ვაგრძელებთ საუბარს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებთან. ამჯერად ორ მათგანს — გურჯაანსა და ასპინძას წარმოგიდგენთ. სამწუხაროდ, პანდემიამ ორივეს შეუქმნა გარკვეული პრობლემები, თუმცა არა ხანგრძლივი და დაუსრულებელი. ორივე მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი უკვე დასწრებულ რეჟიმში, ანუ სასკოლო შენობებში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული გამონაკლისები მაინც რჩება, ძირითადად, ცალკეული კლასების სახით, სხვა მხრივ რესურსცენტრები მომზადებული შეხვდნენ ახალ სასწავლო სეზონს.
⇒ როგორ მიმდინარეობს სასწავლო წელი, პანდემიამ რაიმე დაუძლეველი პრობლემები ხომ არ შეგიქმნათ?
⇒ რამდენად ხართ უზრუნველყოფილი პანდემიის პრევენციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით?
⇒ რამდენად მოემზადა რესურსცენტრი ახალი სასწავლო წლისთვის, რა სამუშაოები ჩაატარეთ სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დასაწყებად?
⇒ ტექნიკურად რამდენად გამართულად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება?
⇒ რამდენად უზრუნველყოფილია სკოლები მასწავლებელთა კადრებით, საკმარისი სპეციალისტებით?
⇒ რა არის თქვენ წინაშე მდგარი პირველი რიგის პრობლემა?
ყველა მშობლის და პედაგოგის სურვილია დასწრებით ფორმატში სწავლა
ტრისტან მურადაშვილი
ასპინძის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი
♦ სკოლა: 18 საჯარო, 3 — ოპტიმიზირებული (2 — დაწყებითი, 1 — დაწყებითი-საბაზო)
♦ მოსწავლე: 1400
♦ მასწავლებელი: 380
4 ოქტომბერს ყველგან საკლასო ოთახებში გაგრძელდა სწავლა, ორი სკოლის გარდა, თუმცა იქაც პანდემია არაფერ შუაშია — სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მათ შორის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკოლა — დაბა ასპინძის, სადაც ჰიბრიდული მოდელი გვქონდა: I-IV კლასებისთვის ალტერნატიული ფართი მოვძებნეთ და დღემდე დასწრებულ რეჟიმში სწავლობენ, მაღალი კლასები კი დისტანციურად აგრძელებდნენ, რადგან ძირითად შენობაში, ორ კორპუსში, სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. თუმცა, 15 ნოემბრიდან აქაც დასწრებულ რეჟიმში, ანუ საკლასო ოთახებში გრძელდება სწავლა, ორ ცვლაში. ასევე იყო ოთას საჯარო სკოლაში, სადაც კერძო ბინაში მოვძებნეთ ალტერნატიული ფართი და სწავლა იქ მიმდინარეობდა.
პანდემიის გამო სწავლის დაწყება რამდენიმე სკოლაში დისტანციურ რეჟიმში მოგვიხდა. მაგალითად, ჭობარეთის სკოლა იყო ონლაინ რეჟიმზე, სადაც 17 ნოემბერს საკლასო ოთახებში განახლდა სწავლა. ასევე სოფელ იდუმალას სკოლაც, 2 კვირით, დისტანციურად მუშაობდა, მაგრამ იქ 15 ნოემბერს დასწრებით ფორმატში აღდგა სასწავლო პროცესი. ამის გარდა, რამდენიმე სკოლაში ცალკეული კლასებია დისტანციურ რეჟიმზე. ყველას სურვილია დასწრებით ფორმატში სწავლა. იმის მიუხედავად, რომ სამინისტრომ მოსწავლეებს მისცა ონლაინ რეჟიმის არჩევის საშუალება, მსგავსი სურვილი არავის გამოუთქვამს.
სწავლა ყველა სკოლაში პანდემიის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყველა სკოლა მომარაგებულია საჭირო ნივთებით — სადეზინფექციო სითხეები, დეზობარიერები, პირბადეები, მთელი დღის განმავლობაში ყველგანაა დამლაგებელი და ყველა მობილიზებულია, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უმაღლეს დონეზე იყოს დაცული. სკოლებს იმდენი მარაგი აქვთ, გაისადაც ეყოფათ. სკოლებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური გათბობა, მხოლოდ რამდენიმე სკოლაშია ღუმელი და იქაც მომარაგებულია საწვავი და შეშა.
ადგილობრივი ბიუჯეტის დახმარებით, ერთ სკოლაში, დამატებით, გავაკეთეთ ცენტრალური გათბობა. ანალოგიური სამუშაოები შარშანაც ჩავატარეთ და ახლა მხოლოდ 4 სკოლაა დარჩენილი ცენტრალური გათბობის გარეშე, გაისად იქაც მოიხსნება გათბობის პრობლემა. ეს სამუშაოები ასპინძის მერიაზე გადმოვიდა. პატარ-პატარა რემონტი, დაახლოებით 5 000 ლარამდე, სკოლებმა თავისი ხარჯით ჩაატარეს, უფრო დიდი მოცულობის სამუშაოები კი მერიამ ითავა.
სკოლების უმეტესობაში მოწესრიგდა სველი წერტილები. ამაზე წინა წლებშიც ვმუშაობდით და აბსოლუტურად ყველა სკოლაში გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები. აბსოლუტურ უმეტესობაში ისინი შენობის შიგნითაა შეტანილი, მხოლოდ ორიოდე სკოლაში ვერ მოხერხდა შიგნით მოწყობა და იქ გარეთ, ღია სივრცეშია, თუმცა ყველა მათგანშია გათბობა, წყალი რომ არ გაიყინოს.
გარკვეული პორბლემები არის, მაგრამ გაფრთხილებული გვყავს დირექტორები, რომ იმ ბავშვებს, ვისაც ტექნიკური საშუალებები არ აქვთ, სკოლიდან ათხოვონ კომპიუტერი, რომელიც დროებით არ სჭირდებათ. მით უფრო, კომპიუტერების მარაგი გვაქვს და გვინდა, ყველა ბავშვი ჩართული იყოს სასწავლო პროცესში. თუმცა ბევრად უკეთესია, დასწრებულ რეჟიმში იყვნენ ჩართული — მშობლების სურვილიც ასეთია.
ხანდახან ინტერნეტის შეფერხებებიც გვაქვს, მათ შორის ჩვენთანაც, რესურსცენტრშიც, ზოგჯერ არის ხოლმე, როცა რამდენიმე საათით ითიშება; ერთხელ რამდენიმე დღითაც კი გვქონდა გათიშული, თუმცა აქტიური ჩარევით მოგვარდა. ასპინძის მუნიციპალიტეტი მთლიანადაა დაფარული ინტერნეტის ქსელით და ყველა სოფელს, ყველა სკოლას ვფარავთ. აქტიური კომუნიკაცია, ლამის ყოველდღიური მონიტორინგი გვაქვს დირექტორებთან და ვიცით, რომ ამჟამად არსად არაა შეფერხება — სადაც დისტანციური რეჟიმის საჭიროებაა, ყველა მოსწავლეა ჩართული ონლაინ გაკვეთილებში.
ჩვენთვის ყველაზე პრობლემური იყო საბუნებისმეტყველო საგნები — ქიმია, ბიოლოგია… რამდენჯერმე ვაკანსიაც გამოვაცხადეთ, თუმცა გამოხმაურება არ ყოფილა და საბოლოოდ, მაინც შიდა გადანაწილება მოგვიხდა, რის საშუალებასაც კანონი გვაძლევს. ახლა ყველა სკოლაში საკმარისი კადრია და აღარც ვაკანსიები გვაქვს.
ბოლო წლებში ჩვენგან 58-მა პედაგოგმა გამოთქვა სურვილი, აიღო 2-წლიანი დანამატი და დატოვა სკოლა. არც პრეტენზია გამოუთქვამს არავის. ამჟამად ძალიან მცირე რაოდენობა გვყავს ისეთი პედაგოგებისა, მინიმალური ზღვარი რომ ვერ გადალახეს, თუმცა ისევ მუშაობენ, მათ კვლავ აქვთ შანსი და ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ მას.
პირველი ნოემბრიდან ყველა სკოლა საკლასო სივრცეს დაუბრუნდა
დალი მინდიაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
♦ სკოლა: 25 საჯარო
♦ მოსწავლე: 7 000-ზე მეტი
♦ მასწავლებელი: 740
სასწავლო პროცესში პრობლემები არ შექმნილა, რადგან სკოლები თავიდანვე მზად იყვნენ, პანდემიისთვის საჭირო რეგულაციების სრული დაცვით წარემართათ სასწავლო პროცესი. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ზოგიერთ სკოლასთან დაკავშირებით, დროდადრო, გვაძლევდა რეკომენდაციას, ონლაინ რეჟიმზე გადავსულიყავით, რასაც, რა თქმა უნდა, ვემორჩილებოდით, რათა ვითარება უფრო არ გამწვავებულიყო.
ამ ეტაპზე, არც ერთი საჯარო სკოლა ონლაინ რეჟიმში არ მუშაობს, ყველა დასწრებულ სწავლებაზეა, თუმცა რამდენიმე კლასი რამდენიმე სკოლაში ახლაც რჩება დისტანციურ სწავლაზე — ვირუსი ზოგან თავად მოსწავლეს ან მისი ოჯახის წევრს აღმოაჩნდა, მერე მას თანატოლებთან ჰქონდა კონტაქტი; ზოგან პედაგოგს დაუდასტურდა კოვიდი და მას ჰქონდა შეხება მოსწავლეებთან. ასეთი შემთხვევები 4 სოფლის სკოლაშია, სადაც მხოლოდ ცალკეული კლასია ონლაინ მოდელზე.
ეს პრობლემა სასწავლო წლის დასაწყისში უფრო გვქონდა — მაშინ 10 სკოლა იყო დისტანციურ სწავლებაზე გადასული, თუმცა 1 ნოემბრიდან ყველა დაუბრუნდა საკლასო სივრცეს.
პანდემიისთვის საჭირო სადეზინფექციო საშუალებებს რაც შეეხება, სკოლებში ჯერ კიდევ არის დეკემბრის ბოლომდე სამყოფი ნაშთები. ამასთან, ინფრასტრუქტურის სააგენტო დღესვე გვთხოვს ამ ნაშთების სტატისტიკას, რომ დამატებით, კიდევ შემოიტანოს მარაგი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სადაც ამის საჭიროებაა — სადეზინფექციო ხსნარები, სანიტაიზერები, დეზობარიერები, ხელისა თუ მყარი ზედაპირების დასამუშავებელი სითხეები და სხვა აუცილებელი საშუალებები. ამ მხრივ, სკოლებში არანაირი პრობლემა არაა და საყვედური არ გვეთქმის. უბრალოდ, ზოგჯერ ვირუსიანი ოჯახები მაინც აგზავნიან ბავშვს სკოლაში, ჩვენ კი მათი ინფიცირების შესახებ არაფერი ვიცით, როცა ვიგებთ, უკვე გვიანია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
წინა წლებიდან მოყოლებული, მუნიციპალიტეტის 25-ივე საჯარო სკოლაში, მოწესრიგებულია სველი წერტილები. გვინდა, რამდენიმე მათგანში გავაფართოოთ ან, სადაც ამის საშუალებაა, სკოლის შენობაში შევიტანოთ (ახლა ეზოშია განლაგებული).
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში — კარდენახსა და კალაურში, ფაქტობრივად, სრულდება საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია და ორივეს ძალიან ლამაზი, კეთილმოწყობილი სკოლები ექნებათ. უკვე მზადდება წერილი, რომ გაისად კიდევ ორმა სკოლამ დაიწყოს სასწავლო პროცესი სრულად რეაბილიტირებულ შენობაში — ჭანდარისა და გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლებმა. ჭანდარის სკოლა, 2 წლის წინ, ადგილობრივმა მერიამ კი გადახურა, თუმცა მასალად აზბესტი გამოიყენა, სხვა ტიპის სამუშაოებიც არის ჩასატარებელი, კარ-ფანჯარაც გამოსაცვლელია.
გურჯაანის მე-4 სკოლაში, 3 წლის წინ, სველი წერტილების რეაბილიტაცია კი ჩატარდა, თუმცა მაშინვე გამოჩნდა, რომ სრული რეაბილიტაცია იყო საჭირო — არასტანდარტული შენობაა, თან ზოგან იატაკიც შესაცვლელია და გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ.
ახალი სკოლის აშენების საჭიროება ამჟამად არაა, ისე კი, 2019 წელს, ზემო კაჭრეთში ავაშენეთ. ავარიული შენობა იყო და ერთი პერიოდი სწავლა ალტერნატიულ ფართში მიმდინარეობდა, ახლა იქ თანამედროვე, ძალიან ლამაზი შენობა გვაქვს. ამასთან, რამდენიმე სკოლაში ელექტროგაყვანილობის გამოცვლა გვინდა. ამის თაობაზე უკვე მივმართეთ ადგილობრივ მერიას და დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ მომავალი წლის ბიუჯეტში. ეს საჭიროა უსაფრთხოებისა და სასწავლო პროცესში ტექნიკური საშუალებების გამოყენებისთვის.
ჩვენ, როგორც შუალედური რგოლი, მაქსიმალურად ვეხმარებით მასწავლებლებს, დროულად ვაწვდით ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა ან ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ.
ინტერნეტთან დაკავშირებით, შარშან, ჩავატარეთ კვლევები და ძალიან ცოტა იყო შეფერხების შემთხვევა — 7000-ზე მეტი მოსწავლიდან ძალიან მცირე პროცენტს ჰქონდა ინტერნეტის პრობლემა. ასევე, მცირე იყო შემთხვევები, როდესაც ინტერნეტი კი იყო, მაგრამ არსებობდა ტექნიკური ხასიათის პრობლემა, ძირითადად, იმის გამო, რომ რამდენიმე ბავშვზე ერთი ტექნიკური საშუალება, კომპიუტერი თუ ტელეფონი მოდიოდა. ამის აღმოფხვრაზე, წლეულს, სკოლებმა ბევრი იმუშავეს და მიზანსაც მიაღწიეს, თან მარტიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, ინტერნეტის 10-ლარიანი ერთთვიანი პაკეტები შესთავაზა და ყველას შეეძლო, ემუშავა ონლაინ. დანარჩენი კი მასწავლებელსა და მშობელზეა დამოკიდებული. ამჟამად არ გვყავს არც ერთი ბავშვი, რომელიც ტექნიკური შეფერხების გამო ვერ ერთვება სასწავლო პროცესში.
კადრები ნამდვილად არ გვაკლია. 700-ზე მეტი მასწავლებლიდან, 400-ზე მეტი უფროსი მასწავლებელია, ბევრია წამყვანი, ხოლო 12 პედაგოგს მენტორის სტატუსი აქვს. წელს სკოლიდან მხოლოდ საკუთარი სურვილით ან რაიმე გაუთვალისწინებელი მიზეზით წავიდნენ პედაგოგები. წინა წლებში, საპენსიო ასაკის პედაგოგებმა დატოვეს სკოლა, შესაბამისი კომპენსაციით. თუმცა, ასეთი ბევრი არ იყო. მათ ადგილზე კონკურსი გამოცხადდა ან ადგილები შიდა გადანაწილებით შეივსო. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ვაკანსიები არ გვაქვს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველგან სერტიფიცირებული კვალიფიციური კადრები გვყავს.
პირველი რიგის პრობლემად დავასახელებ მშობელთა და იმ პედაგოგთა ცნობიერების ამაღლებას, ვინც ჯერ კიდევ არ აცრილა. ამ მხრივ, ბევრია სამუშაო. საბედნიეროდ, არის სკოლები, სადაც, ფაქტობრივად, სრულად აიცრნენ მასწავლებლები, ასეთია მელაანის, კაჭრეთის, გურჯაანის №4 საჯარო სკოლები. საუბარია არა მარტო მასწავლებლებზე, არამედ მთელ კოლექტივზე, ტექნიკური პერსონალის ჩათვლით. არის სკოლები, სადაც აცრილია 60%, 80%, თუმცა იმის მაგალითებიც გვაქვს, როცა 55%-ზე მეტი არ აცრილა. ძალიან მცირეა ისეთ პედაგოგთა რიცხვი, რომლებსაც ობიექტური ფაქტორების გამო არ შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარება, დანარჩენებთან კი აუცილებლად მუშაობაა საჭირო, ასევე მშობლებთანაც. პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს უმთავრესი პრობლემაა.