მზია კალაიჯიშვილი
ნინოწმინდის №2 საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი
34 წლის პედაგოგიური გამოცდილება მაქვს, აქედან 22 — არაქართულენოვან სკოლებში მუშაობის. სხვა კონსულტანტ-მასწავლებლებისაგან განსხვავებით, მე სხვაგვარად მოვხვდი ჯავახეთში: სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ დავამთავრე სოფლის მეურნეობის 3-წლიანი ტექნიკუმი (აგრონომის სპეციალობით), მერე კი უმაღლესი განათლება მივიღე ბიოლოგიის სპეციალობით. საჭიროების გამო, 2002-2003 წლებში, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში, გავიარე სრული კურსი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. ორი წელი ასპინძის რაიონში ვიმუშავე ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად.
1990 წელს ნინოწმინდის რაიონში (მაშინდელი ბოგდანოვკის) ქართული სკოლები გახსნეს და ქართული ოჯახების ჩასახლება დაიწყეს. მაშინ მე უკვე დაოჯახებული ვიყავი და ორი შვილი გვყავდა, უფროსი გოგონა იმ წელს შევიდა პირველ კლასში. ჩვენც ჩავეწერეთ მოხალისეთა სიაში და ჩაგვასახლეს ქალაქში, სკოლაშიც აქვე დავიწყე მუშაობა ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად, სადაც 10 წელი ვიმუშავე.
კარგად მახსოვს, ადგილობრივი მოსახლეობა უნდობლად იყო განწყობილი და ეს ურთიერთობებისთვის ბარიერი იყო. 90-იანი წლების სოციალურ პრობლემებს ერთვოდა აქაური ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობები (-25-30 გრადუსი ტემპერატურა, 1-1,5მ თოვლი, უწყლობა, ზოგჯერ თოვლსაც კი ვადნობდით, სასმელ წყალს კი შორიდან ვეზიდებოდით). ბევრმა ვერ გაუძლო და რამდენიმე წელში ძალიან ცოტანი დავრჩით.
ამასობაში გაგვიცნო ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელსაც ენის არცოდნის გამო უჭირდა ინტეგრაცია და კომუნიკაცია საქართველოს სხვა რეგიონებთან. ჩვენ მათთვის ხიდი ვიყავით და, საჭიროების შემთხვევაში, უანგაროდ ვეხმარებოდით. ბევრს დავუმეზობლდით, დავუმეგობრდით და თბილი ურთიერთობა დამყარდა ჩვენ შორის. კომუნიკაციას ვამყარებდით რუსულ, ცოტა ქართულ და სომხურ ენებზე. ვეცნობოდით ერთმანეთის ტრადიციებს, სამზარეულოს, კულტურას და დღეს ბევრი ახლობლად გვთვლის, ასევე ჩვენც…
90-იანი წლების ბოლოს, სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით, ამოქმედდა პროგრამები და არაქართულენოვან სკოლებში ჩამოსული პედაგოგები მუშაობდნენ. 2000 წელს, ნინოწმინდის რაიონის სოფ. დიდი ხანჩალის სკოლიდან ჩამოსული პედაგოგი სხვა სკოლაში გადავიდა და ქართულის საათები იყო ვაკანტური. იქ მუშაობის სურვილი გამიჩნდა და რეგიონის განათლების სამსახურს მივმართე, საიდანაც თანხმობა მივიღე. ასე დაიწყო ახალი პერიოდი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
დაწყებით კლასებში მქონდა საათები. მახსოვს, როგორ შემომციცინებდნენ პატარა გოგო-ბიჭები, როგორი მონდომებით სწავლობდნენ ანბანს, ლექსებსა თუ სიმღერებს. ყოველდღე 6კმ-ის გავლა მიხდებოდა ფეხით. მაშინ ზამთარში დიდი თოვლი და ქარი იცოდა. ერთხელ, პირველი სემესტრის ბოლო იყო, დილით ავდექი და მუხლებამდე თოვლია, წავედი სკოლაში, შუა გზაში ვარ და დაიწყო ქარბუქი. სკოლამდე რომ მივაღწიე, დირექტორი თვალებგაფართოებული მიყურებდა, რამ გადმოგიყვანაო? ნიშნები ხომ უნდა დამეწერა-მეთქი? სწრაფად დაწერე და წადი, ამ დროს მგლები დაძრწიანო…
ქარში, წვიმასა თუ თოვლში მართლა ხალისით და ენერგიით აღსავსე მივდიოდი გაკვეთილებზე იმიტომ, რომ იქ სიყვარულით მელოდებოდნენ. მეც იქ ვისწავლე საკომუნიკაციო სომხური.
2003 წლიდან ნინოწმინდის №2 რუსულენოვან სკოლაში გადმოვედი, რომელშიც არც ერთი რუსი მოსწავლე არ არის, მხოლოდ სომეხი ეროვნების მოსწავლეები სწავლობენ და ასევე სომეხი ეროვნების მასწავლებლები ასწავლიან. სკოლა დიდია, 300 მოსწავლეზე ნაკლები არასოდეს ყოფილა. აქ უფროს კლასებშიც მომიწია შესვლა. იყო სიძნელეები მათთან ურთიერთობისას, მაგრამ მალე გავართვი თავი ყველაფერს. ვმუშაობდი გაკვეთილებზე, ვმუშაობდი დამატებით, ვატარებდი სხვადასხვა ღონისძიებებს. ერთხელ, მე-9 კლასს ქუთაისში ექსკურსიაზე წასვლა შევთავაზე, რათა სათაფლია მეჩვენებინა, რომლის შესახებაც სახელმძღვანელოდან გაიგეს. ექსკურსია დირექტორმა დაგვიფინანსა. გეოგრაფიის მასწავლებელიც წავიყვანეთ. გზად აწყურის და სურამის ციხეებიც ვაჩვენე. ქუთაისში სათაფლია, გელათი და დავითის ტაძარიც ნახეს. კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
2020 წელს რაბათი და საფარა მოვინახულეთ. ბავშვებთან ერთად მშობლებიც წამოვიდნენ, აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს კუთხეების სილამაზით.
სამი წლის წინ ნინოწმინდაში მომუშავე კონსულტანტ-მასწავლებლებმა ერთობლივი ღონისძიება ჩავატარეთ. ჩვენი სკოლა მინი-სპექტაკლით წარდგა მოწვეული სტუმრების წინაშე. კიდევ ბევრი აქტივობის გახსენება შეიძლება, მაგრამ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ამ ყველაფერმა უკვალოდ არ ჩაიარა, მოსწავლეები საქართველოს კუთხეებით და ენის შესწავლით დაინტერესდნენ. ერთი სიტყვით, განწყობა და დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა როგორც ენის მიმართ, ასევე ჩვენი კულტურისა და ქართველების მიმართ. ბევრი სასწავლებლად თბილისში მიდის. ჩემი მოსწავლეებიდან ბევრი სწავლობდა და სწავლობს სამედიცინოზე, ეკონომიურზე, სხვა სპეციალობაზე. მიხარია, როცა მხვდებიან და ქართულად მესაუბრებიან.
ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპიადებშიც.
2016 წელს დავძლიე კომპეტენცია საგანში „ქართული, როგორც მეორე ენა“. რადგან უკვე მქონდა არაქართულ სკოლებში მუშაობის გამოცდილება, კონკურსში მონაწილეობა მივიღე და გავხდი პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“ წევრი. დავრჩი იმავე სკოლაში, ახალი სტატუსით — კონსულტანტ-მასწავლებელი. ამ პროგრამის გუნდში პროფესიონალები არიან და მათგან ბევრი ახალი რამ გავიგე და ვისწავლე, რაც პროფესიულ ზრდაში და სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში დამეხმარა.
2017 წელს წარმატებით ჩავაბარე პროფესიული უნარების გამოცდა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მომენიჭა, 2021 წელს კი — წამყვანი მასწავლებლის.
ამჟამად ჩვენი სკოლის პედაგოგებთან გავდივართ ენის კურსს. რამდენიმე მასწავლებელმა, ენის შესწავლით, პროფესიულ უნარებში 1, 4, 7 და 10 კრედიტის აღებაც მოახერხა და უფროსი მასწავლებელი გახდა, ერთი კი წამყვანია.
პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა მასწავლებლები. ვცდილობ, დისტანციურადაც საინტერესო გავხადო გაკვეთილები. ვიყენებ არსებულს და ვქმნი ახალ ელექტრონულ რესურსებს.
ძალიან მიხარია, როცა ჩემი მოსწავლეები არაქართულ გარემოში ქართულად მესაუბრებიან და მშობლებიც მადლობას მიხდიან.
ჩემს დაბადების დღეზე შევდივარ თიმს-ში და მხვდება:
არევიკ სავოიან
ჩემო საყვარელო მასწავლებელო. გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას. მინდა გისურვო ბევრი წარმატება ცხოვრებაში. ❤️❤️❤️
ანნა მღდესიან
ჩემო საუკეთესო მასწავლებელო
გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ბედნიერებას, სიხარულს. ❤️
მანანა გაბოიან
ძვირფასო მასწავლებელო! გილოცავ დაბადების დღეს. ❤️ გისურვებ ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს ცხოვრებაში და უბრალო ადამიანურ ბედნიერებას. თქვენი შრომა ფასდაუდებელია და თუნდაც ზოგჯერ რთული იყოს, იცოდეთ რომ ჩვენ გაფასებთ და პატივს გცემთ. ვაფასებთ იმას, რაც გაქვთ და რასაც აკეთებთ ჩვენთვის. დაე, ყოველი დღე მხოლოდ მხიარული ღიმილით დაიწყოს და ცხოვრებაში მხოლოდ სასიამოვნო და მხიარული მოვლენები მოხდეს. გილოცავთ დაბადების დღეს. ❤️
იმედია, მალე დაგვტოვებს პანდემია და ისევ საკლასო ოთახებს დავუბრუნდებით ხალისით და საინტერესო აქტივობებით.
ჩემთვის ასევე საინტერესო იყო ზრდასრულებთან, უფროს თაობასთან მუშაობა, 13 წლის განმავლობაში, 2008 წლიდან 2011 წლამდე — ენის სახლის და 2011-დან 2022 წლამდე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ნინოწმინდის რეგიონული სასწავლო ცენტრის ტრენერად. ბევრმა ჩემმა მსმენელმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო ენის კურსები და საჯარო სამსახურში დასაქმდნენ. ბევრი ახალგაზრდა ქალბატონი კი ქართულს შვილების დასახმარებლად სწავლობდა.
ვფიქრობ, რამდენიმე წელი კიდევ შევძლებ მონაწილეობას ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაში.