საქართველოს ისტორიის დროის ათვლა15 წლის მოზარდებმა – 🔗ნიკოლოზ სირბილაძემ, 🔗ნიკოლოზ ხაბელაშვილმა და 🔗გიორგი კახიანმა – Georgian Liberty-ს პლატფორმაზე, 1801 წლიდან დაიწყეს და მათ ინტერესში საქართველოს ოკუპაციის მძიმე პერიოდი მოექცა, 2008 წლამდე. რა გახდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ომის დაწყების მიზეზი და რატომ არის ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული რუსეთის მიერ? – ამ კითხვებზე პასუხებს, მოზარდების მიერ მოძიებული და ორენოვან (ქართულ/ინგლისურ) პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციით არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მომხმარებელიც იპოვის. ლეგიტიმური, ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული მასალა განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ამ თაობისთვის იძენს. პროექტის ავტორებისთვის, ეს პლატფორმა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ერთგვარ ფორმადაც კი იქცა.
როგორ გაჩნდა ოკუპაციის თემაზე პლატფორმის შექმნის იდეა, ამაზე მოზარდები თავად საუბრობენ.
ნიკუშა სირბილაძე, ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე: „ზოგადად, ჩემს ოჯახში ოკუპაცია ძალიან აქტუალური თემაა და რადგან ბავშვობიდან მქონდა გარკვეული ინფორმაცია ამის შესახებ, შემდეგ უფრო და უფრო გამიძლიერდა ინტერესი. ძალიან პატარა ვიყავი, როცა 2008 წლის ომი მოხდა. ბავშვობიდან მოყოლებული, სულ მინდოდა სოხუმში ჩასვლა, შემდეგ უკვე ცხინვალში ჩასვლა. რაც შეეხება იდეას, სრულიად სპონტანურად მოგვივიდა – რაღაც კონკრეტულმა ინფორმაციამ დაგვაინტერესა ამ თემაზე და ვერსად ვიპოვეთ ერთად თავმოყრილი. სწორედ ამის შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობრებს, გიორგის და ნიკას და ერთობლივად გადავწყვიტეთ პლატფორმის გაკეთება. ეს არ იყო ზერელე გადაწყვეტილება, რადგან რეალურად ავწონ-დავწონეთ ვითარება და მივხვდით, რომ რომელიმე ჩვენი თანატოლი ოკუპაციის თემით თუ დაინტერესდებოდა, ვერც ის შეძლებდა სწორი ინფორმაციის მიღებას, ყოველ შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალ, ობიექტურ ინფორმაციას, ერთად თავმოყრილს, ნამდვილად ვერ იპოვიდა. ასე გაბნეული ინფორმაციის მოძიებას კი, ამ ასაკში, ალბათ, არავინ დაიწყებს. არც ჩვენ დავიწყებდით, ამ საკითხით დიდი დოზით რომ არ დავინტერესებულიყავით. სქელტანიანი „ესეები“ უხვადაა ინტერნეტში, მაგრამ, როგორც გითხარით, მიმოფანტულია.
შევუდექით ინფორმაციის შეგროვებას. რა თქმა უნდა, დაგვეხმარნენ ისტორიკოსები, რამდენიმე წიგნიც გამოვიყენეთ საყრდენ წყაროდ, ძირითადი კონტენტი ამოვკრიბეთ, ინტერვიუებიც ჩავწერეთ. პლატფორმის გაშვების შემდეგაც, ძალიან ბევრი გზავნილი მივიღეთ მკითხველებისგან, რომლებიც შესწორებებს გვწერდნენ. ბევრი რამ გავითვალისწინეთ და ჩავასწორეთ კიდეც. ცხადია, ხარვეზები იყო, პლატფორმა ძალიან მოკლე დროში მომზადდა, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ინფორმაციის განახლებაზეც და შესწორებებზეც.
ჩვენს საიტზე ისტორიის ათვლა 1801 წლიდან იწყება და 2008 წლამდე გრძელდება. ყელაზე მეტი მკითხველი მაინც აფხაზეთის ომს, 1992 და 2008 წლების ქართულ-რუსულ კონფლიქტებს ჰყავდა. ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ საზოგადოების მხრიდან ასეთი დიდი ინტერესი და ჩართულობა მოჰყვა. პლატფორმა ინტერესის ობიექტია როგორც ბავშვებსა და მოზარდებში, ისე დიდებშიც. ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, ძირითადად, პოზიტიურად.“
გიორგი კახიანი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეათე კლასის მოსწავლე: „როდესაც შევამჩნიეთ, რომ არ იყო არცერთი წყარო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ, ზოგადად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას აერთიანებდა, გადავწყვიტეთ ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნა, სადაც მომხმარებლისთვის ოკუპაციის თემაზე ერთად თავმოყრილი და ადვილად აღსაქმელი ინფორმაცია იქნებოდა განთავსებული. ამის საჭიროება რეალურად არის, რადგან წყაროები გაფანტულია და, ხშირ შემთხვევაში, არც არის ობიექტური და სწორი ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტ სივრცეში, ამ საკითხთან დაკავშირებით, მეტ-ნაკლებად, ინფორმაციული დეფიციტიც კია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ, ეს დეფიციტი, მაგალითად, ტექსტური ინფორმაციით, რომელიც ვეტერანებთან, იმ დროის პოლიტიკოსებთან ან პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებთან და კონფლიქტოლოგებთან, ასევე, დაზარალებულ პირებთან ინტერვიუებით შეგვევსო — ეს უკეთ დაანახებდა ხალხს, თუ რისი გადატანა მოუხდა ქვეყანას ომის პერიოდში.
რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიური თემაა ყველა ჩვენგანისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა — რუსეთი მუდმივად ცდილობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას და საქართველოს ტერიტორიის უფრო და უფრო მეტი ნაწილის მისი დაქვემდებარების ქვეშ მოქცევას. ცხადია, ცივილიზებული სამყარო ამ საკითხს სხვაგვარად უდგება, ევროპული ქვეყნები და ამერიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ნაწილი საქართველოს იურისდიქციის ქვეშ უნდა იყოს. რაც მთავარია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსა და ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას შორის აუცილებლად კეთილგანწყობილი ურთიერთობა უნდა იყოს, რუსეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, მათი ჩარევის გარეშე.“
ნიკა ხაბელაშვილი, ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე: „პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ეს თემა მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიურია და ალბათ, ნებისმიერი მოქალაქისთვის ძალიან ემოციურიც. ოკუპაციის თემის შესწავლა პირადი ინტერესიდან გამომდინარე დავიწყეთ და როგორც ჩემმა მეგობრებმა თქვეს, აღმოვაჩინეთ, რომ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა ამ კუთხით, ძირითადად, გაფანტული ინფორმაციაა და ვერც კი მიხვდები რეალურად რომელს უნდა ენდო, რთულად გასააზრებელია. ვიფიქრეთ, თუ ჩვენთვის ასეთი რთულია ამ თემაზე სანდო და თან ერთად თავმოყრილი ინფორმაციის მოპოვება, ასეთივე რთული იქნებოდა ნებისმიერი მოზარდისთვის და მეტიც, ჩვენი თანატოლების უმეტესობა, შეიძლება ამით აღარც დაინტერესდეს. ამიტომ მოგვივიდა აზრი, რომ შეგვექმნა ერთგვარი პლატფორმა, სადაც ერთად თავმოყრილი ინფორმაცია განთავსდებოდა, მარტივად მისაწვდომი და რაც მთავარია, აუცილებლად ობიექტური, ისტორიული წყაროებით განმტკიცებული, ყოველგვარი პროპაგანდისგან თავისუფალი.“
გიორგი გვიყვება, რომ ერთმანეთი, დაახლოებით, მეორე კლასში გაიცნეს, ნიუტონის სკოლაში, შემდეგ მან სწავლა ამერიკულ აკადემიაში გააგრძელა, მეგობრები კი დღემდე ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლობენ. თუმცა, მათი მეგობრობა გრძელდება და საფიქრალიც ხშირად ერთი აქვთ, სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ. ყველაზე რეზონანსული და ყველაზე მნიშვნლოვანი მაინც ოკუპაციის პროექტი აღმოჩნდა, რომელსაც დიდი დრო და ენერგია დაუთმეს.
„რეალურად, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტის ფუნქციონირება ორ მიზანს ემსახურება: პირველი – ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ცნობადობის ამაღლებას. არ უნდა დავუშვათ, რომ თემამ აქტუალობა დაკარგოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს და პრობლემის მიმართ რეზისტენტულობაც შესაბამისი იყოს; მეორე – გლობალურ მასშტაბზე გათვლა, რომ ადამიანებმა საქართველოს ფარგლებს გარეთაც მიიღონ ობიექტური და სწორი ინფორმაცია რუსული ოკუპაციის შესახებ, რომელიც ისტორიულ ფაქტებს ეფუძნება და არ იცავს არც ერთ მხარეს. ხშირად ვეჯახებით რუსული პროპაგანდის პრობლემას, რუსეთი მუდმივად ცდილობს, იმართლოს თავი, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ობიექტური ინფორმაციით შეგვიძლია დავუპირისპირდეთ მის მცდელობებს,“ – ამბობს გიორგი.
რატომ ახლა, 15 წლის ასაკში, ასეთ სერიოზულ თემასთან შეჭიდება? – სამივე მოზარდის სათქმელი ერთია — ახლა იმიტომ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ამჟამად ოკუპაცია მიაჩნიათ და მათმა თაობამ უნდა შეცვალოს არსებული რეალობა. წლები გავა, ისინიც გაიზრდებიან და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დიდი ნაწილიც, ნელ-ნელა, ახალი თაობის ხელში გადავა. შესაბამისად, თუ ეს თაობა არ იქნება სწორად ინფორმირებული ოკუპაციასთან დაკავშირებით, არ ექნება კარგად გაცნობიერებული და გულთან ახლოს მიტანილი ეს მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინ მათთვის აქტუალობას დაკარგავს ოკუპაციაც და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაც. „შესაბამისად, ჩვენ არ გვინდა დავუშვათ ეს და ამიტომ ვუწყობთ ხელს ამ საკითხის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. არაფრით არ უნდა დავუშვათ, რომ დროის ფაქტორმა შეარბილოს ოკუპაციის სიმძაფრე, — ამბობს გიორგი კახიანი, — ახალგაზრდებმა, პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლისას, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა, ფიქრი და მუშაობა უნდა გააგრძელონ. იმისათვის კი, რომ საკითხი მუდმივად აქტუალური იყოს, აუცილებელია ნებისმიერ ასაკში (ცხადია, ასაკის შესაბამისად) რაღაცის კეთება. ამ პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის — არ დავუშვათ ამ საკითხის გაქრობა პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ახლა 15 წლის ვართ, ათი წლის შემდეგ უკვე 25-ის ვიქნებით, შესაბამისად, ნელ-ნელა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიც ჩვენს ხელში გადმოვა“.
ნიკა ხაბელაშვილი: „დიდი ალბათობით, ეს კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და სწორედ ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, ვინც პროცესებში ჩაერთვება და ამ ყველაფერს მოაგვარებს. რეალურად, პრობლემას იმაშიც ვხედავთ, რომ სკოლაში ამ თემაზე, დღემდე, არაფერი გაგვივლია, ჩვენ თვითონ გაგვიჩნდა ინტერესი, ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე — გახსოვს 2008 წლის ომი??? სინამდვილეში არაფერი გვახსოვს, რადგან მაშინ 2 წლისანი ვიყავით, უფროსებისგან მონაყოლი ამბები კი ნამდვილად გვახსოვს.
ვფიქრობთ, ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაცაა, იცოდეს საკუთარი ქვეყნის უახლესი ისტორია. ჩვენ, ზოგადად, ისტორიის მოყვარულები ვართ, მაგრამ ყველა ხომ ასე არ არის. რაც შეეხება ასაკს, მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხარ, შენი ქვეყნის ისტორია შენი ცხოვრების თანმდევია ადრეული ასაკიდანვე, ამიტომ, უმჯობესია, პატარაობიდანვე იცოდე (თავისთავად, ასაკის შესაბამისი) რა ხდებოდა შენს ქვეყანაში, თუნდაც იმ საუკუნეში, რომელშიც ცხოვრობ. ჩვენ თუ დავინტერესდით, სხვები რატომ არ დაინტერესდებიან ამ ასაკში?!“
პლატფორმა მუდმივად განახლებადი იქნება. ნიკუშა სირბილაძე ამბობს, რომ საიტის ახალ ვერსიაზეც მუშაობენ, ბევრად უფრო დახვეწილი რომ იყოს. ამის გარდა, რამდენიმე საკმაოდ სერიოზულ კომპანიასთან თანამშრომლობენ, იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაში, ბავშვებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ ომის ვეტერანებიც ჩაერთვებიან. მოზარდებს ბევრი აქტივობა აქვთ დაგეგმილი, რასაც სპონსორებთან და მხარდამჭერებთან ერთად განახორციელებენ.
ბუნებრივია, პროექტზე მუშაობისას, ძალიან ბევრი ახალი ინფორმაციის მოძიება და გააზრება მოუწიათ, უფრო ახლოდან შეხედეს საქართველოს ისტორიის ამ რთულ მონაკვეთს, რაც მათთვის, თავისთავად, ემოციურადაც დატვირთული აღმოჩნდა, როგორც ამბობენ, იმაზე მეტად, ვიდრე წარმოედგინათ. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი, საქართველოს ოკუპაციის თემასთან მიახლოებისას, მათთვის ამ პროცესებში უშუალოდ ჩართულ ადამიანებთან კონტაქტი აღმოჩნდა: „რა თქმა უნდა, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც იმ ადამიანებთან კონტაქტი იყო, ვინც ჩართული იყვნენ პროცესებში, ვგულისხმობ ომის ვეტერანებს, ომისგან დაზარალებულ ადამიანებს, მათ, ვისაც უშუალოდ შეეხო ოკუპაცია. ძალიან მძიმე იყო იმ ადამიანების ისტორიების მოსმენა, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ომის სისასტიკე. ურთულესი მოსასმენია, თუ როგორ გადმოსცემენ ამ ყველაფერს და თან ხედავ მათ თვალებში აღბეჭდილ მძიმე რეალობას. ეს სამივეს შეგვეხო, რამაც კიდევ უფრო გაგვიძლიერა სურვილი, რაც შეიძლება დიდი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხთან მიმართებაში,“ – გვითხრა გიორგი კახიანმა.
ნიკუშა სირბილაძისთვისაც ყველაზე ძლიერი შთაბეჭილება ომგამოვლილი ადამიანების მონათხრობია, ამბობს, რომ ემოციის გარეშე ვერ ისმენს ისტორიებს, რომელიც ამ ადამიანებმა გამოიარეს. „როდესაც იაზრებ და უყურებ ადამიანს, რომელსაც რეალურად გადახდა თავს ეს ყველაფერი, ურთულესია. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ და საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილი ჩვენი პროექტის მიმართ. ჩვენი სურვილია, უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ, ჩავწეროთ, ჯერჯერობით მარტო ერთი ინტერვიუ დევს, რამდენიმეს ახლა ვამონტაჟებთ“.
ნიკა ხაბელაშვილი: „ყველაზე შთამბეჭდავი ჩვმთვისაც იმ ადამიანებთან შეხვედრები აღმოჩნდა, ვისაც უშუალოდ აქვს გარკვეული გამოცდილება ამ კონფლიქტებში მონაწილეობის. რეალურად, უფრო მეტი ახალი ინფორმაცია სწორედ მათგან შევიტყვეთ, ვიდრე წყაროებზე მუშაობისას, რადგან მათგან მონაყოლი იყო პირდაპირ გადმოცემული გამოცდილება, რამაც საერთოდ შეგვიცვალა პერსპექტივა ამ საკითხთან დაკავშირებით. ისეთ ამბებს გვიყვებოდნენ ინტერვიუერები – ომის ვეტერანები, კონფლიქტოლოგები თუ პოლიტიკოსები, რომ პირადად მე წარმოდგენაც კი არ მქონდა ბევრ რამეზე. მაგალითად, თუნდაც იმაზე, რომელი სოფლები დაიბომბა, რა იარაღი იყო გამოყენებული, როგორ განვითარდა შემდგომ მოვლენები და რამხელა წვლილი შეიტანა ხალხმა ამ ყველაფრის გამოსწორებაში.“
სად ხედავენ თავიანთ მომავალს 15 წლის მოზარდები, რომლებმაც ოკუპაციის თემა ისე შემოიტანეს თაობაში, თითქოს, მათი ასაკისთვის ისეთივე ჩვეულია, როგორც თავგადასავლებით გაჯერებული ყოველდღიურობა. ჩემი რესპონდენტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევენ, თუმცა, ნიკუშა სირბილაძისთვის ერთი რამ ნათელია — რადგან ძალიან აინტერესებს ციფრული სამყარო (ეს საიტიც მთლიანად მისი გამართულია), დარწმუნებულია, რომ აუცილებლად ციფრულ სფეროში დასაქმდება; გიორგი კახიანი ფიქრობს, მომავალი საქმიანობა ეკონომიკის მიმართულებას დაუკავშიროს, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, რომ შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით წავიდეს; ნიკა ხაბელაშვილი უფრო სტარტაპებისკენ იხრება, თუმცა, მომავალი პროფესია ჯერ არც მას აქვს არჩეული: „ჩემი მომავალი პროფესია არა მგონია, მაინცდამაინც, ამ ყველაფერთან იყოს კავშირში, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ეს იქნება პროექტი, რომელსაც მუდმივად ექნება თავისი ადგილი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ამ თემაზე მუშაობას გავაგრძელებთ. ამისთვის დრო ყოველთვის უნდა გამოვყოთ.“
შეიძლება მომავალში სამივე მოზარდმა შეცვალოს პროფესიული არჩევანი, თუმცა, რა პროფესიაშიც უნდა იყვნენ, უცვლელი დარჩება ერთი რამ და ეს ოკუპაციის თემაა, რომელიც ამ ასაკიდანვე მძაფრად შეიჭრა მათ ცნობიერებაში. პროექტის საბოლოო მიზნამდე სვლამ – ყველა ასაკში აქტუალური გახადონ ოკუპაციის თემა – საკმაოდ კარგი სტარტი აიღო.
კონფლიქტურ სიტუაციას და დაპირისპირებას, იმ განწყობას, რაც დღეს არსებობს თუნდაც აფხაზ ხალხში, მათი აზრით, სწორედ იმ ნეგატიური გავლენის შედეგად ვიღებთ, რომელსაც ოკუპანტი ახდენს. ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა, ინფორმაციული ომი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მათი პოზიცია კი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც პლატფორმის შემქმნელების, არ გამოხატავს რომელიმე ერთი მხარის პოზიციას — „ჩათვალეთ, რომ გვერდიდან ვდგავართ და გიყვებით, ამ დროს და აქ ეს მოხდა, რადგან საიტის მთავარი მიზანი რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოწოდებაა ოკუპაციის შესახებ.“ რაც მთავარია, მათ კარგად აქვთ გააზრებული, რამდენად საფრთხილო თემაა და რომ არანაირი შეცდომა საპატიო არ არის.
ლალი ჯელაძე