თბილისში, ხილიანზე, ერთ მყუდრო ადგილას, ხელნაკეთი ფერად-ფერადი ანგელოზებით მორთულ რამდენიმე კოპწია შენობაში, 12 წელია, ასოციაცია „ცხოვრების შანსი“ დაუცველ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობს საგანმანათლებლო კუთხით. ხელოვნება „ცხოვრების შანსის“ საქმიანობის სავიზიტო ბარათია, რომელიც უკვე 500-მდე ახალგაზრდას საკუთარი მომავლის დაგეგმვაში დაეხმარა.
საკუთარ ისტორიას გვიამბობს ლელა ეხვაია, ასოციაციის „ცხოვრების შანსი“ დამფუძნებელი, პროფესიით გერმანისტი და სოციალური პედაგოგი, რომელმაც ასოციაციის დაარსებაში დიდი როლი შეასრულა.
ლელა აფხაზეთიდანაა. 15 წლისამ, გალში, მშობლიური კარ-მიდამო, ოჯახთან ერთად, იძულებით დატოვა და საცხოვრებლად, თავდაპირველად, ზუგდიდში გადავიდა, შემდეგ კი თბილისში, ნათესავებთან, მისთვის უცხო გარემოში, ახალი ცხოვრება დაიწყო…
„ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს პერიოდი. თბილისში სტუმარი ვიყავი აფხაზეთიდან, თავს, მაშინდელი სოციალური მდგომარეობის და ჩემი სტატუსის გამო, ძალიან ცუდად ვგრძნობდი. სხვა გარემოში და სხვა ქვეყანაში წასვლა ჩემი და ჩემი ოჯახის გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო. გერმანული ენის შესწავლაში ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი (ირინა ყრუაშვილი) დამეხმარა, რომელმაც უფასოდ მასწავლა ენა და ძალიან ბევრი შრომა ჩადო ჩემში. 19 წლის ვიყავი, როცა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში გავემგზავრე, სადაც 6 წელი ვცხოვრობდი. მოვხვდი შესანიშნავ ოჯახში, მქონდა შესაძლებლობა, მუშაობასთან ერთად, მესწავლა. ყოველთვის ვფიქრობდი და მქონდა მიზანი, ის სიკეთე, რაც ჩემთვის გააკეთა სამყარომ, თუნდაც იმ ერთმა ადამიანმა, რომელმაც უფასოდ შემასწავლა უცხო ენა და გზა გამიხსნა მომავლისკენ, ადრე თუ გვიან, მადლიერება უკან დამებრუნებინა. 2005 წელს დავბრუნდი თბილისში, იქ, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა. პირველი, რაც გავაკეთე იყო ის, რომ მოვინახულე საქართველოში არსებული მიუსაფარ ბავშვთა თითქმის ყველა სახლი. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. განცვიფრებული დავრჩი – ბავშვებს, ისედაც უმძიმესი ისტორიით, არაღირსეულ გარემოში უწევდათ ცხოვრება ბავშვთა სახლებში. ასეთი „მზის დაბნელება“ ჩემს გონებაშიც კი წარმოუდგენელი იყო. ვნახე საშინელ პირობებში მყოფი პატარა ბავშვები, რომლებიც ცხოვრობდნენ საშიშ, ამორტიზებულ შენობებში. ერთ პატარა საძინებელში 15 ბავშვს, ერთად, ძალიან შეურაცხმყოფელ გარემოში ეძინა. შემძრა ამ მდგომარეობამ. გადავწყვიტე არსებული რეალობა ჩემი გერმანელი მეგობრებისთვის მეცნობებინა, ყველას მივაწვდინე ხმა, რომ მქონდა სურვილი ამ ბავშვების გარემო-პირობები და ცხოვრება შემეცვალა. გერმანელი ქალბატონი, ელისაბეტ გასტი, რომელსაც ჰქონდა „ელისაბედ გასტის“ ხელოვნების ფონდი, დაინტერესდა საქართველოში არსებული ბავშვთა სახლების მდგომარეობით და ერთად დავსახეთ მომავალი. ქალბატონი ელისაბეტი თბილისში ჩამოვიდა, მოვინახულეთ ყველა ბავშვთა სახლი. ის ფინანსურად ჩაერთო პრობლემების მოგვარებაში. მაშინ, ამ მიმართულებით, გამოცდილება არ მქონდა და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო, იმის ნაწილობრივ, ეტაპობრივ თუ თანმიმდევრულ მოგვარებაში ძალიან დამეხმარა ეს ქალბატონი, თავისი გამოცდილებით, ხედვით, კომპეტენციით. ერთიანი ძალებით შევძელით, დაახლოებით, 8 ბავშვთა სახლში (კოჯორი, მარტყოფი, ძეგვი, თბილისში არსებული ბავშვთა სახლები) სარემონტო სამუშაოების ჩატარება, შეკეთება, შეღებვა, მოხატვა. მოვახერხეთ ამ ბავშვებისთვის შედარებით ბედნიერი გარემოს შექმნა. შემდეგ დავიწყეთ, ინდივიდუალურად, ბავშვების მომავლის დაგეგმვა, მათი საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარება. მოვიძიეთ რეპეტიტორები უცხო ენების, მუსიკის, ხელოვნების მიმართულებით. მივხვდით, რომ ამ ბავშვებს სჭირდებოდათ ბიძგი და კეთილსინდისიერი ადამიანების გვერდში დგომა. იმის შეგრძნება და დანახვა, რომ მათი სჯერათ, მათი მომავლის იმედი აქვთ, იმდენად დიდი მოტივაცია იყო, რომ ამ ყველაფერმა კარგ შედეგამდე მიგვიყვანა. ყველამ შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ“.
♦ „ცხოვრების შანსის“ დაარსების ისტორია
2010 წელს 5 ადამიანი (ლელა ეხვაია, თემო ტიკარაძე, გიორგი არსენიძე, ვახტანგ მარშანია და ნინო ტოგონიძე) ერთი კეთილშობილური იდეის ქვეშ გაერთიანდა და დააარსეს ასოციაცია „ცხოვრების შანსი“. ჯერ კიდევ „ცხოვრების შანსის“ დაარსებამდე, დამფუძნებელი გუნდი აქტიურად მუშაობდა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საგანმანათლებლო მხარდაჭერის სფეროში და აგროვებდა გამოცდილებას სხვადასხვა პროექტებში, გერმანულ ორგანიზაცია FIB-თან (Fჯrderverein fტr Internationale Austausch) ერთად, რომელიც დღემდე თანამშრომლობს „ცხოვრების შანსთან“. გუნდმა დაიწყო მუშაობა კოჯრის, დიღმის, „აფრიკის“ და გლდანის ბავშვთა სახლებთან, სადაც ამ ადამიანებს მომავლის იმედი, სიხარული და სინათლე შეჰქონდათ. ისინი მოზარდებს მხატვრულ აქტივობებს სთავაზობდნენ, როგორიცაა ქანდაკება, ფერწერა, ხის და ქვის დამუშავება, მუსიკის კურსები და სახელოსნოები. დააარსეს თიხის სახელოსნო, სადაც ახალგაზრდებს ხელნაკეთობების გამოცდა შეეძლოთ.
ლელა: „3-4 წლიანი გამოცდილების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, საქართველოში დაფუძნებულიყო ორგანიზაცია, რომელიც მუდამ მოზარდების გვერდით იქნებოდა და ისინი არ დაელოდებოდნენ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს, ფინანსური რესურსით თუ კონკრეტული გეგმით. ამიტომ, 2010 წელს, მე და ჩემმა მეგობრებმა, დავაფუძნეთ ასოციაცია „ცხოვრების შანსი“ ზუსტად იმ მიზნით, რომ ამ ბავშვებისთვის მომავალი არ ყოფილიყო ბუნდოვანი.
ჩვენი მიზანია ამ ახალგაზრდების დახმარება გრძელვადიანი, მიმზიდველი, პერსპექტიული საქმიანობის დაუფლებაში და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობაში, რათა დამოუკიდებლად შეძლონ დააღწიონ სიღარიბეს თავი. ასოციაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, საზოგადოებაში ღირსეულად დაიმკვიდრონ თავი. მოზარდი, 15 წლიდან, ერთვება პროგრამაში და ასოციაციის საგანმანათლებლო პროგრამის დახმარებით, 18 წლამდე, მასთან ერთად ვგეგმავთ მისი დამოუკიდებელი ცხოვრების გზას. 18 წლისას, ჩვენი პროგრამის დახმარებით, მას უკვე აქვს საკუთარი პროფესია და დასაქმებულია“.
♦ უყავარჯნოდ დარჩენილი ცხოვრება, როცა 18 წელი განაჩენია
საქართველოში, 2010 წლის დადგენილებით, განხორციელდა დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომელმაც დაშალა დიდი ბავშვთა სახლები, სადაც არავინ ასწავლიდა ბავშვებს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევებს. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შედეგად, ბავშვების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდა, ნაწილი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში გადავიდა, დანარჩენი კი, ალტერნატიული მზრუნველობის პროგრამაში – მინდობით აღზრდაში ჩაერთო.
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესმა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი გახადა მოზარდებზე ინდივიდუალური ზრუნვა. თუმცა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ამ ბავშვების მიმართ, მხოლოდ 18 წლის ასაკამდეა შესაძლებელი. ეს რეგულაცია, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია, უკიდურესად ართულებს მოზარდების დამოუკიდებელ ცხოვრებას,18 წლის შემდეგ. საქართველოში 18 წელი მზრუნველობამოკლებული მოზარდისთვის განაჩენია, რადგან, ამ ასაკის შესრულებისთანავე, მასზე სახელმწიფო ზრუნვა მთავრდება. ხშირად, თავშესაფრის დატოვების შემდეგ, მოზარდმა არ იცის სად წავიდეს. კანონის მიხედვით, 18 წელი ის ზღვარია, რომლის შემდეგაც მზრუნველობას მოკლებულმა ახალგაზრდამ, რომელიც ბავშვთა სახლში აღიზარდა, დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაიწყოს და თავშესაფარი დატოვოს. თუმცა პრობლემაა ბავშვთა სახლებიდან გამოსული მოზარდების რესოციალიზაცია, განათლებაზე არასათანადო ხელმისაწვდომობა და დასაქმება. ასოციაცია „ცხოვრების შანსი“ ამ ახალგაზრდებს, 15 წლის ასაკიდან, აძლევს შესაძლებლობას, იპოვონ თავიანთი საქმე და საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.
ლელა: „სისტემური მიდგომა ამ პრობლემასთან დაკავშირებით არ არსებობს. მოზარდებისთვის, დღემდე, 18 წელი სტრესთან და შიშთანაა დაკავშირებული. ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც 18 წლის მოზარდი შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, განვითარებას, რათა სიღარიბეს დააღწიოს თავი. მნიშვნელოვანია, ადრეულ მოზარდობის ასაკში, სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან პედაგოგიური მუშაობის ჩატარება, რათა ხელი შევუწყოთ პიროვნების განვითარებას, ინტერესების ძიებას და კარიერაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც ისინი ტოვებენ ბავშვთა სახლს და უწყდებათ ყველანაირი მზრუნველობა, მათ თვითგადარჩენისთვის უნდა იმუშაონ. ამავდროულად, მათ არ აქვთ სწავლის ფუფუნება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან აქვთ შეთავაზება – თუ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებენ, მიიღებენ დაფინანსებას. ეს მოზარდები ხედავენ, რომ რეალურ ვითარებაში მათმა დამ, ძმამ ან თუნდაც მეგობარმა, სოციალური პრობლემების გამო, ვეღარ შეძლო სწავლის გაგრძელება და 24-საათიან სამუშაოს რეჟიმში გადავიდა.
ჩვენი ორგანიზაციის მიზანი სწორედ ის არის, რომ მოზარდისთვის18 წელი არ იყოს სტრესთან დაკავშირებული. ამიტომ ვცდილობთ, 15 წლიდან დავიწყოთ მათთან მუშაობა, რათა 18 წელს მომზადებულები შეხვდნენ. „ცხოვრების შანსის“ მოზარდები სრულწლოვანების ასაკს მართლაც სიხარულით და მომავლის იმედით ხვდებიან. თუ როგორ ვახერხებთ მათში ამ იმედის ჩასახვას, მათ გაძლიერებას, საკუთარი თავში განსაკუთრებული უნარ-ჩვევების აღმოჩენას, ამაზე ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა მეტყველებს“.
♦ „ცხოვრების შანსის“ სასწავლო პროგრამა
ასოციაცია „ცხოვრების შანსი“, ყოველწლიურად, 15 წელზე უფროსი ასაკის 30-მდე ახალგაზრდასთან ერთად იწყებს ერთწლიან პროგრამას ახალ ჯგუფში. პროგრამა სამ ეტაპადაა დაყოფილი. თავდაპირველად, ხდება მოზარდების გაცნობა და მათი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება. სამი თვის განმავლობაში, ტარდება ყოველდღიური სემინარები ისეთ თემებზე, როგორიცაა პიროვნული განვითარება და პროფესიული ორიენტაცია. მოზარდები ეცნობიან სხვადასხვა პროფესიას, ავითარებენ პიროვნულ უნარებს, ინტერესებსა და ნიჭს. მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების გამოვლენის შემდეგ იწყება შესაბამისი სტაჟირებისა და სამუშაოს მოძიება. ბოლო საფეხური გრძელვადიანი სამუშაო ადგილის პოვნა და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაა. „ცხოვრების შანსი“ ყოფილ მოსწავლეებთან მუდმივ კონტაქტზეა.
ლელა: „პროგრამაში აქტიურად ჩართულ მოზარდებს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა აქვთ. სოციალური პედაგოგიკა გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მათი ყოველდღიური აქტივობა იყოს მრავალფეროვანი, ემოციური, საკუთარი ხელით შექმნან რაღაც ღირებული, რაც თვითდაჯერებულობას შესძენს და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება.
სასწავლო პროგრამა დატვირთული და ნაყოფიერია. იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, იგეგმება ერთწლიანი სამუშაო გეგმა, თუ რას უნდა მიაღწიოს კონკრეტულმა მოზარდმა ამ ერთი წლის განმავლობაში. ჯგუფურ აქტივობებთან ერთად, გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა. ერთი წლის შემდეგ, ხდება ამ კონკრეტულ ბავშვთან გასაუბრება, სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია მეორე წელსაც გააგრძელოს სწავლა. ჩვენი მიზანია, ერთი ან ორი წლის განმავლობაში, გავაძლიეროთ მოზარდი, მას ჰქონდეს პროფესია და ამ მიმართულებით დავასაქმოთ კიდეც.
სასწავლო პროგრამის ძლიერი მხარე სწორედ თითოეულ მოზარდთან ინდივიდუალური მუშაობაა. ჩვენი მუშაობის მიზანია მათში დამალული პოტენციალის პოვნა, რაც თვითრეალიზაციის საშუალებას მისცემს მომავალში. გვაქვს იმის ამბიცია, რომ შრომით ბაზარზე ეს მოზარდები კონკურენტუნარიანები არიან და ქმნიან ისეთ მომავალს, რაც სხვა ახალგაზრდებისთვის სამაგალითო და მისაბაძი იქნება. აქ, ამ სივრცეში, ისინი ხელმეორედ იბადებიან. ამ ახალგაზრდებს მძიმე, ტრავმული გამოცდილება აქვთ, რაც, ხშირად, ბავშვებს სამყაროს მიღმა ტოვებს, ეს არის სამყაროსთან გაწყვეტილი ძაფი და ამიტომ ჩვენ გვაქვს პასუხიმგებლობა აღებული, თუ როგორ დავაბრუნოთ ეს ბავშვები და ახალგაზრდები სამყაროსთან ჰარმონიაში.
აქ მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ. მათ ძალიან სჭირდებათ მომავლის დაგეგმვა, დაგეგმარებამდე კი, პირველ რიგში, სჭირდებათ უნარების განვითარება და გამოვლენა, საერთოდ, რა მოსწონთ. მნიშვნელოვანია, ასევე ყოველდღიური რუტინის გამომუშავება და პასუხისმგებლობის განვითარება. თუ მათი უმრავლესობა სკოლაში სიამოვნებით არ დადის, ესეც ცალკე პრობლემაა, რა არის მიზეზი, რატომ არ დადიან?
გვაქვს სხვადასხვა ტიპის სახელოსნოები, სადაც ისინი სხვადასხვა ხელობაში მოსინჯავენ ხოლმე თავიანთ ძალებს, რაც შესაძლოა, მომავალში, მათი პროფესიაც გახდეს. მაგალითად, მინის მხატვრული დამუშავების სახელოსნო, სადაც შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს, ვაწყობთ შემეცნებითი კულინარიის დღეებს და მოზარდები გასტრონომიულ საფუძვლებს ძირფესვიანად სწავლობენ; ვამზადებთ ინდივიდუალურ თოჯინებს, სახალისო აქტივობაა; ხის სახელოსნოში ძალიან ლამაზ დეკორატიულ ნივთებს ქმნიან, მიმდინარეობს ესკიზებზე მუშაობა, დაფერვა. წელიწადში ორჯერ ვაწყობთ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას, ახალგაზრდული სახლის და ჩვენი ორგანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მეგობარ ორგანიზაციებს ვეპატიჟებით, ასევე, ვმონაწილეობთ „თბილისობის“ დღეებში და 26 მაისს, ჩვენი მოზარდები, გარდენიასთან ერთად, გვირგვინების დამზადებაში მონაწილეობენ“.
♦ „ცხოვრების შანსის“ წარმატებული ახალგაზრდები
12 წლის მანძილზე ორგანიზაციაში 500-მდე მოზარდი სწავლობდა. ისინი დაეუფლნენ პროფესიებს და დღეს დამოუკიდებლად ცხოვრობენ, წარმატებული ადამიანები არიან სხვადასხვა პროფესიებში. ხშირად სტუმრობენ „ცხოვრების შანს“ და გამოცდილებას პატარა მეგობრებს უზიარებენ.
ლელა: „გერმანიაში ბევრი სოციალური ორგანიზაციაა, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს შეუძლიათ წასვლა, მოხალისეობრივი ერთწლიანი პროგრამით, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული. მოხალისედ ჩასული ახალგაზრდა უზრუნველყოფილია საცხოვრებლით, ჯანმრთელობის დაზღვევით, ენის კურსებითა და ერთწლიანი სამგზავრო ბილეთით. ფინანსურად უზრუნველყოფილ გარემოში მათ საშუალება ეძლევათ, გაეცნონ დამოუკიდებელ ცხოვრებას, შეეჩვიონ, შეისწავლონ საქმე და რა თქმა უნდა, შრომითი მიმართულებით განვითარდნენ. ორგანიზაციებში ისინი ჩართული არიან, როგორც სრულფასოვანი თანამშრომლები. ამ შესაძლებლობით სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებენ გერმანიაში.
„ცხოვრების შანსიდან“ 5 ახალგაზრდა გავუშვით სხვადასხვა გერმანულ ორგანიზაციაში სამუშაოდ, სადაც ისინი სრულფასოვან ადამიანებად და თანამშრომლებად გრძნობენ თავს, რაც, რა თქმა უნდა, მათ ძალიან აძლიერებთ პიროვნულად და თვითდაჯერებულობას მატებთ. 5-ივე გოგონამ, ერთწლიანი პროგრამის ამოწურვის შემდეგ, სწავლა გერმანიის სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში განაგრძო. ერთი გოგონა კი, ერთ-ერთ გერმანულ სკოლაში, გახანგრძლივებულის მთავარ მასწავლებლად გააფორმეს“.
♦ „ცხოვრების შანსის“ მეგობარი ორგანიზაციები
2018 წლიდან ასოციაცია „ცხოვრების შანსმა“ აქტიური თანამშრომლობა დაიწყო საპატრიარქოსთან და ორგანიზაცია „ახალგაზრდულ სახლთან“. ამჟამად „ცხოვრების შანსი“ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული „ახალგაზრდული სახლის“ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. საპატრიარქოს „ახალგაზრდული სახლი“, ასევე, ფინანსურ დახმარებას უწევს ორგანიზაციას, ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული აქტივობების დასაფინანსებლად და მასალებით უზრუნველსაყოფად.
ლელა: „ცხოვრების შანსი“ საპატრიარქოსთან ერთად ახორციელებს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს. ჩვენ დაუცველ მოზარდებს ვთავაზობთ ღია სივრცეს, სადაც ადამიანები ზრუნავენ მათ საჭიროებებზე. „ახალგაზრდული სახლი“ ფინანსურად გვეხმარება სახელოსნოების საჭირო მასალით უზრუნველყოფაში, ასევე, მასწავლებელთა ორგანიზებასა და მათთვის ანაზღაურების გადახდაში. რაც ყველაზე მთავარია და რისი უზომოდ მადლიერნიც ვართ, ადგილი, სადაც „ცხოვრების შანსი“ ფუნქციონირებს, საპატრიარქოს კუთვნილებაა და უსასყიდლოდ დაუთმო ჩვენს ორგანიზაციას.
წელიწადში ორჯერ, მივდივარ გერმანიაში, სადაც, გერმანელების ხელშეწყობით, ორგანიზებულია პრეზენტაციის დღეები, თანხის მოზიდვის მიზნით. ორი კვირის განმავლობაში, ვხვდები სხვადასხვა პატარა ორგანიზაციებს – სკოლებს, ეკლესიის წარმომადგენლებს – მრევლს… ასე რომ, ჩვენი ორგანიზაცია, შემოწირულობის საფუძველზე, გერმანელი მეგობრების დახმარებით ფუნქციონირებს. დიდი მადლობა „ანტრეს“, რომელიც ყოველდღე ზრუნავს ჩვენი ბავშვების ხარისხიანი საკვებით განებივრებაზე.
მაქვს შესაძლებლობა, ყოველ წელს, 4-6 კვირა, გერმანიაში, სხვადასხვა ორგანიზაციებში გავიარო პრაქტიკა. გერმანიისა და ავსტრიის სახელმწიფოებს თავიდან ბოლომდე გაწერილი აქვთ, პირველ რიგში, ხედვა და დოკუმენტი თუ როგორ უნდა იზრუნოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე. კანონის თანახმად, გერმანიაშიც, 18 წლის ახალგაზრდა ტოვებს ბავშვთა სახლს, მაგრამ მას არ ტოვებს სოციალური მუშაკი, სანამ არ გახდება დამოუკიდებელი ადამიანი. ჩვენთან ეს პრობლემა ვერა და ვერ მოგვარდა. 18 წელია, რაც გერმანიიდან ჩამოვედი და ეს საკითხი კვლავ უცვლელ პრობლემად რჩება. სახელმწიფომ ვერასდროს ვერ მოიცალა სიღრმისეული რეფორმების გასატარებლად, რომ ამ ბავშვებზე ზრუნვა იყოს პრიორიტეტი. სამწუხაროდ, ზრუნვის სისტემაში მოხვედრილ ბავშვს დაკარგული აქვს სამყაროს, ადამიანების მიმართ ნდობა. დასანანია, რომ მათზე ზრუნვა ჩვენს ქვეყანაში პრიორიტეტი არ არის. მესმის, რომ ქვეყანას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია, მაგრამ ამ მიმართულებით არ არსებობს კომპლექსური ხედვა და რაც მთავარია, ქვეყანაში არ არსებობს საკმარისი სოციალური მუშაკი. არადა, ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი სოციალური მუშაკი სჭირდება, ყველა ქალაქსა და სოფელში, რომლებიც ზრუნვის სისტემაში მოხვედრილ ბავშვებზე კომპლექსურად იმუშავებენ. ძალიან ბევრ მოდელს ვიცნობ გერმანულს, ავსტრიულს და ვცდილობ, საქართველოში გადმოვიტანო“.
♦ მომავლის გეგმები
ლელა: „მუდამ ვფიქრობთ იმაზე თუ რა შევთავაზოთ ახალგაზრდებს. ჩვენი სურვილია, ჩვენმა მოზარდებმა კომპიუტერული ტექნოლოგიები შეისწავლონ, მათი დიდი სურვილიც ეს არის, თუმცა, ფინანსების სიმწირის გამო, ამ რესურსის უზრუნველყოფას ვერ ვახერხებთ. იმისათვის, რომ მეტი საინტერესო აქტივობა შევთავაზოთ ახალგაზრდებს, საჭიროა მეტი რესურსი გვქონდეს, რისთვისაც ვისურვებდი ქართული ორგანიზაციებისგან თანადგომას და ფინანსურ მხარდაჭერას.
მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ინტერესი. მოვიდნენ, დაინტერესდნენ და ნახონ როგორ ვმუშაობთ. იქნებ ეს არ არის სწორი, ჩვენც გვჭირდება გვერდში დგომა, გადამზადება. ასეთი ორგანიზაციები ხომ ბევრი არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ „ცხოვრების შანსი“, „ახალგაზრდულ სახლთან“ ერთად, საქართველოში, ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა, ზრუნვის სისტემაში მოხვედრილ ბავშვებს დაანახოს მომავალი, საკუთარი თავის სიძლიერე… ვფიქრობ, ეს ბავშვები, ამ ურთულეს გზაზე ნამდვილად მეტ ყურადღებას იმსახურებენ“.
♦ გზა, სადაც სინათლე და შესაძლებლობებია
ნია 16 წლისაა, „ცხოვრების შანსი“ მისთვის ბედნიერებაა, ერთი სული აქვს როდის მოვა ორშაბათი, რომ აქ მოვიდეს, ბავშვებთან მასწავლებლებთან ისაუბროს, ისწავლოს და საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს. „ეს ყველაფერი მახარებს და მაბედნიერებს, ამიტომ ვუწოდებ „ცხოვრების შანსს“ ბედნიერებას“.
ნინი 15 წლისაა, მისთვის აქაურობა ძალიან ლამაზია, ყოველთვის ენატრება ადგილი, რომელიც მისი საკუთარი სახლია: „თითქოს დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანებს. ეს ის ადგილია, სადაც, პროფესიასთან და საყვარელ საქმესთან ერთად, ურთიერთობებს ვსწავლობ. მე აქ აღმომაჩინეს, რისთვისაც „ცხოვრების შანსის“ მადლიერი ვარ“.
18 წლის გიორგისთვის „ცხოვრების შანსი“ განსაკუთრებული ადგილია, სადაც მუდამ თბილი, მოსიყვარულე და მეგობრული გარემოა, აქ ის ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მისთვის აქ შეძენილი მეგობრებია: „ცხოვრების შანსში“ უამრავი კარგი მეგობარი შევიძინე, მათთან ერთად ვსწავლობ კულინარიას, მინაზე და ხეზე მუშაობას, ჩვენ ერთმანეთის წარმატებით ვხარობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ სიხარულს და ვულამაზებთ დღეებს“.
ასოციაციის დამფუძნებლისთვის, ლელა ეხვაიასთვის კი, „ცხოვრების შანსი“, რომლის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება, ერთი დიდი გზაჯვარედინია, სადაც ყველა მიმართულებით სინათლე და შესაძლებლობებია.