სპეციალური ანგარიში — „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები“
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლება 1 ოქტომბრიდან იგეგმება. კოვიდპანდემიის ფონზე, ბაღებს მთელი რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ, რათა სააღმზრდელო პროცესი ყველა იმ წესის დაცვით წარმართონ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს. პირველ რიგში, საყურადღებოა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, არანაკლებ მნიშვნელოვანია კვების საკითხი, ჯგუფების გადატვირთვის პრობლემა და ბევრი სხვა. ამ მხრივ, აქტუალური და დროული იყო საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები“, რომელიც ნინო ლომჯარიამ 2020 წლის 9 სექტემბერს წარადგინა. ანგარიში მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, პროექტის „ბავშვის უფლებები ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში. ეს დოკუმენტი ასახავს საქართველოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს, საუბარია ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე, კვებაზე, ჰიგიენაზე, ჯანდაცვაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის მდგომარეობაზე, აღმზრდელთა კვალიფიკაციაზე, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასა და სხვა საკითხებზე.
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტმა 143 ბაგა-ბაღის და 45 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გაერთიანების მონიტორინგი ჩაატარა, თბილისსა და 10 რეგიონში, სულ 51 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში.
„მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ, 2014 წელს, ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, რაც ძირითადად შეეხო აღსაზრდელთა ჯანსაღ, დაბალანსებულ და ასევე, სპეციალურ კვებით საჭიროებებს. თუმცა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, საბავშვო ბაღებში კვლავ რჩება მთელი რიგი საკითხები, რაც შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს,“ — აღნიშნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ემი კლენსი ამბობს, რომ ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან უსაფრთხო და მასტიმულირებელ გარემოში, რისთვისაც აუცილებელია ადეკვატური ჰიგიენური პირობები, ინფრასტრუქტურა, კვება და ძალადობისგან დაცვა.
„2017 წელს ეროვნული სტანდარტების მიღების მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბევრ სკოლამდელ დაწესებულებას არ აქვს საჭირო უსაფრთხო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობები, ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. COVID-19 პანდემიის ფონზე, ეს საკითხები კიდევ უფრო პრობლემატურია და შეიძლება დამატებითი ბარიერი გახდეს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისთვის.“ — განაცხადა ემი კლენსიმ.
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები, ძირითადად, სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასწავლო და სააღმზრდელო ინვენტარსა და ეზოების კეთილმოწყობის საკითხებს ეხება; კვლავ პრობლემად რჩება ბაღებში არსებული გადატვირთულობა და კვალიფიციური კადრების სიმცირე.
იუნისეფის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე ამბობს, რომ მხოლოდ სანიტარია-ჰიგიენა არ არის პრობლემა, კოვიდის კონტექსტში, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, ასევე, გადატვირთული ჯგუფები: „როდესაც ჯგუფში 45 ბავშვია, იქ, ბუნებრივია, ინფექციური დაავადებების გავრცელების მომეტებული რისკია. რა თქმა უნდა, სანიტარია-ჰიგიენა არის ერთი პრობლემა, რომელიც ბაღების დაახლოებით 1/3-ში გამოვლინდა, მაგრამ არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს, ამ კვლევის მიხედვით, საქართველოში, გადატვირთული ჯგუფები (მათი რაოდენობა ჯგუფების ნახევარზე მეტს შეადგენს). საბავშვო ბაღები განსაკუთრებით გადატვირთულია ქალაქებში. საკმარისი ფართის უქონლობის გამო, ხშირად, საძინებელი სივრცე, იქ, სადაც ბავშვებს უნდა ეძინოთ, გამოყენებულია, როგორც ახალი, დამატებითი ჯგუფის სივრცე. ამიტომ, ეს ორივე საკითხი სერიოზულ გამოწვევად რჩება და დამატებით ბარიერს ქმნის რეალურად, კოვიდის კონტექსტში, ბაღების გახსნასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კოვიდმა გაამძაფრა ამ საკითხების მოგვარების აუცილებლობა და დაუყოვნებლივ გადაწყვეტის საკითხი“.
ანგარიშის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
➡ არასაკმარისი ფართის გამო, შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები. განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში;
➡ საბავშვო ბაღები არ არის სრულად მორგებული შშმ ბავშვების საჭიროებებზე და ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას;
➡ საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და უსაფრთხოების შესაბამისად;
➡ არასაკმარისია ინვენტარი, რაც განსაკუთრებით მწვავეა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით;
➡ საბავშვო ბაღები იშვიათად მარაგდება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით;
➡ სველი წერტილები არ არის მოწყობილი ბავშვთა და განსაკუთრებით, შშმ ბავშვთა საჭიროებების მიხედვით; ფართობი და ინვენტარი არ შეესაბამება აღსაზრდელთა რაოდენობას. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით;
➡ აღმზრდელთა უმეტესობას არ აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე; ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას;
➡ შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2%-ს ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი;
➡ პრობლემურია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ 13,75%-დან ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.
კვლევის მიგნებები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია გედევანიშვილმა და მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ლიკა ღვინჯილიამ წარადგინეს.
„ბაღებში შექმნილი ვითარება ნამდვილად არის თვითმმართველობის პასუხისმგებლობა, კანონის მიხედვით, — ამბობს ანა ჯანელიძე, — მაგრამ ხშირად თვითმმართველობებს არ ყოფნით რესურსი იმისთვის, რომ ყველა პრობლემას გაუმკლავდნენ სკოლამდელი განათლების სფეროში. ამიტომ, როდესაც ქვეყანაში, დღეს, უკვე გვაქვს სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტები, რომელთაგან ოთხი დამტკიცებულია (ერთს ჯერ კიდევ ველოდებით, 2017 წლის შემდეგ, ეს არის ინფრასრუქტურის სტანდარტი, მოლოდინიც ნულოვანია, რომ მალე დამტკიცდება) და სტანდარტებიც გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებისგან (ვგულისხმობ როგორც ფინანსურ რესურსს, ასევე ადამიანურს), რომ კომპეტენციების გაძლიერება მოხდეს და მათ იცოდნენ, როგორ აღასრულონ ის სტანდარტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული მონიტორინგის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ შესაბამისი უწყებები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელ დაწესებულებებში როგორც ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოს, ასევე ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა