თამარ მახარაშვილი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
▶️ ქალბატონო თამარ, რა იქნება 2022-23 სასწავლო წლის მთავარი პრიორიტეტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის?
განათლების სისტემამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი – საჯარო სკოლების ავტორიზაცია, რაც ნიშნავს სკოლების გარე ხარისხის შეფასებას, ამ კულტურის დამკვიდრებას. მიმდინარე წელი, 2022 წელი, თვითშეფასების, დიაგნოსტირების წელია, როდესაც სკოლები, კონკრეტული სტანდარტების მიხედვით, თავად აფასებენ სტანდარტთან შესაბამისობას – რა ეტაპზე არიან, რა გამოწვევები და პრობლემები აქვთ. სისტემამ გაიაზრა, რომ შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე სკოლები ამას ვერ გააკეთებდნენ. ამიტომ, შემოვიყვანეთ მხარდაჭერის ექსპერტები, რომლებიც სათითაოდ ყველა სკოლასთან თანამშრომლობენ იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ეს კულტურა ასწავლონ და, მეორე მხრივ, დაეხმარონ, სკოლას ავტორიზაციის მთავარი მიზნის მიღწევაში — სწორად წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რა პრობლემები აქვს, რა გამოწვევები და ა.შ. ამიტომაც ამ პათოსს ვაგრძელებთ და აქცენტს მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. „აქცენტი მხარდაჭერაზე“ – ეს არის ჩვენი ძირითადი მესიჯი. რადგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვსაუბრობთ და კონსტიტუციით აღებულ ვალდებულებაზე, რომ საბაზო საფეხური სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანია სკოლების გაძლიერება და, აქედან გამომდინარე, საავტორიზაციო პროცესის, რომლის დაწყებითაც ძალიან მნიშვნელოვან თემას გავუსწორეთ თვალი. ამ პროცესის ამოცანაა, 2026-27 სასწავლო წლამდე, როგორც კანონი გვავალდებულებს, ყველა სკოლა იყოს ავტორიზებული.
არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს პროცესიც ბიუროკრატიულად წარიმართება. გააზრებული გვაქვს მისი მნიშვნელობა და, პირველ რიგში, თუ არა მხარდაჭერა, მზაობა, ჩართულობა, პროცესი ვერ წარიმართება, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვაა საჭირო. ავტორიზაციამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამის მნიშვნელობას და პროცესი მიმდინარეობს არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოების, ლოკალურად მასწავლებლის ან დირექტორის ჩართულობით, არამედ ჩართულია მშობელიც და მოსწავლეც, რადგანაც სასკოლო საზოგადოებას ჩვენ ყველა ერთად ვქმნით.
ამ ეტაპისთვის, 2086 სკოლიდან 80%-ს თვითშეფასება უკვე გაკეთებული აქვს, ჩვენი მხარდამჭერი ექსპერტების დახმარებით. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა სკოლის თვითშეფასება და იმ შესაბამისობების მიხედვით, რა პრობლემებიც გამოჩნდება ამ თვითშეფასების ანალიტიკიდან, სკოლები საავტორიზაციო გრაფიკზე გადანაწილდებიან – 2023 წლიდან 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე.
კიდევ ერთი მთავარი მესიჯი გახლავთ ელექტრონული პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge (ვაკეთებთ და ბოლოში ვართ უკვე გასული), სადაც სასკოლო საზოგადოებას, მშობლებსა და მოსწავლეებს მივცემთ შესაძლებლობას, ყველა მნიშვნელოვან თემაზე პირადად ესაუბრონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ყველა ინიციატივაზე, რომელზეც ჩათვლის საჭიროდ სამინისტრო, მოახდენს რეაგირებას. შესაბამისად, მეტ უკუკაშირს მივიღებთ მათგან და უფრო მეტი ხმის მიცემის, ე.წ. ვოთინგის სისტემასაც ავამუშავებთ ამ პლატფორმაში, რომ კიდევ ერთხელ მივცეთ ყველას საშუალება, განათლების განვითარების პროცესებში თვითონაც იყვნენ ჩართულები.
▶️ რა შედეგს ელოდებით ავტორიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ?
ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა – რას ველით ჩვენ? პირველად დაინახავს სისტემა კონკრეტული სკოლის საჭიროებას. აქამდე სკოლის ხელმძღვანელზე იყო დამოკიდებული, იაქტიურებდა თუ არა, წარმოადგენდა რამე თემას ან ინიციატივას თუ არა, მაგრამ იყო თემები, რომელსაც სკოლის დირექტორი და სკოლა ვერ ერეოდა, მაგალითად, ინფრასტრუქტურული საკითხები ან სხვა, რომელსაც სისტემამ (შესაბამისი მიმართულებით კომპეტენტურმა სხვადასხვა უწყებამ) უნდა მიხედოს. ახლა პირველად ხდება, როცა სისტემა თავად წამოწევს და დიაგნოზს დაუსვამს სკოლას სტანდარტების მიხედვით, სად რა ჩავარდნა აქვს და არა მხოლოდ დიაგნოზს დაუსვამს, არამედ გადაინაწილებს პასუხისმგებლობას – რა აქვს გასაკეთებელი მასწავლებლის სახლს, ინფრასტრუქტურის სამსახურს, ხარისხის ცენტრს, რა – სამინისტროს და თავად სკოლას. თანამშრომლობაზე, მხარდაჭერასა და ერთობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ ავტორიზაციის პროცესი, სადაც კონკრეტული სკოლის ორგანიზმი იქნება წარმოჩენილი და ყველა გადაინაწილებს თავის წილ პასუხისმგებლობას იმისათვის, რომ სკოლა გაძლიერდეს და სტანდარტებთან შესაბამისი იყოს.
მეორე სიკეთე, რომელიც ავტორიზაციის პროცესს მოჰყვება (ერთხელ ხომ არ ვაძლევთ ავტორიზაციას და ვტოვებთ სკოლას), ესაა შესაბამისი მონიტორინგები, რადგანაც სტანდარტები, რომლითაც სკოლების საავტორიზაციოდ შეფასება ხდება, ეყრდნობა შეფასების შკალას – ნაწილობრივი, მეტწილი და სრული შესაბამისობა. სკოლას ეძლევა შესაძლებლობა, იქ, სადაც კონკრეტული მიმართულებით ნაწილობრივი შესაბამისობით შეფასდა, ერთ წელიწადში ან კონკრეტულ ვადაში, ავიდეს მეტწილ შესაბამისობამდე, თუ მეტწილი აქვს – სრულ შესაბამისობამდე. ეს მისი სამუშაო გრაფიკია, რომელსაც დაუდებს წინ თვითშეფასება და შემდეგ ავტორიზაცია. მან შეიძლება მიიღოს ავტორიზაცია, კონკრეტული შესაბამისობის, მაგრამ იქვე აქვს დათქმა, რომ კონკრეტულ ქვესტანდარტში, მაგალითად, თუ ჰქონდა ნაწილობრივი შესაბამისობა, მისი ამოცანაა, ერთ წელიწადში, ავიდეს მეტწილზე. მაშასადამე, შენ გაცხადებული პასუხისმგებლობა გაქვს გადანაწილებული – შეფასება უკვე გაქვს, მათ შორის, როცა მიიღებ ავტორიზაციას და ზუსტად იცი, რაზე გაქვს სამუშაო.
▶️ პანდემიის გამო გადადებული დირექტორების სერტიფიცირება წელს ხომ არ დაიწყება ან როდის იგეგმება?
ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და სერტიფიცირების სეგმენტს 2022 წელს დავასრულებთ.
▶️ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში რაიმე სახის ცვლილება ხომ არ არის მოსალოდნელი?
სქემასთან დაკავშირებით, რას უნდა ველოდოთ და როგორ, ამაზე ჯერ გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ, შესაბამისი ჯგუფია შექმნილი. საჭიროა ძალიან სერიოზული ანალიტიკური სამუშაო, მათ შორის სხვა ქვეყნის გამოცდილებიდან დაწყებული, ადგილობრივის ჩათვლით, რა მივიღეთ წლების განმავლობაში, რა ტენდენციები გამოიკვეთა, როგორ იმუშავა თუნდაც სქემამ. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავად მასწავლებლებთან. თქვენ იცით, რომ შექმნილია მოტივირებულ მასწავლებელთა ჯგუფი, ამის გარდა, სხვა ჯგუფებიც არის, სადაც კონკრეტული თემები განიხილება, რომლებიც აწუხებთ მასწავლებლებს, მათთან ვთანამშრომლობთ. ასევე, პროფკავშირებთანაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. დღეს რომ გითხრათ, სქემა შეიცვლება, არ იქნება სწორი, რადგან ეს იმ ანალიტიკურმა სამუშაომ უნდა გვაჩვენოს, რომელიც ძალიან სკრუპულოზურად უნდა იყოს შესრულებული, მოსმენილი, გააზრებული, გაანალიზებული. მხოლოდ ამის შემდეგ, თუ დავინახავთ, რომ საჭიროა რაიმე ტიპის ცვლილება, უკან არავინ დაიხევს. მთავარია, ამ ეტაპამდე მივიდეთ და ეს სამუშაო ხარისხიანად ჩავატაროთ.
წლის ბოლომდე, ვფიქრობთ, სრული სურათი გვექნება იმისა, რას ვაპირებთ – მასწავლებლის სქემა იქნება ეს თუ მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიმართულება, ზოგადად რა სიახლეებით შემოვდივართ და რა არის ამის წინაპირობები ან საფუძვლები.
▶️ ერთი კითხვა პანდემიის პერიოდის შემდგომ განათლებასაც რომ დავუთმოთ – განათლების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე აღმოჩნდა კოვიდ პანდემიის დროს, რა კვალი დატოვა ჩვენი განათლების სისტემაზე ამ პერიოდმა და რა კეთდება შექმნილი სირთულეების დასაძლევად?
თქვენ იცით, რომ საერთაშორისო კვლევაც ჩატარდა, სადაც ზოგადად გამოიკვეთა მსოფლიო ტენდენცია, რომლიდანაც საქართველო ამოვარდნილი ვერ იქნება. არც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა საქართველოს და არც განსაკუთრებულად უკეთესი. კოვიდ პანდემიის ზიანი სრულად შეფასდა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ისეთ ქვეყნებშიც, რომელთაც განათლების სისტემა ჩვენზე უკეთესად აქვთ აწყობილი, იმათაც კი სერიოზული ზიანი მიადგათ. ამიტომ, რეკომენდაციები, რომლებიც ამ ნაწილში გვაქვს მიღებული – სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის ნაწილში, რომელიც კოვიდ პანდემიას ახლავს მსოფლიო მასშტაბით, ზოგადი ხასიათისაა. ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და სკოლები შესაბამისი დიაგნოსტიკური ტესტირებებით დაიწყებენ – სად რა კონკრეტული საჭიროებებია, რომელ კლასში, რომელ საფეხურზე, რომელი მიმართულებით. სკოლებთან უკვე მიმდინარეობს ამ მხრივ მუშაობა. დიაგნოსტიკურ ტესტებსა და შეფასებებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გააკეთებს.
რაც შეეხება შედეგების აღმოფხვრის გზებსა და საშუალებებს, პირველი და უალტერნატივოა ინდივიდუალური მუშაობა, რასაც დავიწყებთ კიდეც დიაგნოსტიკური ტესტებიდან შედეგების მიღებისთანავე. მეთოდები და მიმართულებები ამის მიხედვით დაიგეგმება.
▶️ გასულ თვეში სამინისტრომ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. რა არის ის მნიშვნელოვანი აქცენტები, რაც დოკუმენტშია თავმოყრილი?
წლევანდელი სასწავლო წლის სიახლეები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ და უკვე გავაცანით საზოგადოებას, სწორედ ამ სტრატეგიის შემადგენელი აქტივობებია. სტრატეგიის ძირითადი პათოსი ის არის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ განვითარებისკენ. ამის ერთადერთი რეცეპტი, რაც აქამდე არსებობს, მაქსიმალური ჩართულობა და მაქსიმალური თანამშრომლობაა. ამიტომ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, დაწყებული პლატფორმიდან – chaerte@mes.gov.ge და გაგრძელებული ვტორიზაციის პროცესის მიმდინარეობით, ამის თვალსაჩინო მაგალითია; ასევე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების დროს, ცალკე პუნქტად გამოვყავით, რომ ასაკთან შესაბამის ენაზე იყოს დაწერილი იმიტომ, რომ უკუკავშირი გვქონდა მშობლებისგან და მასწავლებლებისგან, რომ ამ სეგმენტისთვის მიგვექცია ყურადღება. იმ მსუყე და დიდი აქტივობების კვალდაკვალ, რომელიც სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაშია გაწერილი და რომელიც აბსოლუტურად გააზრებული გვაქვს და ვიცით, რომ მის შესრულებას ნამდვილად შევძლებთ, მთავარი გახლავთ ის, რაც ცოტა დეფიციტურია და გვაკლია – მაქსიმალური ჩართულობა ყველასი და არა ნიჰილიზმი – ჩემმა ხმამ რა უნდა გადაწყვიტოს.
ჩვენ თითოეული ადამიანის ხმა გვაინტერესებს, მით უფრო, როცა განათლებაზე ვსაუბრობთ, ყველას ხმა მნიშვნელოვანია: მშობლის ხმა – თავის წილ პასუხისმგებლობას და ინფორმაციას გვაწვდის; სრულიად განსაკუთრებულია მოსწავლის ხმა, რომელიც ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციას გვაწვდის; ხმა სასკოლო საზოგადოების. აქედან გამომდინარე, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოს ნამდვილად დავძლევთ, მაგრამ იმისათვის, რომ შესრულებული სამუშაო იყოს ხარისხიანი, ვეცდებით, ყველას მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ. არავის არ უნდა დარჩეს განცდა, რომ შეეძლო კონკრეტული გადაწყვეტილება თავისი ხმით შეეცვალა ან უკეთესობისკენ წარემართა და არ მიეცა ამის შესაძლებლობა, ამ განცდას არავის არ დავუტოვებთ.
▶️ ქალბატონო თამარ, აუცილებლად მინდა გკითხოთ სკოლებში კადრების დეფიციტის შესახებ. სკოლებმა გამოაცხადეს ვაკანსიები და მიმდინარეობს მასწავლებელთა შერჩევა, მაგრამ იმ ვაკანტურ ადგილებს, რომლებიც კონკურსით ვერ შეივსება, როგორ შეავსებს სამინისტრო? რა გეგმა გაქვთ ამ მიმართულებით?
კადრების დეფიციტი ზოგადად არსებობს ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენს სფეროში, განსაკუთრებით, როცა კვალიფიციურ კადრებზეა საუბარი. ამ მიმართულებით, რასაკვირველია, სამინისტრო მუშაობს. ცოტა ხნის წინ დაჯილდოება გვქონდა მასწავლებლების, რომლებიც „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამაში არიან ჩართულები. ასეთი პროგრამები, რა თქმა უნდა, გაძლიერდება, სტიმულირება მოხდება მასწავლებლების, განსაკუთრებით იქ, სადაც დეფიციტური რეგიონები და დეფიციტური მიმართულებებია და ვერ ხერხდება მასწავლებლების ადგილებზე დაკავება, რაც პირდაპირ ებმის იმას, რომ სოფელი არ მოიშალოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება პროგრამულ ნაწილში. მთავარია, დროული და სწორი ინფორმაცია მივიღოთ სად რა დეფიციტია ახლა ან შეიძლება გაჩნდეს მომავალ ორ-სამ წელიწადში. საჭიროა, სისტემა აჰყვეს და პრევენციულად იმუშაოს მსგავსი პროგრამებით, რომ შევძლოთ დეფიციტის აღმოფხვრა. ამ მიმართულებით, პირველი, რაც გამახსენდა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, სწორედ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვისაა“ და რასაკვირველია, ამ პროგრამის მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება. სხვა საჭიროებებს, რაც გამოიკვეთება ან მსგავსი პროგრამების აუცილებლობას, რა თქმა უნდა, სამინისტრო მხარს დაუჭერს.
▶️ დაბოლოს, ქალბატონო თამარ, რა არის სასწავლო წლის დაწყებისთვის თქვენი მთავარი გზავნილი – სკოლას, მოსწავლეს, მასწავლებელს…
მთავარი გზავნილი მათთვის იქნება ის, რომ ჩვენ მხოლოდ ხელჩაკიდებულებმა შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენს მთავარ საზრუნავს – მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ; მათთვის სკოლაში მისვლა დღესასწაული უნდა იყოს. სკოლაში უნდა ხვდებოდეთ მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ საგანს არ ასწავლის. მთელი ცხოვრება მახსოვს ჩემი მასწავლებლებისგან არა მხოლოდ ის, რაც მასწავლეს, არამედ მათი მიმიკები, ზნე-ჩვეულებები, მანერებიც კი, რაც დღემდე უძვირფასეს მოგონებად დამრჩა. მოდი, ასე დავამახსოვროთ მასწავლებლებმა თავი ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს. თქვენ კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან, გპირდებით, რომ თითოეული თქვენი წუხილი, პრობლემა და გამოწვევა აუცილებლად მოვა ჩვენამდე და ჩვენც, თქვენთან ერთად ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ, პირველ რიგში, მიიღოს ხარისხიანი განათლება და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ ისინი მოქალაქეებად, ქვეყნის პატრიოტ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებად, რომ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, არ გაწყდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებას გაითვალისწინებს მთლიანად სასკოლო საზოგადოება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე