24 ნოემბერი, კვირა, 2024

ელექტრონული ჟურნალი როგორც საშუალება და არა მიზანი – რა ხარვეზები ახლავს ელექტრონული ჟურნალის წარმოებას

spot_img
ბოლო პერიოდში, მასწავლებლებში, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ელექტრონულ ჟურნალში ნიშნების ასახვის პროცესმა, ბევრი პედაგოგი ჩივის, რომ ცვლილებების შეტანა უჭირს, რადგან დროულად არ ხდება ჩასწორება და რომ საშობაო არდადეგები მასწავლებელთა ნაწილმა სწორედ ელექტრონულ ჟურნალთან „ჭიდილში“ გაატარა. ელექტრონული ჟურნალის წარმოებამ რომ მასწავლებლებისთვის სირთულეები შექმნა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის შეტანის ვადა უკვე მეორედ გადავადდა და 12 იანვრიდან 15 იანვრამდე გახანგრძლივდა. რეალურად, რატომ გაუჩნდათ მასწავლებლებს ასეთი პრობლემები და რა ხარვეზები ახლავს ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, ამის შესახებ გვესაუბრება საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნინო ეფხოშვილი.

– ქალბატონო ნინო, რა გახდა ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის შეატანის ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივების მიზეზი?

– პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ელექტრონული ჟურნალის დანერგვა საპილოტე რეჟიმში დაიწყო და, აქედან გამომდინარე, გარკვეული ხარვეზების მოლოდინი გვქონდა. თუმცა ხარვეზი, ნიშნებთან და ინფორმაციის შეტანასთან დაკავშირებით, არ ყოფილა იმის გარდა, რაც ონლაინ და ოფლაინ გაკვეთილების გადანაწილებამ გამოიწვია – როდესაც საგაკვეთილო ბადე შედგა, ტექნიკურად სხვადასხვა კლასები დაკომპლექტდა. ცდომილების ტექნიკურად ასახვა იმიტომ ვერ მოვასწარით, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესი პანდემიამ დააჩქარა, ტექნიკურად კი, შეიძლება ითქვას, ამისთვის მზად არ ვიყავით. სხვა ტექნიკური ხარვეზი არ არის. ერთადერთი შეიძლება განვიხილოთ კონკრეტული მასწავლებლების შემთხვევები. თუმცა, ახლა რაც ხდება და ჩვენ რა ქეისებიც გავიარეთ, ეს ყველაფერი გამოსაკვლევად გადავეცით ტექნიკურ ჯგუფს. აქაც ძირითადი პრობლემა ის არის, რომ სკოლები არ ავსებდნენ ინფორმაციას ნაბიჯ-ნაბიჯ და წლის ბოლოს დაიწყეს მონაცემების შეტანა, განსაკუთრებით გუშინ, 12 იანვარს, ბოლო დღეს იყო ძალიან დიდი აქტივობა ამ მიმართულებით. ამის გარდა, ხშირია შემთხვევები, როცა ისქულში არასწორი მონაცემები აქვთ შეტანილი, რაც თავისთავად ქმნის პრობლემებს. მექანიკური შეცდომებია დაშვებული, მაგალითად, კონკრეტული მოსწავლის მონაცემები შეიძლება ფრანგულ ჯგუფში იყოს შეყვანილი მაშინ, როცა ის ინგლისურს სწავლობს. შესაბამისად, თუ ისქულში მონაცემები სწორად არ არის ასახული, ჟურნალში მისი გადატანა ვერ მოხდება. გარკვეულწილად, ძირითადად, ასეთმა დეტალებმა გამოიწვია პროცესის გახანგრძლივება. ამიტომ, რადგან ჟურნალის პილოტირების პირველი სემესტრი იყო, მათ მივეცით იმის საშუალება, რომ 15 იანვრამდე გაეგრძელებინათ ნიშნების შეტანა.

– გამოდის, რომ რეალურად ეს შეფერხებები მექნიკურად დაშვებული  შეცდომებითაა გამოიწვეული და არა მასწავლებლების მხრიდან ინფორმაციისა და ნიშნების დროულად არშეტანით ელექტრონულ ჟურნალში.

– გარკვეული ხარვეზები, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია, თუმცა, იყო ტექნიკური ხარვეზებიც, რომელზეც აქამდეც ვმუშაობდით და ახლაც ვმუშაობთ. ამიტომაც ვამბობ, რომ მსგავსი პრობლემის გაჩენის მოლოდინი გვქონდა. გაუთვალისწინებელი ხარვეზები ტექნიკურ ნაწილში არ ყოფილა და, საბოლოო ჯამში, ძირითადი პრობლემა მაინც ტექნიკურ და მომხმარებლის მხრიდან დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება.

– მასწავლებლები წერენ და საუბრობენ იმის შესახებაც, რომ სისტემურად ძველი ელექტრონული ჟურნალი სჯობდა – ცვლილებას შეიტანდი და უპრობლემოდ ცვლიდა, გადატვირთავდი და ცვლილება აისახებოდა, მაშინვე სწორდებოდა. თუმცა, ამბობენ, რომ მასაც ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ არა ასეთი, როცა მთელი კვირის განმავლობაში ელოდებიან როდის გასწორდება ნიშანი.

– ნიშნის გასწორების მოლოდინი მთელი კვირის განმავლობაში არ უწევთ, ერთადერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როცა სკოლებმა ისქულში მეორე სემესტრის მონაცემები ასახეს და სკოლების ნაწილთან ტექნიკურად მიმდინარეობდა ამის გადაწყობა, ამ პროცესმა გამოიწვია ეს ლოდინი. სხვა მხრივ კი, ყველა თუ არა, პრობლემების, 90 პროცენტი მაინც გამოწვეული იყო იმით, რომ ან შემაჯამებელი იყო ჩანიშნული, ან ნიშანი ეწერათ არასწორად და ეს, რა თქმა უნდა,  ტექნიკურ ხარვეზად ვერ ჩაითვლება.

– მასწავლებლების ნაწილი იმასაც ჩივის, თუ „რატომ ვაქციეთ ეს მართლაც სასარგებლო ინსტრუმენტი მიზნად და არა საშუალებად?!“ როგორ ფიქრობთ, ძალიან დიდი დატვირთვა ხომ არ მიენიჭა ელექტრონული ჟურნალის წარმოებას, რომელმაც საკმაოდ დიდი დრო და შრომა მოითხოვა მასწავლებლებისგან და კიდევ უფრო მეტად გაურთულა ისედაც რთული სასწავლო პროცესი  – მასწავლებლები მთელი თვის განმავლობაში ფოკუსირებული იყვნენ ნიშნების დაწერაზე. მით უფრო, როცა მათი ნაწილის აზრით, ნიშნების დაწერა, ზოგადად, არაფრის მომცემია.

– განმსაზღვრელი შეფასების როლსა და ფუნქციაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩვენ უფრო ტექნიკურ მხარეს წარვმართავთ, მაგრამ რაც შეეხება ელექტრონული ჟურნალის დანერგვას და ამაში დროის დიდი რესურსის ჩადებას როგორც მასწავლებლების, ისე ჩვენი მხრიდან, ეს არსებულმა ეპიდვითარებამ გამოიწვია – მოსწავლეებისთვის უნდა დაეწერათ როგორც განმსაზღვრელი შეფასება, ასევე უნდა შეეტანათ ინფორმაცია მათი დასწრების შესახებ. შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ყველა პუნქტის ასახვაა აუცილებელი როგორც დასწრების, ისე დისტანციური სწავლების შემთხვევაში. ამიტომ გახდა აუცილებელი ელექტრონული ჟურნალის დანერგვა. თუმცა, ცხადია, ჩვენი მიზანი არ ყოფილა ამით მასწავლებლებისთვის ონლაინ სწავლების პროცესის კიდევ უფრო გართულება და ამ გამოწვევასთან ერთად, კიდევ ერთი გამოწვევის დამატება. უბრალოდ, სასწავლო პროცესი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში უნდა წარიმართოს, რაც მოსწავლეებისთვის დასწრებისა და განმსაზღვრელი შეფასებების დაწერას მოიცავს.

– ახლა განმავითარებელი შეფასების ასახვა შეუძლებელია, შევა თუ არა მომავალი წლიდან განმავითარებელი შეფასება ელექტრონულ ჟურნალში?

– დიახ, ეს ინფორმაციაც ელექტრონულ ჟურნალში აისახება და ჟურნალს, მეორე სემესტრის პირველ ნახევარში, აღნიშნული ფუნქციონალი დაემატება, შესაბამისად, მასწავლებლები განმავითარებელი შეფასების შეტანასაც შეძლებენ  ელექტრონულ ჟურნალში. ამ ეტაპზე კი, მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასების შეტანაა შესაძლებელი.

– ქალბატონო ნინო, მასწავლებლები იმაზეც ჩივიან, რომ მათ, რეალურად, სამი ჟურნალის წარმოება მოუწიათ: პირადი, ჩვეულებრივი/ მატერიალური და ელექტრონული. ამანაც გამოიწვია ზედმეტი  დროის ხარჯვა და დამატებითი შრომა. როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან, მასწავლებლებს მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის წარმოება მოუწევთ.

– ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პროცესში, პარალელურად, მატერიალური ჟურნალის წარმოება იმიტომ გახდა სავალდებულო, რომ სადღაც უნდა ჩაენიშნათ მოსწავლეთა ნიშნები, თავიდან რომ აეცილებინათ ნიშნების დაკარგვა, თუნდაც ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, განსაკუთრებით ეს აუცილებელია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებისთვისაც ჟურნალის ელექტრონულად წარმოება გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, რაღაც მექანიზმი უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევისთვის, თუ ელექტრონული ჟურნალის წარმოება ვერ მოხდებოდა  ტექნიკური ხარვეზის გამო, ადამიანური თვალსაზრისით თუ სხვა მიზეზთა გამო ან იმავე მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ინტერნეტი არ აქვთ, შესაბამისად, მოსწავლის შესაფასებლად რაიმე ბერკეტი უნდა არსებობდეს. ამიტომაც არის გარდამავალი ეტაპი მნიშვნელოვანი, თუმცა, ამან მასწავლებლების ორმაგი შრომა განაპირობა.

– რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ 15-მდე არ დასრულდება პროცესი და ინფორმაცია სრულფასოვნად ვერ აისახება ყველა ელექტრონულ ჟურნალში? ემისი ისევ გადაავადებს თარიღს?

– გადავადება მეტი აღარ მოხდება. დაახლოებით, 300-მდე სკოლაა დარჩენილი, ვისაც ინფორმაცია არ აქვთ შეტანილი ელექტრონულ ჟურნალში, ძირითადად, მაღალმთიანი რეგიონების და ის სკოლები, სადაც სწავლა ონლაინ არ მიმდინარეობდა. როგორც გითხარით, გადავადება არ მოხდება, თუმცა, სამინისტრო განიხილავს, გარკვეულწილად, მატერიალური ჟურნალის წარმოების დაშვებას, მხოლოდ პირველი სემესტრის ფარგლებში, ანუ ვისაც ელექტრონულ ჟურნალში არ ექნება შეტანილი ინფორმაცია, სამინისტრო გარკვეული სახის შეღავათებს დაუშვებს. იანვრიდან კი, ისევ გაგრძელდება ჟურნალის საპილოტე რეჟიმში დანერგვა, შემდეგი სასწავლო წლიდან კი სკოლები მხოლოდ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე გადავლენ.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები