების იდენტიფიცირება; არსებული მონაცემების ანალიზი და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა (რეფორმის განხორციელების პერიოდის განსაზღვრა, დანერგვის პოტენციური რისკებისა და გამოწვევების ანალიზი, სასურველი შედეგებისა და მათი გაზომვის კრიტერიუმების იდენტიფიცირება, პროცესის შეფასების მეთოდების დასახვა და სხვა).
პედაგოგთა დაქირავების პოლიტიკაში ცვლილებების დაგეგმვა და წარმართვა უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და თანამონაწილეობითი პროცესი, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაგეგმვის ეტაპებზე ზუსტი გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან ეს მხარეები სრულად არიან ჩართული საგანმანათლებლო პროცესებში, აქვთ საჭირო გამოცდილება და ინფორმაცია ყველა იმ დეტალზე, რომელიც შესაძლოა გამორჩეთ მაღალჩინოსნებს. ამიტომ, მათი განსხვავებული ხედვის გათვალისწინება პროდუქტიული იქნება პოლიტიკის ცვლილებების დასაგეგმად. ამასთან, დაგეგმვის ეტაპზე მათი აქტიური ჩართულობა საგრძნობლად გაამარტივებს ცვლილებების დანერგვის პროცესს, რადგანაც ისინი სრულყოფილად იქნებიან ინფორმირებული ცვლილებების შესახებ, ნაკლები კითხვები გაუჩნდებათ განხორციელების გზებთან დაკავშირებით და უკეთესად იქნებიან მომზადებული რეფორმების განსახორციელებლად. ამასთან, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე, პოლიტიკის ცვლილებების შედეგების შეფასება არ იქნება ვალიდური, სანდო და/ან გამჭვირვალე. პედაგოგთა დაქირავების პოლიტიკის ცვლილებების დაგეგმვისას საჭიროა სხვადასხვა დაინტერესებული მხარისათვის საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი პედაგოგისა და მაღალჩინოსნისთვის ფავორიტიზმი საერთოდ არ წარმოადგენს კეთილსინდისიერების ნორმის დარღვევას, აუცილებელია ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმართვა კეთილსინდისიერების დარღვევის არსის, ფორმების, ნეგატიური ეფექტებისა და შედეგების საზოგადოებისათვის უკეთ გასაცნობად.
თუ არ მოხდება სამსახურში აყვანის მასშტაბური პროცესის გაანალიზება, ესეც შეუწყობს ხელს ფავორიტიზმის კიდევ უფრო განვრცობას, რადგან კადრის ამა თუ იმ პოზიციაზე აყვანის შემდეგ არ მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა იგი კონკრეტული პოზიციისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კვლევის განხორციელებისას ვერ მოხერხდა ინფორმაციის მოპოვება ზუსტად რა რაოდენობის პედაგოგები დაიქირავეს სკოლებმა, რა რაოდენობის ვაკანსიები შეივსო, შეესაბამებოდა თუ არა დაქირავებული პედაგოგების კვალიფიკაცია კონკურსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ა.შ. რესპონდენტთა სხვადასხვა ჯგუფი განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიდა. ამასთან, სამინისტროს სხვადასხვა წარმომადგენელი სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ასაჯაროებდა, პირისპირ ინტერვიუებისა და საჯარო გამოსვლების დროს.
მასწავლებლების დაქირავებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მინიმიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს ორი სახის ნეგატიური ეფექტი: სკოლებში არაკვალიფიციური კადრის მასობრივი დასაქმება და მასწავლებელთა სამსახურში აყვანის პროცესში ფავორიტიზმის შემთხვევების მკვეთრი ზრდა. ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება მხოლოდ ადეკვატური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესებითაა შესაძლებელი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მასწავლებლებისთვის დარგობრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, ასევე მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს. ალტერნატივად შეიძლება განისაზღვროს მასწავლებლის მომზადების დისტანციური პროგრამის დანერგვა, მაგრამ აუცილებელია ამ პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფა.
იმის მიუხედავად, რომ სკოლის დირექტორებს კანონით აქვთ მინიჭებული უფლება, სამსახურში აიყვანონ და ასევე სამსახურიდან გაათავისუფლონ მასწავლებელი, კვლევა ცხადყოფს, რომ ისინი იშვიათად იყენებენ ამ უფლებას. მიზეზად შეიძლება დასახელდეს რთული იურიდიული პროცედურები და სამინისტროს მიერ დაწესებული რიგი შეზღუდვები. მაგალითად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განსაზღვრეს შესაბამის ვებგვერდზე ვაკანსიების განთავსების ვადები. ამ ფაქტმა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა სკოლები, რადგან პედაგოგთა დაქირავების ცენტრალიზებულად წარმართული პროცესი არ იყო მორგებული თითოეული სკოლის საჭიროებას და ვადები იყო ძალიან შემჭიდროებული. შესაბამისად, სკოლის ხელმძღვანელობას უნდა მიეცეს საშუალება, სრულად გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება დაკისრებული მოვალეობების სათანადო აღსრულებისთვის და მაშინ გამოაცხადოს ვაკანსია, როცა ამის საჭიროება ექნება.
– დაბოლოს, სკოლების შეფასებისას მნიშვნელოვანი როლი აქვს თუ არა პედაგოგთა კვალიფიკაციის ხარისხს?
– რასაკვირველია, სკოლების შეფასება, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს პედაგოგების კვალიფიკაციის, მათი საქმიანობის შეფასების და ასევე, მოსწავლეთა მოსწრების გათვალისწინებით. სკოლის შედეგებზე დამყარებული შეფასება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სწავლების პროცესის ხარისხის, მოსწავლეების მოსწრების, პედაგოგთა პროფესიული განვითარების შეფასებას. ამ შემთხვევაში, სკოლის ხელმძღვანელობა იძულებული იქნება, ხოლო სასკოლო თემს გაუჩნდება დამატებითი მოტივაცია, იზრუნოს მაღალი სასკოლო შედეგების მიღწევასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე. სკოლის დირექტორებს ნაკლებად ექნებათ სურვილი, სამსახურში აიყვანონ ნაკლებად კვალიფიციური კადრი ან გახდნენ კეთილსინდისიერების დარღვევის მონაწილენი, ხოლო სასკოლო თემს გაუჩნდება დამატებითი ბერკეტი შიდა კონტროლის სათანადოდ განსახორციელებლად. საბოლოო ჯამში, სკოლების შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების დახვეწა დიდად შეუწყობს ხელს კეთილსინდისიერების კლიმატის გაჯანსაღებას და ფავორიტიზმისა და ნეპოტიზმის ფაქტების მკვეთრ შემცირებას.
ლალი ჯელაძე