ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში, ძალიან გააქტიურდა მასწავლებელთა ნაწილი მოთხოვნით, გაუქმდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ან სტატუსის ცვლილება მხოლოდ გამოცდებით მოხდეს. პედაგოგებმა პეტიციაც კი მოამზადეს – შეწყდეს სქემა. ცხადია, სქემის გაუქმებას ბევრი ისეთი თანმდევი პროცესი ახლავს, რომელიც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სტატუს მინიჭებულ პედაგოგებს – თუნდაც ის, რომ სქემის შეწყვეტა მასწავლებელთა დანამატების შეწყვეტას გამოიწვევს.
მასწავლებლის სახლი, პროტესტის ფონზე, აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ვკითხულობთ, რომ აქტიურად იწყებს თანამშრომლობას მასწავლებლებთან და მეტიც, მათი ჩართულობით გეგმავს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტის სრულყოფას.
რა ხდება რეალურად? განიხილება თუ არა სქემის შეჩერება ან რას სთავაზობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებს? ამ თემებზე საუბრობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.
– ქალბატონო მანანა, როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ამ დღეებში სქემა ასეთი აქტუალური?
– ფაქტია, ახლა რაც მოხდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ სადღაც გაწყდა სრულფასოვანი ინფორმაცია მასწავლებლებსა და ჩვენ შორის. სიახლე აღარ არის სქემასთან დაკავშირებული ცვლილებები და ასეთი დაგვიანებული რეაქცია ამ თემაზე სწორედ ამ კავშირის გაწყვეტაზე მიუთითებს. არადა, როცა სიახლე იყო, იმ პერიოდში, ჩვენ მართლა გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია მასწავლებლებთან, თუნდაც თქვენი გაზეთისა და პორტალის საშუალებით – არაერთხელ დაუთმეთ საკმაოდ ვრცელი ინტერვიუები ამ საკითხებს. თუმცა, როგორც ხედავთ, ახლა მოექცა რაღაც დეტალები ყურადღების ქვეშ და ახლა აღმოცენდა სქემიდან რაღაც ფრაგმენტები, რომელიც თითქოსდა გაურკვეველია მასწავლებლებისთვის.
ზაფხულში იგეგმებოდა მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის მიღება, სადაც გაერთიანებული იქნებოდა მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (პროფესიული საქმიანობის დაწყება, როგორ უნდა იყოს სკოლასთან ურთიერთობა, როგორ ჩაერთოს პროფესიულ განვითარებაში და ა.შ.), ყველაფერი, რაც მასწავლებლის საქმიანობას შეეხება ერთ დოკუმენტად უნდა შემუშავებულიყო, ამიტომ მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში შევიტანეთ ცვლილებები, მათ შორის გარდამავალი დებულებების სახით. ამ გარდამავალი დებულებებით უფლება მივეცით იმ მასწავლებლებს, რომლებიც უკვე ჩართულები იყვნენ პროცესში, არ შეეწყვიტათ და დაგვესრულებინა მათი კარიერული წინსვლის პროცესი გარკვეული პერიოდის მანძილზე. განსხვავებულია პერიოდები სტატუსების მიხედვით და განსხვავებულად ჩაიწერა ვინ როდის და როგორ დაასრულებდა პროცესს. ცხადია, მასწავლებლებსაც გავაცანით, რომ ეს დებულებები მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა.
გარდამავალი დებულებები შეეხო პრაქტიკოს მასწავლებლებს და უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც უნდა გაიუმჯობესონ სტატუსი, მაგალითად, იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებიც გარე დაკვირვებაზე იყვნენ დარეგისტრირებულები. ამასთანავე, მოვხსენით ის წნეხი, რომელზეც, კვლევების მიხედვით, მასწავლებლები ხშირად საუბრობდნენ, მაგალითად, ძალიან ბევრი დოკუმენტის წარმოება რომ უწევდათ. ვეცადეთ, რომ ამ გარდამავალ პერიოდში მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არ დაგვეკარგა მასწავლებლებისთვის წინსვლის შესაძლებლობა და მოგვეხსნა ის ზედმეტი ბიუროკრატიული ტვირთი, რაზეც ისინი ჩიოდნენ.
– მასწავლებელთა სახლმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ იწყებს მასწავლებლის რეგულირების წესის შემუშავებას…
– რაც შეეხება ახალი რეგულირების წესს, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და რადგან ეს წესი ყველა მასწავლებელს ეხება, ცენტრმა გადაწყვიტა, დოკუმენტი სწორედ მათი მაღალი ჩართულობით შევიმუშაოთ. გვინდა, მათ მიდგომებსა და იდეებს გავეცნოთ, ამიტომ გამოვაცხადეთ რეგისტრაცია მასწავლებლებისათვის. ისინი თავიანთ მოსაზრებებს გაგვაცნობენ უკუკავშირის კითხვარის შევსებით, შემდეგ ჩვენ გავაანალიზებთ ამ მასალას და ისეთ დოკუმენტს შევიმუშავებთ, რომელიც ყველა მასწავლებლისთვის იქნება მისაღები. ამავდროულად, რა თქმა უნდა, შევხვდებით სკოლების ადმინისტრაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დირექტორების, მოადგილეებისა და რესურსცენტრების აზრი იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მასწავლებლები, რამდენად მისაღებია ან რამდენად რთულია მასწავლებლებისთვის სქემით დაკისრებული დამატებითი აქტივობები და ა.შ. ცხადია, ჩვენ მათზე უკეთ არ ვიცით ამის შესახებ, მათ უფრო ინტენსიური ურთიერთობა აქვთ სკოლის ბაზაზე და, შესაბამისად, კარგად იციან – რა მუშაობს ან რა არ მუშაობს; რა შევცვალოთ ან რა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ამ თემებზე დირექტორებთან გვექნება საუბრები. თავისთავად ცხადია, გარე დაინტერესებულ მხარეებსაც მივცემთ საშუალებას, გარკვეული დოზით, ჩაერთონ პროცესში და ერთობლივად შევიმუშავებთ რეგულირების წესს, რომელსაც აუცილებლად გამოვიტანთ საჯაროდ განსახილველად. ასე რომ, ეს იქნება მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადების ძალიან მაღალი ჩართულობით შექმნილი დოკუმენტი. ეს არის ამ მომენტისთვის რისი თქმაც შემიძლია სქემის და რეგულირების წესის შესახებ.
– რას უპასუხებდით პეტიციის ხელმომწერებს?
– რა თქმა უნდა, გვერდს არ ავუვლით არც პეტიციას, რომელიც მასწავლებელთა გარკვეულმა ნაწილმა სქემის გაუქმებასთან დაკავშირებით მოამზადა. აუცილებლად ყურადღებით გავეცნობით მას, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ სქემის შეწყვეტა არ განიხილება. როგორ შეიძლება შევწყვიტოთ სქემა? ეს ნიშნავს, ათიათასობით მასწავლებელს გავუწყვიტოთ წინსვლის პროცესი, მივაყენოთ ზიანი მხოლოდ იმის გამო, რომ პედაგოგთა გარკვეულმა ნაწილმა სტატუსი ვერ მოიპოვა… ამას, ცხადია, არ გავაკეთებთ. ეს მათი მხრიდან უფრო ჰგავს უკმაყოფილების გამოხატვას ცენტრის მიმართ.
– მასწავლებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კარიერული წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ გამოცდებით. ამაზე რას გვეტყოდით?
– მასწავლებლების იმ ნაწილისთვის, რომელიც მოითხოვს, რომ გაუქმდეს აქტივობები და კარიერული წინსვლა მხოლოდ გამოცდების ჩაბარებით მოხდეს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: ჩვენ არ გვაინტერესებს თეორიულად აქვს თუ არა გაცნობიერებული მასწავლებელს სიახლეები, რომელიც მის პროფესიულ სტანდარტშია ასახული – რას უნდა აკეთებდეს სტატუსის შესაბამისად სკოლაში, ჩვენ გვაინტერესებს პრაქტიკულად როგორ და, რაც მთავარია, როგორი ხარისხით ახერხებს ის ამ სიახლეების მიწოდებას მოსწავლისთვის. აქედან გამომდინარე, წინსვლა არ იქნება მხოლოდ თეორიულ კომპონენტზე დაფუძნებული, ეს ცალსახად არის ახალი სქემის პრინციპი. რა თქმა უნდა, ამაზეც ვილაპარაკებთ მასწავლებლებთან და მათგანაც მივიღებთ არგუმენტებს და არა მოთხოვნებს – ეს მინდა და ეს არ მინდა. თავისთავად, ყველაფერი მოსწავლეზე ისე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ, საბოლოო ჯამში, ხარისხიანი განათლება განაპირობოს.
პრაქტიკოსების გამოცდა კი ისევ ძალაში რჩება, რეგისტრაციაც ჩატარდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ. წამყვან და უფროს მასწავლებლებს კი, წინსვლის საშუალება მას შემდეგ მიეცემათ, როცა რეგულირების წესს დავამტკიცებთ. როგორც კი დოკუმენტის სამუშაო ვერსია გვექნება, პირველ რიგში, სასკოლო საზოგადოებას გავუზიარებთ, შემდგომ კი – უფრო ფართო საზოგადოებას.
ესაუბრა ლალი ჯელაძე