რუბრიკის სტუმარია ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი
– ქალბატონო ნანა, წარადგინეთ თავი მკითხველისთვის – ვინ არის ჩემი რესპონდენტი და რა გზა გაიარა ილიაუნიმდე?
– ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, იმავე დროს, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ტექნოლოგიების სკოლაში ვხელმძღვანელობ ქართული და ინგლისურენოვანი კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამებს. გარდა ამისა, ვმუშაობ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტად, ასევე, მაქვს კვლევითი გრანტები და ე.წ. პოპულარიზაციის პროექტები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ ტექნოლოგიებით.
ხუთი წელი ამერიკაში, მისურის შტატში ვიცხოვრე, აქედან ოთხი წელი მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიაში ვიმუშავე, მოწვეული ასისტენტ-მკვლევარ-პროფესორის პოზიციაზე. ლექციებსაც ვკითხულობდი, მაგრამ ჩემი ძირითადი მიმართულება მაინც კვლევა იყო. იქაც ვმუშაობდი მოსწავლეებთან, ჯერ მოხალისეობრივ საფუძველზე იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო დაინტერესებული რობოტიქსით და სკოლას არ ჰქონდა რობოტიქსის წრე. შემდეგ ბევრი თანამოაზრე ვიპოვე და ამ წრეს ბევრი სხვადასხვა კლუბი დაემატა. მაგალითად, ალდუინოს კლუბი (არის ასეთი მიკროკონტროლერი) ჩამოვაყალიბეთ იმავე ლაბორატორიაში, სამეცნიერო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად ვეხმარებოდით მოსწავლეებს, გოგონებისთვის კი, რობოტიქსის საკვირაო სკოლა გავაკეთე. აი, ამ ტიპის საქმიანობაში ვიყავი ჩართული ამერიკაში.
– რატომ დაბრუნდით საქართველოში, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?
– გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელად მივიღე – მისურიდან გადავდიოდით, რადგან მეუღლეს ჰქონდა შემოთავაზება ეფლში, კალიფორნიიდან, და თავისთავად, მთელი ოჯახი კალიფორნიაში უნდა გადავბარგებულიყავით. მეც იქვე ვაპირებდი მუშაობას რომელიმე კომპანიაში (ბევრ კომპანიასთან მითანამშრომლია კვლევებში და მოწვევებიც მქონდა მათგან). სწორედ ამ დროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შემომთავაზა თანამშრომლობა, რადგან სან დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად, ახალ პროგრამებს ავითარებდა. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ორი წლით მაინც, სამშობლოში თუ დავბრუნდებოდი და საინტერესო პროექტებზე ვიმუშავებდი. თან ბავშვებსაც ძალიან ენატრებოდათ ბებია-ბაბუა, რომლებსაც იშვიათად ხედავდნენ, პატარას უკვე ქართულიც ავიწყდებოდა. ასე ჩამოვედი საქართველოში და, უკვე მეოთხე წელია, აქ ვარ.
– ტექნოლოგიების მიმართულებით კითხულობთ ლექციებს სტუდენტებთან, ამავე დროს, ძალიან აქტიურად მუშაობთ მოსწავლეებთანაც, მოგვიყევით ამ პროექტების შესახებ.
– მოსწავლეებისთვის სამ დიდ პროექტს ვახორციელებთ:
?? ერთი პროექტი საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება — სტემ ბანაკები მოსწავლეებისთვის და ტექნოლოგიური ბანაკები სტუდენტებისთვის. უკვე 100 მოსწავლისთვის მოვაწყვეთ ბანაკი და კიდევ 150-ისთვის ვგეგმავთ, ასევე, ტექნოლოგიურ ბანაკებს 150 სტუდენტისთვის. ახლა, კოვიდის გამო, დროებით შეჩერებული გვაქვს;
??მეორე დიდ პროექტს – საინჟინრო სკოლა უფროსკლასელი გოგონებისთვის – ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ვახორციელებთ. თითო ნაკადში 25 გოგონაა, ახლა მესამე ნაკადი მიმდინარეობს, მეოთხე ნაკადიც გამოვაცხადეთ და ისიც დაიწყო. საერთო ჯამში, თბილისის სკოლებიდან, 100 უფროსკლასელი გოგონაა ჩართული და 50 – რეგიონის სკოლებიდან. ამჟამად, მეცადინეობები, ძირითადად, ონლაინ მიმდინარეობს. პროექტის გარკვეული ნაწილისთვის კი, დრონებზე სამუშაოდ, თბილისის მოსწავლეები უნივერსიტეტში მოდიან, რასაკვირველია, დისტანციის დაცვით. საინჟინრო სკოლის ფარგლებში, გოგონები ელექტრონიკასა და დაპროგრამებას სწავლობენ. თითოეული თბილისელი მოსწავლე გოგონა ერთ ოტობოტს იღებს (თბილისის ფარგლებში შეგვიძლია დავაგზავნოთ), რეგიონის გოგონებისთვის კი პროცესი სრულად ვირტუალური იქნება და ონლაინ შეასრულებენ დავალებებს. დრონებზე მუშაობა ყველასთვის პირისპირ იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიამ შეგვაცვლევინა გეგმები;
??და მესამე, ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ახლახან დავიწყეთ, ევროკავშირმა დააფინანსა. პროექტის ფარგლებში, რეგიონის 90 სკოლაში და 10 პროფესიულ ცენტრში, პროგრამირებისა და ტექნოლოგიური კლუბები უნდა შევქმნათ, ჯამში, 100 სასწავლო დაწესებულებას დავფარავთ.
– რეალურად, თქვენი დაბრუნება სამშობლოში საგანმანათლებლო სფეროში ტექნოლოგიების მიმართულების განვითარებას უკავშირდება. რა შედეგს ელოდებით და, ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის პროექტებს ქვეყნისთვის?
– მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია გააკეთებს ამას, მით უკეთესი იქნება. ზოგადად, ილიას უნივერსიტეტი მეცნიერების პოპულარიზაციაზე ყოველთვის ზრუნავდა. ეს უნივერსიტეტი იყო პირველი, ვინც, დაახლოებით, 8 წლის წინ, სამეცნიერო პიკნიკი დაიწყო. წარმოიდგინეთ, იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ პიკნიკებზე 20 ათასი ადამიანი მოდის ხოლმე. სწორედ აქ გაიმართა მოსწავლეთა პირველი შეჯიბრება რობოტიქსში და მსგავსი ღონისძიებები, პირველი ფაბლაბიც აქ გაკეთდა. ამიტომ, ილიას უნივერსიტეტში მაქვს შესაძლებლობა, ამ მიმართულებით ვიმუშაო და ის რესურსი, რაც უნივერსიტეტს აქვს, კარგად გამოვიყენო, ამას ჩემი უცხოური გამოცდილებაც შევუერთო და შევთავაზო მოსწავლეებსა და სტუდენტებს. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული დიდი პროექტების გარდა, სხვა პროექტებსაც ვახორციელებთ. მაგალითად, პანდემიის პერიოდში, როცა სრულად მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, დაახლოებით, 500 მოსწავლესთან ვიმუშავეთ — პრაქტიკული დიზაინი ვასწავლეთ; გვაქვს, ასევე, „პითონის“ კურსი, ამ დღებში, ახალ ნაკადთან დავიწყეთ მუშაობა; მოსწავლეებს ელექტრონიკას, თამაშების განვითარებას ვასწავლით, შარშან „ჰაკათონი 4“ ჩავატარეთ და ა.შ. ძალიან საინტერესო შეხვედრებს ვაწყობთ წარმატებულ ქართველ ინჟინრებთან, რომლებიც სილიკონის ველზე ან ევროპის სხვადასხვა წამყვან ლაბორატორიაში მუშაობენ. ტექნოლოგიები და ინჟინერია ნებისმიერი ქვეყნის განვითარების მთვარი გზაა და ამ მიმართულებით რაც უფრო მეტი ადამიანური რესურსი გეყოლება, მით უფრო ძლიერი იქნება ქვეყანა. ამას გვიჩვენებს, თუნდაც, ესტონეთის მაგალითი, რომელიც აიტი ლიდერია მსოფლიოში და ჩვენზე გაცილებით უკეთ ცხოვრობს. რაც მთავარია, ესტონეთმა ამ შედეგებს იმიტომ მიაღწია, რომ აიტი განვითარების სტარტეგია თავიდანვე სწორად დაგეგმა.
– თან საკმაოდ მოკლე დროში
– მოკლე დროში იმიტომ მოახერხა, რომ დრო არ დაკარგეს – როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინვე სწორი სტრატეგია შეიმუშავეს, ბევრი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციის ჩართულობით და უცვლელად მიყვებიან ამ სტრატეგიას. ცხადია, განახლება ყოველწლიურად ხდება, რადგან ეს სფერო ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ უცვლელია მთავარი სტრატეგია და მიზანდასახულობა. აი, ამის შედეგია ის პოზიცია, რაც დღეს ესტონეთს უჭირავს აიტი სფეროში. ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, არც განსაკუთრებული სიმდიდრე გვაქვს ქვეყნის განვითარებისთვის. ტურიზმი, ცხადია, მომგებიანი სფეროა, მაგრამ მცირე რაოდენობით. სოფლის მეურნეობას რაც შეეხება, ეს სფეროც მხოლოდ მაშინაა მომგებიანი, როცა ტექნოლოგიურადაა გამართული. სამწუხაროდ, ჩვენ ეს პროცესი ჯერ არც კი დაგვიწყია. ამიტომ, მთელი ჩვენი რესურსი აქეთ უნდა მივმართოთ – მხოლოდ ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა.
– რადგან უშუალოდ ხართ ჩართული უმაღლესი განათლების სისტემაში, ნაწილობრივ, სასკოლო განათლებაშიც, კარგად იცნობთ ჩვენს განათლების სისტემას. რა არის თქვენი თვალით დანახული ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები გამოწვევა?
– მოდი, ჯერ ერთიან სურათს შევხედოთ. მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას აქვს, ის არის, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს განათლების სრულფასოვანი სტრატეგია, რომელიც უცვლელი იქნებოდა, მინისტრებისა თუ ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც. განათლებას ორ-სამ წელიწადზე გათვლით ვერ დაგეგმავ, უფრო გრძელვადიან პერიოდს მოითხოვს – შედეგს 10-15 წლის შემდეგ დაინახავ. ეს ფინეთის მაგალითმაც გვიჩვენა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტრატეგია არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკური ძალებისა თუ მინისტრების ცვლილებაზე ისე, როგორც დღეს გვაქვს – როცა ახალი მინისტრი მოდის (თუნდაც იმავე პოლიტიკური გუნდიდან), როგორც წესი, წინა მინისტრის მიერ წამოწყებულ პროექტებს თაროზე შემოაწყობს ხოლმე და თვითონ იწყებს ახალს. ეს არასწორი მიდგომაა, მეტიც, ფულის არასწორი ხარჯვაა.
შეუძლებელია რომელიმე ერთ რგოლში განახორციელო რეფორმა. განათლება სკოლამდელი აღზრდიდან იწყება, შემდეგ სასკოლო განათლებით გრძელდება, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სკოლაში კარგი განათლებამიღებული მოსწავლე, დღევანდელ პირობებში, ისეთი რესურსია, რომ დამოუკიდებლადაც მიიღებს პროფესიულ განათლებას. შემდეგ მოდის პროფესიული განათლება და უნივერსიტეტი – ვის სად მოუნდება სწავლის გაგრძელება, მაგრამ ბირთვი მაინც სკოლაა. ეს პროცესი აუცილებლად ერთიან სურათად უნდა დავინახოთ, სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული და უწყვეტი განათლებით დასრულებული. თუ შენს სფეროში მუდმივად არ ვითარდები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩამორჩი და შენი ცოდნა ვალიდური აღარ არის. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება მუდმივი პროფესიული განათლება/განვითარების ცენტრებიც.
ავიღოთ საბავშვო ბაღი, რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, პირველ რიგში, ბავშვს რეალურად სკოლისთვის ვერ ამზადებს. არც სკოლამდელი აღზრდის სისტემის ერთიანი სურათი გვაქვს. ყველა თავის ჭკუაზე მოქმედებს – ხან ზეიმებს აწყობენ, ხან ლექსებს ასწავლიიან… ბაღები „ბიზნეს აკადემიად“ აქვთ ქცეული, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად მოამზადონ სკოლისთვის. არც მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებს, მაგალითად, როგორც ამერიკაში ხდება. იქ მათი ფუნქცია უმნიშვნელოვანესია და ოფიციალურადაც სკოლა ჰქვია – ქინდერგარდენი, 5-წლიანებისთვის კი მოსამზადებელი კლასი ფუნქციონირებს – რასაც ბავშვი უფრო დაბალ ჯგუფებში ვერ დაფარავს, მოსამზადებელ კლასში უნდა შეძლოს მისი გავლა. ძალიან კარგი მიდგომაა – როდესაც ბავშვი მოსამზადებელ კლასში მოდის, აუცილებლად ტესტავენ იმიტომ, რომ ნახევარი წლით ადრემ მაინც უთხრან მშობელს, რა უნარების განვითარება სჭირდება მის შვილს, რომ სკოლაში თავი სრულფასოვნად იგრძნოს. ასევე ინფორმირებულია სკოლაც, რადგან უკვე იცის რა საჭიროებებით მოდის მოსწავლეთა 95%, შეიძლება 5% მერე დაემატოს, მაგრამ ძირითადი ცნობილია.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ გვაქვს გამართული სივრცითი მოწყობის ინფრასტრუქტურა, არც „სკოლის რაიონის“ ცნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების განვითარებისთვის. თუ შენ არ იცი ვინ მოვა სკოლაში და როგორ იმუშაო ამ რაიონთან, მაშინ ვერც თემი ვითარდება და არც მშობლის ჩართულობაა აქტიური. ისევ ამერიკის მაგალითზე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სკოლამ იცის რა კონტინგენტს იღებს და წინასწარ ადგენს საჭიროებების გეგმას, მკაფიოდ აქვს განსაზღვრული განვითარების ხუთწლიანი გეგმა. ჩვენ შემთხვევაში, სოფლებს თუ არ ჩავთვლით, თბილისში ეს მიდგომა გამორიცხულია. პირველკლასელს ხუთი ნათესავი ერთად არეგისტრირებს ხოლმე, როგორმე სასურველ სკოლაში რომ მოხვდეს. ძალიან მახინჯი სისტემა იქმნება. ისიც ხომ წარმოუდგენელია, როცა ბავშვი, სკოლაში მისასვლელად, დღეში, საათ-ნახევარს ხარჯავს. ჩემი შვილი ერთ-ერთ კერძო სკოლაში, ქალაქგარეთ, დადიოდა და ისეთი დაღლილი ბრუნდებოდა სახლში, რომ სკოლის გარეთ ცხოვრება, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი „სკოლის რაიონის“ ცნება.
ახლა თავად სკოლას შევეხოთ და იქ არსებულ პრობლემებს. დავიწყებ იმით, რომ ჯერ ყველა საგნის სტანდარტი არ გვაქვს და ყოველ წელს იცვლება სახელმძღვანელოები, ვერც იმაზე ჩამოვყალიბდით, როგორი სახელმძღვანელოა კარგი. გრიფირების პროცესი იმდენად არასწორადაა დაგეგმილი, რომ შედეგად ვერასდროს ვერ ვიღებთ კარგ, გამართულ სახელმძღვანელოებს.
მასწავლებლების კვალიფიკაცია საკმაოდ დაბალია და ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმის ბრალი, რომ ქვეყანაში რესურსი არ გვაქვს. პირველ რიგში, იმის ბრალია (რასაც მუდმივად ყველა მინისტრი არიდებს ხოლმე თავს), რომ თუ პროფესია კარგად ანაზღაურებადი არ გახდა, იქ არ წავა ის რესურსი, რომელიც უნდა მიდიოდეს. რეალურად ეს არის ხოლმე პრობლემა და არა თითის გაშვერა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მასწავლებლები გვყავს. ძალიან მაგარ მასწავლებლებსაც ვიცნობ და არ ვლაპარაკობ 100%-ზე, თუმცა, ფაქტია, რომ 70%-ს, სათანადო კვალიფიკაციის ან საგნის სწავლების მეთოდოლოგიის კუთხით, პრობლემა მაინც აქვს. ეს ძალიან დიდი რიცხვია. მაგრამ, ისიც ცხადია, თუ ადამიანს არასწორ პირობებს შეუქმნი, კარგ შედეგს ვეღარ მიიღებ. აინშტაინს ჰქონდა ასეთი გამონათქვამი, საუკეთესოდ მოცურავე თევზს რომ ხეზე ასვლა მოსთხოვო, ვერ ავა. თუ პედაგოგს არასწორ პირობებს უქმნი, ცხადია, არასწორ შედეგებზე გახვალ. აი, ეს უნდა დაიგეგმოს თავიდანვე სწორად და არა გამოცდები, დამატებითი მოთხოვნები… მასწავლებელი გამუდმებული კონტროლის ქვეშ კი არ უნდა გყავდეს, ისე უნდა დაგეგმო მისი პროფესიული განვითარება, რომ 5-10 წელიწადში მართლა კვალიფიციური მასწავლებლები მიიღო. რაც არ უნდა გაცხრილო მათი რიგები, ეს არის შენი მასა და ამ მასას ან უღირს ამ ხელფასზე მუშაობა (იმიტომ, რომ სხვა სამსახურის შესაძლებლობა არ აქვს), ან არა. შეიძლება, 10-15% ეთუზიასტია და მართლა უყვარს ეს პროფესია, უნდა განვითარება, მაგრამ სადამდე ეყოფა ეს ენთუზიაზმი? ენთუზიაზმი მაშინვე დაგიმთავრდება, როცა შენს შვილს მოშივდება.
მესამე დიდი პრობლემა – ფაქტობრივად, ეს სკოლა დიდად არ განსხვავდება იმ სკოლისგან, რომელიც მე დავამთავრე (მერვე კლასი საბჭოთა კავშირში დავასრულე). თითქოს რაღაც შევცვალეთ, ახალი სახელმძღვანელოები შემოვიღეთ, ახალი მიდგომები შევიმუშავეთ, მაგრამ მიდგომის არსი მაინც არ შეცვლილა. მაგალითად, ვიცით, რომ დღესტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა იმაზე წუწუნებს, რომ ბავშვები სტემის მიმართულებით არ მიდიან. თითქოს, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს ძალიან გვჭირდება. ამის მიუხედავად, როგორი სიტუაცია გვაქვს – რამდენი წელია, რაც ისტს ვასწავლით ოფიციალურად საჯარო სკოლებში – I, V და VI კლასებში და მორჩა. მაშინ, როგორ წავიდეს ბავშვი პროგრამირებაზე ან ინჟინერიაზე? თან, მთავარია, რას ასწავლიან V-VI კლასებში? საოფისე პროგრამების გამოყენებას. ზოგადად, უცხოეთში ისტის სწავლებას ცალკე გაკვეთილი არ ეთმობა — პირველი კლასიდანვე ბავშვისთვის ტექნოლოგიების შესწავლა ძალიან მარტივია, ერთხელ და ორჯერ რომ აჩვენებ ვორდს ან დანარჩენ პროგრამებს, შემდეგ, რაც დასჭირდება, თვითონ მიხვდება და დააჭერს ხელს ღილაკებს. ბავშვებისთვის ეს ძალიან იოლია. ტექნოლოგია მათთვის ბუნებრივი გარემოა, ამიტომ, აუცილებლად უნდა ვასწავლოთ გამოთვლითი აზროვნება, კომპიუტერული აზროვნება და არა საოფისე პროგრამების გამოყენება.
– ანუ არასწორად ვასწავლით?
– დიახ, არასწორად ვასწავლით. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ჯერ ერთი, გაცილებით დიდი როლი აქვს ტექნოლოგიებს და ეს არის გამჭოლი კომპეტენციები (ყველა საგანში უნდა გამოიყენებოდეს ტექნოლოგიები, იქნება ეს ისტორია, ქართული, მათემატიკა თუ სხვ. როგორ მოძებნო პრეზენტაციისთვის მასალა, მერე როგორ ააწყო პრეზენტაცია, ამისთვის ცალკე საგნის სწავლება საჭირო არ არის); და მეორეც, ძალიან აქტიურად ისწავლება კომპიუტერული აზროვნება დამამთავრებელ კლასებამდე და უფროს კლასებში მოსწავლეს შეუძლია არჩევით საგნად (უფროს კლასებში საგნების არჩევითობას დიდი ყურადღება ეთმობა) ისწავლოს პროგრამირება. შესაბამისად, იქ წარმოუდგენელია, უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების ან კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით მოვიდეს ადამიანი, რომელმაც პროგრამირება საერთოდ არ იცის. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს – სტუდენტების 10-15%-მა პროგრამირება მეტ-ნაკლებად იცის, ვთქვათ, თამაშების წერა და ა.შ., ანუ პროგრამირების საწყისები. ამ პროცენტსაც ან კერძო სკოლის კურსდამთავრებულები შეადგენენ, ან მხოლოდ იმ საჯარო სკოლის, სადაც წელში გამართული კლუბებია (ეს უფრო მათემატიკურ სკოლებს ეხება), ან მშობლებს დაყავთ ფასიან წრეებზე. სტუდენტების, დაახლოებით, 80% პროგრამირებას საერთოდ არ შეხებია. ლოგიკურია, რადგან სკოლაში არ ვასწავლით, შემდეგ მოსწავლეები პროფესიულშიც არ მიდიან პროგრამირებაზე. ეს რაც შეეხება ისტს.
ახლა რაც შეეხება ლიტერატურას, რა შევცვალეთ ლიტერატურის სწავლებაში? განსაკუთრებული არაფერი. ამის პასუხია, რომ პიზის ყოველი კვლევის შემდეგ ვწუწუნებთ, შედეგები ძალიან დაბალია. პიზაში ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტის გააზრების უნარი. ჩემი შვილის მაგალითზე გეტყვით – ამერიკიდან რომ ჩამოვედით, ჩემი უმცროსი შვილი მეორე კლასში იყო. ერთ-ერთ ქართულენოვან კერძო სკოლაში მივიყვანეთ, არ მოგვეწონა და მეორეში გადავიყვანეთ. ისიც არ მოგვეწონა და ახლა ინგლისურენოვან კერძო სკოლაში სწავლობს. ამის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ რეალურად ტექსტის გააზრების უნარებს, როგორც ის ამერიკაში სწავლობდა პირველ კლასში, არც ერთ სკოლაში არ ასწავლიდნენ. სტანდარტულად ისწავლება – რა იგულისხმა ავტორმა? რას ფიქრობდა გმირი? დაწერე შინაარსი. ლიტერატურის სწავლება ნიშნავს, რომ ადამიანს, პირველ რიგში, კრიტიკულ აზროვნებას უვითარებ და მეორე რიგში – ემპათიას. მან გმირის ადგილას უნდა დააყენოს თავი, მაგრამ ეს ასე ადვილად არ ხდება, მხოლოდ შეკითხვით – შენ რას იზამდი გმირის ადგილას? – ეს ვერ მოხდება, სხვაგვარად სჭირდებათ ბავშვებს ამის მიწოდება. ამიტომ ვფიქრობ, ლიტერატურის სწავლებაშიც არაფერი შეცვლილა.
არც მათემეტიკაში შეგვიცვლია არაფერი იმიტომ, რომ მათემატიკაში, დღეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამოთვლითი აზროვნების განვითარებას. ამისთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ ინსტრუმენტები — თუნდაც, სასარგებლო პორტალის გამოყენება, ვასწავლოთ რეალურ ცხოვრებაში როგორ შეუძლიათ რაღაცების გათვლა. მათემატიკის სწავლება აუცილებლად პროექტებზე დაფუძნებული უნდა გახდეს, ნაწილობრივ მაინც. ესეც არ გაგვიკეთებია.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სკოლების ნახევარს არ აქვს გამართული ლაბორატორიები, ისევ და ისევ, ვერც ელექტრონულ რესურსებს ვიყენებთ მაინც და მაინც კარგად. ფაქტობრივად, რა სფეროსაც უნდა შევეხოთ, ერთი და იგივე მდომარეობაა. სპორტი ხომ, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს სკოლებში, შესაბამისად – არც სკოლებს შორის სპორტული შეჯიბრები, რაზეც დგას ევროპა და ამერიკა. ამდენი რეფორმის, საერთაშორისო პროექტის თუ დახარჯული ფულის მიუხედავად, ვერც ერთ კომპონენტს ვერ იპოვით დღეს ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც გამართულია და თანამედროვეობას პასუხობს.
– რა პერსპექტივას ხედავთ?
– პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დავინახოთ ერთიანი სურათი და შევიმუშაოთ სწორი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ელექტრონული რესურსების სწრაფად განვითარებას ქართულ ენაზე – არა თავად მასწავლებლის მიერ შექმნილს, არამედ კარგად გამართულ ელექტრონულ რესურსს. ასევე, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს სასკოლო რაიონები, რომელზეც უკვე ვისაუბრე. სასკოლო რაიონი ერთიანად უნდა ვითარდებოდეს და ამ პროცესში აუცილებლად თემი უნდა იყოს ჩართული, რაც მშობლის ჩართულობისა და ფსიქოლოგის როლის გაძლიერებასაც გულისხმობს. და კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია – არ გვაქვს კარიერული რჩევის სერვისი.
– გეთანხმებით, პროფესიის არჩევა ქართველი ახალგაზრდებისთვის ძალიან რთული საკითხია, ხშირ შემთხვევაში, სრულიად გაუცნობიერებლად ირჩევენ პროფესიებს და გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ეს ის საქმე არ არის, რომელსაც სიყვარულით გააკეთებენ.
– ეს მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა. როგორ ხდება ამერიკაში – ამაზე მუშაობას დაახლოებით მეშვიდე კლასიდან იწყებენ. სხვადასხვა აქტივობებით აცნობენ მოსწავლეებს პროფესიებს, სკოლაში მოჰყავთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ისინი ყვებიან თავიანთი პროფესიების შესახებ. თვითონ მოსწავლეები დაჰყავთ ხოლმე სხვადასხვა საწარმოსა თუ ქარხანაში და ადგილზე აცნობენ, რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს იქ. მაგალითად, თვეში, მსგავს ღონისძიებას ერთი დღე ეთმობა. შემდეგ, ნელ-ნელა, კლასის მიხედვით (VIII-IX კლასებში), იზრდება აქტივობები. იქ ძალიან ძლიერია ადგილობრივი პროფესიული სასწავლებლების როლიც, ზოგადად, პროფესიული განათლებაა ძალიან ძლიერი იმიტომ, რომ ორ წელიწადში გამოდიხარ პროფესიონალი და წარმატებით იწყებ მუშაობას. ამიტომ მოსწავლეები მიჰყავთ პროფსასწავლებლებში, უნივერსიტეტებში და აცნობენ პროფესიებს.
გარდა ამისა, VIII-IX კლასების მოსწავლეებს უტარებენ ტესტებს – პიროვნების ტესტს, რომელიც ადგენს, მაგალითად, რა გამოგდის უკეთ. ვთქვათ, შენ კარგად გამოგდის ადამიანებთან ურთიერთობა და იქნები კარგი მენეჯერი ან სხვა რამ… ტესტის აჩვენებს რომელ სფეროში იქნები შენ უფრო წარმატებული. ცხადია, ეს ვალდებულება არ არის, მაგრამ მოსწავლეს სწორედ ამ ტესტის შედეგების მიხედვით შეუძლია X-XII კლასებში დაგეგმოს, რომელი არჩევითი საგანი ისწავლოს, ანუ, რეალურად, ასე აყალიბებს იგი მომავალი პროფესიის არჩევანსაც.
აქედან გამომდინარე, ის გაცილებით მომზადებული მიდის უნივერსიტეტში, სადაც უკვე პროგრამირების პარადიგმებს სწავლობს, პროგრამას წერს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი კარიერული რჩევები. ჩვენ რომ ნაეკის მიერ გამოცხადებული პროგრამების არჩევანს შევხედოთ, ვნახავთ, რომ აბიტურიენტების ძალიან დიდი რაოდენობა ისევ ბიზნესის პროგრამებზე მიდის ან სოციალურ მეცნიერებებსა და სამართალს ირჩევს. ამ დროს, მსოფლიო იქით მიდის, რომ ბიზნესში ადგილები შეამციროს, რადგან ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადადის და სწორედ ტექნოლოგიებში გვჭირდება მეტი ადამიანი. ჩვენს ქვეყანაშიც კარგ პროგრამისტზე, II-III კურსიდან, უკვე ტაციაობაა, კარგ ხელფასებზე მიჰყავთ ახალგაზრდები. ახალდამთავრებულს, თუ გამართულად ისწავლა, თავისუფლად შეუძლია 2000-3000-ლარიან ანაზღაურებიან სამსახურში დასაქმება. სხვა რომელ სფეროშია შესაძლებელი 21 წლის ახალგაზრდის ასეთ ხელფასზე დასაქმება? ან თუ არის, მაშინ ძალიან გამორჩეული უნდა იყო, აქ კი, საკმარისია, შენი მიმართულება კარგად იცოდე, თან ეს ისეთი მიმართულებაა, რომელშიც არანაირ საზღვრებს არ აქვს მნიშვნელობა. ამაზეც ვესაუბრები ხოლმე მოსწავლეებს, ვაცნობ ჩემს მეგობრებს, რომლებიც წამყვან კომპანიებში დასაქმდნენ — ჩემი მეუღლე ეფლში მუშაობს, მყავს მეგობრები ცისკოში, სილიკონის ველზე და ვცდილობ, მოსწავლეებს და სტუდენტებს მათთან ონლაინ შეხვედრები მოვუწყო. მათ მაგალითზე მინდა დაინახონ ქართველმა მოსწავლეებმა, რომ წარმატებისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად სწავლობ. ამ ადამიანებმაც აქ მიიღეს განათლება და შემდეგ დასაქმდნენ გუგლში ან სხვაგან.
მათ შორის ჩემი ყოფილი სტუდენტებიც არიან. ვიდრე ამერიკაში წავიდოდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლიდი მათ, ცოტა ხანში ისინიც ჩამოვიდნენ ლაბორატორიაში და დღეს გიორგი ცისკოშია ინჟინერი, თამარი კი — გუგლში. ასე რომ, ჩვენ კი ვცდილობთ, მოსწავლეებს კარიერის დაგეგმვაში დავეხმაროთ, მაგრამ, მთავარია, ამ კუთხით, სკოლამ იმუშაოს ბევრი.
– პანდემიის პერიოდში ნათლად გამოჩნდა ჩვენი დამოკიდებულება ტექნოლოგიების მიმართ, მასწავლებელი, მოსწავლე… სად ვართ?
– ტექნოლოგიების მიმართულებით ნაპრალია მასწავლებლებისა და მოსწავლეების უნარებს შორის. ეს გასაკვირი არც არის, რადგან, ზოგადად, ჩვენ არ ვართ ტექნოლოგიურად განვითარებული ერი. პირველ რიგში, ამის მიზეზი ის არის, რომ ამ პროცესს ევოლუციურად ვერ მივყევით, საბჭოთა კავშირის გამო. პირველად კომპიუტერი რომ ვნახე, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ამ დროს, უცხოეთის ქვეყნებში უკვე სკოლებში ჰქონდათ კომპიუტერები. მაგალითად, ესტონეთში, 1996 წელს, უკვე ყველა სკოლაში იყო კომპიუტერული კლასი. მეორეც – როცა თავს „დაგვეცა“ კომპიუტერი და ტექნოლოგიები, მასწავლებლებს არ შევთავაზეთ უწყვეტი განათლების შესაძლებლობა. ეს ადამიანები სპეციალურად უნდა გადაგვემზადებინა ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულად, საოფისე პროგრამებიდან დაწყებული, ზოგადად კომპიუტერის გამოყენებით დასრულებული. ტექნოლოგია უცებ გაჩნდა რეალობაში და თან გაჩნდა ინგლისურ ენაზე, ესეც, თავისთავად, პრობლემური იყო.
პანდემიის დროს კი იმარჯვა სამინისტრომ და მაიკროსოფტისგან შესყიდული პლატფორმები გამოიყენა. ემისიც კარგად მუშაობს, ყველა სკოლას, მეტ-ნაკლებად, გაუმართა პროგრამა, რომ მარტივად შეძლონ გაკვეთილის თიმსში ჩატარება, მაგრამ ეს ონლაინ სწავლების 5%-იც კი არ არის (პირისპირ რასაც ასწავლიდი, ის ეკრანთან ასწავლო), დანარჩენი 95%? ეს არ არის დისტანცური სწავლება, ამიტომ დაარქვეს უცხოელმა საერთაშორისო ექსპერტებმა ასეთ სწავლებას საგანგებო და დაშორებული სწავლება. რასაც პირისპირ ასწავლი, ის რომ სწორად გადაიტანო ონლაინ სწავლებისას, ამაზე სამი-ოთხი თვე მაინც უნდა იმუშაო. ვის აქვს ამის დრო? ან რამდენ სკოლას ან უნივერსიტეტსა ჰყავს ამისთვის დამხმარე ტექნოლოგიური ჯგუფი. ეს მხოლოდ ჩვენთან არ არის პრობლემა, უცხოეთშიც ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცა, მაგრამ მათ აღიარეს პრობლემები, ჩვენ – არა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დისტანციური სწავლება წარმატებულად განვახორციელეთ. თავის მოტყუებაა იმის თქმაც, რომ ტელესკოლის გაკვეთილებს თუ უყურებს ბავშვი, ეს იგივეა, რაც გაკვეთილში მონაწილეობა (თავისთავად, ტელესკოლის გაკვეთილებს არაფერს ვერჩი, ძალიან კარგი გაკვეთილები ტარდება). იყო სკოლები, რომლებიც კვირაში სამ-ოთხ გაკვეთილს ატარებდნენ, სამინისტრომ კი გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომ ამდენი ბავშვი ესწრებოდა დისტანციურ გაკვეთილებს. დავთვალოთ, რამდენ გაკვეთილს დაესწრო მოსწავლე? თუკი კვირაში 20 საათია საშუალოდ გათვალისწინებული, მოსწავლეს დღეში ოთხი გაკვეთილი უნდა უტარდებოდეს და თუ ამის ნაცვლად, კვირაში სამ გაკვეთილს უტარებ, ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ დაფარე სასწავლო გეგმა? ანუ ეროვნული სასწავლო გეგმა შეგიძლია მეხუთედ დროში დაფარო? თუ იმის იმედი გაქვს, რომ ბავშვი სახლში დამოუკიდებლად მუშაობს? ეს შეუძლებელია ან მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მშობელია ჩართული დიდი დოზით. რეალობიდან გამომდინარე კი, ვიცით, რომ მშობელს ამის არც შესაძლებლობა და არც დრო აქვს, რადგან პანდემიამ სხვა გამოწვევის წინაშე დააყენა. პრობლემა იმაშია, რომ ამის ანალიზს არავინ აკეთებს ან ზედაპირულად აკეთებენ, რომ მოგვაჩვენონ, თითქოს ყველაფერი კარგად გაკეთდა.
სექტემბერში, როცა სკოლების გახსნას ფიქრობდნენ, ელემენტარულად, მოსწავლეებისთვის ტესტირება მაინც უნდა ჩაეტარებინათ, ხომ უნდა დაედგინათ, ვინ ჩამორჩა პროგრამას. იგივე უნდა გაეკეთებინათ ახლა, თებერვალში როცა გაიხსნა სკოლები. თუ ვიცით, მაგალითად, რომ ნახევარი კლასი ჩამორჩა პროგრამას, ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ასათვისებელია და მათ, ჩამორჩენის დასაძლევად, მოქნილი სისტემა, „სხვადასხვა მარშრუტები“ შევთავაზოთ, როგორც ეს ამერიკაშია. მოსწავლეებს ტესტავენ და მიჰყვებიან მარშრუტს – უფრო მარტივ მათემატიკას ისწავლის თუ უფრო რთულს. რეალურად, მთელი წელი ამოვუგდეთ ბავშვებს და თუ რომელიმემ ვერ ისწავლა ალგებრის საწყისები, მერე უფრო რთულ ალგებრას როგორღა ისწავლის? ამიტომ, ხაზგასმით ვამბობ, რომ აუცილებლად გვჭირდება ტესტირება და შემდეგ რემედიაციის პროგრამები ან საზაფხულო სკოლები, რასაც „სკოლიდან რეპეტიტორობა“ ჰქვია.
– მშობლის გადმოსახედიდან, რა როლი აქვს მას სასკოლო განათლებაში, როგორი მიდგომებია უფრო გამართლებული ბავშვის აღზრდისას?
– ძალიან რთული საკითხია. მე არ მიმაჩნია, რომ სწორად ვახერხებ აღზრდას, გაცილებით მეტია საჭირო. გზადაგზა სწავლობ, მეორე შვილთან უფრო სწორად იქცევი, ვიდრე პირველთან, რადგან შენი ცოდნაც იზრდება და აღზრდის თეორიებიც ვითარდება. ამიტომ, არასდროს ვიცით, მართლა სწორად ვიქცევით თუ არა, არადა, ბავშვის პოტენციალის განვითარება ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა, განსაკუთრებით სკოლამდელი აღზრდის დროს. სწორედ ამ დროს უნდა განუვითარდეს ბავშვს წიგნის და, ზოგადად, სწავლის სიყვარული. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ფორმალურ სასწავლო გარემოში, პირიქით, ცოდნის სიყვარული ბავშვს თამაშით უნდა გაუჩნდეს. რაოდენობრივი აზროვნება მას აუცილებლად სკოლამდე უნდა განვუვითაროთ. მათემატიკა ცხოვრებაა და მას ეს უნდა ვაგრძნობინოთ, მაგალითად, ნამცხვრის მომზადების დროს, ერთი ულუფის რეცეპტი მასთან ერთად შევცვალოთ ორი ულუფით, დავთვალოთ კიბეები, მაღაზიაში ვაყიდინოთ რამე და ასე თამაშით, ხალისით განვუვითაროთ რაოდენობრივი აზროვნება. თუ ბავშვს რაოდენობრივი აზროვნება არ აქვს განვითარებული, სკოლა მას, პირველ კლასში, სათანადოდ მომზადებული ვერ ხვდება, მათემატიკას აბსტრაქტულად, ფურცელზე სთავაზობს. ბავშვების 70%-ისთვის ეს ძალიან მოსაწყენი და რთულად აღქმადია. გამოთვლითი აზროვნება ნამდვილად აღარ არის პრივილეგია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია ისევე, როგორც 5-10 წელიწადში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება ტექნოლოგიების ცოდნა, რომელიც ჯერ კიდევ პრივილეგირებულად ითვლება. ამ უნარის გარეშე ვერაფერს გააკეთებ მომავალში. ამიტომ, აუცილებელია, მშობლებმა ბავშვებში ცოდნის სიყვარულისა და მათემატიკური აზროვნების განვითარებაზე სკოლამდელ ასაკში ვიზრუნოთ. ბავშვმა პატარა ასაკიდანვე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის სწავლის პროცესზე. მე ეს უფროს შვილთან მაინც და მაინც ვერ მოვახერხე, რადგან მეგონა, მეტი ჩართულობა უმჯობესი იყო. რთული დასაცავია ზღვარი – ყურადღება ზედმეტ მზრუნველობაში ხომ არ გადადის.
ამერიკაში, ჩემს შვილს ერთი მეგობარი ჰყავდა, თანაკლასელი, რომელიც ზრდასრული ადამიანივით იყო, ძალიან პასუხისმგებლიანი, V კლასიდან VIII კლასამდე ერთად სწავლობდნენ. დიაბეტი ჰქონდა და თვითონ აკვირდებოდა კვების რეჟიმს, ითვლიდა კალორიებს და ინსულინს ამის მიხედვით იკეთებდა. სულ მიკვირდა, ამას დამოუკიდებლად როგორ ახერხებდა. ერთხელ დედას ვკითხე, როგორ მოახერხა ეს? მითხრა, რომ აძლევს უფლებას, შეცდომები დაუშვას. ლანჩი ან რვეული თუ დარჩება სახლში, არასდროს მიმაქვს სკოლაში, უნდა გაიაზროს შეცდომის შედეგიო. სულ მახსოვს ეს სიტყვები და ვეთანხმები, უმჯობესია, შვილებს დამოუკიდებლობის შესაძლებლობა მივცეთ.
– დაბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებში შედის თუ არა სამშობლოში ხანგრძლივად დაბრუნება და კიდევ, ტექნოლოგიების გარდა, რომელ სფეროს უჭირავს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი?
– ახლა ისევ ამერიკაში მივდივარ, რადგან იქ პატარა კომპანია გვაქვს კვლევის მიმართულებით და მინდა იმასაც მივხედო. ბავშვებიც იქ გააგრძელებენ სწავლას. თუმცა, ხშირად ჩამოვალ, უმეტესი დრო ისევ საქართველოში ვიქნები, დაწყებული პროექტები რომ დავასრულო. მომავალში კი, 10-15 წლის შემდეგ, მე და ჩემი მეუღლე სამშობლოში დაბრუნებას ვფიქრობთ. არ ვიცი, ჩემს შვილებს ექნებათ თუ არა ამის სურვილი, ძალიან კოსმოპოლიტები არიან, მათთვის თითქოს საერთოდ არ არსებობს ადგილის ცნება, შეიძლება იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში წავიყვანეთ ამერიკაში, ერთი 8 წლის იყო, მეორე – 2 წლის. ორივეს ძალიან უყვარს მეცნიერება და შესაძლოა, ამიტომაც არიან რაციონალურები.
რაც შეეხება ჩემს ინტერესებს, მართალია, ფორმალური განათლება არ მაქვს განათლების მენეჯმენტისა და განათლების პოლიტიკის კუთხით (პროფესიიით მათემატიკოსი ვარ, შემდეგ გადავედი ელექტროინჟინერიაში და კვლევებიც ამ მიმართულებით მაქვს), მაგრამ ეს არის სფერო, რომლის შესახებაც ყველაზე მეტს ვკითხულობ, ცხადია, ჩემი პროფესიული ლიტერატურის შემდეგ. ასევე ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია, მგონია, რომ ფსიქოლოგიის ცოდნის გარეშე, შეუძლებელია, კარგად მიხვდე როგორი უნდა იყოს სწორი განათლება.
ჩვენი ოჯახის ძირითადი გასართობი კი მოგზაურობა ან სამაგიდო თამაშების, ასევე ძალიან გვიყვარს სამეცნიერო მუზეუმებში სიარული. ხშირად ვსტუმრობთ „ესქეიფ რუმსაც“, ეს ჩვენი ოჯახის და მეგობრების საყვარელი გასართობი ადგილია.
ესაუბრა ლალი ჯელაძე