ნინო დოლენჯაშვილი
სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის №182 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ძველი უბნის იტალიურ ეზოს ახალი ბინადარი ჰყავს. სოფლიდან ჩამოსული პატარა გოგონა, რომელმაც ახლი ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულ პედაგოგიკაში. ორსართულიანი აგურის სახლის დაბზარულ კედლებს საგულდაგულოდ ჩაჰხვევია მარადმწვანე ფათალო, თითქოს საგანგებოდ ამოსული, სახლის დარღვეული სილუეტის დასაფარად, კაცის ხელით გამოყვანილ მოჩუქურთმებულ აივანს სურო-ვაზი ისე შემოხვევია, როგორც ომიდან გამარჯვებით დაბრუნებულ შვილს — გმირის დედა.
ელენე უკვე ექვსი თვეა ამ სახლის ბინადარია, ქალაქის კორიანტელს, ქაოსურ ცხოვრებას შეხიზნული. იწყება ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის, ცხოვრების ახალ ორომტრიალში ყოფნა თავისას მოითხოვს. პროფესიული განვითარების ციკლის ყველა ეტაპი გასავლელია, ციფრული ეპოქის ფეხდაფეხ სვლა — არცთუ მარტივი. საბედნიეროდ, გასაუბრებამ იღბლიანად ჩაიარა, გამოსაცდელი ვადით ელენე ქალაქის კერძო სკოლის პედაგოგი ხდება. ერთ დღეს დირექტორმა გააფრთხილა, რომ მომავალ დღეს გაკვეთილზე დაესწრებიან. სკოლის კედლები აფორიაქებულმა დატოვა და ფიქრში გართული ვერ მიხვდა, როგორ შემოეგება ყავლგასული სახლის ჩამოტეხილი კიბის საფეხურები, რომლებიც ისე უნდა აევლო, როგორც ცხოვრების აღმართები. ჩქარი ნაბიჯით მიაშურა სისხლის ფასად ნაქირავებ ოთახს, მაგიდას მიუჯდა და გეგმის წერა დაიწყო. როგორ უნდა მოაქციოს ეს ყველაფერი ერთ ჩარჩოში, უცნაურია, ცხოვრება ხომ ისე არასოდეს წარიმართება, როგორც კაცი გეგმავს, ისიც ხომ ცხადია, კაცის ნაფიქრს ღმერთი რომ დასცინის, ბევრი არგუმენტი ამოტივტივდა ელენეს ფიქრთა ნაკვანძში, მაგრამ ფორმა ყველაფერს სჭირდება, ნებისმერი არსი ხომ ფორმისა და იდეის ერთობაა, მისი ნაფიქრ-განსჯილიც შაბლონად უნდა იქცეს, რადგან ელენე უკვე ძველისა და ახლის მიჯნაზე დგას, მოთხოვნებს უნდა უპასუხოს, სხვანაირად დინებას ჩამორჩება. თემა მოფიქრებულია, ახალი თავსატეხი ჩნდება — მიზნები, აქტივობები, მისაღწევი შედეგები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ორმოცდახუთ წუთში მოთავსდეს ყველა მოსწავლის ნაფიქრ-ნააზრევი. ეს რა ჯოჯოხეთია, აქტივობების დროში გაწერა, მოსწავლეს აზრის ლაკონიურად გადმოცემა მოსთხოვო მაშინ, როცა გაკვეთილის თემა ამოუწურავია, მათ შემოქმედებითობას ბოლო არ უჩანს, წარმოუდგენელია ორმოცდახუთ წუთში მოაქციო ყველა აზრი, არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩეს და თანამედროვეობის მოთხოვნა დააკმაყოფილო ისე, რომ რომელიმე გოგონა ან ბიჭი არ აღმოჩნდეს კლასის კუთხეში, პროცესის მიღმა. ელენემ თემის სათაურზეც ბევრი იფიქრა, ახლა უკვე მოსწონს: „რამდენად შესაძლებელია ბიოლოგიური არსების ზნეობრივ არსებად გარდაქმნა წვრთნის შედეგად?“ გარდაუვალია, დროის მარწუხებში უნდა მოაქციოს ყველა აზრი.
წესრიგიც ხომ თავისუფლების მოკლებაა ერთგვარად. ცხოვრებაშიც ასეა, ყველაფერი წარმოუდგენელი, დროის სვლასთან ერთად, კანონზომიერებად იქცევა, რადგან ეს ოხერი სქემები, კაცის ხელითვე შექმნილი, ახშობს შემოქმედების დიაპაზონს. ესეც თანამედროვეობის პრობლემაა „შემოკლების შემოკლებით“ იცხოვრო, ცენტრიფუგას დაამსგავსო არსებობა, ბრახ-ბრუხ და ყველაფერი რიგზე მოგეჩვენოს, მთავარია, სქემასა და ჩარჩოს მოერგოს. მერე რა, თუ მოსწავლის ნაფიქრს განსჯის ასპარეზზე შემოაღამდა. ეს ოხერი დროის ლიმიტი, რომელიც ყველგან საქმეს აფუჭებს. ელენე თანამედროვე მასწავლებელი უნდა იყოს ინოვაციური მიდგომებით, ახლებური სტრატეგიებითა და აქტივობებით. ამიტომაც უწევს ყოველდღიურად ხეტიალი ინტერნეტგვერდებზე. მით უმეტეს, ახლა, როცა საუკეთესო გეგმა უნდა დაწეროს, სკოლის ბიუროკრატიის თვალის ასახვევად… გამოვიდა — ყველა აქტივობა მიზნის შესაბამისია, ახლა მთავარია შედეგი გაკვეთილის ბოლოს. ელენეს არ ავიწყდება, რომ გამოსაცდელი ვადით აიყვანეს, რომ „ჩარჩოსა“ და „სქემის“ გარეშე ვერ დამკვიდრდება.
როგორც იქნა, გათენდა. მძიმე ნაბიჯით ჩაიარა დრომოჭმული კიბის საფეხურები. სამაგიეროდ, ჩქარი ნაბიჯით აიარა ახლად გარემონტებული სკოლის კიბეები და ფიქრით ისევ ძველისა და ახლის გასაყარზე იდგა. რაც მთავარია, გაკვეთილი მიზნის გაცნობით დაიწყო, აუცილებლად მოსწავლეებისათვის გასაგები ენით. ზარი დაირეკა, მოსწავლეები გრძნობენ ახალბედა მასწავლებლის გულისცემას, არც აკანკალებული ხელით გამოკრული თვალსაჩინოებები ხდება შეუმჩნეველი მათი მახვილი მზერისათვის. კლასი წამიერად არმიას ემსგავსება, რომელმაც საკუთარი სარდლის ღირსება და შესაძლებლობები უნდა დაამტკიცოს. ხარისხის ჯგუფი შემოდის ელენეს გაკვეთილზე. შეფასების კრიტერიუმებს ჩაბღაუჭებული წევრები უჟმური სახეებით აკვირდებიან საგაკვეთილო პროცესს. ლაღად დადგმული მსახიობის პრემიერას ემსგავსება გაკვეთილი, კლასი აქტიურობს და მასწავლებელი გეგმას ფეხდაფეხ მიჰყვება. შებოჭილი ფიქრი ლაკონიის ჩარჩოებში ექცევა, მაგრამ სათქმელი ადრესატამდე მაინც მიდის. შეფასების რუბრიკაში ჩაკარგული დამსწრეები თავაუღებლად წერენ. კრიტერიუმების ქულებით იკინძება შესაფასებელი გაკვეთილი, უჟმური სახეები თანდათან ნათდება და ელენესაც სახე კმაყოფილებით ემოსება. პირველი ნაბიჯი გადადგმულია, დადებითად შეფასებული გაკვეთილისთვის აკანკალებული ხმით ნათქვამი სამადლობელი სკოლის კედლებში ილექება, ელენე უკვე ჰაეროვანი ნაბიჯითა და დამაჯერებელი გამომეტყველებით კლასში ბრუნდება და ოცდათხუთმეტივე მოსწავლეს ინდივიდუალურ მადლობას სწირავს ღირსეული ჯარისკაცობისთვის. პრემიერა შედგა. დღის ბოლოს ელენემ ძველი უბნის მოკირწყლული ქუჩა აიარა. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაღაც მაინც შესაცვლელი…
მეორე დღე იმაზე აქტიური და დაძაბული აღმოჩნდა. ყვავილებით მოჩითულ კაბაში ელენე განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. ჩქარი ნაბიჯით მიჰყვებოდა დერეფანს, როცა სასწავლო ნაწილის ხმა შემოესმა, სასწრაფოდ დირექტორის კაბინეტში ჩასულიყო. შეცვლილმა მიმართულებამ ელენეს ნაბიჯებიც შეანელა და დირექტორის კაბინეტის კარი მძიმედ შეაღო. სკოლის დირექტორი ახალგაზრდა მოხდენილი ქალი იყო. სავარძელში საგულდაგულოდ მოკალათებულმა ვერც კი შეამჩნია ელენეს შესვლა, რადგან აშკარად ეტყობოდა, ლეპტოპის ეკრანს მიჩერებული რაღაცას საჩქაროდ ეძებდა. საქმის მწარმოებელს მოუხმო და რამდენიმე ფაილის ამოღება მოსთხოვა. ელენეს უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ეჭირა ხელში: სადამრიგებლო პროგრამის შაბლონი, სკოლის შინაგანაწესი და სასკოლო საჭიროებების მთელი ნუსხა. ახალი ბრძანებით, დღეიდან, ელენე მე-11ა კლასის დამრიგებელი იქნებოდა. გაზრდილი მოვალეობები და ყოველდღიური თავსატეხი ელენეს პედაგოგიური მუშაობის ისტორიას თანდათან ქმნიდა. წარმატებით დაწყებული დღე დრამატულად წარიმართა. დღეს ენის გაკვეთილი უნდა ჩაეტარებინა. ერთ-ერთი მოსწავლე გამოიძახა. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა არაფერი იცოდნენ ქართული ზმნის პოლიპერსონალურობის შესახებ, პირთა შეწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ. არაქართულენოვან სკოლაში მუშაობამ ელენეს იუმორის უნარი გამოუმუშავა, რადგან ყოველდღიურად იმდენ დამახინჯებულ ფორმას ასწორებდა, შეუძლებელი იყო, იუმორსა და თამაშ-თამაშში არ აეყოლიებინა არაქართულენოვანი საზოგადოება. რეპლიკა ამ სიტუაციასაც წამოაშველა და უცებ გაიაზრა, რომ მასწავლებლის ეთიკის ნორმა დაარღვია. ელენემ არ იცოდა, რომ ამ კლასში ერთ-ერთი მოსწავლე აზერი იყო, რომელმაც მასწავლებლის რეპლიკა რასისტულ განცხადებად მიიჩნია და, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილი დატოვა. ამ შემთხვევამ ელენე შინაგანად გატეხა, თავი უკვე დირექტორის კაბინეტში წარმოიდგინა ბრალდებულის სკამზე. რას იტყოდა, რით იმართლებდა თავს იმ ეპოქაში, სადაც საგანმანათლებლო სივრცეში დემოკრატიული კომპეტენციების მხარდაჭერა მთავარი მოთხოვნაა… ცოტა ხანში ერიკი კლასში ბრუნდება და მასწავლებელს უბოდიშებს… ელენეს ახალი საფიქრალი უჩნდება, ერიკს უნდა დაელაპარაკოს გაკვეთილების შემდეგ. ერიკის ოჯახი, უკვე ოცი წელიწადია, თბილისში ცხოვრობს, სოლოლაკში. ერიკს, უკვე დიდი ხანია, კლასის კუთხეში მიუჩინეს ადგილი, არაერთხელ ყოფილა განტევების ვაცი კლასელი ბიჭების დამსახურებით. რამდენჯერ უსაყვედურია მშობლებისთვის სამშობლოს დატოვების გამო, მაგრამ მიზეზი არასოდეს დაუსახელებია. დღეს ყველაფერი უნდა გაამხილოს, ელენეს განსაკუთრებულ მზერაში ყმაწვილკაცობაში გადამდგარი ერიკი მხსნელს ხედავს. გაკვეთილების შემდეგ ყველაფერს იტყვის. ზარი ირეკება, მოსწავლეები კმაყოფილი სახეებით ტოვებენ საკლასო ოთახს იმ იმედით, რომ ახალი დამრიგებელიც ისევე გარიყავს და კლასის კუთხეში დატოვებს, როგორც აქამდე ხდებოდა. ერიკი ელენეს მძიმე ისტორიას უყვება. როგორ დასცინოდა მთელი კლასი ჯერ გვარისა და სახელის, შემდეგ გარდატეხის ასაკში გარეგნობისა და მეტყველების გამო… ყველა საკლასო შეკრებაში წრის მიღმა რჩებოდა. ეს დამახინჯებული ხატი კი აზერი ბიჭისა სომეხმა თანაკლასელმა შექმნა, რასაც მთელი კლასი ბრბოს ინსტინქტით აჰყვა.
ელენეს უფრო მნიშვნელოვანი გეგმის დასახვა მოუწევდა, ვიდრე რომელიმე გაკვეთილის გეგმა. როგორ შეცვლიდა ამ ურთიერთობას, რას ჩაწერდა ახლად გამომცხვარ სადამრიგებლო პროგრამაში. საკმარისი იქნებოდა, მხოლოდ ტრაფარეტული მოწოდებები შემწყნარებლობასა და მულტიკულტურალიზმზე? იმ დღეს ელენემ ერიკი სახლამდე მიაცილა. მეორე დღეს მასწავლებელმა გაკვეთილზე უცნაური სტრატეგია გამოიყენა მეტ-ნაკლები იმპროვიზაციით. მთელ კლასს წრე შეაკვრევინა, წრის შუაგულში სკამი მოათავსა და ერიკს სთხოვა, ჩამომჯდარიყო. კლასი ვერ ჩასწვდა მასწავლებლის ჩანაფიქრს. 45 წუთი კლასი ფეხზე იდგა, ერიკი კი სკამზე იჯდა. ელენეს მოწოდებით, ყველა მოსწავლეს უნდა აეხსნა სტრატეგიის მიზანი. რას ემსახურებოდა დამრიგებლის ეს ქმედება? გულის სიღრმეში, ალბათ, ყველა ხვდებოდა, იხტიბარს კი არც ერთი იტეხდა. მასწავლებელი შეკრული წრის დანიშნულებაზე კითხვას სვამს და სთხოვს მოსწავლეებს ინტერპრეტირებას. ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხები ერთმანეთს ჰგავს. შეკრული წრე „ერთობის“ სიმბოლოა — წამოიძახა გიორგიმ. ამ ერთობას რა არღვევს? — ისმის მეორე კითხვა? წრის შუაგულში მყოფი ერიკი — ერთხმად ისმის პასუხი. თავჩაღუნულ ერიკს თავის აწევა არ სურს. გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ ისევ კუთხეში ყოფნა სჯობდა. მასწავლებელი ყველა მოსწავლეს სთხოვს, რიგ-რიგობით ისაუბრონ იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ერიკის მიმართ ჩამოყალიბდა. ერიკი სკამზე ზის, თანაკლასელები ფეხზე დგანან. ერიკი ისმენს, თანაკლასელები საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკობენ. ბრბოდ ქცეული ერთობა საკუთარ ინსტინქტზე ალაპარაკდება და მასწავლებელიც გულწრფელ აღსარებებს ასპარეზს უთმობს. დაგეგმილი გაკვეთილისგან განსხვავებით, მათ აღსარებებს შეცდომათა აღიარების გზაზე არ შემოაღამდება. ერიკი ხვდება, თანდათან როგორ ძლიერდება შინაგანად, ჯერ თავს სწევს, შემდეგ ფეხზე დგება, შეკრულ წრეს არღვევს და სომეხი თანაკლასელის, გარის, გვერდით დგება. ელენე კმაყოფილია, საგულდაგულოდ შეკრულ წრეში ყველა ამაყია, განსაკუთრებით ერიკი. ახლა ყველა ფეხზე დგას, წელში გამართული და თავდაჯერებული. ახლა აღარც ერიკი ინატრებს გვარის შეცვლას, აღარც მშობლებს უსაყვედურებს საქართველოში ცხოვრების გამო. ახლა უკვე ცხადია, რომ საქართველო დედაა მისთვისაც და მისი თანაკლასელებისთვისაც.
რა მოხდება ხვალ? რა შეიცვლება ერიკის ცხოვრებაში? — ეს კითხვები მაინც არ ასვენებს ელენეს. ყოველი დღე, საგნის სწავლების გარდა, დაკვირვებაა მისთვის, როგორც დამრიგებლისთვის, გამოწვევაა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს პრობლემებს. ერთი მტკივნეული საკითხი ხომ უკვე მოაგვარა, კლასის კუთხეში მერხი აღარ დგას. ერიკი მარიამის გვერდით ზის ახალი საფიქრალით, მეტყველება დახვეწოს, ქართულ ზმნას პირები სწორად შეუწყოს და, მეტიც, მარიამს თავიც კი მოაწონოს. სკოლის ცხოვრება ერიკისთვის იცვლება, ახლა ყველა მისი მეგობარია, მისი დაცემული ხატი თანდათან „კარგ ბიჭად“ ყალიბდება და კლასის სასიყვარულო ისტორიაც თანდათან იქმნება. ერიკსა და მარიამს ერთმანეთი უყვარდებათ. ერიკის გარეგნობას ცვლილება ეტყობა და მისი სიტყვები გამართულ აზრებად ყალიბდება. ელენე აცნობიერებს, რომ ამ შედეგისთვის მაინც ღირდა სოფლის მყუდროებას გამოჰქცეოდა, თუმცა ის ფიქრით ისევ ძველისა და ახლის გასაყარზე დგას.
თანამედროვე მოთხოვნებს ბოლო არ უჩანს. კაცი მაშინ არის ბედნიერი, თუ შეძლებს საკუთარი ცხოვრება ისე მართოს, რუტინად არ იქცეს. მასწავლებელი მაშინ არის დაფასებული, თუ მისი ყველა გაკვეთილი სხვადასხვა რეჟისორის დადგმულ ფილმს ჰგავს. ამ ფიქრით იწერება ქალაქის ორომტრიალს შეხიზნული მასწავლებლის ისტორია, რომლის პირველივე ნაბიჯები პედაგოგიკაში შფოთვით დაიწყო. ყველაფერი ლაგდება, პროფესიული განვითარების ეტაპებიც ჩამოიტოვა, მაგრამ მაინც რაღაც მოსვენებას არ აძლევს. ერთხელ მაინც არ ახსენდება მამა-პაპის ოდა, ენგურს მიღმა რომ დატოვა? გატარებული თბილი ბავშვობა, საკუთარ სამშობლოში უსამშობლოობა? ელენე ამ ტკივილით ცხოვრობს. არავინ იცის ქალაქის სკოლაში მისი ლტოლვილობის შესახებ, იციან მხოლოდ ის, რომ სოფლიდან ჩამოსული გოგოა. ელენეს ტკივილი მარტოა, მის გულში, ისევე ჩაკეტილი, როგორიც ერიკის შემთხვევაში იყო. რომელი ღვთისნიერი გამოჩნდება მის ცხოვრებაში, რომელიც დაჰპირდება, რომ აფხაზეთი დედასაქართველოს დაუბრუნდება ისე, როგორც წრის მიღმა დარჩენილი ერიკი დაუბრუნდა კლასის ერთობას. ვინ გაუწევს ახალბედა მასწავლებელს მეგზურობას ცხოვრების ტკივილიან გზაზე? საქმეც ისაა, რომ ყველას ჩვენი მასწავლებელი გვჭირდება ყოფიერების ორომტრიალში.
ენგურს მიღმა აღარავის ახსოვს კოლბაიების ოჯახის ლამაზი შთამომავალი, სამაგიეროდ, ყველა კარგად იცნობს იტალიური ეზოს ბინადარს, ლამაზი სილუეტის მქონე ახალგაზრდა მასწავლებელს. გამოსაცდელი ვადა დაძლეულია. მე-11ა კლასი ერთ წრედ უკვე შეკრულია. ახლა ისე, როგორც არასდროს, ისე ხასხასებს ძველი აივნის ჩუქურთმებს შემოხვეული ვაზი. აივანზე გადმომდგარმა ელენემ გადახლართულ ტოტებს მზერა ჩააყოლა, მთავარი ძირის პოვნა უნდოდა. კიბის საფეხურები სწრაფად ჩაიარა, ეზოს შუაგულში წრე მოხაზა, მის შუაგულში კი დიდი კითხვის ნიშანი დასვა. ვინ იცის, რა პასუხს ელოდებოდა. მთავარი პასუხი კი, ალბათ, ნაპოვნი იყო, ვაზის მრავალრიცხოვან რტოებს ერთი ძირი ჰქონდა…
ისე, რა უცანურია ელენეს ყველა ქმედება. მისი ცხოვრება კარგი რეჟისორის დადგმულ ფილმს ჰგავს, თვითონ ელენე კი ჭკვიანურად შერჩეულ მსახიობს, რომელიც თავის როლს საუკეთესოდ ასრულებს. ვინ იცის, რას უკავშირდებოდა მისი დასმული კითხვა, პირად ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ მრავალ თავსატეხს? ვინ იცის, იქნებ ორივეს. კაცის ცხოვრებაც ხომ ასეა, ის იგებს, ვინც ბევრ კითხვას სვამს და პასუხს ეძიებს. ვისი ან რისი მისამართით იყო წრეში მოქცეული კითხვის ნიშანი? იქნებ, ამ ქმედებითაც სიმბოლურ ახსნას ითხოვდა წლების შემდეგ ელენე, როგორც სადამრიგებლო უფლება-მოვალეობის შესრულების პირველ დღეს?
იმ ღამეს კოკისპირულად იწვიმა. ვერც წვიმამ წაშალა იტალიური ეზოს შუაგულში მოხაზული წრე დიდი კითხვის ნიშნით. მეორე დღეს ელენე კმაყოფილი სახით დასცქეროდა, აივნიდან გადმომდგარი, ეზოში შეკრებილ ბავშვებს. ვინ იცის, რაზე ფიქრობდა… ან რა მინაწერს ელოდებოდა დიდ კითხვის ნიშანზე… ვინ იცის. იქნებ, ენგურს მიღმა გაზაფხულის დადგომაზეც ოცნებობდა…