განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე ინტერვიუში საუბრობს სწავლის დაწყებასთან მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აფასებს მოდელს, რომელსაც განათლების მინისტრი ყველაზე მოქნილ მოდელს უწოდებს – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სად ისწავლონ შვილებმა – სახლში თუ სკოლაში, დისტანციურად თუ პირისპირ.
შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდია, როცა სამინისტრო მხოლოდ ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლება და მშობლებს, რომლებსაც ონლაინ სწავლების სურვილი აქვთ, რეგისტრაციას სთავაზობს ისე, რომ დეტალების შესახებ არაფერი იციან.
„ეს ჩემთვის ნიშნავს, ერთი მხრივ, ცუდ კომუნიკაციას, მეორე მხრივ, სპონტანურ გადაწყვეტილებას, რაშიც დარწმუნებული ვარ, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ფაქტია, რომ მზაობა ნაკლებია.“
– ბატონო შალვა, რას ფიქრობთ რამდენიმე დღის წინ სწავლის დაწყებასთან მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თქვენი აზრით, მოდელი, რომელიც სამინისტრომ გამოაცხადა, რამდენად მისაღებია და არის თუ არა მზად ამისთვის სისტემა? მშობლებს ეძლევათ არჩევანის საშუალება – შვილებმა ონლაინ ისწავლონ თუ პირისპირ. როგორც მინისტრი ამბობს, ყველაზე მოქნილი მოდელი შესთავაზეს, რას ფიქრობთ თქვენ ამ გადაწყვეტილების შესახებ?
– ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე კი არა, სამინისტროს თანამშრომლებსაც უჭირთ იმის თქმა, კონკრეტულად რაზეა საუბარი. ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ ზოგადი განმარტებები კეთდება და თან მშობლებს ეუბნებიან – გაიარეთ რეგისტრაცია თუ ონლაინ სწავლების სურვილი გაქვთ. როგორ შეიძლება მშობელმა რეგისტრაცია გაიაროს, როცა არაფერი არ იცის დეტალების შესახებ, არ არის საქმის კურსში. ზოგადად, იდეას რაც შეეხება, რომ მოქნილი სისტემა შეიქმნას და იყოს სხვადასხვა ტიპის არჩევანი – ეს მსოფლიო პრაქტიკაა.
რაც შეეხება საქართველოს, აქ მშობლების დიდი ნაწილი კლასში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა, ნაწილი ამბობს, რომ უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მათთვის უპირველესია, რომ ხედავენ რისკ-ფაქტორებს და ამიტომ ურჩევნიათ, სახლში იყვნენ შვილები და ონლაინ რეჟიმში ისწავლონ. აქ პრობლემა სხვა რამეშია. იმ ქვყნებში, სადაც სხვადასხვა სისტემებმა შესთავაზეს მშობელს არჩევანი, თუ გარკვეულ საფრთხეებს ხედავს, შეუძლია ონლაინ გაკვეთილები აირჩიოს. თუმცა, ყველა ქვეყანა ამ სისტემაზე გადასასვლელად სერიოზულად მოემზადა – დეტალურად და მკაფიოდ განსაზღვრეს, რა ფორმატით და როგორ მოხდება ონლაინ ჯგუფების ფორმირება, რა ტიპის სასწავლო გეგმა იქნება ასეთი სწავლებისას, რამდენად ინტერაქციულია მოდელი, გაივლიან თუ არა სხვადასხვა პროგრამებს ონლაინ და პირისპირ გაკვეთილებზე და ა.შ. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ იდეა აპრობირებულია და მნიშვნელოვანი – მშობელმა რისკ-ფაქტორების გათვალსიწინებით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რა ფორმატით ურჩევნია, მისმა შვილმა რომ ისწავლოს. ჩვენ შემთხვევაში კი, ეს გადაწყვეტილება უცებ გამოცხადდა. ითქვა, რომ მშობლებმა გაიარონ რეგისტრაცია და არავინ იცის რა ფორმატით და როგორ ხდება ეს. რამდენადაც ჩემთვის არაფორმალურად არის ცნობილი, უნდა მოხდეს გაერთიანებული ჯგუფების ფორმირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სკოლის მეექვსე კლასის ნაწილი ონლაინ კი არ ისწავლის და ნაწილი პირისპირ, არამედ, ონლაინ სწავლების მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ჯგუფი. მაგალითად, თბილისის გლდანი-ნაძლადევის რაიონიდან შეიქმნება ჯგუფი, რომელსაც ჩაუტარდება ონლაინ გაკვეთილი, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს რამდენიმე სკოლას ან, ერთი სკოლის ქვეშ, რამდენიმე კლასის მოსწავლეებს. რასაკვირველია, აქ არ იგულისხმება, რომ ერთი და იგივე მასწავლებელი ჩაატარებს პირისპირ გაკვეთილსაც და ონლაინ გაკვეთილსაც, არამედ, ონლაინ გაკვეთილის მსურველებს, მათი კონფიგურაციიდან გამომდინარე, შესთავაზებენ არა საკუთარი მასწავლებლის, არამედ შერჩეული მასწავლებლის მიერ ჩატარებულ ონლაინ გაკვეთილებს. დაზუსტებულად ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, ვარაუდს გამოვთქვამ, რომ დაახლოებით ასეთი სისტემა იქნება. მაგალითად, ამერიკაში, სადაც ჩემი შვილები სწავლობენ, ანალოგიური სისტემა მოქმედებს, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამისთვის. იგულისხმება, რომ მსურველებს სკოლა კი არ უტარებს ონლაინ გაკვეთილებს, არამედ შეარჩევს ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზდებოდა დისტანციურ სწავლებაში. სწორედ ისინი ახორციელებენ აღნიშნულ სერვისს სკოლებისა და სასკოლო ოლქებისთვის. ასეთი დაგეგმილი იყო პროცესი და, რასაკვირველია, ირჩევნდენ ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც დისტანციური სწავლების სერიოზული გამოცდილება ჰქონდა და ერგებოდა კონკრეტული სასკოლო ოლქის სასწავლო გეგმას, მიდგომებს და ა.შ. ოლქის გარშემო გაერთიანებულ საერთო ჯგუფში ასეთი კრიტერიუმით შერჩეული პროფესიული ორგანიზაცია ახორციელებს დისტანციურ სწავლებას. განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული იდეა, ვფიქრობ მსგავსია, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს სისტემას მსგავსი არაფერი გაუკეთებია და არც არანაირი მოსამზადებელი სამუშაოები არ ჩაუტარებია, თუნდაც შიგნით, სასკოლო ან რესურსცენტრის დონეზე. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არ თქმულა. თუ წინარე სამუშაოები განხორციელდა და სამინისტრომ ამაზე იფიქრა, ამის შესახებ აუცილებლად უნდა გვითხრას. მხოლოდ მშრალი ინფორმაციით არ უნდა შემოიფარგლოს – თუ ვინმეს არ გინდათ სკოლაში ატაროთ ბავშვი, ონლაინ სწავლებასაც შემოგთავაზებთო, ამისთვის, მოდით და დარეგისტრირდითო. ეს ჩემთვის ნიშნავს, ერთი მხრივ, ცუდ კომუნიკაციას, მეორე მხრივ, სპონტანურ გადაწყვეტილებას, რაშიც დარწმუნებული ვარ, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ფაქტია, რომ მზაობა ნაკლებია.
– მშობლები კიდევ სხვა, განსხვავებულ სწავლების მოდელზეც საუბრობენ – მაგალითად, ითხოვენ თუ სკოლაში სწავლებას აირჩევენ, უფლება მისცენ, რომ სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მათი შვილი დისტანციურ სწავლებაში ჩაერთოს. ასეთი ტიპის მოდელზე თუ გსმენიათ, არსებობს ასეთი პრაქტიკა?
– ეს ცოტა ამოვარდნილია, თუ ერთი სისტემით მიდის სწავლება, ორი დღით მეორე სისტემაში ჩართვა, რომელიც სრულიად განსხავავებულია დინამიკით და თუნდაც თემატიკით, ძალიან რთული იქნება. ანუ ეს არ არის სისტემა (ისევ ჩემს ვარაუდს ვამბობ), როდესც ერთი და იგივე მასწავლებელი კლასშიც შედის და ონლაინ გაკვეთილსაც ატარებს. ასეთ შემთხვევაში, თუ ის აბსოლუტურად იდენტური იქნება (რაც ასევე მიუღებელია), განსხვავებულია მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება – ერთი პირისპირ და მეორე კომპიუტერში, კიდევ შეიძლება. თუ ერთი და იგივე მასწავლებელი ასწავლის, ერთი და იგივე კონტინგენტია, არ განსხვავდება მიდგომები, უბრალოდ, პირისპირ მიდის პროცესი და ხან კომპიუტერით, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა (მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ეს მიუღებელია, ცუდია, რადგან დისტანციური სწავლება განსხვავებულია). მაგრამ, ისეთ სისტემაში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, სხვადასხვა კლასიდან გაერთიანებულ ჯგუფებთან სწავლებას ახორციელებს სხვა მასწავლებელი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, თუ ეს დაუშვეს, რომ მოსწავლე ერთი დღე დისტანციურ გაკვეთილს დაესწროს და მეორე დღეს – პირისპირს, რაიმე თანმიმდევრულობაზე და შედეგებზე საუბარი ზედმეტია.
– რეალუარად, თქვენ ამბობთ, რომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ სპონტანური გადაწყვეტილება, რომლის შინაარსი ბუნდოვანია?
– როგორც ყოველთვის, ეს მართლაც ასეა. მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის პრობლემა, სწორედ, სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებებია, რომელსაც თუ განათლების სფეროს პერსპექტივით და განათლების პოლიტიკის თვალსაზრისით შევხედავთ, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება! თავისთავად, ასე არ ხდება, 13 სექტემბერს მითხრა, რომ 15 სექტემბერს, პირისპირ სწავლების ნაცვლად, დისტანციურ სწავლებაზე უნდა გადახვიდე და მერე, 1 ოქტომბერს, ისევ უნდა დაუბრუნდე ან არ დაუბრუნდე სკოლას. ბუნებრივია, ამას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება როგორც ადმინისტრაციული, ისე ორგანიზაციული კუთხით, სკოლაშიც და უმაღლეს სასწავლებელშიც. მარტო ცხრილების შედგენა ხომ არ კმარა, მით უმეტეს, როცა რეგულირებულია მანძილები, ყველაფერს გადაწყობა სჭირდება. მასწავლებელმა, ლექტორმა ხომ უნდა დაგეგმოს პროცესი. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, სპონტანურია და თან პასუხისმგებლობა მთლიანად გადააქვთ სკოლებსა და უმაღლესებზე მაშინ, როდესაც ამის განხორციელება სრულიად არარეალისტურია ორივესთვის.
უნივერსალურად მიღებულ გადაწყვეტილებას მაშინ ვიგებთ, როცა, მაგალითად, თბილისისზოგიერთ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში სწავლა უკვე დაწყებულია. მათ აწყვეტინებ დაწყებულ სასწავლო პროცესს და ეუბნები, რომ ორ დღეში გადაერთონ ონლაინ სწავლებაზე, მერე, ცოტა ხანში, ისევ დაუბრუნდნენ. ამას აკეთებ იმის ნაცვლად, რომ გაითვალისწინო, სკოლა ან უნივერსიტეტი არის თუ არა მზად სასწავლო პროცესისთვის. არ არის აუცილებელი შეაწყვეტინო, მაგალითად, კერძო სკოლებს დაწყებული სასწავლო პროცესი, მათთან მიმართებაში შესაძლებელია სხვა რეგულაციებით იხელმძღვანელო, ვიდრე საჯარო სკოლაში. ეს გადაწყვეტილებაც, ერთი მხრივ, სპონტანურია და, მეორე მხრივ, არ მომდინარეობს განათლების სამინისტროსგან. ჩემდა სამწუხაროდ, ხშირად პრობლემა სწორედ განათლების სამინისტროს, ზოგადად განათლების სისტემის, ძალიან სუსტი ხმაა როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე მისი იმპლემენტაციისას. განათლების ხედვა და განათლების ფილოსოფია საერთოდ არ ჩანს არც მიღებულ და არც განხორციელებულ გადაწყვეტილებებში. სწორედ ამის გამო გვაქვს ასეთი სურათი. ახლა ვიღაც ჯანდაცვიდან ფიქრობს, რომ შესაძლებელია ორ დღეში გადავიდეს სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და შესაძლებელია, ასეთი ბრძანება გასცეს ისე, რომ არავინ იკითხოს სასკოლო თუ საუნივერსიტეტო საზოგადოების აზრი. მათ შორის, არც მშობლის აზრი აინტერესებს ვინმეს, არც მის ეკონომიკურ ფაქტორს ითვალისწინებს, რაც, ფაქტობრივად, ქვეყნის ეკონომიკასაც განავითარებს. უცებ უცხადებს მშობელს, იცით რა, პირისპირ სწავლება ორ დღეში კი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ახლა დისტანციურად დაიწყება. ასე მარტივი არ არის – თავისთავად მშობელმა ბავშვების უსაფრთხოებაზეც უნდა იფიქროს, მაგრამ მან სამსახურთან დაკავშრებული გეგმებიც უნდა შეცვალოს. რეალურად, პირდაპირ ეუბნები მშობელს, რომ გააცდინე სამსახური ან შეცვალე შენი ბიზნეს გეგმები. სამწუხაროდ, არც ამ კუთხით აქვთ ნაფიქრი, არც აქ ჩანს განათლების პოლიტიკა. სპონტანური გადაწყვეტილებები კი მძიმე ტვირთად აწევს სკოლასაც, მშობელსაც, მასწავლებელსაც და მათი ძალისხმევა მიმართულია უშედეგო პროცესებზე.
– რადგან პასუხისმგებლობა ვახსენეთ, დაინფიცირების შემთხვევების საგრძნობლად გაზრდილ ფონზე, მშობლებზე გადაწყვეტლების დაკისრება – შვილებმა ონლაინ ისწავლონ თუ პირისპირ, ხომ არ ნიშნავს სახლმწიფოს გაქცევას პასუხისმგებლობისგან?
– მე ვერ ვიტყვი, რომ აქ მაინცდამაინც პასუხისმგებლობის გადაბარება/გადაბრალება იყოს პრობლემა. ეს ცალსახად ვერ მოხდება ხელისუფლების მხრიდან, რადგან მთავრობამ იცის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდა, მშობელს ვერაფერს გადააბრალებს და ვერც პასუხისმგებლობას დააკისრებს, ვერც იმ მშობელს, რომელმაც, სკოლაში წაყვანის ნაცვლად, შვილი სახლში დატოვა და ვერც იმას, ვინც სკოლაში წაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სახელმწიფომ თქვა, რომ სკოლაში ყველაფერი მზად აქვს. ამიტომ არ მგონია, გადაბრალებისა და პასუხისმგებლობის მოხსნის მექანიზმმა იმუშაოს. ეს, უფრო მეტად, იმ ხმაურიანი მშობლების ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, მათი შვილები სახლში ყოფილიყვნენ. ჩემთვის, აბსოლუტურად გაუგებარია, რა განსაზღვრავს ამ დინამიკას. მაგალითად, სექტემბრის შუა რიცხვებში, ინფიცირების ასამდე შემთხვევა რომ გვქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისტანციურზე გადასულიყვნენ სკოლები, როცა შემთხვევები სამასამდე გაიზარდა (და წინასწარი პროგნოზი ისეთია, რომ გადააჭარბებს ამ რაოდენობას), ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავხსნათ სკოლები. მაშინ რატომ დავაკარგინეთ 15 სექტემბრიდან დღემდე დრო მოსწავლეებს? თუ ის გადაწყვეტილება იყო სწორი, მაშინ დღეს რატომ ვხსნით სკოლებს? ვერანაირ ლოგიკას და თანმიმდევრულობას ვერ ვხედავ.
პრობლემა ის უფროა, რატომ არ იყვნენ 15 სექტემბრისთვის სკოლები და უმაღლესები მზად სამივე მოდელისთვის — პირისპირ სწავლებისთვის, შერეული სწავლებისთვის ან დისტანციური სწავლებისთვის. რა გავაკეთეთ ზაფხულში ამისთვის? რა გვიშლიდა ხელს, რომ სკოლები მოგვემზადებინა, რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაგვეზარდა ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე და კომპიუტერებზე; რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ მასწავლებელთა კომპეტენცია გაზრდილიყო, რა გავაკეთეთ ფილოსოფიური და პედაგოგიური მიდგომების შესაცვლელად დისტანციური სწავლების პირობებში. სად არის განათლების სამინისტროს პოზიცია, როცა, დაახლოებით, ათი ათას მოსწავლეს სჭირდება კომპიუტერი და ინტერნეტი ონლაინ სწავლებაში ჩასართავად?
ამის ნაცვლად, მთავრობამ 200-ლარიანი დახმარებები დაურიგა მოსწავლეებს, რაც ვიღაცისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვიღაცისთვის აბსოლუტურად ზედმეტი, ნაყინებსა და ტანსაცმლის შეძენაში გამოიყენა. რატომ არ მიიღო განათლების სისტემამ საჭიროებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები? რატომ არ იზრუნა ზაფხულში გაზაფხულზე სწავლის მიღმა აღმოჩენილი მოსწავლეების დახმარებაზე? სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, განათლების სისტემას არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ იმ რეგულაციების შესრულება დაიწყო, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, შეუსრულებადია და რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაავალა. არც აქ ჩანს განათლების სამინისტროს პოლიტიკა, რაც ძალიან სამწუხაროა.
– ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა იყო განათლებაში ყველაზე დიდი ხარვეზი პანდემიის დროს, რაც სამინისტროს დაუყოვნებლივ უნდა გამოესწორებინა?
– ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბევრ ქვეყანაში გამოიკვეთა, მათ შორის საქართველოშიც, ინტერნეტზე და კომპიუტერებზე წვდომაა, მოსწავლეთა დიდ რაოდენობას არც ერთი და არც მეორე შესაძლებლობა სათანადოდ არ ჰქონდა. ერთმნიშვნელოვნად, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არაფერი გაკეთებულა – არც ჩამორჩენის და არც უზრუნველყოფის კუთხით. პანდემიამ აჩვენა, რომ მასწავლებლებმა გადაუდებელ პირობებში კი ჩაატარეს (ნაწილმა ვერ შეძლო) თიმსის გაკვეთილები, თუმცა, ეს, პედაგოგიურად და ფილოსოფიურად, არ ყოფილა სწორი სწავლება. მეთოდები და მიდგომები კი არ შეცვალეს, რაც მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას მისცემდა დისტანციური სწავლების პირობებში, არამედ, უბრალოდ, კომუნიკაციის საშუალება გამოიცვალა. ზოგადად, მსოფლიოში უკვე მიდის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ შეიცვალოს მასწავლებელთა მომზადების მიდგომები. შეიცვალოს როგორც მომავალი მასწავლებლის, ისე მოქმედის მომზადება/გადამზადების პროგრამები, რომ პედაგოგები სწავლების ყველანაირი მოდელისთვის იყვნენ მზად. ჩვენთან კი, ამაზე არავინ საუბრობს, არც უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც მასწავლებელთა განათლების პროგრამებს ახორციელებენ და არც მასწავლებლის სახლი, რომელიც მოქმედი მასწავლებლების გადამზადებას უზრუნველყოფს.
სერიოზული პრობლემა გამოიკვეთა ჩართულობის კუთხითაც. ჩემი მონაცემებით, უფრო მეტი ჩართულობა და ეფექტურობა იყო დაწყებით კლასებში, რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი — მოსწავლეთა ინტერესები იყო უფრო მაღალი დაწყებით კლასებში; მეორე — დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კომპიუტერული უზრუნველყოფაც იყო მაღალი, უმრავლესობას ბუკები ჰქონდა და მესამე — დაწყებითის მასწავლებელთა მზაობა იყო უფრო მაღალი, იმიტომ, რომ ისინი, სწორედ ბუკების პროგრამის ფარგლებში, მეტად მომზადებულები დახვდნენ პროცესებს. საშუალო და საბაზო საფეხურზე კი, დიდი ნაწილი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. საშუალო საფეხურზე, სასწავლო პროცესი თითქმის ჩავარდა და, ხშირ შემთხვევაში, ფორმალური იყო, მათ შორის თიმსში რეგისტრაციაც და ა.შ. არც ამ მიმართულების გასაუმჯობესებლად გაკეთებულა რამე. ახლა, ფაქტობრივად, საშუალო და საბაზო საფეხური, დიდ ქალაქებში, დისტანციურ რეჟიმზე დარჩა და არავინ იცის, როდის გადავლენ საკლასო ოთახებში. ისევ ამ ჯგუფში გვაქვს ყველაზე დიდი ხარვეზი დისტანციურ სწავლებაში. სამწუხაროდ, ვერც ერთი ჩამოთვლილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად ვერ დავინახე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული.
ესაუბრა ლალი ჯელაძე