4 დეკემბერს, წალკაში, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით – „ერთად გავიცნოთ საქართველო“, რომლის ორგანიზატორები და სპონსორები იყვნენ ოზნისა და კოხტის საჯარო სკოლები; ღონისძიების მხარდამჭერები – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამები: „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა“ და „ასწავლე საქართველოსთვის“; აგრეთვე, წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ადგილობრივი თვითმმართველობა.
ღონისძიებაში, წალკის მასშტაბით, 16 საჯარო სკოლა მონაწილეობდა: 4 – სომხურენოვანი, 12 – ქართული. პროექტის მიზანი იყო სკოლებს შორის თანამშრომლობა და დამეგობრება. თითოეულმა მონაწილე სკოლამ საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინა ისტორიით, სამზარეულოთი, ფოლკლორითა და ტრადიციებით. ღონისძიებაში „ერთად გავიცნოთ საქართველო„ მონაწილეობდნენ სომხურენოვანი სკოლები: ოზნის საჯარო სკოლამ წარმოადგინა თრიალეთი; ჩივთქილისის საჯარო სკოლამ – აფხაზეთი; კიზილკილისის საჯარო სკოლამ – კახეთი; დარაკოვის საჯარო სკოლამ – ერზრუმიდან გადმოსახლებული სომხების ყოფა-ტრადიციები.
ღონისძიებას ოზნის საჯარო სკოლიდან ხელმძღვანელობდნენ სკოლის დირექტორი, რუბენ ანესიან და კონსულტანტ-მასწავლებლები: ზამირა კობიაშვილი და მირანდა იაკობიძე, ხოლო კოხტის საჯარო სკოლიდან – დირექტორი ნადიმ ხოზრევანიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ჩოგაძე.
ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საქართველოს კუთხეების წარდგენა, მათი გაფორმება, დამახასიათებელი ფოლკლორი – ცეკვა, ლექსი, სიმღერა ან თავისუფალი თემა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის ქულათა ყველაზე მეტი რაოდენობა კოხტის საჯარო სკოლის (დირექტორი – ნადიმ ხოზრევანიძე) გუნდმა დააგროვა და გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა; სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სკოლები საქართველოს ისტორიის წიგნებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილე სკოლას ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცა.
გამარჯვებული კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლები კი, კოხტისა და ოზნის საჯარო სკოლის ერთობლივი დაფინანსებით, წავლენ ექსკურსიაზე. მათთან ერთად, ექსკურსიაზე წავა მეგობარი – ოზნის საჯარო სკოლაც.
მირანდა იაკობიძე
ოზნის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი