ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი – სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნა – ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბების შექმნის პროექტის მენეჯერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია.
პროექტში გამოყენებული სასწავლო პროგრამა ეფუძნება MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ტრენერების დახმარებით გადამზადდებიან მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ სკოლებში გაუძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კლუბებს უფროსკლასელებისთვის.
პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, 25 სკოლა დაფინანსდა. სულ, პროექტის მიმდინარეობის 4 წლის განმავლობაში, ამ ფორმატში, ასეთი 100 სკოლა უნდა მომზადდეს. პროექტის კონცეფცია ასეთია — ყოველწლიურად 25 სკოლა დაემატება და საბოლოოდ, 100 სკოლა იქნება ჩართული. შერჩევა წელიწადში ორჯერ ხდება, სექტემბერში და დეკემბერში. შერჩევისას გარკვეული წინაპირობა არსებობს, რომელსაც პროექტში ჩართვის ამბიციის მქონე სკოლები უნდა აკმაყოფილებდნენ. ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა სკოლაში გამართული ლაბორატორიის არსებობაა, თუ კომპიუტერული ლაბორატორია არ აქვთ, პროექტის ფარგლებში მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, რადგან ხშირად ბავშვებს სახლში კომპიუტერები არ აქვთ და სკოლებიდან უნდა იმუშაონ, რაც გამორიცხულია სათანადო ბაზის არარსებობის შემთხვევაში. ზოგჯერ სკოლას კარგი ლაბორატორია აქვს, მაგრამ არ ჰყავს სათანადო კვალიფიციური კადრები, ასეთ დროს თვითონ ილიაუნი ეხმარება კადრის მოძებნაში.
ევროპული სკოლის პედაგოგი რობოტექნიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს რობოტექნიკის მწვრთნელი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში, პროექტის ფარგლებში ტრენერი დავით ნოზაძე ამბობს, თუ სკოლა, სურვილის მიუხედავად, პროექტში ვერ მოხვდა, შეუძლია არსებული სილაბუსები და მასალები გამოიყენოს. ასეთი სკოლების დირექციებს პროექტი თანამშრომლობას სთავაზობს — მის ფარგლებში შემუშავებული და თარგმნილი რესურსები ხელმისაწვდომი იქნება ილიაუნის ვებგვერდზე და მათ გამოყენებას ნებისმიერი სკოლა შეძლებს: „ჩვენ მივაწოდებთ გამზადებული სასწავლო კურსის სრულ მასალას, რესურსს, სილაბუსს და თუ სკოლას ჰყავს ენთუზიასტი გამოცდილი პედაგოგი, შეუძლია ეს კლუბი დააარსოს და აფუნქციონიროს. უბრალოდ, პროექტის ფარგლებში შერჩეულ სკოლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აფინანსებს, ხოლო თუ სკოლამ თვითონ გამოთქვა სურვილი, თავისივე ხარჯით მოუწევს ამის კეთება. ძალიან საინტერესო მუშაობა მიდის და კარგია, რომ ასეთი რაღაცები დაიძრა, ეს ნამდვილად აკლდა საქართველოს და მიხარია, რომ დაიწყო.“
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლა ერთ-ერთია პროექტის მონაწილე სკოლებს შორის. კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, თამარ პაპოშვილი გვიყვება, რომ: „უკვე ორი თვეა, რაც მათი სკოლა ჩაერთო ხელოვნური ინტელექტის კლუბების პროექტში. მოხარული და დიდად მადლიერი ვართ, რომ შერჩეულ სკოლებს შორის, ერთ-ერთი ჩვენი სკოლაცაა.
აღნიშნულ პროექტში ჩართვის სურვილი პირადი და ჩემი მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე გამიჩნდა. მიმაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში იყო მასწავლებელი, ეს დიდ გამოწვევებთან ჭიდილს ნიშნავს, მით უმეტეს, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლისთვის. ამ გამოწვევებს რომ გაუმკლავდე, ფეხდაფეხ უნდა აედევნო უსწრაფესი ტემპით განვითარებად ვირტუალურ თუ რეალურ სამყაროს, რაც მასწავლებლისთვის სწავლა-სწავლების ახალი გზების ძიების უწყვეტ პროცესს ნიშნავს. ამასთან, კარგად ვხედავთ, რომ დღეს ტრადიციული, ფორმალური განათლება ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე ბავშვის ინტერესებს და საჭიროებებს. მით უმეტეს, ვერ უზრუნველყოფს მისთვის იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც მომავლის პროფესიებისთვის მოამზადებს მას. ამიტომ, აუცილებელია მოსწავლეებისთვის არაფორმალური განათლების შეთავაზება სასკოლო კლუბების სახით.
სამწუხაროდ, კლუბის შექმნისთვის მხოლოდ სურვილი და ადამიანური რესურსი არ კმარა. მისი ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფაც, რაც ფინანსებთანაა კავშირში. ამიტომ, განსაკუთრებით რეგიონის საშუალო და მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთ პროექტებში ჩართვას, რომელიც ფინანსურადაც უზრუნველყოფს კლუბის გამართულ მუშაობას.“
ეკატერინე წულუკიძე მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბს ხელმძღვანელობს. ჩვენს შეკითხვას, თუ რამ განაპირობა პროექტში მათი სკოლის ჩართვა, მან ასე უპასუხა: „პროექტში ჩვენი ჩართულობა განაპირობა STEM/STEAM განათლებისადმი ინტერესმა. როდესაც სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე ამ პროექტის შესახებ, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა, რადგან მიმაჩნია, რომ თანამედროვე ციფრულ სამყაროში ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ სიახლეებს ამ მიმართულებით და გაიღრმავონ ცოდნა ხელოვნური ინტელექტის შესახებ, შეძლონ თეორიული მასალის პრაქტიკაში გადატანა და ვიზუალური პროგრამირების მიმართულებით უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“.
რაც შეეხება მოსწავლეთა დაინტრესებას, ორივე პედაგოგი აღნიშნავს, რომ კლუბებში მოსწავლეები თავიანთი სურვილით წევრიანდებიან, შესაბამისად თავიდანვე საკმაოდ მაღალია მათი მოტივაცია და ინტერესი, აქტიურად არიან ჩართული პროექტის აქტივობებში, კიდევ მეტ სიახლეებსა და პრაქტიკულ საქმიანობას ელიან.
„გარდა ამისა, ბავშვები დიდ ინტერესს იჩენენ კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ, მით უფრო, თუ საქმე რობოტებს ეხება. მათ იციან, რომ ხელოვნური ინტელექტის პროექტის ფარგლებში მალე გადმოგვცემენ არდუინოს გამოყენებით შექმნილ სამ Gismo რობოტს, რომელსაც ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოვიყენებთ. მათთვის კარგი მოტივატორია ისიც, რომ პროექტის დასასრულს რობოტიკის კონკურსში მოუწევთ მონაწილეობა,“ — გვითხრა თამარ პაპოშვილმა.
დავით ნოზაძე აღნიშნავს, რომ სკოლებს სხვადასხვა პროექტში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვთ და მაგალითად ტექნოლოგიურ კლუბებს ასახელებს, კერძოდ კი ახაშნის საჯარო სკოლის შესახებ გვესაუბრება: „გასულ წლებში, ტექნოლოგიური კლუბის ფარგლებში, მენტორი პედაგოგი ვიყავი გურჯაანის რაიონის ახაშნის საჯარო სკოლაში და სოფლის სკოლის მოსწავლეებთან დისტანციურად ვმუშაობდით, პერიოდულად ჩავდიოდი. ჩემი მიმართულება იყო პითონის კურსის პროგრამირება, ანუ პროგრამირების კურსი, რომელსაც ჰქვია „პროგრამირება პითონში“. გარდა ამისა, არის გრაფიკული დიზაინის კურსი, ვებგვერდების შექმნის, კომპიუტერული გრაფიკა, 3D მოდელირება და ბევრი საინტერესო მიმართულებაა გაშლილი. ეს სამუშაოები დიდ ინტერესს აღვივებს მოსწავლეებში.“
თამარ პაპოშვილი ახაშნის საჯარო სკოლაში, ხელოვნური ინტელექტის პროექტის გარდა, კიდევ ორ ტექნოლოგიურ კლუბს ხელმძღვანელობს: „პირველი, ეს არის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“, რომელიც ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით. პროექტი 3-წლიანია და მონაწილე მოსწავლეებისთვის სხვადასხვა კომპიუტერული ტექნოლოგიური კურსების შეთავაზებას ითვალისწინებს. გასულ წელს გავიარეთ პითონზე დაპროგრამების კურსი, რომლის ტრენერიც გახლდათ ბატონი დავით ნოზაძე. წელს დავიწყეთ გრაფიკული დიზაინის კურსი, ამ კურსის ტრენერი თავად გახლავართ.
მეორე, ეს არის „STEM მენტორების კურსი“, რომელსაც ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით. აღნიშნული კლუბის ფარგლებში, მოსწავლეებს ვასწავლი Arduino kit-ის კომპიუტერულ კომპონენტებთან მუშაობას, მომავალი სტემ პროექტების განხორციელებისთვის. მენტორობას გვიწევენ პროფესორი დავით სონღულაშვილი, უტა კილასონია და მარეხ მაზანიშვილი.“
უკვე განხორციელებულ პროექტზე გვესაუბრება ეკატერინე წულუკიძე. მათ სკოლასაც, ამ მხრივ, კარგი გამოცდილება დაუგროვდა: „ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, 2019-2020 წლებში, შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართული ყოფილიყვნენ პროექტში „ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები რობოტექნიკას, პროგრამირებასა და web 2.0 ინსტრუმენტებს სწავლობდნენ. ამ პროექტში გვყავს ათასაწლეულის გამოწვევის კონკურსის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი მასწავლებლის შექმნაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლუბში ისეთი მოსწავლეებიც გვყავს, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ ხელოვნური ინტელექტის შესწავლასა და რობოტექნიკასთან, შესაბამისად, გვყავს როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი წევრები, თუმცა სასწავლო კურიკულუმი ისეთ თემებს მოიცავს, რომ ყველა მონაწილისთვის თანაბრად საინტერესოა.“
საინტერესოა, რა გაკეთდა უკვე პროექტის ფარგლებში და რას გეგმავენ სამომავლოდ პროექტის მონაწილეები.
ეკატერინე წულუკიძე: „საკლუბო საქმიანობა ახალი დაწყებული გვაქვს, ერთი თვის განმავლობაში ხელმძღვანელი პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობდა, მარტის თვიდან კი უშუალოდ საკლუბო საქმიანობაზე გადავედით. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა ხელოვნური ინტელექტის კლუბი, მოსწავლეები გაწევრიანდნენ, განვსაზღვრეთ კლუბის სახელწოდება და ლოგო, შევქმენით სოციალური ქსელი; ჩავატარეთ კურიკულუმით განსაზღვრული პირველი აქტივობა ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
რას ვგეგმავთ? — ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ პროექტის მდგრადობა, გავამრავალფეროვნოთ საქმინობა და აქტიურად დავნერგოთ რობოტექნიკის კურსი. საბედნიეროდ, ჩვენს სოფელში მოქმედებს ინოვაციური ცენტრი, სათანადო ინვენტარითა და სასწავლო რესურსებით აღჭურვილი, გვყავს ახალგაზრდები, რომელთაც შეუძლიათ, საბაზო დონეზე, ახალგაზრდებს გაუზიარონ ცოდნა, პარალელურად, ვგეგმავთ ფინანსების მოძიებას და, დარგის სპეციალისტების დახმარებით, სხვადასხვა გამომგონებელთა კონკურსებში მონაწილეობას.“
თამარ პაპოშვილი: „პირველ ეტაპზე, გადაგვამზადეს კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგები, რათა თავად გავუძღვეთ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება MIT Media Lab-ის მიერ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს. ამჟამად, დასრულებულია მასწავლებელთა ტრენინგების პირველი ეტაპი.
პარალელურად, მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია და გამოვაცხადე პროექტში ჩართვის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია. კლუბში 13 მოსწავლე გაწევრიანდა და მათთან ერთად შევადგინე კლუბის შეხვედრების განრიგი. გასულ კვირას უკვე ჩავატარეთ პირველი სამუშაო შეხვედრა. მიხარია, რომ მოსწავლეთა მოლოდინები გამართლდა. მათ ძალიან მოეწონათ დაგეგმილი აქტივობები და თავიანთი პირველი AI პროექტიც დიდი ინტერესით შეასრულეს.
რას ვგეგმავთ? — არ შევჩერდეთ და კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიყვანოთ ჩვენი მუშაობა. მით უმეტეს ჩვენს კლუბებს უდიდესი მხარდაჭერა აქვს ჩვენი სკოლის დირეტორის, ქალბატონ ნონა კობიაშვილი-ლიპარტაშვილისგან, რაც გამოიხატება, შეძლებისდაგვარად, სასკოლო კომპიუტერული ლაბორატორიის ტექნიკურად აღჭურვა-გამართვასა, თუ რაიონულ ტექნოპარკში კლუბის ვიზიტების ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფაში.
ჩემი მხრივ, ვეცდები, სრულყოფილად გავიაროთ კლუბის სასწავლო პროგრამა, რათა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს ჩვენი მუშაობა. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაგროვოთ კარგი გამოცდილება და მომავალშიც კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცხადებულ სხვა პროექტებსა თუ კონკურსებში.
მჯერა, ასეთი აქტივობები ბავშვებს არა მხოლოდ ცოდნა-გამოცდილებას შესძენს, არამედ, მომავლში დაეხმარება სწორ პროფესიულ ორიენტაციაში, რათა იპოვონ საკუთარი ადგილი თანამედროვე სამყაროში.“
როგორც დავით ნოზაძემ გვითხრა, ქალბატონი ნანა დიხამინჯიას იდეა იყო, პროექტში ჩართული მოსწავლეები მარტო ტრენინგებისა და შეხვედრების ამარა რომ არ დარჩენილიყვნენ, მათთვის სხვა აქტივობებიც შეეთავაზებინათ: „წლის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან საინტერესო ჰაკათონებს, პატარა მინი-შეჯიბრებებს ატარებს. სწორედ ეს ბავშვები ერთვებიან ამ შეჯიბრებებში და ადასტურებენ თავიანთ კომპეტენციებს, გამოიკვეთება ყველაზე აქტიური, წარმატებული სკოლა, წარმატებული მოსწავლე და ა.შ. შარშან ჩატარდა მსოფლიო უდიდესი თამაშები — ჰაკათონი, რომელსაც, საქართველოს მხრიდან, ილიას უნივერსიტეტი კურირებდა. შეჯიბრი ორდღიანი იყო, შაბათ-კვირას ტარდებოდა, სამწუხაროდ, დისტანციურად. შეჯიბრში ამ კლუბის ბავშვები იყვნენ ჩართული, სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, ასაკობრივი შეზღუდვა არ იყო.
ტექნოლოგიური კლუბის ბავშვებმა, კერძოდ, ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შარშან საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ სამომავლოდაც შეეძლებათ პროექტების მომზადება და თავიანთი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა. სხვა აქტივობებსაც ვახორციელებთ, მაგალითად, როგორიცაა ლეგო რობოტიქსის ჩემპიონატი და ამისთვისაც ვამზადებთ მოსწავლეებს.“
პროექტის მონაწილე სკოლებს გადაეცემა არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. ამ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის გამოიყენებენ.
პროექტის ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლებისთვის გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ.
პროექტი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორები მონაწილეობენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბის დახმარებით ხორციელდება.