ცოტა ხნის წინ, საჯარო და კერძო სკოლების STEM განათლების პედაგოგების მიერ, საზოგადოებრივ საწყისებზე, STEM მასწავლებელთა ასოციაცია დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM და STEAM განათლების დანერგვის ხელშეწყობაა. ასოციაციის დამფუძნებლები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარმატებული პროექტების ავტორი და გამარჯვებული მასწავლებლები არიან: ტოლია(უტა) კილასონია — სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის და სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, ანა კინწურაშვილი — თბილისის კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი, თინათინ ზარდიაშვილი — თბილისის 143-ე საჯარო სკოლის ქიმიის და 147-ე საჯარო სკოლის ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებელი, სალომე ნასყიდაშვილი — თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და ეკა წულუკიძე — მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
STEM მასწავლებელთა ასოციაცია, პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას იწყებს, მათ შორის, საინფორმაციო კამპანიის წარმოებას; თემატური რესურსების შექმნასა და გაზიარებას; შეხვედრებს, კონფერენციებსა და კონკურსებს; მასწავლებლებისთვის ტრენიგ-მოდულების შემუშავებას და ჩატარებას. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, აქტიურად ითანამშრომლებენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
რატომ გაჩნდა STEM ასოციაციის დაფუძნების იდეა და რა როლს ითამაშებს განათლების ხარისხის გაზრდაში STEM-ის განვითარება, ამ თემაზე უფრო დეტალურად ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე უტა კილასონია და თავმჯდომარის მოადგილე ანა კინწურაშვილი საუბრობენ.
უტა კოლასონია ასოციაციის დაფუძნების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ ჩვენს გარშემო ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ქვეყანა კი, ამ კუთხით, ჯერ კიდევ მომხმარებლის პასიურ როლშია. მისი აზრით „გასულ საუკუნეებში, ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის, გადამწყვეტი იყო ბუნებრივი რესურსები, დღეს კი ინტელექტუალური რესურსი ასრულებს ქვეყნის აღმავლობის საკითხში უმნიშვნელოვანეს როლს. აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ადმინისტრაციის განმარტებით, STEM სპეციალისტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვან ინოვაციებს ქმნიან და ზრდიან ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და კონკურენტუნარიანობას. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოში, STEM სპეციალისტებზე მოთხოვნა 10-ჯერ გაიზარდა. თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში კადრების დეფიციტია. იმისათვის, რომ მხოლოდ მომხმარებლები არ ვიყოთ და ჩვენ თვითონ მივიღოთ STEM განათლების განვითარებაში მონაწილეობა, მნიშვნელოვანია, სკოლის მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განვუვითაროთ ტექნიკური აზროვნება, მათ უნდა შეძლონ სხვადასხვა დისციპლინური საგნების ინტეგრირება და ყოველდღიურ ყოფაში გამოყენება. ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში კი, STEM და STEAM განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ქვეყნის მასშტაბით, არათანაბარია. მეტიც, სკოლების დაახლოებით 90%-ს ხელი არ მიუწვდება სათანადო რესურსებზე, სკოლებში კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ეს ყველაფერი ქმნის იმის საფუძველს, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს სჭირდება დამხმარე ძალა, რომელიც უზრუნველყოფს კადრების გადამზადებას და სკოლებში STEM და STEAM განათლების დანერგვის ხელშეწყობას.
სწორედ ამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ასოციაციის დამფუძნებლებმა, რომლებსაც ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება გვაქვს, გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივ საწყისებზე, შეგვექმნა STEM მასწავლებელთა ასოციაცია.“
STEM-ის ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში განვითარების პრობლემებს უტა კილასონია ისევ ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე განიხილავს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის სკოლებში, ამ მხრივ, რეალობა მეტად სავალალოა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება მხოლოდ სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. ამბობს, რომ პედაგოგებს არანაირი რესურსი არ აქვთ აქტიური და პრაქტიკული სწავლების განსახორციელებლად: „მხოლოდ სახელმძღვანელოებში მოცემული ფორმულებისა თუ ცნებების დაზეპირება მოსწავლეს ვერ უვითარებს ინტერესს ამ საგნების მიმართ, ის ვერ ახერხებს ნასწავლის ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირებას, არ შეუძლია სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის ტრანსფერი. მოსწავლისთვის, ნასწავლი რომ გაიაზროს, აუცილებელია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს და თუ ეს არ აქვს, მისთვის სასწავლო პროცესი მეტად უინტერესო ხდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი არსებული რეალობის გააზრება, სკოლების აღჭურვა სათანადო რესურსებით და პედაგოგთა გადამზადება. დარწმუნებული ვარ, საბუნებიმეტყველო საგნების სწავლების მოდერნიზება გაცილებით დიდ ეფექტს მოგვცემს, ვიდრე დღეს არსებული თეორიული სწავლება.
გამოცდილებაც მიჩვენებს, რომ მოსწავლე ელექტრონულ კომპონენტებს, რომლებსაც სახელმძღვანელოთი ეცნობა, რეალურ სივრცეში ვერ აღიქვამს და ვერ სცნობს, ვერ ხვდება სად და რისთვის უნდა გამოიყენოს ესა თუ ის კომპონენტი. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თუ თეორიული ცოდნა პრაქტიკულად არ გამყარდა, სრულიად უსარგებლო და ფუჭია.“
ასოციაციის თანადამფუძნებლის, ანა კინწურაშვილის აზრით, STEM განათლების უპირატესობაც სწორედ ის არის, რომ ამ მიდგომაში გაერთიანებულია მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ცოდნა. მოსწავლე, კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას, მისდა უნებურად, იყენებს ცოდნას მათემატიკიდან, ფიზიკიდან, ბიოლოგიიდან, ხელოვნებიდან, ინჟინერიიდან და თუ მას ეს ცოდნა არ აქვს, თავად ცდილობს გაარკვიოს, მოიძიოს ინფორმაცია და ისწავლოს, რომ პროექტის წარმატებისთვის გამოიყენოს.
ჩვენთან საუბარში ანა კინწურაშვილი ხაზს უსვამს განათლების ხარისხის ზრდაში STEM-ის განვითარების მნიშვნელოვან როლს. ამბობს, რომ, თუ გვსურს, ჩვენი ქვეყანა წარმატებული იყოს, გვქონდეს მზარდი ეკონომიკა და მომხმარებლის პოზიციიდან შემქმენლის როლში გადავიდეთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ინდუსტრიულ განვითარებას, სათანადო საგანმანათლებლო გარემო უნდა შევქმნათ, გავზარდოთ, ქვეყნის მასშტაბით, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. მისივე თქმით, „შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში STEM განათლების დანერგვა იძლევა გარანტიას, რომ ახალგაზრდები პასიური ცოდნის მიღებიდან პრაქტიკულ ქმედებაზე გადავლენ, განავითარებენ კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. და, რაც მთავარია, სკოლები შეძლებენ უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს და ახალგაზრდები თანამედროვე ცხოვრების საპასუხოდ მოამზადონ.“
ასოციაციის დამფუძნებლების აზრით, მნიშვნელოვანია წამყვანი ქვეყენების გამოცდილების გაზიარება STEM განათლების განვითარებაში ყოველწლიურად დაფინანსების გაზრდის მხრივაც. „STEM განათლების განვითარების ხელშეწყობა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ამით შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ახალგაზრდები იქნებიან ინოვატორები, შემქმნელები და ეს, მომავალში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახოს. წამყვანი საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყნებიც, სწორედ ამ მიზნით ზრდიან ყოველწლიურად დაფინანსებას STEM განათლების განვითარებისთვის.“ — ამბობს ანა კინწურაშვილი.
რაც შეეხება ასოციაციის გეგმებსა და აქტივობებს, რომელსაც უახლოეს მომავალში განახორციელებენ, დამფუძნებლები აცხადებენ, რომ, პირველ რიგში, ასოციაციის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმოს და განავითაროს ის მიდგომები, რაც ხელს შეუწყობს STEM და STEAM განათლების დანერგვას.
შესაბამისად, მათ მიერ დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს დასახული მიზნისა და ამოცანების მიღწევას. უპირველესად კი, ასოციაცია გეგმავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, STEM და STEAM განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასოციაციის წევრი პედაგოგების გადამზადებას და სკოლებში ციფრული კლუბების შექმნას, სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ინოვაციური კონკურსების ჩატარებას, რაც, თავისთავად, გაზრდის მათ მოტივაციას და ჩართულობას; ასევე, უახლოეს პერიოდში განსახორციელებლი აქტივობების ჩამონათვალშია პედაგოგებისთვის კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება. „ჩვენი მიზანია მჭიდრო თანამშრომლობა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სწორედ მათთან თანამშრომლობით შევიტანთ წვლილს საქართველოს სკოლებში STEM განათლების დანერგვაში.“ — ამბობს ანა კინწურაშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ STEM მიმართულებით, პრაქტიკულად, არ არსებობს არანაირი დამხმარე საშუალება პედაგოგებისთვის, ასოციაციისთვის პრიორიტეულია, ამ მიმართულებით, რაც შეიძლება დროულად ითარგმნოს ლიტერატურა, უახლესი კვლევები და მიღწევები, რათა გაიზარდოს პედაგოგებისთვის რესურსებზე წვდომა.
ლალი ჯელაძე