ვიზუალური პროგრამირების სწავლებაზე სკოლებში, საინტერესო ვიზუალური პროგრამირების პლატფორმების დახმარებით, საუბრობენ ოლიკო კილაძე, კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნობრივი ექსპერტი და ნარგიზ კახაძე, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი.
ოლიკო კილაძე: ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ კომპიუტერული ტექნოლოგიების განახლებული სტანდარტის შესახებ და უკვე ვიცით, რომ დღევანდელი საგანი – კომპიუტერული ტექნოლოგიები – სავსებით აკმაყოფილებს 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. განახლებულ სტანდარტში განსაკუთრებული აქცენტი ეთმობა ცნებას – ალგორითმს, პროგრამული კოდის დამუშავებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ბავშვებს ვასწავლოთ პროგრამირება და ისინი, ტექნოლოგიების მომხმარებლებისგან, ტექნოლოგიების შემქმნელები გახდნენ, შექმნან სხვადასხვა ტიპის თამაშები, ანიმაციები, სმარტაპლიკაციები და განუვითარდეთ ალგორითმული, შემოქმედებითი, კრიტიკული სააზროვნო უნარები, იმუშაონ გუნდურად, განუვითარდეთ კოლაბორაცია, კომუნიკაცია და ა.შ.
რაც მთავარია, პროგრამირების სწავლა სკოლებში ძალიან საინტერესო ვიზუალური პროგრამირების პლატფორმების დახმარებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა გახლავთ სქრეჩი (scratch), რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული. სქრეჩის გარემო ძალიან მეგობრულია, მხიარული, საინტერესო. ვიზუალური ბლოკების საშუალებით ბავშვები აგებენ პროგრამულ კოდს, უფრო სწორად, წინასწარ შეიმუშავებენ ალგორითმს, შემდეგ მას პროგრამულ კოდად გადააქცევენ და ქმნიან ძალიან საინტერესო პროექტებს. ასე თამაშ-თამაშ, სახალისო გარემოში, მათ „შემოესწავლებათ“ პროგრამირების ძალიან რთული, საკმაოდ კომპლექსური პრინციპები. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის რუტინა, მათთვის საინტერესო პროცესია, რადგან, დამეთანხმებით ალბათ, ქალბატონო ნარგიზ, რომ ზოგადად, განათლებისა და ფსიქოლოგიის მკვლევრები აღნიშნავენ, თუ სასწავლო კომპონენტში თამაშით სწავლების პრინციპი და მეთოდოლოგიაა ჩადებული, მაშინ ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა იმიტომ, რომ უფრო კონცენტრირებულები ხდებიან, უფრო ადვილად აღქმადია მათთვის თუნდაც სხვადასხვა რთული საგნობრივი საკითხი. დროთა განმავლობაში, წიგნებთან და სხვადასხვა ფილმებთან ერთად, ახალგაზრდების მედიუმი გახდა კომპიუტერული თამაშები და ძალიან ბევრმა თამაშმა საგანმანათლებლო კომპონენტიც შეიძინა. მართალია, დღეს, უკვე, კომპიუტერული თამაშების დახმარებით, ბავშვები სწავლობენ უცხო ენებს, გეოგრაფიას, მათემატიკას, სხვადასხვა საგნობრივ საკითხს, მაგრამ პროგრამირება იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მათ თავად შექმნან ეს საგანმანათლებლო თამაშები, ანუ ისევ კომპიუტერულ თამაშებთან ჰქონდეთ შეხება, მაგრამ უკვე თავად იყვნენ ამ ყველაფრის შემქმნელები. როდესაც ისინი თამაშს ან ანიმაციას ქმნიან და თავიანთი დაწერილი კოდის შედეგს მაშინვე ხედავენ, ეს ძალიან უხარიათ ხოლმე, შესაბამისად, ის რუტინა (როგორ შეექმნათ ჯერ ალგორითმი, შემდეგ პროგრამულ კოდად როგორ გადაექციათ…), მათთვის აღარ არის რუტინა და ძალიან სასიამოვნო პროცესია. სწორედ ამ თემაზე გვინდა, ვისაუბროთ მე და ქალბატონმა ნარგიზმა.
მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით ინერგება ეს ცნება – ალგორითმი და პროგრამული კოდი, ზოგადად, და მუშავდება მკვიდრი წარმოდგენები, მაინც სიახლეა და გვჭირდება ამ თემაზე საუბარი როგორც ერთმანეთთან (რომ გამოცდილება გავუზიაროთ), ასევე მშობლებთან და ბავშვებთან. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი გამოცდილების მოსმენა, რადგან თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საინტერესო ინოვატორი მასწავლებელი, რომელიც მუდმივად აქტიურია, მზრუნველი და დადებითი ენერგიის მატარებელი. თან ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ამ საგნის სწავლების, ასევე, პროგრამირების კუთხითაც, რადგან თქვენ სწავლობდით, ფაქტობრივად, პირველ პროგრამულ ენებს, რაც უნივერსიტეტში ისწავლებოდა და ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ცნების – ალგორითმის და პროგრამული კოდის – შეტანა ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
ნარგიზ კახაძე: მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში პროგრამირების საკითხის შემოტანა იყო არა მხოლოდ ერთ-ერთი საკითხის დამატება, არსებულ საკითხებთან, არამედ ეს დიდი ეროვნული საქმე იყო. როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ძალიან ბევრ მოსწავლეს, როცა შეისწავლის პროგრამირებას, აქვს შანსი, მომხმარებლიდან გახდეს მწარმოებელი. რა თქმა უნდა, ყველა ის საკითხი, რომელიც პროგრამირების შემოტანამდე ისწავლებოდა სკოლაში, ძალაში დარჩა, ყველაფერი ისევ ისწავლება. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინჟინერია, ასევე საოფისე პროგრამები, ასევე ინტერნეტის შესწავლა, ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ პროგრამირების დამატება ეროვნულ სასწავლო გეგმაში ნამდვილად დროული და საჭირო იყო.
ო.კ.: ალბათ აქცენტს უფრო ადამიანურ კაპიტალზე ვაკეთებთ, რადგან პროგრამირება, დამეთანხმებით, იმის საშუალებაა, რომ ვისწავლოთ სწორად აზროვნება, სწორად ფიქრი. სტივ ჯობსის სიტყვებს ვიშველიებ ხოლმე, რომ პროგრამირება არის საუკეთესო გზა, გვასწავლოს როგორ ვიფიქროთ. ჩვენ თუ გვინდა, რომ სააზროვნო უნარებზე გავიყვანოთ ბავშვები, ამისთვის პროგრამირება საუკეთესო გამოსავალია – როდესაც სწავლობენ, იაზრებენ, რა არის ალგორითმი, თუნდაც როგორ შეიმუშაონ მოქმედებების თანმიმდევრობა რაღაც პრობლემის გადასაჭრელად, ან როგორი იყოს ოპტიმალური ალგორითმი, შემდეგ როგორ გადააქციონ ალგორითმი პროგრამულ კოდად. თუნდაც პატარა ანიმაციებზე, თამაშებზე მუშაობა მათთვის უკვე საინტერესოა იმიტომ, რომ ბევრს ფიქრობენ, გეგმავენ, შემდეგ – ამ დასახულ გეგმას გადააქცევენ ხოლმე პროგრამულ კოდად, ანუ ეს ყველაფერი საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რასაც სააზროვნო და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე გავყავართ. როდესაც ბავშვები თამაშს, ანიმაციას ან სმარტ (ჭკვიან) აპლიკაციას ქმნიან, შემოქმედებითი უნარების გარეშე ეს ყველაფერი წარმუდგენელია და მიზანი, რომელიც დავისახეთ, ფაქტობრივად, მიღწეულია.
მაინტერესებს თქვენი აზრი, code.org-ისა და scratch-ის საშუალებით ვიზუალური პროგრამირების სწავლება დაწყებით კლასებში, ალბათ, ძალიან ლოგიკური იყო, რადგან პირდაპირ კოდის წერის სწავლებით რომ დაგვეწყო, ვთქვათ, თუნდაც წერტილის ან მძიმის შეცდომით დასმის შემთხვევაში, ჩათვლიდნენ, რომ ეს საქმე არ გამოსდით და მათ მოტივაციაზე ეს ძალიან ცუდად აისახებოდა. როდესაც ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირება შემოვიტანეთ და scratch-ში და code.org-ში აკეთებენ სახალისო ანიმაციებს, როგორ ფიქრობთ, რამდენად ვითვალისწინებთ ბავშვების განვითარების ასაკობრივ თავისებურებებს და რამდენად სახალისოა მათთვის ეს პროცესი, თუნდაც school.emis.ge-ზე ჩაშენებული ინტერაქტიული სავარჯიშოები, ნაბიჯ-ნაბიჯ გაყოლა რაღაც კონკრეტულ თემაზე; რამდენად შემოიტანა ამ ყველაფერმა სიხალისე და როგორია ბავშვების მოტივაცია?
ნ.კ.: ბავშვების მოტივაცია ნამდვილად ამაღლებულია და ძალიან სახალისოა მათთვის პროგრამირების შესწავლა. code.org და scratch მთელ მსოფლიოში გავრცელებული პროგრამებია და ბავშვები, ყველგან, დიდი სიხარულით თამაშობენ და ქმნიან პროგრამებს, წერენ ვიდეოებს, თვითონ უხსნიან და აწვდიან ინფორმაციას თანატოლებს ამ პროგრამების შესახებ. ჩვენი მოსწავლეებისთვისაც ეს ძალიან საინტერესო და მამოტივირებელი აღმოჩნდა. ასაკობრივი თავისებურებები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია და ამის გარეშე შეუძლებელია. ასევე ვითვალისწინებთ მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებსაც იმიტომ, რომ მათი შესაძლებლობებიც განსხვავდება ერთმანეთისგან, ყველა ბავშვი ინდივიდია და თავისებურ ყურადღებას მოითხოვს.
school.emis.ge-ის რესურსებიც ძალიან მომწონს, ფაქტობრივად, მთელი კურიკულუმია იქ დალაგებული, შეგიძლია გაჰყვე მას და გაივლი მთელ პროგრამას, ასე ვთქვათ, ამ რესურსებით. მეც აქტიურად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რომელიც მომცა school.emis.ge-ის დახმარებით პროგრამის გავლამ.
school.emis.ge, code.org და scratch ერთმანეთთან დაკავშირებულიც არიან – school.emis.ge-ზე ამოცანები code.org-სა და scratch-ზეა მიმართული და ძალზე სახალისოდ და ორგანულად შემოდის ეს ყველაფერი, იმდენად მარტივად ხსნის პროგრამირების ეს ორი ვიზუალური გარემო ურთულეს ამოცანებს, ზოგჯერ მეც კი ვხალისობ ხოლმე. რამდენი ათეული საუკუნე დასჭირდა ადამიანს, რომ მისულიყო, მაგალითად, დიფერენციალურ აღრიცხვამდე და code.org-ის ზოგიერთ ამოცანას ისე სახალისოდ, მარტივად და თვალსაჩინოდ მიყავს მოსწავლე ამის აღქმამდე, რომ მათთვის, ვინც მომავალში ამ პროფესიას გაყვება და უმაღლესი მათემატიკის შესწავლა მოუნდება, ეს საკითხები ნამდვილად ორგანული, მარტივი გასაგები და შესასწავლი იქნება. ორივე გარემო (ვიწყებთ code.org-ით და გადავდივართ scratch-ზე), შინაარსობრივად, ძალიან კეთილი გარემოა, საინტერესო და საყვარელი პერსონაჟები არიან. მოსწავლეებს ყველაფერი მოსწონთ და თამაშ-თამაშით, ხალისით სწავლობენ ძალიან დიდ საქმეს, სწავლობენ შემოქმედებით აზროვნებას. ეს ყველაფერი არის სწავლა კეთებით და ის საკითხებიც კი, რომლებსაც სხვა საგნებში სწავლობენ, სხვა თვალით დაინახეს, სხვაგვარად შეაფასეს და გაითავისეს. ასეთი მაგალითებიც იყო, როცა ვსწავლობთ (code.org-ის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მარტივ დონეზე და scratch-ის შემთხვევაშიც), მაგალითად, კოორდინატთა სისტემას, ვთქვათ, x და y ღერძი, ბავშვებმა იციან, მაგრამ თავიდან გაკვირვებულები უყურებენ. მათ უნდა გაითვალისწინონ მთელი ეს სისტემა, თამაშის შექმნისას. თურმე საჭირო ყოფილა კიდევ ერთი რამ, სანამ კომპიუტერთან დავჯდებით, ჩვენს გონებაში უნდა გადავწყვიტოთ რთული ამოცანა, მოვიფიქროთ სიუჟეტი, შევქმნათ რაღაც ამბავი, რომელსაც აქვს დასაწყისი, განვითარება, დასასრული. ეს ნამდვილად ავითარებს შემოქმედებით უნარებს და, ამ პროგრამების საშუალებით, ისეთი სახითაა მიტანილი ბავშვებთან, რომ ისინი ამ სერიოზულ საქმეს ძალიან დიდი ხალისით და მარტივად აკეთებენ, ნამდვილად მთელი სულითა და გულით.
ო.კ.: კი, ბატონო. მე ხშირად მხვდება თქვენი კლასის ფოტოები, სხვა პედაგოგებისაც და იმდენად ბედნიერები არიან ხოლმე ბავშვები, როდესაც ამ პლატფორმებთან მუშაობენ, ისეთი აღფრთოვანებულები, რომ მათ მიერ შექმნილმა კოდმა იმუშავა და საინტერესო და სწორი შედეგი დაიდო! როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ პროცესში ისინი ბევრ საკმაოდ კომპლექსურ და მნიშვნელოვან საკითხს სწავლობენ ხოლმე…
ნ.კ.: ძალიან ღრმა საკითხები განიხილება და შეისწავლება…
ო.კ.: გეთანხმებით. შესაძლებელია, განვლილიც კი არ გვქონდეს. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, როდესაც საკოორდინატო სიბრტყე და კოორდინატები არ ჰქონიათ მათემატიკაში გავლილი, მაგრამ იმდენად მარტივად ითვისებენ, როდესაც scratch-ში გადაადგილებენ ხოლმე სპრაიტებს, რომ მათთვის იოლად გასააზრებელი ხდება.
ქალბატონო ნარგიზ, როგორც ვიცი, თქვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ინტეგრირებულ პროექტებზე. გარდა იმისა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი ხართ, მათემატიკოსიც ხართ, ფიზიკოსიც, ასეთი არაჩვეულებრივი და უნიკალური პიროვნება. რას გვეტყვით ინტეგრირებულ პროექტებზე, რამდენად მოსწონთ და რამდენად ადვილია ვიზუალური პროგრამირების ინტეგრირება სხვადასხვა საგანთან. ალბათ დამეთანხმებით, ზოგადად, კომპლექსური დავალებები (მთელი სასწავლო გეგმა ჩვენთვის ხომ ერთი კომპლექსური დავალებიდან მეორემდე სვლაა), სადაც ვიზუალური პროგრამირებაა ჩართული, ძალიან საინტერესო გამოდის ხოლმე. ხომ არ გახსენდებათ ისეთი ინტეგრირებული პროექტები, კომპლექსური დავალებები, რომელმაც კიდევ უფრო დაგაახლოვათ სხვა კოლეგებთან და ბავშვებსაც დაეხმარა სხვა საგნობრივი საკითხების მარტივად გააზრებაში და ა.შ.
ნ.კ.: კომპლექსური დავალებები ძალიან კარგადაა მორგებული პროგრამირების საკითხებზე — გავლა მარტივიდან რთულისაკენ, საფეხურებრივად და კონსტრუქტივისტული მიდგომა, თან წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით მოქმედება და, საბოლოოდ, მიღებული პროდუქტის პრეზენტაცია, ძალიან ორგანულია თვითონ პროგრამირებისთვის. კომპლექსურად შესწავლა თვითონ პრეზენტაციის პროცესის, რომელიც, საზოგადოდ, ბევრ დეტალს ითვალისწინებს და ამასაც განვიხილავთ მოსწავლეებთან, სანამ საბოლოო პრეზენტაციამდე მივიდოდეთ. რაც შეეხება ინტეგრირებულ გაკვეთილებს, ამის შესახებ ვიტყვი, რომ ძალიან საჭიროა. სამყარო ჩვენ ირგვლივ, რომლის ნაწილიც ვართ, ერთიანია, მაგრამ რთული, ამიტომ ადამიანის გონებამ ის დაყო სხვადასხვა მეცნიერებებად და შეისწავლის მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მედიცინის, ასტრონომიის, ქიმიისა და სხვადასხვა მეცნიერების კუთხით, მაგრამ, საბოლოოდ, ადამიანს სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა სჭირდება კომპლექსურად, მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის გაერთიანებულად აღქმა. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილები. პროგრამირების გამოყენება ინტეგრირებულ გაკვეთილებში ძალიან ბუნებრივად და ისეთივე ხალისით ხდება, როგორც მოსწავლეები სწავლობენ ამ პროგრამებს. საერთოდ, ყველაზე მეტი კითხვა, რაც მასწავლებლის მიმართ ისმება და არა მარტო ჩემს სკოლაში (პროგრამირების შესწავლის შემდეგ), მოსწავლეებისგან, ზოგჯერ – მშობლებისგანაც, ეს არის – ვისწავლით თუ არა მომავალ წელს პროგრამირებას, მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასებში? ალბათ მომავალში შემოვა, რადგან გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში… მეშვიდეკლასელები სულ ჩემ გვერდით არიან და ხშირად მეკითხებიან, მასწავლებელო, ერთხელ კიდევ თუ ჩაგვიტარებთ ასეთ გაკვეთილს? ასეთ ბავშვებთან ვმუშაობ პროექტებით, ინტეგრირებული გაკვეთილებით, ჩართული არიან სხვა საგნების მასწავლებლებიც და მათთან ერთად განვიხილავთ, ვქმნით სცენარებს სხვადასხვა საგანში და მერე ბავშვები ამას პროგრამულ კოდებად აქცევენ. ძალიან ვცდილობ, რომ ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები წარმოვადგინო სხვადასხვა ღონისძიებაზე…
ო.კ.: მართლაც ძალიან აქტიური ხართ, თქვენი მოსწავლეები მახსოვს მოსწავლეთა ეროვნულ კონფერენციებზე, როგორ თავდაჯერებული წარადგენდნენ საკმაოდ კომპლექსურ და რთულ პროექტებს. ასევე, თქვენი მონაწილეობა უამრავ არაფორმალურ აქტივობაში, რაც თქვენს მოსწავლეებს კიდევ დამატებით სტიმულს აძლევს. მიხარია, რომ მშობლებსაც ძალიან სწორად აწვდით ინფორმაციას, რადგან შეიძლება, ადამიანს, რომელიც არ არის ამ საქმეში ჩახედული, ეგონოს, რომ ეს ყველაფერი თამაშია, გართობა. რეალურად კი, ამის უკან მნიშვნელოვანი და მართლაც კომპლექსური საკითხები დგას.