თამარ აბრამიშვილი
განათლების ადმინისტრირების მაგისტრი, სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. ბოლაჯურის საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
სასკოლო საზოგადოების ჩართულობა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის დემოკრატიული მოდელი განაპირობებს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის ჩართულობას და უბიძგებს თითოეულ მათგანს, დაინახოს საკუთარი როლი, ფუნქციები, ვალდებულებები და წვლილი სკოლის განვითარების პროცესში. თემის ჩართულობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში, რადგან ხშირად, მაღალმთიან სოფლებსა და დასახლებებში, სკოლა ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ადგილია, სადაც ფორმირდება საზოგადოებრივი განვითარების დღის წესრიგი.
იმისათვის, რომ სკოლას მეტი ავტონომიურობა ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოება იყოს მზად გააზრებული პასუხისმგებლობის, მოქნილი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისათვის. დღევანდელი მოცემულობით, სისტემა სკოლებს მეტი ავტონომიურობის მისაღებად ამზადებს, მაგრამ იკვეთება რიგი პრობლემები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. სკოლის ავტონომიურობა წარმოუდგენელია თუ სკოლას არ ჰყავს კვალიფიციური საგანმანათლებლო ლიდერი, დემოკრატიული ხედვითა და კომპეტენციებით აღჭურვილი, ვინაიდან მას აქვს ბერკეტი, მისცეს ორგანიზებული და სტრუქტურირებული ფორმა სკოლის განვითარებას.
ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე, თუმცა დოკუმენტის პრაქტიკაში გადატანა და დამკვიდრება გრძელვადიანი პროცესია. ახალი თაობის ესგ-ის დანერგვის პროცესი დაემთხვა პანდემიას და ტრენინგების ციკლი, რომლებიც მასწავლებელთა ინფორმირების მიზნით განხორციელდა, არ აღმოჩნდა საკმარისი სრული ინფორმაციის მისაღებად და მის პრაქტიკაში გადატანის უზრუნველსაყოფად; გამოიკვეთა არაერთი ხარვეზი, მათ შორის გამოვყოფ კომპლექსური დავალებების შესრულების პრაქტიკის დანერგვას. ჩემი დაკვირვებით, ეს მეთოდი დღემდე არ არის დამკვიდრებული როგორც წარმატებული პრაქტიკა. არ ჩატარებულა კვლევა, კონკრეტულად, რა შედეგზე გაგვიყვანა ამ ტიპის დავალებების შესრულებამ და რამდენად შეუწყო ხელი დეკლარატიული ცოდნის პირობისეულ ცოდნად გარდაქმნას. ზოგადად, განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგები საჭიროებს კვლევას და, ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით, სამოქმედო სტრატეგიის შექმნას, ამასთანავე, მნიშვნელოვანია განათლების სფეროს სპეციალისტების კომპეტენციების ზრდა და სასკოლო საზოგადოების ადამიანური რესურსის მობილიზება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში და რეგიონებში სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი იცნობს ერთმანეთს და აქვთ არაფორმალური შემხებლობა სკოლის მიღმა, შესაძლოა, მათ შორის ნათესაური კავშირები, საახლობლო/სამეზობლო წრე და კავშირები უფრო ფართო იყოს. სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის მხრიდან არ არის სრულფასოვნად გააზრებული დემოკრატიული კულტურის არსი, რასაც გასული საუკუნის საბჭოთა გამოცდილებაც განაპირობებს. ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება სკოლის მიმართ არ არის სრულფასოვნად გააზრებული და ამის მიზეზი დაბალი ინფორმირებულობაა. ზოგჯერ ჩნდება განცდა, რომ სკოლასა და მშობლებს შორის ხიდია ჩატეხილი და მისი გამთელების პასუხისმგებლობა სკოლას ეკისრება, მაშინ, როდესაც სკოლების ავტონომიურობა ჯერ კიდევ დაბალია.
სასკოლო საზოგადოების კოლეგიალური ორგანოების ფუნქციები ბუტაფორიულია, სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებას ფორმალური ხასიათი აქვს, სხდომის ოქმების შედგენა მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიული პროცესია, რომელიც, ცხადია, ვერ მოგვცემს ვერანაირ შედეგს, თუ პროცესი უფრო ღია, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული არ გახდება. სამეურვეო საბჭოს რეალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრა, სამეურვეო საბჭოს წევრების გადამზადება და ანაზღაურებადი სისტემის შემოღება. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ შინაგან მოტივაციაზე დამყარებული ცვლილებები არ იძლევა ხელშესახებ შედეგს და ანგარიშვალდებულების სისტემაც დაბალეფექტურია.
რაც შეეხება მოსწავლეთა თვთმმართველობის როლს, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში არის გარკვეული პროგრესი, იზრდება მოსწავლეების აქტივიზმი და ჩართულობა სასკოლო საქმიანობაში, რომელსაც მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები მოჰყვება. აუცილებელია მშობლების როლის მკაფიოდ განსაზღვრა -— მათთვის წამახალისებელი ღონისძიებების განხორციელება, რათა მშობელს ჰქონდეს მეტი მოტივაცია განათლების ხარისხის ამაღლების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
იმისათვის, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხიანი განათლების მიღება შეძლოს მოზარდმა, მნიშვნელოვანია სისტემა ინსტიტუციურ დონეზე იყოს გამართული და მეტი აქცენტი გაკეთდეს ინკლუზიურობასა და გამჭვირვალობაზე, ზოგადსაგანმანათლებლო ლიდერის პროფესიული განვითარების ერთიანი ეროვნული სისტემის შექმნა ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის მოქმედი დირექტორის სტანდარტი სრულად შეესაბამება დემოკრატიული მოდელის სკოლის მართვის პოლიტიკას, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ კვალიფიციური საგანმანათლებლო ლიდერების დეფიციტი გვაქვს და, ამ მხრივ, განათლების სისტემა გამოწვევის წინაშეა.
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი პროგრესია ინკლუზიური განათლების მიმართულებით, მაგრამ, ამავდროულად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, ამის მიზეზებია: კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მატერიალური და ადამიანური რესურსის სიმწირე, კვლევების ნაკლებობა, დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ა.შ. ცალკე განხილვის საგანია არაქართულენოვან სკოლებში ენის ბარიერის პრობლემა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო ენის დაუფლებისთვის დაბალი მზაობა.
ვინაიდან განხილული საკითხები კომპლექსურია, მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრა და ჯეროვნად შესრულება, რისთვისაც გვაქვს ორი ალტერნატივა:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს და განახორციელოს თანმიმდევრული, სტრატეგიული და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში სასკოლო საზოგადოების გასააქტიურებლად და მონიტორინგი განახორციელოს რესურსცენტრების ჩართულობით;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაეზარდოთ ავტონომიურობა და სკოლამ დამოუკიდებლად შეიმუშაოს საჭიროებაზე დამყარებული მექანიზმი სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდისა და დემოკრატიული მმართველობის დასამკვიდრებლად (ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, სკოლის საგანმანათლებლო ლიდერის კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი).