8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

გპფ მომავალი პედაგოგებისთვის განკუთვნილი ახალი კურსის მხარდამჭერია

spot_img

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი კიდევ ერთი საინტერესო საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია.

პროექტი „გავიღიმოთ“ ორგანიზაცია „ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო“ და ლონდონის კინგს კოლეჯის კრიზისული სამსახურის ექიმ-ფსიქიატრის სიმონ სურგულაძის ინიციატივით, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ხორციელდება.

ახალი პროექტის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების სწავლება, რაც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: ფსიქო-სოციალური კეთილდღეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ურთიერთობები, საკუთარი თავის შეცნობა, ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესის მართვა, ბულინგი მოსწავლეებში, ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები, პოზიტიური ფსიქოლოგია და ა.შ.

  პროექტის ფარგლებში იგეგმება სასწავლო კურსის დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც განკუთვნილია განათლების საბაკალავრო კურსის სტუდენტების – მომავალი მასწავლებლებისათვის. სასწავლო კურსი მომავალ მასწავლებლებს დაეხმარება, მართონ საკუთარი ემოციები და ხელი შეუწყონ პოზიტიური ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას სკოლებში, სადაც ისინი მომავალში იმუშავებენ.
კურსის პრეზენტაცია უკვე ოქტომბერში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია დაგეგმილი, სადაც საზოგადოება დეტალურად გაიცნობს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებსა და კურსის სპეციფიკას, იმ მიდგომებს, რომელსაც გამოიყენებენ პროექტის ორგანიზატორები.

  პროექტის „გავიღიმოთ“ ჯამური ბიუჯეტი 2023-2024 წწ პერიოდში 65 ათას ლარამდეა, საიდანაც გპ ფონდის ინვესტიცია აღნიშნული იდეის განხორცილებაში 30 ათას ლარს აჭარბებს. აღნიშნულ ინიციატივაში დაგეგმილია ხუთი უნივერსიტეტის ჩართვა, მათ შორის იმ უნივერსიტეტების, სადაც ფონდი სასტიპენდიო პროგრამა ხორციელდება.
პროექტის სპონსორები არიან პაშა ბანკი და თიბისი ბანკი.

                                                    ♦ ♦ ♦ 
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით „გპფ“ მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 30-მდე საგანმანათლებლო პროექტი. „გპფ-ს“ ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში აღემატება 4 მლნ. ლარს.

ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო 2009 წელს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი თავისუფალი, დემოკრატიული სოციალურად და პოლიტიკურად ღია და აქტიური საზოგადოების მხარდაჭერაა. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო ეძებს გზებს ისეთ ორგანიზაციებთან და ადამიანებთან თანამშრომლობისათვის, რომლებიც იბრძვიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსის (BBSA) შვილობილი ორგანიზაციაა. ალიანსი 2008 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა რიგაში 2008 წლის ქართულ – რუსული ომის საპასუხოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დასაცავად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები