14 ნოემბერს წიგნის მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაული – თბილისის წიგნის დღეეები – იწყება, რომელსაც, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას XI პავილიონი უმასპინძლებს.
16 ნოემბრის ჩათვლით, მკითხველებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა წამყვანი გამომცემლობა, დიდი ფასდაკლებებით, ჩვეული სიახლეებითა და სხვა მრავალი სიურპრიზით ელოდება. მათ შორისაა გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელიც 31 წელია მკითხველს ანებივრებს მსოფლიო ბესტსელერებად ქცეული წიგნების ბრწყინვალე თარგმანებით, თანამედროვე ქართველი ავტორების პროზაული და პოეტური კრებულებით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის საყვარელი წიგნებით, მასწავლებლებს კი, მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით საჭირო გამოცემებს სთავაზობს.
არჩევანის გასამარტივებლად, ამ სტატიაში გაგაცნობთ გამომცემლობა „ინტელექტის“ რამდენიმე გამოცემას, რომლებიც მასწავლებლებს სწავლების პროცესში დიდ დახმარებას გაუწევთ.
„ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევა და მასთან გამკლავების გზები“
ნათია გაბედავა, სოფიო ვიბლიანი, შორენა მამუკაძე, მარიამ უგუზაშვილი
თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრისა და გამომცემლობა „ინტელექტის“ თანამშრომლობით, გამოიცა წიგნი, რომელიც, პირველ ყოვლისა, განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ დისლექსია, ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევა. „ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევა და მასთან გამკლავების გზები“ ასევე განკუთვნილია მშობლებისა და პედაგოგებისათვის, რადგან მოცემული სავარჯიშოებისა და სტრატეგიების დახმარებით შეძლებენ უფრო კომფორტული და სახალისო გახადონ წერა-კითხვის ათვისების პროცესი ბავშვებისათვის, დაეხმარონ მათ ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაში, რომელთა საშუალებითაც ისინი კონკრეტული სუსტი მხარეების კომპენსირებას შეძლებენ.
წიგნი მოიცავს ინფორმაციას ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევისა და წერა-კითხვის ათვისებისათვის აუცილებელი ბაზისური უნარების შესახებ. მოცემულია პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც აღნიშნულ უნარებში გავარჯიშებას უწყობს ხელს; წარმოდგენილია უშუალოდ წერისა და კითხვის ათვისებისა და ავტომატიზებისათვის არსებული ეფექტური სტრატეგიები.
გამოცემაში ცალკე თავი ეთმობა იმის გარკვევას, როგორ შეიძლება ამ წიგნის გამოყენება. საუბარია იმაზე, რომ ეს წიგნი გათვლილია 5-6 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის.
კრებული სამი ნაწილისგან შედგება, ესენია:
- წერა-კითხვის უნარების ათვისების საფუძვლად არსებული ბაზისური უნარები;
- კითხვის სტრატეგიები;
- წერის სტრატეგიები.
აღსანიშნავია ისიც, რომ წერა-კითხვის საფუძვლად არსებული ბაზისური უნარების ნაწილში მოცემულია ის უნარები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვმა წერა და კითხვა შეძლოს. ამ ნაწილში მოცემულია რამდენიმე ქვეთავი, რომლებშიც დეტალურადაა განხილული თითოეული უნარი: თქვენ ნახავთ განმარტებებს, თეორიულ ასპექტებს, უახლესი კვლევის შედეგებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც ბავშვებს ამ უნარების გავარჯიშებაში დაეხმარება.
ამასთანავე, წიგნში შეტანილი სავარჯიშოები სასარგებლო იქნება არა მხოლოდ დისლექსიისა და ვერბალური დასწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის, არამედ ყველასთვის, ვინც ახლა იწყებს წერა-კითხვას.

„ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“
ნატო დავითაშვილი
2007 წელს ფენტეზის ჟანრში გამოიცა შესანიშნავი ქართული რომანი „ამბავი ლილე იროელისა“. მისი ავტორი ნატო დავითაშვილია, რომელმაც ქართულ მითოსზე დაყრდნობით დაწერილი პირველი რომანის შემდეგ, იროელთა ქრონიკებს კიდევ ექვსი წიგნი შესძინა. ამგვარად გააცოცხლა მასწავლებელმა და მწერალმა ქართული მითური გმირები და მათი სამყარო, რომლითაც ბავშვები და მოზარდები სრულიად მომნუსხველ, დაუვიწყარ, შთამბეჭდავ თავგადასავლებში შეიპატიჟა.
2024 წელს კი მოზარდებისთვის განკუთვნილ სერიაში – „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ – ნატო დავითაშვილის წიგნი „ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“ გამოიცა, რომელიც სწავლების პროცესში მასწავლებლებისთვის შესანიშნავი დამხმარე რესურსი აღმოჩნდა. რას ვგულისხმობ? იმას, რომ ამ წიგნით ბავშვები არა მხოლოდ კითხვას შეიყვარებენ, არამედ წერით უნარებს განივითარებენ და პარალელურად, თავიანთ უშრეტ ფანტაზიას მისცემენ გასაქანს.
წიგნის ანოტაცია გვამცნობს, რომ „ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“ ჩვეულებრივი წიგნი არ უნდა გვეგონოს, რომელსაც უბრალოდ წავიკითხავთ, მერე კი კლასელებსა და მეგობრებს ვუამბობთ. ამ წიგნის ყველა მკითხველი მისი თანაავტორი ხდება, შესაბამისად, თითოეულს ძალიან დიდი მისია გვაკისრია: ჩვენ გარეშე ვერ გაგრძელდება ჯიბის კაცუნას თავგადასავალი, რის გამოც შესაძლოა, მწვანე კუნძული წიგნის ფურცლებიდან საბოლოოდ გაქრეს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ წიგნის დაწერის წინაპირობა, რომელიც მწერლის თავს გადახდენილ ძალიან თბილ შემთხვევას უკავშირდება: ერთხელ მატარებლით მგზავრობისას ამ წიგნის ავტორმა, ნატო დავითაშვილმა, სათამაშოს დაკარგვის გამო ატირებული ბავშვი ცხვირსახოცისგან გაკეთებული თოჯინათი გაართო, რომელსაც ჯიბის კაცუნა დაარქვა. შემდეგ ამ ისტორიას, წლების განმავლობაში, თავის მოსწავლეებს უყვებოდა და ისინი ამ მხიარული გმირის შესახებ სახალისო ზღაპრებსა და მოთხრობებს იგონებდნენ და წერდნენ, – ხან ზღვის პირას ათამაშებდნენ, ხან მთებში მიჰყავდათ, ხანაც საჰაერო ბურთით ასეირნებდნენ.
გავიდა დრო და, ეს მოყოლილი თუ დაწერილი ამბები წიგნადაც გამოიცა, მაგრამ ამ წიგნის ფურცლებიდან ქრება მწვანე კუნძულის შესახებ ჩანაწერები, ჩანაწერებთან ერთად კი სახლები, ცხოველები და ადამიანებიც ქრებიან. მათ დასაბრუნებლად ჯიბის კაცუნას ჩვენი, მკითხველების დახმარება სჭირდება. ჯიბის კაცუნა ხან მწვანე კუნძულისკენ მიმავალი ცისარტყელას ხიდის აგებას მოგვთხოვს, ხან ნაყინის ფესტივალის ჩატარებას, ხანაც ზღვის ფსკერიდან ნივთების ამოტანას. თუმცა, თუ მეგობრობის, სიყვარულისა და სიკეთის ძალის გჯერათ, და გაკვეთილების შემდეგ საკითხავ წიგნებში მოგზაურობაც გიყვართ, ნამდვილად ყველაფერი გამოგივათ! თანაც, ასტრიდ ლინდგრენისა არ იყოს, მხოლოდ ბავშვები სჩადიან სასწაულებს, როდესაც წიგნს კითხულობენ. აი, თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერალი კი გვარწმუნებს, რომ ბავშვები მაშინაც დიდ ჯადოსნობებს სჩადიან, როდესაც წიგნის წერაში, მის კეთილად დასრულებაში იწყებენ მონაწილეობის მიღებას.

„ქართული ენა და ლიტერატურა. ტესტები აბიტურიენტებისთვის“
მათე წიკლაური
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მათე წიკლაური პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. 2023 წელს ჩააბარა ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და ევროპის უნივერსიტეტში პედაგოგიური პრაქტიკის 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა. მაღალ შედეგზე აქვს დადასტურებული ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია. აქვეყნებს სტატიებსა და რეცენზიებს მსოფლიო და ქართული ლიტერატურის შესახებ, იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, აღიარებულ სახელმძღვანელოებსა და საკუთარ მასალებს. მისი თქმით, თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურ მიდგომასა და სწავლების პრინციპს საჭიროებს. პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო კი აუცილებელი ასპექტია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.
სკოლის მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ეს დამხმარე რესურსიც აბიტურიენტებთან დაგროვებული გამოცდილების შედეგად შეიქმნა. კრებული შეიცავს 30 ტესტს. თითოეული ტესტი 60-ქულიანია: ტექსტის რედაქტირება – 16 ქულა; წაკითხულის გააზრება – 10 ქულა; წერითი დავალება – 34 ქულა.
წიგნი 7 ძირითადი თავისგან შედგება:
1) ჰაგიოგრაფია;
2) “ვეფხისტყაოსანი“ – რუსთაველის სარაინდო ეპოსი;
3) იგავ-არაკი;
4) რომანტიზმი;
5) რეალიზმი;
6) იმპრესიონიზმი;
7) სიმბოლიზმი.
კრებულს ასევე თან ახლავს პასუხები და შეფასების სქემა.
ამასთანავე, წიგნის თითოეული თავი იწყება იმ ძირითადი ინფორმაციით, რომელიც აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის, მაგალითად, ჰაგიოგრაფიის, რომანტიზმის, რეალიზმის ან სიმბოლიზმის შესახებ უნდა იცოდეს.

„დამალული განძი. გზამკვლევი ბავშვის შინაგან სამყაროში“
ვაიოლეტ ოკლანდერი
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ
ვაიოლეტ ოკლანდერი ამერიკელი ბავშვთა და მოზარდთა თერაპევტია, რომელიც ცნობილია გეშტალტთერაპიის თეორიისა და პრაქტიკის სათამაშო თერაპიასთან ინტეგრირების მეთოდით. ოკლანდერის წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ტრენინგები კლინიცისტებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მთელ მსოფლიოში მოიცვა ბავშვების ცხოვრება. რამდენიმე წლის წინ ქართულად ითარგმნა და გამოიცა მისი პირველი წიგნი „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“. სწორედ ვაიოლეტ ოკლანდერის მეორე წიგნის ქართული გამოცემა დაგხვდებათ წიგნების ბაზრობაზე გამომცემლობა „ინტელექტის“ სტენდთან.
„დაე, მისი წიგნი გავრცელდეს მშვენიერ საქართველოში მომავალი თაობის სასიკეთოდ“ – ვკითხულობთ წიგნის ერთ-ერთ ანოტაციაში, რომელიც ალევა ვავროვას, ჩეხ ბავშვთა და ოჯახის გეშტალტ-თერაპევტს ეკუთვნის.
ვაიოლეტ ოკლანდერი თავისი მეორე წიგნის წერას „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ გამოცემიდან 28 წლის შემდეგ შეუდგა. როგორც წიგნის შესავალ წერილში აღნიშნავს, ამის მთავარი მიზეზი ერთადერთი რამ იყო: „რასაკვირველია, ტექნოლოგია წინ წავიდა („ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ „ჰერმესის“ პაწაწინა, ხელის საბეჭდ მანქანაზე დავბეჭდე, ახლა კი გაპრანჭული კომპიუტერი მაქვს), მსოფლიოშიც უამრავი რამ მოხდა 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ბავშვების საჭიროებებთან დაკავშირებით ბევრი არაფერი შეცვლილა. მათ დღესაც ტანჯავთ სასტიკი მოპყრობა და სექსუალური შევიწროება, განქორწინებები, დანაკარგი, განშორება და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა რამ. ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებთან ვმუშაობთ, დღესაც ჰაერივით გვჭირდება სხვადასხვაგვარი მეთოდი, რათა დავეხმაროთ ბავშვებს გადარჩენაში, დავეხმაროთ, რომ პრობლემებს გაუმკლავდნენ და ისე გაჯანსაღდნენ, რომ შეძლონ ჩვენს სტრესულ საზოგადოებაში ცხოვრება. ამ წლებში მუშაობას განვაგრძობდი და მივხვდი, რომ ბავშვებსა და მოზარდებთან გეშტალტ-თერაპიული მიდგომა დღესაც ეფექტურია“.
იმის გამო, რომ მეორე წიგნის დასაწერად ვერ იცლიდა, ასეთი რამ მოიფიქრა: სათითაოდ ამზადებდა აუდიოჩანაწერებს, აღწერდა თავის მიღწევებს და ახალ იდეებს, რომლებსაც მუშაობისას იყენებდა. დროდადრო წერდა სტატიებს, ფრაგმენტებს სხვა ავტორების კრებულებისთვის. უამრავ სემინარზე ატარებდა საუბრებს და პრეზენტაციებს. ბოლოს დაასკვნა, რომ საჭირო იყო ამ ახალი იდეების, მოსაზრებების, აღმოჩენებისა და მოვლენების ერთ წიგნში თავმოყრა. ასე დაიბადა „დამალული განძი“.
როგორც წიგნის ერთ-ერთ ანოტაციაში ვკითხულობთ, დოქტორი ოკლანდერი „დამალულ განძს“ თავის „თემატურ“ წიგნს უწოდებს. იგი დეტალურად აღწერს თავის თერაპიულ მოდელს, განვითარების თეორიას და იმას, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ბრაზზე, როგორ უნდა ვიმუშაოთ მოზარდებთან, პატარებთან, ჯგუფებთან, ADHD ბავშვებთან, დარდზე, თვითზრუნვასა და მუსიკაზეც კი.

„მე ვარ“
ზანდა ჩეჩელაშვილი
(ილუსტრატორი: სოფო კირთაძე)
2024 წელს გამომცელობა „ინტელექტმა“ გამოსცა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტისა და ფსიქოკონსულტანტის, ზანდა ჩეჩელაშვილის სადებიუტო წიგნი „მე ვარ“, რომელიც სასკოლო ასაკში სამ ყველაზე გავრცელებულ დიაგნოზზე გვიყვება. ესენია: დისლექსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და ენის ბორძიკი. ამ წიგნით საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა არის დამახასიათებელი თითოეული დიაგნოზისთვის ან როგორ შეიძლება მათი მართვა. წიგნი შესანიშნავი გზამკვლევია იმის გასაგებად, რას შეიძლება გრძნობდნენ ამ დიაგნოზების მატარებელი ბავშვები თუ მოზარდები და რა შეიძლება გააკეთონ მათ მხარდასაჭერად მასწავლებლებმა, მშობლებმა და თანაკლასელებმა.
ზანდა ჩეჩელაშვილმა, როგორც ფსიქოლოგმა, საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას მოუყარა თავი და სამი მთავარი პერსონაჟის: ნინას, კოსტასა და მაშოს დახმარებით, მასთან კონსულტაციაზე მისული ბავშვები და მოზარდები აამეტყველა: „ამ წიგნში ჩვენ ვკითხულობთ უამრავი ბავშვის მდგომარეობას. მასში გახმოვანებულია მათი ემოციები, ფიქრები, სირთულეები და გახმოვანებულია ჩემი ბავშვების მონაყოლით და არა ჩემი ინტერპრეტაციით“.
სწორედ სადა, მარტივი, ბავშვებისთვის დამახასიათებელი ენით გვიამბობენ ნინია, კოსტა და მაშო, როგორია ცხოვრება ამ დიაგნოზებთან ერთად.
ეს წიგნი, უპირველეს ყოვლისა, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც აქვთ დისლექსიის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან ენის ბორძიკი, მაგრამ ასევე არის:
„მშობლებისთვის, რომლებსაც ბევრი კითხვა აქვთ – სურთ ესაუბრონ ბავშვს ფსიქოლოგთან ვიზიტსა და დიაგნოზზე“;
◊ „პედაგოგებისთვის, რომლებიც გაეცნობიან სპეციფიკურ რეკომენდაციებსა და მინიშნებებს იმის შესახებ, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაკვეთილზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად პედაგოგია მთავარი მოდელი იმისა, როგორ მოექცევიან ერთმანეთს ბავშვები“;
◊ „სპეციალური პედაგოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, მეტყველების თერაპევტებისთვის, ნევროლოგებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, ბავშვებთან მუშაობისას, წიგნი გამოიყენონ დამხმარე მასალად თვითცნობიერების, თვითრეფლექსიის გაზრდისა და გამომუშავების პროცესში“.
მელანო კობახიძე






