3 მაისი, პარასკევი, 2024

თიბილაშვილის პარალიმპური ვერცხლი

spot_img

25 აგვისტოს, ტოკიოში, პარალიმპური თამაშები დაიწყო. საქართველომ პირველივე დღეს მოიპოვა მედალი – ხმლით ფარიკაობაში მეორე ადგილზე, 23-წლამდელებში, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ნინა თიბილაშვილი გავიდა. ხმლით ფარიკაობაში ჩვენი გუნდის ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ირმა ხეცურიანიც გამოდიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა – მეხუთე ადგილი დაიკავა.

მართალია, ჩვენი სპორტსმენები ერთ დისციპლინაში გამოდიან, თუმცა სხვადასხვა კატეგორიაში ასპარეზობენ, კატეგორიებს კი ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განსაზღვრავს. ორივე ქართველი ნახევარფინალში გავიდა და ორივე ჩინელ მეტოქეებთან დამარცხდა.

ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრის მოგების შემდეგ (5-დან) თიბილაშვილმა, მეოთხედფინალში, უკრაინელ ნატალია მორკვიჩს 15:13 მოუგო; ნახევარფინალშიც უკრაინელს აჯობა – იევჰენია ბრეუსთან 15:12 იმარჯვა, ფინალი კი ჩინელ ჯინ ბიანთან დათმო – 7:15. 24 წლის თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია გუნდურში და ევროპის ვიცე-ჩემპიონი – პირადში, ახლა კი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაც მოიპოვა. ტოკიოში ეს ჩვენი დელეგაციის პირველი მედალია, საქართველოს პარალიმპურ ისტორიაში – მეორე.

ხეცურიანმა, ჯგუფში, 5 პაექრობიდან 3 მოიგო. მეოთხედფინალში იტალიელ როსანა პასქუინოს დაძაბულ ბრძოლაში 15:14 აჯობა (მანამდე შესარჩევშიც დაამარცხა), თუმცა ამის შემდეგ ჩინელებთან წააგო – ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონთან და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ შუმეი ტანთან 8:15 დათმო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი რონგ ქსიაოსთან 6:15 დამარცხდა.
ტოკიოს ოლიმპიურ ბაზებზე პარალიმპიადა 6 სექტემბერს დაიხურება. თამაშებში საქართველო სპორტის 6 სახეობაში 13 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, მე-14 მონაწილე თამაშებამდე დაგვაკლდა, თან – ვინ: ერთადერთი ქართველი პარალიმპური ჩემპიონი, წინა პარალიმპიადის გამარჯვებული პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური (100). ის ახლაც ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ იაპონიაში შეკრებაზე მყოფს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა – სასტუმროს დაცვის წევრთან იჩხუბა, როცა ფოიეში ხმაურობდნენ, მან კი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. გოგოჭურმა მას ნეკნი ჩაუმტვრია. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამი იყო, შედეგად კი, პარალიმპური თამაშების ნაცვლად, თავი იაპონიის ციხეში ამოყო. მას აკრედიტაცია ჩამოართვეს და თამაშებიდანაც მოიხსნა.

ქართველი სპორტსმენები გამოვლენ პარაძიუდოში, პარაფარიკაობაში, პარასროლაში, პარაცურვაში, პარაწოლჭიმში და პარამძლეოსნობაში.
ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები