შალვა ტაბატაძე
განათლების მკვლევარი
საკმაოდ გამიჭირდა ამ შეკითხვაზე პასუხის ზუსტად განსაზღვრა იმიტომ, რომ ცოტა რთულია გადაწყვეტილების ან მოვლენის დასახელება პოზიტიური ზეგავლენის თვალსაზრისით ან ცუდი შედეგის მომტანი ერთის დასახელება იმიტომ, რომ ბევრი იყო ასეთი. პოზიტიურში ვიტყვი ერთ პროგრამას, რომელიც არა შედეგობრივად ან განხორციელების თვალსაზრისით იყო კარგი, არამედ, მხოლოდ იდეის თვალსაზრისით, რომელიც სწორად არ განხორციელდა და გაგრძელდა შემდეგში – ეს არის საპენსიო ჯილდოს პროგრამა. თავისთავად, აქ ვგულისხმობ არა იმას როგორ გაკეთდა, არამედ იდეას. იდეას, ერთი მხრივ, როგორც პროფესიაში ახალგაზრდების შესვლის შესაძლებლობას, მეორე მხრივ, იდეას, მაღალი კონკურენციის პირობებში, ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის კადრები რომ შევიდნენ სკოლაში (სკოლებს მიეცეთ ამის შესაძლებლობა) და მასწავლებლები, უკვე საპენსიო ასაკში, მაღალი პენსიით რომ მიდიოდნენ პროფესიიდან. ანუ, ეს სამივე იდეა მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის – ის, რომ მასწავლებლის პენსია იყოს განსხვავებული და განსხვავებული პენსიით გადიოდეს, ეს კარგია როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ასევე სისტემაში როტაციის თვალსაზრისით. რაც მთავარია, კარგია მომავალი მასწავლებლის მოზიდვის პერსპექტივისთვის. კვალიფიციური ახალგაზრდებისთვის ეს არის შესაძლებლობა, თუ კონკურენციის შედეგად მოხდებოდა შეღწევა და ესეც პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ანუ, რა იდეასაც ემსახურებოდა ეს პროგრამა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე პროგრესული და კარგი, რაც მახსენდება… თუმცა იყო პრობლემები, ცუდად განხორციელდა, იყო ერთჯერადი და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განხორციელებას არ ვაფასებ, ვაფასებ იდეას და ხედვას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მნიშვნელოვანი ჩვენი განათლების სისტემისთვის, თუკი რეალურად დაეფუძნებოდა პროგრამა ამ იდეას და შემდეგში განვითარდებოდა.
რაც შეეხება უარყოფითს, აქ ბევრი მახსენდება – სქემის წამოწყება და არაკომპეტენტური მასწავლებლების სისტემაში დატოვება, მათი ხელშეწყობა. ასევე მახსენდება სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლობებისთვის წართმევა, მაგრამ ყველაზე აქტუალური და ბოლო, ეს არის სკოლის დირექტორების არჩევნების პროცესი, როდესაც, ნაცვლად სკოლის ხელმძღვანელთა რეფორმისა და მათთვის დელეგირებისა მაქსიმალური უფლებამოსილების (სკოლის დირექტორის გავლენა რომ არის ყველაზე დიდი, მათ შორის მასწავლებლის გავლენაზე დიდი, ამას კვლევებიც ადასტურებს), მოხდა სრულიად საპირისპირო – ჯერ პირობების არშექმნა, რომ მსურველთა რაოდენობა ყოფილიყო დიდი, მერე პირობების არშექმნა, რომ მათი მომზადებულობის ხარისხი ყოფილიყო მაღალი და შემდეგ, ძალიან ცუდად ჩატარებული შერჩევის პროცესი როგორც სერტიფიცირების, ისე სკოლაში გაგზავნის ეტაპზე, რის საფუძველზეც, სამწუხაროდ, 500 კვალიფიციური კადრი დაიბლოკა და სკოლებს არ მიეცათ რეალური არჩევნების შესაძლებლობა. ამის ეფექტს, რა თქმა უნდა, ახლა ვერ ვნახავთ, თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება თუ აქტიური იქნება საზოგადოება. დირექტორების არჩევნების პროცესი, ამ თვალსაზრისით, იყო ყველაზე დამღუპველი როგორც არასწორი ხედვით, ისევე განხორციელებით.
სამწუხაროდ, სკოლის დირექტორის გაძლიერებისა და ყველაზე კომპეტენტური დირექტორების მოყვანის პოლიტიკის გატარების ნაცვლად (რომელიც გააუმჯობესებს აკადემიურ მიღწევებს), მთელი ეს პროცესი სხვა მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. მთლიანობაში ძალიან ცუდი/უარყოფითი შედეგი მივიღეთ. ეს საკითხი ყველაზე ახალია და აქტუალური ამ ეტაპზე, ამიტომ შევჩერდი, თორემ სასკოლო სახელმძღვანელოებსაც აუცილებლად გამოვყოფდი და კიდევ ერთხელ – სქემის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც დაიკარგა შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად გაჯანსაღებულიყო მასწავლებელთა კორპუსი. ეს ორივე ძალიან ცუდი ინიციატივა იყო – ერთმა სასკოლო სახელმძღვანელოების არგანვითარებას შეუწყო ხელი, მეორემ – მასწავლებლის კორპუსის და მესამემ, რაზეც უფრო ვრცლად ვისაუბრე – კომპეტენტური დირექტორების შერჩევას. სამივე კომპონენტში საკმაოდ ცუდი მაგალითები გვაქვს, მაგრამ მაინც მესამეს დავასახელებ, როგორც დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ თემას.