გთავაზობთ მასწავლებლებთან ავტორთა შეხვედრის განრიგს:
აფხაზური ენა და ლიტერატურა
⇒ მასწავლებლის წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3y5ncUX
აფხაზური ენა სახელმწიფო ენის სტატუსს ატარებს, მას იცავს ჩვენი კონსტიტუცია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს ეს ენა, გაიაზროს ის საკუთარი სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო იდენტობის ორგანულ ნაწილად. გამომცემლობა „ინტელექტმა“, 2021-2022 სასწავლო წლისთვის, გამოსცა აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო I-IV კლასებისთვის. წელს კი წარმოგიდგენთ მე-10 კლასის სახელმძღვანელოს, მასწავლებლის წიგნთან ერთად, ავტორები: რიტა ამიჭბა-მარღანია და ირმა ოსია. აფხაზური ენა ჩვენი სიმდიდრეა, მომავალი თაობა კი – ამ სიმდიდრის ღირსეული მემკვიდრე.
მნიშვნელოვანი სიახლე X კლასის
მათემატიკის სწავლა/სწავლებაში
⇒ მასწავლებლის წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3tO4aj8
ცნობილი გამომცემლობა „ინტელექტი“ და მათემატიკის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორები: გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია და ლამარა ქურჩიშვილი გთავაზობენ მათემატიკის სახელმძღვანელოთა გრიფირების საექსპერტო კომისიის მიერ მაღალი შეფასებით გამორჩეულ, თანამედროვე ტიპის, ორიგინალურ სასწავლო წიგნებს: X კლასის პირველი სემესტრის მოსწავლის სახელმძღვანელოსა და მასწავლებლის წიგნს (კონკურსი ამჯერად მხოლოდ პირველი სემესტრის სახელმძღვანელოებისთვის ჩატარდა).
ახალ სახელმძღვანელოში სასწავლო მასალა შედგენილია ამავე ავტორების წინა წლებში გრიფმინიჭებული X კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოს არსებითად განახლების, გაუმჯობესებისა და შინაარსობრივი სრულყოფის საფუძველზე, ახალი სასწავლო სტანდარტისა და წლიური სასწავლო გეგმის სრული შესაბამისობით, ზოგადი განათლების რეფორმის სულისკვეთებით.
სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია მასწავლებლებისა და ექსპერტთა მოსაზრებები:
♦ საგანმანათლებლო სივრცეში ორწლიანი მძიმე პანდემიით შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, მეტი დრო ეთმობა წინა წლების სასწავლო მასალის გამეორებასა და მის გაღრმავებულ შესწავლას;
♦ სასწავლო სტანდარტის სრული შესაბამისობით, ყოველი თავის დასაწყისშივე, წარმოდგენილია კომპლექსური დავალებები, რომელთა გადაწყვეტაზე გაწეული მუშაობა შეაჯამებს მოსწავლეთა ცოდნას და გააღრმავებს ამ ცოდნის მრავალმხრივი გამოყენების უნარებს;
♦ ცალკეა გამოყოფილი საკლასო და საშინაო დავალებები, რომლებშიც მოსწავლეებისთვის მისაწვდომი ფორმით წარმოდგენილია სირთულის სხვადასხვა დონის, მეთოდურად გამართული მრავალფეროვანი და საინტერესო მასალა;
♦ კომპლექსური საპროექტო აქტივობები; დამატებითი, შემაჯამებელი ამოცანები; ამოცანები თვითშეფასებისა და გამეორებისთვის;
♦ წიგნში წარმოდგენილია სასწავლო მასალა და აქტივობები, რომელთა შემოქმედებითი გააზრება მოსწავლეთა მათემატიკური განათლებისა და შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებისთვისაა აუცილებელი.
♦ სახელმძღვანელოს სტრუქტურაცა და ვიზუალური მხარეც ხელს უწყობს მასალის აღქმა-გააზრებას.
არსებითი და უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მასწავლებლის წიგნმა:
♦ წარმოდგენილია ყოველი გაკვეთილის სცენარი, ამოხსნილია თითქმის ყველა ამოცანა, ამასთანავე, მითითებულია ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხი.
♦ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას ემსახურება პრაქტიკული შინაარსის ამოცანები; აქვეა სარეკომენდაციო დავალებები შემაჯამებელი წერებისთვის; სათანადო განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები;
♦ მითითებულია სასწავლო პროცესში დამატებითი (ბეჭდური და ელექტრონული) რესურსები; ზოგიერთი მასალა მასწავლებლის თეორიული ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.
ეს წიგნი მასწავლებელს ერთგულ და ნაყოფიერ მეგზურობას გაუწევს სასწავლო პროცესში.
მასწავლებლები უთუოდ დარწმუნდებიან, რომ დასახელებული წიგნებით შეიძლება ნებისმიერი აკადემიური დონის კლასში წარმატებით წარიმართოს სასწავლო პროცესი და ისინი შეძლებენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მოსწავლეთა იმ უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რომლებიც საგანმანათლებლო სტანდარტის მიზნებშია გაცხადებული.
სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის
⇒ მასწავლებლის წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3zUlA1H
სწავლების ძირითადი მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებაა. ამ პროცესში სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ მასწავლებლები აირჩევენ მანანა ვარდიაშვილისა და ელისო შურღაიას ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოს, ისინი მარტივად მიაღწევენ მიზანს კონკრეტულ მოსწავლესთან და მთლიან კლასთან.
სახელმძღვანელო აგებულია ბუნებრივი, ლოგიკური თანმიმდევრობით, დაწერილია სადად და საინტერესოდ, მარტივი და გასაგები ენით.
ყოველი პარაგრაფი იწყება სამოტივაციო დავალებით. ეს არის დამაინტრიგებელი შესავალი, ისტორიული ფაქტი. ცდა, პრობლემური შეკითხვა, ილუსტრაცია, შთამბეჭდავი სტატისტიკური მონაცემები და სხვა. ეს ყველაფერი კი უკავშირდება ცხოვრებისეულ კონტექსტს, ანუ პრობლემა განიხილება მოსწავლის პიროვნულ ინტერესებთან შერწყმით.
ახალი მასალა მოსწავლეებს მიეწოდება ეტაპობრივად, ცნებები თანდათან შემოდის, თითქოს ყოველ პარაგრაფში თითოეული ცნების განხილვას მოსდევს მისი განმტკიცება შიდატექსტური დავალების სახით. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, შიდატექსტური დავალება სამოტივაციო მასალაა ახალი ცნების განხილვაზე გადასასვლელად.
სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო კონცეფცია და მისი ძირითადი პრინციპები.
მოსწავლეებთან მუშაობისას, ცოდნის განვრცობისა და განმტკიცების მიზნით, მასწავლებელი იპოვის არაერთ სავარჯიშოსა და ამოცანას. სახელმძღვანელოში მრავლადაა როგორც პროცედურული, ისე პირობისეული ცოდნის ფორმულირებაზე ორიენტირებული დავალებები.
სახელმძღვანელოს ახლავს მასწავლებლის წიგნი. მასში მიმოხილულია სწავლების თანამედროვე მეთოდიკები მაგალითებით, დავალებების ნიმუშები შემაჯამებელი სამუშაოებისათვის, დამატებითი დავალებების ნიმუშები პასუხებით, მასწავლებლის წიგნში განმარტება და პასუხი აქვს ყველა დავალებას, რომელიც მოსწავლის წიგნშია განხილული.
ცალკე უნდა აღინიშნოს კომპლექსური დავალებები, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესის აუცილებელი კომპონენტია. მოსწავლის და მასწავლებლის წიგნში ოთხი კომპლექსური დავალებაა. კომპლესური დავალებების შესასრულებლად ძირითადი რესურსი სახელმძღვანელოს თითოეული პარაგრაფია. მასწავლებლებს მიეწოდებათ ვრცელი მასალა თითოეული კომპლექსური დავალების შესასრულებლად.
ვფიქრობთ, ამ ღირსებათა გამო, მასწავლებლები აირჩევენ მანანა ვარდიაშვილისა და ელისო შურღაიას ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოს სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის.
გამორჩეული სტილის წიგნი
ფიზიკის სასწავლებლად
⇒ მასწავლებლის წიგნი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://bit.ly/3bgeg6c
გრიფირებულ სახელმძღვანელოთა ნუსხის გამოქვეყნების შემდეგ ჯერი მასწავლებლებზეა – მათ უნდა აირჩიონ წიგნი, რომლითაც მოსწავლეებთან იმუშავებენ და საუკეთესო შედეგს მიიღებენ – კონკრეტულ მოსწავლესთან, მთლიანად კლასთან თუ უფრო მასშტაბურად, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებისთვის. ამ მიზანს მასწავლებელი მარტივად, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მიაღწევს გიორგი გედენიძის, ეთერ ლაზარაშვილისა და მაია მერაბიშვილის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს მეშვეობით.
სახელმძღვანელო თანაბრად მოსახერხებელი და სასარგებლოა მასწავლებლებისა თუ მოსწავლეებისათვის. მოწოდებული სწავლების მეთოდიკა გამორჩეული და სხვათაგან განსხვავებულია. პარაგრაფებში მოცემულია სააზროვნო კითხვები, რომელთა დახმარებით მასწავლებელი ადვილად ახსნის შესასწავლ მასალას ისე, რომ მოსწავლეს ერთდროულად აჩვევს კრიტიკულ აზროვნებას და თან ეტაპობრივად მიჰყავს ფიზიკურ კანონზომიერებათა აღმოჩენა-გააზრებამდე.
სახელმძღვანელოში მოცემულია მრავალი ცდა და ექსპერიმენტი, რომელთა გარეშეც საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლა წარმოუდგენელია. მათი ღირსება ის არის, რომ უმეტესობას ბავშვი ჩაატარებს ადვილად, სახლისა თუ საკლასო ოთახის პირობებში, საგანგებო ლაბორატორიების გარეშე. ცდები განსაკუთრებულ მატერიალურ დანახარჯებს არ საჭიროებს.
მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობისა და ცოდნის განმტკიცებისათვის მასწავლებელი სახელმძღვანელოში იპოვის არაერთ სავარჯიშოსა თუ ამოცანას, ტესტურ შეკითხვებსა თუ სააზროვნო, ლოგიკურ დავალებებს. აქვეა მოცემული ამოცანათა ამოხსნის მაგალითები, რაც მასწავლებელს მიმართულებას აძლევს, ხოლო მოსწავლეს ნიმუშად გამოადგება სხვა ამოცანათა ამოხსნისას. საინტერესოა, რომ დამატებითი სავარჯიშო მასალა სხვადასხვა სირთულისაა და ყველა მოსწრების მოსწავლისათვის შეირჩევა.
სახელმძღვანელოში უხვადაა მითითებული ელექტრონული წყაროები, ბმულებისა და შტრიხკოდების სახით. ამ გზით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ავტორები, დამატებით, თანამედროვე მასალას სთავაზობენ. ამასთან, უთითებენ ელექტრონულ ლაბორატორიებს, სადაც ცდების ვირტუალურად ჩატარებაა შესაძლებელი.
მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი ერთგვარი საუნჯეა პედაგოგებისათვის. იგი მიმოიხილავს სწავლა-სწავლების ზოგად მეთოდიკას. ამასთან, მასწავლებლებს სთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს სახელმძღვანელოზე სამუშაოდ. იძლევა განმარტებებს გაკვეთილის წარმართვისათვის, პასუხი აქვს გაცემული ყველა შეკითხვას, რომელსაც სახელმძღვანელოში შეხვდებათ.
ცალკე უნდა აღინიშნოს კომპლექსური დავალებები, რაც ამჟამინდელი სწავლა-სწავლების პროცესის აუცილებელი კომპონენტია. მასწავლებლის წიგნში ხუთი კომპლექსური დავალებაა, რომლებიც სრულად ფარავს სახელმძღვანელოში წარმოდგენილ მასალას. დავალების საკვანძო კითხვები მჭიდრო კავშირშია მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილ პრობლემურ კითხვებთან. კომპლექსური დავალების ნაბიჯების შესასრულებლად ძირითადი რესურსი სახელმძღვანელოს თითოეული პარაგრაფია. კონკრეტულ ნაბიჯზე სამუშაო აქტივობებად კი გამოიყენება ცდები და კვლევითი დავალებები მოსწავლის წიგნიდან. მასწავლებელს მიეწოდება დიდძალი გამზადებული მასალა – თეორიული თუ პრაქტიკული, ბეჭდვითი თუ ელექტრონული – რეკომენდაციებთან ერთად, თუ როგორ გაართვან თავი კომპლექსური დავალების ნაბიჯებს. სიმარტივისათვის მითითებულია შესაბამისი კონკრეტული გვერდები სახელმძღვანელოდან, ხოლო ელექტრონული მასალისათვის — ბმულები და შტრიხკოდები. ასე მარტივად და მოსახერხებლად მიწოდებული რესურსების გამო, მასწავლებელს არავითარი სირთულე არ ექმნება კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის არცერთ ეტაპზე, შეფასების ჩათვლით. კომპლექსური დავალებები და შესაბამისი აქტივობები თუ რესურსები იმგვარად არის შერჩეული, რომ მოსწავლეს უყალიბებს სტრუქტურირებულ და სისტემურ ხედვას შესასწავლ საკითხებზე.
საგანგებოდ აღსანიშნავია სახელმძღვანელოს სტრუქტურა. პარაგრაფები იმგვარადაა კონსტრუირებული, რომ მასწავლებელს გაკვეთილის გეგმას სთავაზობს. თუ სახელმძღვანელოს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და სარეკომენდაციო წიგნსაც მოიხმარს, მასწავლებელს განსაკუთრებული მომზადებაც არ დასჭირდება – წიგნი უკარნახებს, როგორ დაიწყოს გაკვეთილი, რა კითხვები და როგორი თანმიმდევრობით დასვას, რა ცდები გამოიყენოს დემონსტრირებისა და დასაბუთებისათვის. ამგვარად წარმოდგენილი მასალა, შესაბამისი რეკომენდაციებითა და მეთოდური მითითებებით, მასწავლებელს აძლიერებს და მის განვითარებასაც მიეხმარება.
მოსწავლის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, სახელმძღვანელოში მასალა წარმოდგენილია მათი ასაკობრივი ინტერესების შესაბამისად, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების კონტექსტში. ამასთან, ყოველი მომდევნო დავალება თუ მასალა ეყრდნობა წინარე ცოდნას. მათი შესრულება ფიქრითა და ანალიზითაა შესაძლებელი. ეს მის გონებას ააქტიურებს მომდევნო ეტაპის ამოცანების გადასაჭრელად და ამზადებს ახალი მასალის გასააზრებლად, აჩვევს ფიქრსა და პრობლემების გადაჭრას, უვითარებს მსჯელობის, კამათის უნარს. ფიზიკის მეცნიერების შესწავლის კუთხით, ამგვარი სწავლება სამიზნე ცნებების გააზრებასა და მათ გარშემო მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურება, უფრო მასშტაბურად კი – მოაზროვნე, გონიერი მოქალაქის ჩამოყალიბებას.
აღნიშნულ ღირსებათა გამო მასწავლებელთათვის მართლაც უპრიანი იქნება ამ განსხვავებული და გამორჩეული სტილის წიგნის არჩევა ფიზიკის სასწავლებლად საქართველოს სკოლების X კლასის მოსწავლეებისათვის.
intelekti.ge