20 მაისი, ორშაბათი, 2024

გიგი თევზაძის ხუთი რჩევა უნივერსიტეტების მასწავლებლებს, როგორ ჩავატაროთ ლექციები ჟამიანობის დროს

spot_img

არ მოვყვები, როგორი მნიშვნელოვანია დღეს დისტანციური სწავლება: უსაფრთხოების მოთხოვნამ ყველა მანამდე არსებული ეჭვი გააბათილა. ამიტომ, პირდაპირ ჩამოვწერ რჩევებს, რომელიც ჩემს 10 წელზე მეტი ხანგძლიობის გამოცდილებას ეყრდნობა.

აქვე გეტყვით, რომ ჩემი გამოცდილებით, დისტანციური სწავლების ეს მეთოდი დაახლოებით 30%-ით ზრდის სტუდენტების მოსწრებას. ამ მეთოდში მთავარი ისაა, რომ არც თქვენ და არც თქვენს სტუდენტებს არ უწევს ახალი კომპიუტერული

პროგრამის სწავლა: სწავლის პროცესი მიიმდინარეობს Facebook-ში, რომელიც თქვენც და თქვენმა სტუდენტებმაც კარგად იცით.

  1. თუ ლექციები ჯერ არ გაქვთ ჩაწერილი, ვერ მოასწრებთ, სემესტრის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა. ლექციების ჩაწერა, სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით, კარგი, მაგრამ ძალიან შრომატევადი საქმეა. ამიტომ, თუკი არ ჩაგიწერიათ ლექციები, ამაზე ფიქრს შეეშვით; თუ მაინც გადაწყვეტთ ამ საქმეს შეეჭიდოთ, მე https://icecreamapps.com/Screen-Recorder/-ს ვიყენებ: გირჩევთ, ძალიან მოხერხებული პროგრამაა, რომ, ერთდროულად, მაგ. power point-ის პრეზენტაცია გაუშვათ ეკრანზე და თან თქვენი „მოლაპარაკე თავიც“ ჩანდეს;

  1. ჩავთვალოთ, რომ ჩაწერილი ლექციები არ გაქვთ; როგორც უკვე გითხარით, დისტანციური სწავლებისათვის ძალიან მოხერხებულია Facebook-ის გამოყენება: უნივერსიტეტის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემით თქვენს ლექციაზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს უგზავნით შეტყობინებას, რომ მოძებნოს Facebook-ზე სალექციო ჯგუფი და მოგთხოვოთ გაწევრიანება;

  1. გააჩნია, რამხელა ჯგუფი გყავთ: ან ერთი სალექციო ჯგუფით კმაყოფლიდებით, ან, ქმნით სასემინარო ქვეჯგუფებს და იწყებთ სტუდენტებთან კომუნიკაციას, უტვირთავთ მასალებს, უსვამთ კითხვებს. სტუდენტებიც ადვილად გეურთიერთებიან. Facebook-ის Group-ში ადვილია როგორც მასალების ატვირთვა, ასევე, ლინკების დადება. ასე რომ, თუკი მასალები გაქვთ, ჩემი გამოცდილებით, Facebook-ი ყველაზე მოხერხებული გარემოა ასწავლოთ მათ, ვისაც უნდა რომ ისწავლოს;

  1. გარდა ამისა, მე ვიყენებ სასემინარო დავალებების ჯგუფური მომზადების ფორმას: ქმნით სასემინარო ჯგუფს Facebook-ზე და ავალებთ ჯგუფის წევრებს (მაქს. 10-12 სტუდენტი), მოამზადონ სასემინარო პრეზენტაცია და ატვირთონ ჯგუფში. შემდეგ, სვამთ კითხებს ამ ჯგუფშივე, პასუხობთ კითხებს და ა.შ. საპრეზენტაციო ჯგუფები, მართალია, ვერ გაძლევენ ინფორმაციას სტუდენტის ინდივიდუალურ მოსწრების შესახებ, მაგრამ, როგორც სასწავლო მეთოდი, მათთვის, ვისაც სწავლა უნდა, სასარგებლოა: გარდა იმისა, რომ სასემინარო თემას უფრო ღრმად ეცნობიან, სტუდენტები სწავლობენ ჯგუფურ მუშაობას (თუნდაც online), რაც, თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია;

  1. რაც შეეხება ინდივიდუალკური მოსწრების შეფასებას: თუკი თქვენს უნივერსიტეტს აქვს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა (მაგ. ARGUS – ილიაუნიში), მაშინ შუალედურების/საბოლოო გამოცდის ჩატარება ადვილია: შეგიძლიათ ყველა სტუდენტს ინდივიდუალურად გაუგზავნოთ შუალედურის/საბოლოო დავალება და მისცეთ დროის კონკრეტული მონაკვეთი დავალების შესრულებისათვის. ანდა, Moodle-ში, ან სხვა რომელიმე მსგავსი პროგრამით გააკეთოთ ქვიზი; ან, დავალებები ინდივიდუალურად გაუგზავნოთ სტუდენტებს e-მეილის საშუალებით. ცოტა მეტი შრომა დაგეხარჯებათ, სამაგიეროდ, სასწავლო ეფექტი გარანტირებულია.

წყარო: https://www.criticallog.org

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები