26 აპრილი, პარასკევი, 2024

თამაში, რომელიც მომხმარებლებს შემეცნებით პროცესში დაეხმარება, NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში, ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს

spot_img

ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოში, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ჰაკათონი – NASA Space Apps Challenge ჩატარდა. ღონისძიების მთავარი მასპინძელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლდათ. ორი დღის განმავლობაში მონაწილე გუნდებმა NASA-ს რეალურ მონაცემებზე, ასევე პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებასა და ინოვაციურ გადაწყვეტაზე იმუშავეს.  საკუთარი პროექტის შექმნისთვის ჰაკათონის მონაწილეებს 48 საათი ჰქონდათ გამოყოფილი.

100-ზე მეტ მონაწილეს შორის, KIU-ს ნოვატორი სტუდენტები გიორგი ჩაფიჩაძე და დიმა ჩუბინიძეც იყვნენ. ისინი STEM დარგების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან და თავიანთი გამოგონებებითა და პროექტებით გლობალურ გამოწვევებზეც მუშაობენ.

ახალგაზრდებმა პროექტი „Space T-Rex“ შექმნეს. მთავარი პერსონაჟი კოსმონავტის ფორმაში ჩაცმული ტირანოზავრია, რომელიც, ნასასთან ერთად, კოსმოსში მოგზაურობს და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევითი ცენტრის აღმოჩენებსა და მიღწევებს ეცნობა. თამაშის შემქმნელი სტუდენტები ამბობენ, რომ ეს არის თამაში, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ერთობა და, ამავდროულად, შემეცნებით ინფორმაციასაც იღებს.

გიორგი ჩაფიჩაძე: თამაშის შექმნის მთავარი მიზანი ადამიანების იმ ნაწილის დაინტერესება გახლდათ, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ნასას მიღწევებზე ან რომელმაც უკვე იცის და უბრალოდ ცოდნის გაღრმავება სურს. კოსმონავტის ფორმაში ჩაცმული ტირანოზავრის უკან ტელესკოპით გადაღებული ფოტოები ჩანს, სურათები იცვლება და როდესაც წააგებ, იმ მოვლენის შესახებ მიიღებ ინფორმაციას, რაც ფოტოზეა ასახული. შეიძლება იფიქროთ, რატომ უნდა წავაგო? პასუხი მარტივია – სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან თამაში ისე სწრაფდება, სადღაც აუცილებლად დამარცხდებით. ასე რომ, ინფორმაციას ნასას მიღწევების შესახებ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ. 

დიმა ჩუბინიძე: ამ პროექტის მთავარი მიზანია ხალხის დაინტერესება. ჩვენი აზრით, ჟიურის წევრებს იმიტომ მოეწონათ პროექტი, რომ „Space t-rex”-ს ინფორმაცია მიაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც, სხვა შემთხვევაში, ნასას აღმოჩენებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას არ მოძებნიდნენ. ეს კი კრეატიულად ჭრის ხალხის დაინტერესების პრობლემას.

ჰაკათონის ჟიურიმ 4 საუკეთესო პროექტს/გუნდს შორის სწორედ  „Space T-Rex“ დაასახელა. გიორგისა და დიმას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია, 2 000 ლარის ოდენობით, გადასცა. გამარჯვებულები KIU-ს რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ დააჯილდოვა. ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილე გუნდებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ ვორკშოპებსა და მასტერკლასებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა მეცნიერება, პროტოტიპირება, UI/UX დიზაინი, მონაცემთა ვიზუალიზაცია, სთორითელინგი, ასტროფოტოგრაფია.

♦♦♦

ახალგაზრდა გამომგონებლები KIU-ს მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების პირველი კურსის სტუდენტები არიან. ოქროს მედალზე აქვთ დამთავრებული თერჯოლის კერძო სკოლა „მზეკაბანი-2007“. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული აქვთ სახელმწიფო გრანტები (გიორგიმ – 50%, დიმამ – 100%). აქტიური და მიზანდასახული ახალგაზრდები, სკოლის პერიოდში, არაერთ ოლიმპიადასა და კონკურსში მონაწილეობდნენ, მათ შორის, KIU-ს მიერ გამოცხადებულ მათემატიკის კონკურსში – „KIU π-Day Math Contest 2022”. დიმა ამ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მათი მიღწევებისა და წარმატებების გათვალისწინებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალგაზრდებს, KIU-ს გრანტების ფონდიდან, სხვადასხვა სახის  დაფინანსება გამოუყო. ორივე მათგანს დაენიშნა საუნივერსიტეტო სტიპენდია, გიორგის დაუფინანსდა სწავლის გადასახადი (დარჩენილი 50%), დიმას კი სტუდენტური საცხოვრებელი (50%-ით). წინ დიდი გეგმები აქვთ. სურთ, სიღრმისეულ ცოდნას დაეუფლონ KIU-ში, ქართველი და უცხოელი მეცნიერების დახმარებით. დარწმუნებული არიან, რომ შთამბეჭდავი საუნივერსიტეტო ცხოვრება ელით.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები