როგორ წარადგენთ საკუთარ თავს? ვკითხე ჩემს რესპონდენტს, ოქტაი ქაზუმოვს. „ოქტაი ქაზუმოვი არის… ვფიქრობ, ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ისევ საკუთარი თავის ძიებაშია, თქვენ კი შეიძლება მარტივად დაწეროთ — ინტერვიუ ფილოლოგთან.“
ამ მარტივ მინაწერს ლევან ბრეგაძის წინასიტყვაობას დავურთავ, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემულ ოქტაი ქაზუმოვის წიგნში „129 გვერდი ლიტერატურაზე“ გააკეთა.
„საქართველოს ახსოვს მოღვაწენი, რომლებიც ორი ან სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს კულტურას მსახურებდნენ. ამ წიგნის ახალგაზრდა ავტორი ერთ-ერთი მათგანია — ეთნიკური აზერბაიჯანელი, განათლებით — ქართული ფილოლოგიის სპეციალისტი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული), მოწოდებით — პოეტი, სარწმუნოებით — მუსლიმი. ორიგინალური აზრები, მახვილგონივრული მიგნებები, ზუსტი ფორმულირებები, თხრობის ლაღი მანერა ოქტაი ქაზუმოვის, ვითარცა ლიტერატორის, თვალსაჩინო ღირსებებია.“ ამას იმასაც დავამატებ, რომ მისი სახელის წარმომავლობა დაუდგრომლობის, სიცოცხლის ჟინის სიმბოლოა — „ოქ“ ისარს ნიშნავს, „თაი“ — კვიცს.
ოფიციალურად კი ასე წარვადგენთ: ოქტაი ქაზუმოვი — ლიტერატორი, მთარგმნელი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი. თარგმნილი აქვს მირზა ფათალი ახუნდზადეს პიესა „ბოტანიკოს მუსიე ჟორდანისა და ჯადოქარ მასთალი შაჰის ამბავი“, ვაჟა-ფშაველას პოემა „გოგოთურ და აფშინა“, აზერბაიჯანული პოეზია ქართულად, ქართული პოეზია აზერბაიჯანულად — ულვი ბუნიადზადეს პოემა „სიცოცხლის გზა“. ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე — „ქართული საგალობლებისა და აზერბაიჯანული მარსიების შეპირისპირებითი ანალიზი (გლოვის ჟანრი)“. ბოლო დროს, მცირე დოზით, ის სამოქალაქო აქტივისტადაც მოგვევლინა. თუმცა, ამ ყველაფრის შესახებ, უმჯობესია თავად მას, მართლაც საოცარი ქართულით მოსაუბრე ფილოლოგს მოვუსმინოთ და შევიგრძნოთ მისი თხრობის ლაღი მანერა, რამდენადაც ეს ერთ ინტერვიუშია შესაძლებელი.
გენებში გამჯდარი ფილოლოგობა
დავიბადე სოფელ ციხისძირში, ფილოლოგისა და მასწავლებლის ოჯახში. ფილოლოგობა გენებში მაქვს. დედაჩემის მამაც აზერბაიჯანული ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი იყო. თბილისში, 64-ე სკოლაში აზერბაიჯანული სექტორის გახსნაც მის სახელს უკავშირდება. მამაც ფილოლოგია, 1983 წელს დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასე რომ, ლიტერატურასთან ურთიერთობა ბავშვობიდანვე დამყვა. ზღაპრების პარალელურად, მიკითხავდნენ სხვა ლიტერატურულ ტექსტებსაც. როცა მივხვდი, რომ ასე გემრიელი და კარგი ამბები წიგნებშია დაუნჯებული, გადავწყვიტე, რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი მათთან. 10 წლისამ „ტომ სოიერი“ წავიკითხე, იქიდან მოყოლებული მივხვდი, რომ ჩემი თავი ვიპოვე.
მართალია, სკოლაში ფრიადოსნობით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ გამორჩეულად მიყვარდა ლიტერატურა — სხვათა შორის სკოლში გავლილ ქართულ ლიტერატურას დიდად არ ვწყალობდი მეათე კლასამდე. გატაცებული ვიყავი ისტორიით, ასევე კარგად ვსწავლობდი გეოგრაფიას. მოგვიანებით შემოვიდა საზოგადოებათმცოდნეობა. ჩემი სიყვარული საგნების მიმართ შეზღუდული იყო, ჰუმანიტარულ გზას მივყვებოდი, ვავლენდი რა აბსოლუტურ უმეცრებას ტექნიკურ საგნებში. მეათე კლასში კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობდი ძალიან ბევრს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, რაც შემხვდებოდა. მეათე კლასში შემოვიდა ქართული ენისა და ლიტერატურის არაჩვეულებრივი მასწავლებელი იზა ესიტაშვილი, მაშინ მომეცა ასპარეზი — ეს ასპარეზი გულისხმობდა თავისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ შემეძლო პარალელების გავლება ხევისბერ გოჩას, მატეო ფალკონესა და ტარას ბულბას შორის. ამაში არავინ მზღუდავდა, პირიქით, მასწავლებელი მახალისებდა. მანამდე თუ ისტორიკოსობა მინდოდა, მეათე კლასში მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება ლიტერატურაა. გაკვეთილზე ხშირად იმართებოდა საინტერესო საუბრები და მთელი კლასი გაყუჩებული გვისმენდა მე და მასწავლებელს. დავრწმუნდი, რომ ფილოლოგი უნდა გავმხდარიყავი.
ბედისწერა — ძველი ქართული ლიტერატურა
როდესაც ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ერთი რამ ნამდვილად ვიცოდი, რომ ძველ ქართულს არ გავყვებოდი, მეცხრე კლასში ძალიან გამაწვალა და იმიტომ. მაღიზიანებდა ის, რომ ნაწილობრივ მესმოდა და თან ვერ ვიგებდი ძველ ქართულ ენას. მესამე კურსზე, როდესაც უნდა გავყოფილიყავით ენისა და ლიტერატურის მიმართულებებით, რასაკვირველია, ლიტერატურა ავირჩიე. თუმცა, აქაც მომიწევდა არჩევანის გაკეთება უახლეს, ახალ და ძველ ლიტერატურასა და ფოლკლორს შორის. რადგან არსებობდა ბატონი რევაზ სირაძის კათედრა — „ქართული ქრისტიანული სიტყვიერებისა და კულტურის ისტორია “, — ბევრი ფიქრიც აღარ დამჭირვებია. ძალიან მიყვარდა ბატონი რეზო, ფაქტობრივად, ჩემი მოძღვარი, უფროსი მეგობარი იყო. პიროვნულმა სიყვარულმა და სიმპათიამ გადამაწყვეტინა, გავყოლოდი ამ მიმართულებას. ვკითხულობდით იოანეს სახარების იოანე ოქროპირისეულ განმარტებებს ექვთიმე ათონელისეულ თარგმანებში და ამით, ფაქტობრივად, ქრისტიანული კულტურის ესთეტიკას ვეცნობოდით. ბატონი რეზო ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, არა 100-კაციანი აუდიტორიის კაცი, არამედ პირდაპირ მისწრება 10-15-კაციანი ჯგუფისთვის. ისეთ საკითხებზე მსჯელობდა, რომელსაც ვერც სკოლაში და ვერც უნივერსიტეტში ვერავისგან მოისმენდი, რამაც დიდი სასიკეთო კვალი დააჩნია თითოეულ სტუდენტს.
შემდგომ, როცა ბაკალავრიატი დავამთავრე და მაგისტრატურაში ჩავაბარე, ბატონი რეზოს კათედრა გააუქმეს და მეც აღმოვჩნდი მონათესავე კათედრაზე — ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის. ფაქტობრივად, ერთი და იმავე სულისკვეთების მიმართულებებია. მივხვდი, რომ ჩემთვის ძველი ქართული ლიტერატურა ბედისწერასავით იყო. იმ წლებში, ჩემს სოფელში, ავიყვანე აბიტურიენტები — ჩემი ნათესავი ბავშვები. მათ როცა ვუხსნიდი „შუშანიკის წამებას“, აი, იქ ამეხილა თვალი. მაშინ დაიძლია ჩემსა და ძველ ქართულ ტექსტებს შორის გაუცხოება. მას შემდეგ, რაც ბატონ რეზოსთან გავიარეთ აზროვნების ესთეტიკა, ჩემთვის საცნაური გახდა მთელი ის დრამატიზმი, აზრის ესთეტიკური აგება, გადმოცემა, ლაკონიურობა, მხატვრული ხერხები, რაც „შუშანიკის წამებაშია“ მოცემული და მე შემიყვარდა ეს ტექსტი, როგორც წმინდა წყლის ტექსტი, როგორც ლიტერატურული ძეგლი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგები მის ისტორიულ თუ რელიგიურ სულისკვეთებას. მოგეხსენებათ, ივანე ჯავახიშვილმა ქართველი ერის ისტორიაში ის შეიტანა, როგორც ისტორიული ძეგლი, რასაც კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, რადგან ის შიშველ ისტორიას არ გვიყვება და ავტორს მხატვრულად აქვს გააზრებული. თუმცაღა, ეს დავის საგანია, აგიოგრაფიული ნაწარმოებები მხატვრული ტექსტებია თუ მხოლოდ წმინდა რელიგიური ხასიათისაა.
ლექსიკური „კეკლუცობის პოზა“
არასოდეს მინანია ეს არჩევანი, პირიქით, მეამაყება კიდეც, რომ ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტი ვარ. თან ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ძველი ქართული ენა არ იცი, ვერ კითხულობ ძველ ტექსტებს და მათ სიტკბოებას ვერ წვდები, ვერ გექნება ქართული ენის ცოდნის პრეტენზია. ძველ ქართულში ძალიან ღირებული და ნიშნეულია არა მხოლოდ სიტყვები ეტიმოლოგიის თვალსაზრისით, არამედ აზრის გადმოცემა, წინადადებების წყობა. ამას რომ ეცნობი, ერთგვარად გითრევს კიდეც. მეც ასე დამემართა — ერთ დროს, ძალიან აქტიურად ვიყენებდი ძველი ქართულიდან სიტყვებსა და ფრაზებს, რაც ერთგვარ ირონიასაც ბადებდა. ხშირად კომიკურ სიტუაციაშიც მაგდებდა. ასეთივე გავლენა მოახდინა ჩემზე, ერთ დროს, კონსტანტინე გამსახურდიამაც — „მოვაო, რას ამბობს ის?“ — დაახლოებით ასე ვსაუბრობდი. ასეთი გავლენა იქონია ძველმა ქართულმა ენამ — მაგალითად, ტერმინები „გონებისა სიჩჩოებითა“ ან „ენითა მით თაფლმწთოლვარითა“ ჩემთვის აღტაცების შორისდებულებით ნათქვამი სიტყვები იყო. ვახდენდი კიდეც ჯეროვან ეფექტს მსმენელებზე, ანუ ეს ერთგვარ კეკლუცობის პოზადაც მექცა. შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაიწმინდა და დღეს ვკითხულობ როგორც თანამედროვე რომანს, ისე ჰაგიოგრაფიულ ჟანრის ლიტერატურასაც ვეცნობი, რადგან მიმაჩნია, რომ მხოლოდ იმას არ უნდა ვკითხულობდეთ, რაც პროგრამით მოგვეცა, თუ ხარ ძველი ქართულის სპეციალისტი, კეთილი უნდა ინებო და რაც კი ამ სამყაროს ეხება, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი წაიკითხო.
საკრალური მომენტი — უნივერსიტეტისადმი სიყვარული
ძალიან საკრალური მომენტია ჩემი უნივერსიტეტისადმი სიყვარული. მამაჩემი, როგორც თსუ-ს კურსდამთავრებული, ყოველთვის ფასობდა საზოგადოებაში. თუ სხვა უმაღლეს კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩვენს სოფელში იყვნენ (მაგალითად, ტექნიკური უნისვერსიტეტის ან სულხან-საბა ორბელიანის და ა.შ.), ცხვირს აუბზუებდნენ, მამაჩემზე, ნამდვილი უნივერსიტეტი დაამთავრაო, იტყოდნენ ხოლმე. მის დიპლომზე უნივერსიტეტის სურათს ვხედავდი, მაგრამ ჯერ გააზრებული არ მქონდა, რა შენობა იყო. პირველად, ათი წლისამ ვიკითხე ამ სურათის შესახებ და მაშინ მითხრეს, რომ ეს ის უნივერსიტეტი იყო, რის გამოც მამას ასეთ პატივს სცემდნენ. ამის შემდეგ, თავისთავად, გაჩნდა უნივერსიტეტისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული. გულში ამოვიჭერი, ან აქ ვისწავლიდი, ან არსად! როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეს ფაქტობრივად, ღვთიურ ხელდასმად მივიჩნიე. უნივერსიტეტში ჰალსტუხისა და პიჯაკის გარეშე მისვლა თუ შესაძლებელი იყო ვერ წარმომედგინა. ვფიქრობდი, იქ ვინც სწავლობდა, ყველა „შარავანდედით იყო მოსილი“, მაგრამ უკვე უნივერსიტეტში მივხვდი, რომ ეს ასე არ არის.
პირველი კურსი მაინც თავის გამოჩენის წყურვილით ანთებულობის წელიწადია, ყველა მაღალი თამასით მოდის. ეს ეიფორია, რა თქმა უნდა, მეც მქონდა და კარგიც იყო, რადგან ამ ეიფორიის და იდეალების გარეშე თუ მიდიხარ, არაფერი გამოვა. მერე ყველაფერი იწმინდება, ნელ-ნელა შემცირდა კურსზე მოსწავლეთა რიცხვიც და მესამე კურსზე ათნი, მათგანაც გაიცხრილა და რამდენიმეღა დავრჩით. ესენი არიან ჩემი ცნობილი ჯგუფელები: გიორგი კეკელიძე, ზაალ ჩხეიძე, ირაკლი ხვედელიძე, ლევან გელაშვილი. ზაალმა და გიორგიმ აღარ გააგრძელეს სამეცნიერო საქმიანობა, ირაკლიმ, ლევანმა და მე გავაგრძელეთ. ჩემი კურსელია, ასევე, ნათია ფუტკარაძე, რომელმაც შარშან დაიცვა სადოქტორო. ძალიან ცნობილი და წარმატებული კურსელები მყავს. ამაშიც გამიმართლა. უნივერსიტეტში რომ მივედი, დიდად არ ჩამოუვარდებოდი მათ ლიტერატურის ცოდნაში, თუმცა, ბევრი მათგანი მისწრებდა ინგლისური ენის ცოდნაში და დღესაც მისწრებს. სამაგიეროდ, მე მქონდა ჩემი ნიში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვიცოდი თურქული და აზერბაიჯანული, მათზე კარგად ვიცნობდი ამ სამყაროს.
2002 წლიდან, დავიწყე ლექსების თარგმნა ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე, შემდეგ — აზერბაიჯანულიდან ქართულ ენაზე. 2003 წლიდან, გიორგი კეკელიძემ და ზაალ ჩხეიძემ, 93-ე აუდიტორიაში, დაიწყეს პოეზიის საღამოების გამართვა, სწორედ მათ მომცეს შანსი, ჩემი თარგმანები აუდიტორიისთვის წარმედგინა. ეს ძალიან კარგი და სასიამოვნო „ფაფხური“ იყო, შემდეგ ჩამოყალიბდა Lib.ge, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. ასევე, გამოსცეს გაზეთი „ლილი“, რომელშიც ჩემი თარგმანები დაიბეჭდა. კლასიკური გაგებით სავსე სტუდენტური ცხოვრებით ვიცხოვრე, გარდა ორი მომენტისა: არც ერთ რევოლუციაში და მიტინგში არ მიმიღია მონაწილეობა და კაფედან კაფეში არ დავდიოდი დროის სატარებლად. აპოლიტიკურად ვიცხოვრე, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელია აღარ ვარ აპოლიტიკური, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნი, მაქვს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. 2013 წლიდან ფეხი სამოქალაქო სივრცეში კი შემოვდგი, მაგრამ ჩემს თავს მაინც ვერ ვუწოდებ სამოქალაქო აქტივისტს, რადგან ეს ცხოვრების სხვაგვარ სტილსა და მოქმედებას გულისხმობს.
შეგირდი სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში
მართალია, რაღაც დოზით ვჩანვარ, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, მაგრამ სამოქალაქო აქტიურობა ჯერ კიდევ ჩემი ცხოვრების წარმმართველი ხაზი არ არის. თუმცა, მგონი ყველაფერი იქით მიდის, რომ უფრო გავაქტიურდე, თუკი დისერტაციას არ დავიცავ და არ შევუდგები აკადემიურ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ამ სფეროს მოვწყდე. სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში უფრო შეგირდი ვარ, ვიდრე დამოუკიდებელი, გამოკვეთილი სახე. ჯერ კიდევ ვაკვირდები ამ სფეროს და ბევრს ვსწავლობ, რადგან ასე ადვილი არ არის დაიბრალო სამოქალაქო აქტივისტობა და, პარალელურად, ბევრი შეცდომა დაუშვა.
უნივერსიტეტში, როცა ლექტორები სახელს მეკითხებოდნენ, ოქტაი ქაზუმოვი ცოტა განცვიფრებასაც იწვევდა, ზოგიერთი ტაშსაც კი მიკრავდა. ერთი პერიოდი (თუკი ამპარტავნობაში არ ჩამომერთმევა), ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, დარეჯან თვალთავაძემ, როცა დოქტორანტურაში ჩავაბარე, ისიც კი მითხრა, ჩვენი ფაკულტეტის ერთგვარი სახე ხარო. ჩემი სახელით და გვარით და ძველი ქართულით სწრაფად გავითქვი სახელი. მახსოვს კოლოკვიუმი დავწერე „ტრისტანი და იზოლდას“ შესახებ, ლექტორმა, ას კაცში, ცალკე გამოყო ჩემი ნაშრომი და ხუთი წუთი მაქებდა. სამი ხუთიანი დაიწერა, მათ შორის ვიყავი მე. როცა სამაგისტრო ნაშრომს ვიცავდი, სულ ბოლოს გამომიყვანეს, როგორც გემრიელი ლუკმა. ფაქტობრივად, თითქოს სასათბურე პირობებშიც მოვხვდი, მაგრამ დანარჩენი ჩემი თვისტომელი საქართველოს მოქალაქეებისადმი (რომლებიც მოკლებული იყვნენ ქართული ენის სწავლას) ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება იგრძნობოდა. ჩემდამი სიყვარული მხოლოდ ჩემი პიროვნებიდან გამომდინარეობდა — ჩემმა საქმიანობამ განაპირობა და არა, ზოგადად, აზერბაიჯანელების მიმართ განწყობამ.
ეს მომენტი კიდევ უფრო მძაფრად მაშინ შევიგრძენი, როცა სტუდენტებში ჩაატარეს გამოკითხვა — რას ფიქრობთ აზერბაიჯანელებსა და სომხებზე? სამწუხაროდ, მათ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება გამოავლინეს. როცა ეკითხებოდნენ — კი მაგრამ, შენს კურსზე და ჯგუფში ხომ სწავლობენ ისინი? პასუხობდნენ, რომ არა, ისინი კარგი პიროვნებები არიან, რადგან მათ კარგად იცნობდნენ. წლების ურთიერთობამ ერთგვარი საზღვრები წაშალა და ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ, როგორც პიროვნებას და არა როგორც ეთნოსს.
მგონია, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ეს განწყობა ცოტა შეირყა, რადგან მივხვდი, რომ პოლიტიკოსობა სულაც არ გულისხმობს პარტიის ჩამოყალიბებას, პოლიტიკოსია ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი ხედვა/თეორია და ცდილობს, დაიცვას საკუთარი აზრი. სამწუხაროდ არის უხილავი ჭერი, რომლის იქით არ შეიძლება წახვიდე. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც თავის დროზე არ სწყალობდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. 2011 წელსაც კი მქონდა ლიბერალების მიმართ ცოტა აგდებული და აგრესიული დამოკიდებულება. მაგრამ, როცა მე მომიწია ჩართვა და ჩახედვა მათ საქმიანობაში, მივხვდი, რომ ვცდებოდი. მოგვიანებით, ჩემს თავს დავუსვი კითხვა — რატომ ვუყვარდი საზოგადოებას? იმიტომ, რომ მართლა ვიმსახურებ, თუ იმიტომ, რომ მაამებლურ რამეს ვამბობდი. ეთნიკურ ქართველზე მეტად რომ „ვქართველობ“, ეს ხომ არ იყო „ღამურობის პრინციპი“, ამაზე დავიწყე ფიქრი და განსჯა.
რწმენა — ხიდი უზენაესსა და პიროვნებას შორის
ბავშვობაში რელიგიის გაცნობა ქართულად საღვთო სჯულის წიგნებით დავიწყე — ეს იყო მოსწავლეებისთვის და მოზარდებისთვის პოპულარულ ენაზე დაწერილი, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გამოცემული წიგნი. მაშინ (1993-94 წლებში) ჯერ კიდევ არ იყო მუსლიმური ორგანიზაციები ჩამოყალიბებული და მედრესეები გახსნილი. შესაბამისად, მუსლიმური რელიგიური წიგნებიც არ მქონდა არც ქართულ და არც აზერბაიჯანულ ენებზე. შემდგომ, როდესაც 1999 წელს, ჩვენს სოფელში პირველი მედრესე გაიხსნა (უფრო სწორად ეს არ იყო ოფიციალური მედრესე), ნელ-ნელა ყურანის გაცნობა დავიწყე. მამა ცდილობდა, კრიტიკულად შემეხედა ყოველივე ამისთვის. ჩემი ოჯახი შიიტიზმის მიმდევარია. მამაჩემი ცდილობდა, რომ რელიგიაში უფრო მსოფლმხედველობა და ფილოსოფია გამეთავისებინა, ვიდრე გარეგნული მხარეები. ერთგვარი სიფრთხილით ეკიდებოდა და მართალიც იყო.
ყველა მშობელმა, თუკი მისი შვილი რელიგიით ინტერესდება, უნდა აუხსნას, რომ რელიგია გონებისა და სულის თვალის დახშობა კი არ არის, არამედ ღიაობა, ლოიალობა, შიგადაშიგ გაფრთხილება და ემპათია. ასეთმა მიდგომამ მე ისლამის მგმობი — ანტიისლამური ლიტერატურის კითხვაც დამაწყებინა. მაგრამ ვიდრე ასეთი ლიტერატურის კითხვას დავიწყებდი, ვიცოდი თუ როგორ აკნინებდა ვოლტერი ქრისტიანობას, ვიცოდი რუსოს მოსაზრებების შესახებ, წავიკითხე მირზა ფატალი ახუნდოვის „ქემალ უდ-დოულეს წერილები“, სადაც ისლამზე მწვავე აზრებს აყალიბებს. ეს იყო ის, რამაც, რაღაც მომენტებში, დამაფიქრა ისლამზე და დამაბალანსებინა ჩემი ცოდნა და დამოკიდებულება ზოგადად რელიგიებისადმი.
ის, რაც მწამს ან როგორც მწამს, მხოლოდ ჩემსა და უზენაესს შორისაა განსახილველი. თუ მეცნიერების პოზიციიდან შევხედავ, აუცილებლად მკრეხელური აზრებიც უნდა მქონდეს და კითხვები უნდა დავსვა. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, მუჰამედ ხათამიმ, თავის დროზე თქვა, რომ ერთ დროს ჰეგემონი მუსლიმური ცივილიზაცია ქრისტიანულს სწორედ იმის გამო ჩამორჩა, რომ ჩვენ კითხვების დასმა შევწყვიტეთო და სადაც კითხვა არ არსებობს, იქ აზროვნებაც წყდებაო. მისი აზრით, მუსლიმურმა სამყარომ დაღმასვლა იმ მიზეზით დაიწყო, რომ კითხვის დასმა აიკრძალა. ფაქტობრივად, ამით თვითლიკვიდაციისკენ მიდიხარ და თავისდაუნებურად აჩენ დოგმებს, აღსრულება მონოტონურად მიდის, რელიგია შენს სულს აღარ კვებავს. ეს რომ არ დამმართნოდა, სწორედ ამიტომაც დავიწყე ინტენსიური კითხვა რელიგიის შესახებ.
ქართული სივრცის მუსლიმურ სამყაროში, შიიტებში ერთადერთი ცერემონიალი, რომელიც მშობლიურ ენაზე აღესრულება „შახსეი ვახსეის“ სახელით ცნობილი მუჰარამობის დეკადაა. ვინაიდან ჩემს სოფელში, თანატოლებშიც და უფროსების დიდ უმრავლესობაშიც, მარტო მე ვიცოდი აზერბაიჯანულად კითხვა, 14 წლის ასაკიდან წმინდანის მოსახსენიებლად შეკრებილი ხალხისთვის წავიკითხე ამონარიდები წიგნიდან „გადმოცემები წინასწარმეტყველისა“. ამის შემდეგ, სოფელში დღემდე მე მიმყავს ეს ცერემონია. ასე შემოვისხი რელიგიური მანტიაც, თუმცა, არა ვარ სასულიერო პირი. ისლამში ცოტა მარტივია ღვთისმსახურება და განსაკუთრებულ ხელდასმას არ საჭიროებს. მაგალითად, ათი კაციდან შეირჩევა ყველაზე უკეთ მცოდნე და სამართლიანი ადამიანი, რომელიც მათ წინაშე ლოცვის დროს დადგება. ამ პერიოდში დავიწყე აზერბაიჯანული ენის განვითარებაც, მაგრამ ჩემი სალიტერატურო აზერბაიჯანული დღემდე ვერ მოვა ჩემს სალიტერატურო ქართულთან.
შემდეგ წავიკითხე გიორგი ლობჟანიძის მიერ ქართულ ენაზე ნათარგმნი „ყურანი“ (მანამდე მხოლოდ აზერბაიჯანულად მქონდა წაკითხული), რომელსაც ძალიან კარგი შესავალი აქვს ისლამის ისტორიას რომ აღწერს. შემდგომში მივხვდი, რომ იმამი ჰუსეინის მოძრაობას (პრინციპში ყველა წმინდანის) ორგვარი დანიშნულება ჰქონდა: პირველი — რელიგიური და მეორე — სამოქალაქო (პოლიტიკური). არც ერთი მოწამე 95 პროცენტით იმისთვის არ უწამებიათ, რომ მას მხოლოდ რელიგიური შეხედულებები ჰქონდა, არამედ აწამეს იმ რელიგიური შეხედულებების გამო, რომელიც იმ პერიოდის პოლიტიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდა. სუფიზმიც ხომ მხოლოდ თეოლოგიური მომენტი არ იყო, ეს ფილოსოფიურ-პოლიტიკური მოძრაობაც გახლდათ. სუფიზმმა ბევრი რამ იმემკვიდრა ბუდიზმისა და ქრისტიანობისაგან, მაგალითად, ეგოს დაძლევისა და სიყვარულის კონცეფცია. ისლამი სამართლიანობის პრინციპზე დგას (თუმცა, სამართლიანობა ზოგჯერ სასტიკიცაა, ამიტომ მას შემოაქვს მიტევების, შეწყალების კონცეფცია), ქრისტიანობამ კი ერთ ტერმინზე დაიყვანა ეს ყველაფერი და ამ ტერმინში გააფართოვა სხვა დანარჩენი — სიყვარულის კონცეფცია. სიყვარული აერთიანებს სამართლიანობასაც, შეწყნარებასაც, მოწყალებასაც და ა.შ.
თუკი შენი შეხედულება არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და კურსს არ ეწინააღმდეგება, არავის აინტერესებ, როგორც კი ეს ყველაფერი სამოქალქო აქტივიზმში გადადის, მაშინვე საინტერესო ხდები. ასე იყო თავის დროზე მუჰამედის შემთხვევაში, როგორც კი მიხვდნენ, რომ ის მხოლოდ ზეციურ გასაღებს არ „ეპოტინებოდა“ და „ამქვეყნიურ სკიპტრასაც მოითხოვდა“, წარმოიშვა „ჯახი“.
დღესაც იგივეა, თუკი შენ გაქვს აზრი, რომელიც კალაპოტშია მოქცეული და არ ეწინააღმდეგება არსებულ სამოქალაქო/პოლიტიკურ ვითარებას, მაშინ შენ წინააღმდეგ არავინ გამოვა, მაგრამ საკმარისია, შენი აზრი დაწესებულ კალაპოტსა და სადინარს ასცდეს, იქ უკვე გაჩნდებიან მოწინააღმდეგეები. სამოქალაქო აქტივიზმისკენ გეზის აღება ამანაც განაპირობა.
ორი ცივილიზაცია
ნებისმიერი კულტურა, როგორი განსხვავებულიც უნდა იყოს ერთმანეთისგან, ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მთავარია, ჰუმანური იყოს. ქრისტიანული კულტურა ჩემთან ბუნებრივად უფრო ახლოს დგას, სხვა დანარჩენ კულტურებთან შედარებით, იმიტომ რომ, ამ სივრცეში გავიზარდე. ძველი აღთქმის კითხვისას ვხვდები, რამდენი რამ აქვს აღებული მისგან „ყურანს“. მუჰამედი ამბობს, რომ მე ახალი კანონები არ შემიქმნია, არამედ შემოვიტანე ზნეობა. მაგალითად, ზნეობა ვაჭრობაში — როცა რაიმეს დეფიციტია შენ ის მამასისხლად არ უნდა გაყიდო, თუ გაყიდი, ცოდვაა. ისლამისთვის ვაჭრობა, ფაქტობრივად, ღვთისმსახურებასავითაა, ოღონდ, მორალზე დაფუძნებული ვაჭრობა.
ისლამი აბალანსებს რაღაცებს ძველსა და ახალ აღთქმას შორის. ასეთი გადმოცემა არსებობს — ერთ ღამეს, წინასწარმეტყველის ცადაყვანებისას, როცა მან მოიხილა სამოთხე და ჯოჯოხეთი, სამოთხეში შესთავაზეს სამი სასმელი: ღვინო, რძე და თაფლი. მათ შორის რძე აირჩია. ამბობენ, რომ ეს სიმბოლურად მიანიშნებს, რომ ქრიატიანობის ღვინოსა და ძველი აღთქმის თაფლს შორის ირჩევს რძეს, როგორც სინთეზსს — რძე თაფლივით ტკბილია და ღვინოსავით სასმელი.
ისლამი არ გმობს იმას, რომ გამდიდრდე, მაგრამ გმობს გაზულუქებას და მხოლოდ სათავისო ჯაფას. ისლამში ქველმოქმედების გარდა, ყოველი მორწმუნისთვის სავალდებულო გადასახადიც არსებობს, მათგან ერთ-ერთს „ხუმსს“ ეძახიან. ყოველწლიურად, შენი შემოსავლებიდან, ხუთიდან ერთი უნდა გაიღო, ეს ბეით ულ მალი, ანუ საზოგადოებრივი ქონებაა.
ეს ორი კულტურა ერთმანეთს ავსებს. მივხვდი, რომ ევროპა უცხო არ იყო ჩვენთვის, რადგან ევროპას ბევრი რამ აქვს წაღებული ისლამისგან, ფაქტობრივად, ვეღარ გამოაცალკევებ. ანტიკური სამყარო ევროპაში არაბული კომენტარების გავლით შევიდა, თავის დროზე, ლათინურად თარგმნიდნენ იბნ სინას, ალ ფარაბის, იბნ რუშდისა თუ სხვებს — იბნ რუშდი ავეროესად წარმოთქვეს, იბნ სინა ავიცენად… ამან ვროპას ახალი სააზროვნო მუხტი მისცა. სამწუხაროა, რომ ევროპელების შექმნილი ან შემდგომ გაუმჯობესებული მოსაზრება უკან აღარ დაბრუნდა აღმოსავლეთში. აღმოსავლეთიც აღარ დაინტერესდა ამით და საკუთარიც ჩაკლა, სამწუხაროა, რომ ევროპაში როგორც განავითარეს ეს ყველაფერი, ვეღარც ის აითვისა აღმოსავლეთმა თავის დროზე. ჩემთვის ისლამი და ქრისტიანობა, წმინდა რელიგიური და კულტურული თვალსაზრისითაც, ძალიან შემჭიდროებული და ურთიერთმოთანამშრომლეა.
ბიბლიური ამბების პოსტმოდერნისტული გააზრება
ჩინგიზ აიტმატოვი, ნაჯიბ მაჰფუზი, მიხაილ ბულგაკოვი, ჟოზე სარამაგუ, ნიკოს კაზანძაკისი — მათ დაიწყეს რელიგიური ხდომილებების, ბიბლიური იგავების პოსტმოდერნისტული გააზრება და გაახლება. რატომ? იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო, ფაქტობრივად, აღარ კითხულობს ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს, არც წმინდა წიგნებს, დასცილდა მათ. ჩვენ ახლა ცხოვრებაში უფრო პირობითად ვართ მუსლიმები და ქრისტიანები. ჩვენი წარმოდგენები უფრო გაკულტებაა ამ სიწმინდეებისა, რაც წარმართობასთან გვაბრუნებს ანუ ჩვენი წარმოდგენა ხსენებულ მოცემულობებზე უფრო აღმატებულია „ყურანსა“ და „ბიბლიაზე“, უფრო მეტად წარმოდგენებით მცხოვრები მორწმუნეები ვართ, ვინემ ჭეშმარიტი პრაქტიკოსები, რასაც წინასწარმეტყველები გვიქადაგებენ.
მივაგენი ხაზს, რომელსაც ლიტერატურაში თამაშ-თამაშით შემოაქვს რელიგიური ნარატივები. ხელახლა გაიღვიძა რელიგიამ და მივხვდი, რომ ეს არის მოუცილებელი მომენტი ადამიანის დვრიტაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, გაფაქიზებული სახით. თითოეულმა რელიგიამ მაშინ წააგო, როცა ინსტიტუციონალური სახე შეიძინა, უბრალოდ, ისიც სათქმელია, რომ ამას ვერსად გაექცეოდა. როდესაც იერარქიად ჩამოყალიბდა, იქ უკვე გაჩნდა ძალმომრეობა. მაგალითად, ისლამის პირველ წლებში, როცა მუჰამედი გაიქცა მედინაში, შეიქმნა პირველი კონსტიტუცია, სადაც არამუსლიმ მოქალაქეებს თავიანთი უფლებები ჰქონდათ. სამწუხაროდ, იმ კონსტიტუციამ, რომელსაც მაშინდელ მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდა და პირველია (მერე შექმნეს ინგლისელებმა), რამდენიმე წელი იარსება. ისლამი, ჩამოყალიბების პროცესში, ძალიან მიმზიდველი იყო, მაგრამ როგორც კი ოფიციალურ დოქტრინად და წარმმართველ ძალად გამოცხადდა, ლიბერალური განწყობილებები საგრძნობლად შეუსუსტდა და ეს ყველა რელიგიისთვისაა ნიშნეული.
რატომ ვაჟა?
რაც შეეხება ვაჟას, „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთელაური“ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა იმირ მამედლიმ. ეს წიგნი სახლში წავიღე და მე და მამამ ერთად წავიკითხეთ, ძალიან მოგვეწონა. იმავე პერიოდში ვკითხულობდი „გოგოთურ და აფშინას“, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მომწონდა. მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, როცა მამამ ეს პოემა ხმამაღლა წამიკითხა. ვმხირულობდი გოგოთურისა და აფშინას პაექრობაზე — „იარაღნ მამცენ ფშაველო. — რად გი არ იცი ხმარება“. თან პარალელებს ვავლებდი ქოროღლისთან. დალი ჰასანი დიდგულზეა, რომ ცხენი წაართვას ქოროღლის. ქოროღლიმ ის დაამარცხა, რამაც დალი ჰასანის ფერისცვალება გამოიწვია — ის ქოროღლის მარჯვენა ხელად გარდაიქცა და მათ ერთად ჩამოაყალიბეს სივრცე, სადაც ვაჟკაცები იკრიბებოდნენ და იმ პერიოდის სულთანს ებრძოდნენ. ვაჟასთანაც აფშინას ფერისცვალება ხდება — ოღონდ ის ხევისბერობამდე აღწევს. ვიფიქრე, ვინაიდან ვაჟას პოემებიდან ჩემი უსაყვარლესი პოემები, განსაკუთრებით „ალუდა ქეთელაური“, ნათარგმნი იყო, ვთარგმნიდი „გოგოთურ და აფშინას“. 2012 წელს გამომცემლობა „დიოგენემ“ ჩემ მიერ ნათარგმნი პოემა ორენოვნად გამოსცა.
რატომ ვაჟა? თუნდაც ის კონცეფცია/დაეჭვება — „ჩვენ ვიტყვნით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი. ჩვენა ვცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელით ქშენანი“ — არის პიროვნული ფერისცვალება, ფერისცვალება ჯოყოლასი, ალუდა ქეთელაურის, აფშინასი. ძალიან ძლიერი მომენტებია, როდესაც მანამდე არსებულ ცხოვრებას ეჭვქვეშ აყენებ, ფაქტობრივად, გასხივოსნების მომენტი გიჩნდება. იცი, რომ ძველებურად ვეღარ იცხოვრებ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის გამო დაიღუპო კიდეც, მაგრამ „აქა დგახარ და სხვაგვარად არ ძალგიძს“, რადგან იმ დონეს მიაღწიე, რომ უკან ვეღარ დაიხევ. ასეთი მომენტები ყველა დიდი პიროვნების ცხოვრებაშია. მაგალითად, პეტრე, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე, მაგრამ როცა ამას იაზრებს, ის მაშინ იბადება, არაფერი აშინებს, რადგან შინაგანად თავისუფლდება. ვაჟას შემოქმედებაში ასეთი ამაღლებული მომენტები უხვადაა. მის შემოქმედებაში სასტიკ რეალობას უპირისპირდებიან გმირები, რომლებმაც კარგად იციან, რომ დეჰუმანიზებული თემი მათსავით ვერ მოიქცევა. ალუდამ იცის, რომ თემი მასავით ვერ იცხოვრებს და მხარს არ დაუჭერს. ვფიქრობ, ის ამით ერთგვარ პროვოკაციაზეც კი წავიდა, სურვილი გაუჩნდა, თემს მოეკვეთა, რადგან ძველი წესებით ვეღარ იცხოვრებდა. ესიზმრება, ადამიანის ხორცს ჭამს, უკვე ყველაფერი ყელში ამოუვიდა.
ლიტერატურული კონცეფცია — ორი სახელი
მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ორი სახელია ჩემთვის ძალიან ძვირფასი — მიხეილ ჯავახიშვილი და ოთარ ჩხეიძე. სხვა მწერლების შემოქმედებაშიც გვაქვს მწვერვალები, მაგალითად რომანებში, მაგრამ ამ ორ მწერალს ჰქონდა თავისი კონცეფცია და, ფაქტობრივად, თავიანთ ნაწარმოებებში ამას იმეორებენ. მაგალითად, ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟები — შვილები და შვილიშვილები ერთმანეთში გადადიან, რომელმაც, ფაქტობრივად, მეოცე საუკუნის ქართული ყოფის მატიანე შექმნა, „ბორიაყით“ დაწყებული და „2001 წლით“ დამთავრებული. მეგონა, ძველი ქართულის შემდეგ, ვერაფერი განმაცვიფრებდა, მაგრამ ოთარ ჩხეიძის ენამ ნამდვილად განმაცვიფრა. თავიდან რთულად შედიხარ, მაგრამ შემდეგ ისეთ რიტმში გადაჰყავხარ, რომ შეუძლებელია მისი გავლენის ქვეშ არ მოექცე, ძალიან ბევრი ფრაზა და სიტყვა ავიღე მისგან. მიხელ ჯავახიშვილთანაც ასეა, ის სიტყვის დიდოსტატია. სხვებს თუ ერთი ან ორი რომანი გამოუვიდათ, ამ ორი მწერლის შემოქმედების 90 პროცენტი შედევრია. მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“ შედევრია, აბა, რა არის — მსოფლიო ლიტერატურის შედევრია, ან „ჯაყოს ხიზნები“. ჯავახიშვილი მსოფლიო მასშტაბის მწერალია. ახლა ვცდილობ, ვთარგმნო „გველისმჭამელი“, დაინტერესებული ვარ აზერბაიჯანული კლასიკური პოეზიის ქართულ ენაზე თარგმნით, თუმცა, ბოლო დროის გატაცება გალაკტიონია.
ქართული საგალობელი
ვინაიდან ბავშვობიდან ჩემს სულთან ძალიან ახლოსაა „მარსიები“ და ათდღიანი გლოვა, უნივერსიტეტში, საგალობლების შესწავლისას, აღმოვაჩინე, რომ საგალობლებშიც არის გლოვის განწყობების შემცველი ჰიმნები. მაგალითად, ქრისტეს ჯვარცმის და ვნების კვირეულის, წმინდა მარიამის მიერ ქრისტეს დატირების მომენტი. ეს ძალიან ჰგავს მარსიებს. ლელა მახაურს, 2015 წელს, დისერტაცია აქვს დაცული — „არაბული მარსიები და მათი კავკასიური პარალელები“, სადაც ის ქართულ და ჩეჩნურ ფოლკლორს — ნატირლებს ადარებს მარსიებს. ვიფიქრე, თუკი ფოლკლორში შეიძლება ეს პარალელები, მოდი, რელიგიურ მარსიებზე გადავიტან-მეთქი, არა საერო პირების, არამედ რელიგიური წმინდანების მარსიებზე. შესაბამისად, ჩემს თემაში პარალელებს ვავლებ ქრისტეს ჯვარცმისადმი და ვნების კვირისადმი მიძღვნილ საგალობლებსა და მარსიებს შორის.
საგალობლები უფრო ფართო სპექტრია — არსებობს ისეთი საგალობლები, რომელიც ხოტბასა და საზეიმო განწყობას მოიცავს, მაგრამ მარსიები ამ ზეიმს მოკლებულია, რადგან თავისსავე არსში ის მხლოდ გლოვის ლექსია. საგალობელი კი მხოლოდ გლოვის შემცველი ფენომენი არ გახლავთ. მე ვადარებ მარსიებს საგალობლის ერთ ვიწრო ჟანრს, ანუ ეს არის კომპარატივისტიკული კვლევა და არ ისახავს მიზნად ისეთი დასკვნის გაკეთებას, რომ ერთი წარმოიშვა მეორისაგან. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ ორივე სამყაროში შეიქმნა ისეთი ფენომენი, რომელმაც შემდეგ ლიტერატურაში ჰპოვა განვითარება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე