30 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

გაიცანით საუკეთესო ათეული

spot_imgspot_img

15 ივლისს ცნობილი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2025 წლის“ მეცხრე საუკეთესო ათეული. ჯილდოსადმი ინტერესი წელსაც, ტრადიციულად, საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენ კონკურსში 142 მასწავლებელი ჩაერთო. მათგან კი, კონკურსის პირობის თანახმად, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო ათეული შეარჩია. კონკურსის შემდეგ ეტაპზე, 5 სექტემბერს, ხუთი ფინალისტი დასახელდება, რომელთაგან ერთ-ერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს კონკურსის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან“ ფულადი ჯილდო გადაეცემა. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეცხრე წელია, რაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია და ჯილდოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს უმსხვილესი შემოწირულობით, რომელიც ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„ჩვენი ორგანიზაცია ამ კამპანიის ერთგული პარტნიორია მისი დაარსების დღიდან, – განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ურაბ კერვალიშვილმა – ამ ხნის განმავლობაში, ჯილდოს პროექტმა ბევრი რამ შეცვალა როგორც ფართო საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ისე პროფესიულ წრეებში. დღეს მასწავლებლობა კიდევ უფრო პრესტიჟულია, ვიდრე წლების წინ. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს ამ გზას. საზოგადოებაშიც იზრდება პატივისცემა ამ ჭეშმარიტად ღირებული და ფასდაუდებელი პროფესიის მიმართ.

დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წლების განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერა და ორგანიზატორთა თავდადებული შრომა ერთი მნიშვნელოვანი შედეგით დამთავრდა: მასწავლებელი კიდევ უფრო მეტად გრძნობს საკუთარ ღირებულებას, პასუხისმგებლობას და სიმძიმეს მომავალი თაობის აღზრდის პროცესში.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კი, ჩვენი მხრიდან მადლიერების გამოხატვაა  თითოეული იმ პედაგოგისადმი, ვინც ყოველდღიურად დებს საკუთარ ენერგიას, ცოდნასა და სიყვარულს იმისთვის, რომ ასწავლოს, აღზარდოს და შეცვალოს მომავალი –  განათლებით.“

♦ ♦ ♦

გაგაცნობთ როგორი იყო 2025 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის წარმომადგენელი მასწავლებლების ემოციები, როცა შეიტყვეს, რომ საუკეთესო ათეულში არიან და საერთოდ, რას ნიშნავს მათთვის ამ კონკურსში მონაწილეობა ან რას შეცვლის მათ პედაგოგიურ მოღვაწეობაში „ათეულთა კლუბის წევრობა“.

 

დავით ბადალაშვილი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ვაჟაფშაველას სახელობის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი: როცა შევიტყვე რომ საუკეთსო ათეულში დამასახელეს, დაუჯერებელი იყო… შემდეგ დღეებში გავაცნობიერე და დავფრინავდი…

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში მონაწილეობა ნიშნავს, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას, სკოლის, ბავშვების და ღმერთის წინაშე, რა თქმა უნდა – სიხარულსაც. მგონია, რომ ათეულთა კლუბის წევრობა ჩემი მოსწავლეების ცხოვრებას შეცვლის. ისინი დაიჯერებენ, რომ ოცნებით და ბრძოლით ყველაფერი მიიღწევა.

დაბოლოს, როგორც მღვდლის ცხოვრება უნდა ჰგავდეს იმას, რასაც ამბიონზე ქადაგებს, ისე მასწავლებლის ცხოვრება – იმას, რასაც ბავშვებს ასწავლის.

 

ელენე ბეთლემიშვილი

 გორის №3 და №8 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი: ამ ინფორმაციის მოლოდინში ნამდვილად ვღელავდი. როცა გავიგე, რომ საუკეთესო ათეულში მოვხვდი, პირველად სიხარულმა მომიცვა და ძალიან მომინდა დედაჩემისთვის გაზიარება – ვიცი, მას ყველაზე მეტად გაახარებდა ეს, ჩემზე მეტადაც. თუმცა, სიხარულთან ერთად, სევდაც დამეუფლა, რადგან ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი გვერდით არ მყავდა.

ამ ემოციებს უდიდესი მადლიერების განცდა მოჰყვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ჯილდოზე წარმადგინა, მამხნევებდა და მხარს მიჭერდა. მადლიერება კოლეგების მიმართაც, ვისთან ერთადაც ვსწავლობ, ვვითარდები და ვცხოვრობ მასწავლებლის ტკბილ-მწარე ცხოვრებით. მადლობა ჟიურის, რომ ჩემი განვლილი გზა და საქმიანობა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.

საკუთარი თავის მადლიერიც ვარ, რომ ვინარჩუნებ ცნობისმოყვარეობას, საქმეს სიყვარულით ვასაზრდოებ და გამოცდილებას უშურველად ვაზიარებ.

ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს მოსწავლეებს ეკუთვნით – ისინი არიან ჩემი ძალის და შთაგონების წყარო. ეს აღიარება მხოლოდ ჩემი არაა, ეს გაზიარებული ამბავია. ჩემ გვერდით ბევრი კარგი მასწავლებელია და ათეულში მოხვედრა ერთგვარი სიმბოლოა, რომ ჩვენი პროფესიული ძალისხმევა ფასდება.

ეს კონკურსი ჩემთვის პროფესიული დიალოგის, თვითანალიზისა და გაზიარების შესაძლებლობაა. მონაწილეობისას არ ვგრძნობდი შეჯიბრებას, უფრო საკუთარი საქმიანობის რეფლექსია იყო: რატომ ვმუშაობ ისე, როგორც ვმუშაობ? როგორია ჩემი ღირებულებები? რას აძლევს ჩემი პროფესიული სტილი ბავშვებს?

კონკურსის მნიშვნელობა ბევრად სცდება ინდივიდუალურ აღიარებას – საზოგადოებას აჩვენებს მასწავლებლის როლის მრავალფეროვნებას. ეს არ არის მხოლოდ საგნების სწავლება, ეს არის ბავშვებთან ურთიერთობის ხელოვნება, გარემოს გარდაქმნა, თანადგომა, ცვლილების წამოწყება იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება.

რაც მთავარია, ეროვნული ჯილდოს კონკურსი ნათელი სივრცეა იმ ადამიანებისთვის, ვინც უხმოდ და ყოველდღიურად აკეთებს დიდ საქმეს.

ათეულთა კლუბის წევრობა ჩემთვის ახალი დიალოგების, შეხვედრებისა და პარტნიორობის სივრცეა. აქედან უფრო ხმამაღლა უნდა ისმოდეს ის, რასაც ხშირად ჩუმად ვამბობდით: სწავლა-განათლება მხოლოდ ცოდნის მიწოდება არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ვასწავლოთ ბავშვებს, როგორ ირწმუნონ საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების; მივცეთ ძალა მოქმედების, რომ ის, რაც დღეს არ გამოდის, აუცილებლად გამოვა ხვალ, თუ ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ და მცდელობას არ შეწყვეტენ. პრობლემები და დაბრკოლებები სხვა არაფერია, თუ არა დაფარული შესაძლებლობები განვითარებისთვის.

ყველა ბავშვი იმსახურებს, რომ მასწავლებელმა დაინახოს მისი უნიკალურობა და სასკოლო გარემოში რეალიზების შესაძლებლობა მიეცეს, განსაკუთრებით იმ ბავშვებს, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სწორედ ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი.

 

რუსუდან გონაშვილი 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: როდესაც გავიგე საუკეთესო ათეულში მოხვედრის შესახებ, პირველი ემოცია გაოცება იყო და შემდეგ – უზარმაზარი სიხარული. ეს იყო წამი, როცა წლების შრომა და მოსწავლეებთან გატარებული თითოეული გაკვეთილი თვალწინ დამიდგა. ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობაც – ახლა უფრო მეტი ვალდებულება მაქვს, ვიყო მაგალითი სხვებისთვის. ეს აღიარება მხოლოდ ჩემი პირადი წარმატება არ არის, ეს არის მოწაფეების, მშობლების, კოლეგებისა და მთელი იმ საზოგადოების მიღწევა, რომელთაც ვემსახურები.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში მონაწილეობა თვითშეფასების, საკუთარი საქმიანობისთვის კრიტიკული თვალით შეხედვის, გარკვეული დასკვნების გამოტანისა და ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, დღეს, საქართველოში ერთ-ერთი იშვიათი სივრცეა, რომელიც ახალისებს მასწავლებლებს, აძლიერებს პროფესიის პრესტიჟს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უჩვენებს საზოგადოებას, რომ მასწავლებელი ქვეყნის მომავლის შემქმნელია.

ათეულთა კლუბის წევრობა უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა. ეს სტატუსი მაძლევს მოტივაციას, განსაკუთრებული ენთუზიაზმით გავაგრძელო ჩემი საქმე. ჩავერთო საგანმანათლებლო პროექტებში, გავერთიანდე სხვა მასწავლებლებთან, ახალი იდეების განხორციელებისათვის მოვძებნო თანამოაზრეები. ეს ყველაფერი მაძლევს შანსს, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

მჯერა, რომ სკოლა მხოლოდ სწავლის ადგილი არაა, ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ეხმარებიან, იზრდებიან და ქმნიან საზოგადოებას. მასწავლებლობა ჩემთვის ამ ურთიერთობის შენებას ნიშნავს – მოსმენას, მხარდაჭერასა და პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებების შექმნას. განათლება ის ძალაა, რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

 

გიორგი კვიკვინია

თბილისის თანამედროვე განათლების აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი: როდესაც შევიტყვე, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოვხვდი, უდიდესი სიხარული და აღფრთოვანება ვიგრძენი. ეს იყო არა მხოლოდ პირადი წარმატება, არამედ ჩემი შრომის, თავდადებისა და პროფესიის სიყვარულის დაფასება. ამ აღიარებამ კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა, რომ გავაგრძელო მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნვა და განათლების სფეროში ჩემი წვლილის შეტანა.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში მონაწილეობა ჩემთვის, უპირველესად, დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ეს არის შესაძლებლობა, გავუზიარო ჩემი გამოცდილება, გავეცნო კოლეგების მიღწევებს და ერთად ვიზრუნოთ განათლების ხარისხის ამაღლებაზე. თავად კონკურსი კი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის და საზოგადოებაში მისი როლის ხაზგასასმელად. ის ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებას და გავრცელებას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობებზე დადებითად აისახება. ეს არის პლატფორმა, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის შრომა და რაოდენ დიდ გავლენას ახდენს ის საზოგადოებაზე.

მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრობა ჩემთვის ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ნიშნავს. ეს იქნება პლატფორმა, სადაც შევძლებ აქტიურად ჩავერთო განათლების სფეროს განვითარების პროცესებში, გავუზიარო ჩემი ხედვები და გამოცდილება, ასევე მივიღო უკუკავშირი და ვისწავლო საუკეთესოებისგან. ვფიქრობ, ეს წევრობა მომცემს საშუალებას, ჩემი ცოდნა და ენერგია უფრო მასშტაბურად მოვახმარო ქართულ განათლებას. ეს არის შანსი, ვიყო იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც რეალურ ცვლილებებს ახორციელებენ ჩვენს სკოლებში.

ჩემი, როგორც რიგითი მასწავლებლის, მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის ის არის, რომ განათლება ჩვენი მომავლის ქვაკუთხედია და თითოეული ბავშვის პოტენციალის რეალიზება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

მასწავლებლები არა მხოლოდ ცოდნის გადამცემები ვართ, არამედ მენტორები, შთამაგონებლები და აღმზრდელები, რომლებიც ვეხმარებით ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების, თანაგრძნობისა და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში. ჩვენი შრომა სცდება საკლასო ოთახის კედლებს; ჩვენ ვქმნით მოქალაქეებს, რომლებიც შეძლებენ საკუთარი წვლილის შეტანას უკეთესი საზოგადოების მშენებლობაში.

ამიტომ მოგიწოდებთ, დავაფასოთ და მხარი დავუჭიროთ განათლების სისტემასა და მასწავლებლებს. ინვესტირება განათლებაში ნიშნავს ინვესტირებას ჩვენს შვილებში, ჩვენს მომავალსა და ჩვენი ქვეყნის პროგრესში. მოდი, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება და გახდეს წარმატებული, ბედნიერი ადამიანი.

 

ნესტან კუბლაშვილი

თბილისის №172 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში დასახელებამ უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინა თავი. სიხარულით აღფრთოვანებულს გამიჭირდა „მეცხრე ციდან“ ძირს დაშვება და სატელეფონო ზარებსაც დაბნეული ვპასუხობდი… მაგრამ, როცა დავმშვიდდი, გავიაზრე, რომ ამქვეყნად „ყველაფერს თავისი ფასი აქვს“, ზოგჯერ „ბედნიერებაც უნდა მოითმინო“, რამეთუ საპატიო ჯილდოს, აღიარებასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს თან, უფრო მეტ შრომას, ძალისხმევას მოითხოვს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ნდობა გამოგიცხადეს, რაღაცით გამოგარჩიეს, გაღიარეს, იმედები არ გაუცრუო.

კონკურსში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მონაწილეობა, პირადად ჩემთვის, ასოცირდება პროფესიული ზრდისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობასთან, საერთო ღირებულებების მქონე კარგად შეკრულ გუნდთან, რომელიც აერთიანებს კვალიფიციურ პედაგოგებს, ახალისებს მათ ინოვაციურ მიდგომებს და ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას.

ამ კონკურსს 2017 წლიდან ვადევნებ თვალს. რამდენიმე გამარჯვებულს, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული კონკურსიდან, მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში სულ სხვა კუთხით შევაფასე მათი საქმიანობა და დავრწმუნდი, რომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი მართლაც გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენასა და დაფასებას ემსახურება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრობა, ვფიქრობ, დამეხმარება განვაგრძო მაძიებლობა, არ შევწყვიტო პროფესიული ზრდა, დღევანდელ სამყაროში, სადაც ღირებულებები, იდენტობები სწრაფად იცვლება, დავრჩე „უაღრესად თანამედროვე“ და მოსწავლისთვის საინტერესო მასწავლებლად.

ეს პლატფორმა საშუალებას მომცემს, უფრო ახლოს გავიცნო განსაკუთრებული პედაგოგიური პრაქტიკის მქონე მასწავლებლები, გავიზიარო მათი გამოცდილება, მეთოდოლოგია, თავადაც შევთავაზო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება. უფრო ფართო აუდიტორიას მივაწოდო ჩემი იდეები პედაგოგიური ინოვაციებისა და არასტანდარტული სწავლების ტექნიკის დასანერგად, რათა საერთო ძალისხმევით უკეთ შევძლოთ ფეხი ავუწყოთ დღევანდელ მუდმივცვალებად დინამიკას და ჩვენს მოსწავლეებს მოქნილი, შემოქმედებითი, კონკრეტულ ცოდნასა და უნარზე დამყარებული ხარისხიანი განათლება შევთავაზოთ.

მე, როგორც სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ადამიანი, საზოგადოებას ვთხოვდი, რომ ბავშვის წარმატებისა თუ მარცხის განმსაზღვრელ ერთადერთ ფაქტორად მხოლოდ მასწავლებლის მიჩნევა, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლობაა და თუ გვინდა, ჩვენს შვილებს „მართალი სკოლა, სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი“ სწავლება შევთავაზოთ, თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლიან მოქალაქედ ჩამოვაყალიბოთ, მაშინ მასწავლებლის ფასდაუდებელი შრომაც უნდა დავაფასოთ, ვაღიაროთ, ვენდოთ…

 

მაია ლაპიაშვილი

 დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: პირველი ემოცია, როცა შევიტყვე, რომ საუკეთესო ათეულში ვარ, იყო მადლიერება – უზომოდ მადლიერი ვარ ამ ნდობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩემს გზას ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება მოჰყვა. მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მენდო, გვერდით მედგა და დამარწმუნა, რომ ღირდა ჩემი ისტორია აქამდე მოსულიყო. ეს აღიარება მხოლოდ ჩემი არაა, ამაში ყველა ჩემი მოსწავლის, მშობლის კოლეგისა და თანამოაზრის ენერგია დევს, ვისთან ერთადაც წლებია ვცდილობ უკეთესი მომავლის შექმნას. ეს სიახლე ჩემთვის, ერთდროულად, სიხარულიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც.

ზოგადად, ჩემთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯილდო. ეს სივრცეა, სადაც ხშირად ჩრდილში დარჩენილი ადამიანების ხმა ისმის – მასწავლებლების, რომლებიც თითოეული გაკვეთილით, საუბრით და მხარდაჭერით მომავალს ქმნიან. ჩემთვის ამ პროცესში მონაწილეობა იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მასწავლებელი აკეთებს საოცარ საქმეს და მათ უნდა ჰქონდეთ ეს ადგილი, სადაც მოუსმენენ, დააფასებენ. ეს კონკურსი საზოგადოებასაც ახსენებს, რომ სკოლა და მასწავლებელი მხოლოდ საგნებს კი არა, ზოგადსაკაცობრიო და ადამიანურ ღირებულებებსაც ასწავლის და სწორედ ესაა მისი ყველაზე დიდი ძალა.

ათეულთა კლუბში ყოფნა ჩემთვის ახალ ვალდებულებას და ახალ შესაძლებლობას ნიშნავს. მინდა, რაც შევძელი და ვისწავლე, უფრო ხშირად გავაზიარო სხვებთან – კოლეგებთან, ახალბედა მასწავლებლებთან, სტუდენტებთან. იმედი მაქვს, ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს იმ ხმას, რომ სწავლება მხოლოდ საგანი არაა – ჩვენი ურთიერთობები და ნდობაა.

ჩემი მთავარი სათქმელია: ნუ დავაკარგინებთ მომავალ თაობას რწმენას, რომ ცოდნა და სიმართლე ყოველთვის ფასობს. მასწავლებელი მარტო ვერ გააკეთებს ამას , მაგრამ თუ მასწავლებელს გვერდით დავუდგებით, ბევრი რამ შეიცვლება. უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლა მხოლოდ გაკვეთილები არაა. სკოლა სწორედ ის ადამიანები ვართ, ვინც ბავშვებს მაგალითს ვაძლევთ, როგორ იცხოვრონ პასუხისმგებლიანმა და თავისუფალმა ადამიანებმა.

 

თამუნა მაჭარაშვილი

თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის №77 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ჩემთვის გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე მეტად მნიშვნელოვანი მცდელობაა. თავდაპირველად, აპლიკაციის გაგზავნითაც კმაყოფილი ვიყავი, რისთვისაც შარშანდელი ფინალისტის, ნათია ნარსავიძის სიტყვებმა მომცა მოტივაცია, „თუ ფიქრობ, რომ განსაკუთრებული არაფერი გაგიკეთებია, სწორედ შენ უნდა გაგიცნოს საზოგადოებამ”. როცა შევიტყვე, რომ ათეულის წევრი ვიყავი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარული ვიგრძენი, თუმცა ეს ემოცია მალე შეიცვალა შეგნებით, რომ ამ სტატუსს თან სდევს უდიდესი პასუხისმგებლობა – საკუთარი თავის, მოსწავლეების და მთლიანად პროფესიის წინაშე.

საზოგადოება ხშირად კრიტიკულია მასწავლებლის მიმართ. მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის კარგი მასწავლებლობისთვის, საჭიროა მაღალი ღირსების გრძნობა, ემპათია და ყოველდღიური თავდადება. სამწუხაროდ, წარსულშიც და ახლაც, მასწავლებელი ხშირად სტერეოტიპული და დაკნინებული სახით ჩნდება კინოში, ლიტერატურულ ნაწარმოებებში: როგორც მკაცრი, უხეში, მოსწავლეთა დამტუქსავი ადამიანი.

განათლების სისტემის ჩავარდნებზე, უმეტესწილად, საუბრობენ ისე, რომ პასუხისმგებლობას აკისრებენ არა გადაწყვეტილების მიმღებთ ან რეფორმების შინაარსს, არამედ უშუალოდ მასწავლებელს. შესაბამისად, მასწავლებლობა ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი პროფესია არ არის, არავის უნდა განტევების ვაცად ყოფნა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო არის პროფესიის პრესტიჟის ამაღლების შესაძლებლობა. ის აჩვენებს, რომ არსებობს სივრცე, სადაც მასწავლებლის ხმა ისმის და სადაც ჩვენი შრომა აღიარებულია, სადაც კი არ გვადანაშაულებენ ქვეყნის წარუმატებლობაში, არამედ გვაქებენ პროფესიული ძალისხმევისთვის.

პირადად ჩემთვის კი ამ კონკურსში მონაწილეობა, პირველ რიგში, პროფესიული განვითარებაა. ეს არის შესაძლებლობა, ვიყო იმ დიდი ოჯახის წევრი, ვინც საერთო ღირებულებებით და მიზნებით ერთიანდება. ეს კონკურსი ჩემთვის მოტივაციაა, რომ მეტი პასუხისმგებლობით, მეტი ძალისხმევით და ახალი ენერგიით გავაგრძელო იმ იდეების განხორციელება, რომლებიც უკეთეს სკოლას და განათლებულ საზოგადოებას შექმნის.

სამწუხაროდ, განათლების სფეროში განხორციელებული არათანმიმდევრული და, ხშირ შემთხვევაში, უსამართლო რეფორმები ახალგაზრდა მასწავლებლებს გვიკლავს მოტივაციას. ბევრმა ჩემმა კოლეგამ დატოვა პროფესია, რადგან სისტემამ მათ ვერ მისცა განვითარებისა და რეალური ცვლილებების განხორციელების შანსი.

ათეულის კლუბის წევრობა ჩემთვის ნიშნავს თანადგომას, ერთად ბრძოლას განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის. ახლა უფრო იმედიანად ვარ და მეტად მჯერა ჩემი თავის.

მასწავლებელობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის ყოველდღიური თავდადება, პასუხისმგებლობა და ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. შეიძლება ეს მომავალი ახლა ბუნდოვანი და გაურკვეველია, მაგრამ მაინც მჯერა, თუ თითოეული მასწავლებელი საკუთარ გაკვეთილზე მოსწავლეებს სწორ გზას აჩვენებს, არ ჩაახშობს მათ კრიტიკულ, დამოუკიდებელ აზროვნებას, თავისუფლება თავად იპოვის ახალგაზრდებს და ისინიც იბრძოლებენ მის შესანარჩუნებლად.

 

შალვა მინდაძე

თბილისის №70 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი: ამ სიახლემ უდიდესი ემოცია გამოიწვია. პირველ რიგში, საკუთარ თავში მცირე ხნით უნდობლობაც კი ვიგრძენი, თითქოს ვერ ვიაზრებდი ბოლომდე, რომ ეს ნამდვილად მოხდა. შემდეგ კი დამეუფლა მადლიერების განცდა: ვფიქრობ, ეს აღიარება არ არის მხოლოდ ჩემი პროფესიული მიღწევა, ყველა იმ ადამიანის საერთო გამარჯვებაა, ვისთან ერთადაც გავიარე ეს გზა – მოსწავლეები, კოლეგები, მშობლები. ათეულში მოხვედრა ჩემთვის ნიშნავს, რომ იმ ღირებულებებს, რაც დღემდე მახლდა – ჰუმანიზმი, კრიტიკული აზროვნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა – განათლების სივრცეშიც აქვთ ადგილი და მნიშვნელობა. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ მოტივაციის ზრდას, არამედ პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გააზრებას ნიშნავს.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში მონაწილეობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, პროფესიული გამოცდილება საზოგადოებრივ დისკურსში ვაქციო და პედაგოგიური პრაქტიკა იმ სისტემურ კონტექსტში დავინახო, სადაც განათლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ ღერძად განიხილება.

კონკურსის მნიშვნელობა სცდება ინდივიდუალურ აღიარებას, ქმნის საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც მასწავლებლის ხმა სისტემურად ისმის. ეროვნული ჯილდო ხელს უწყობს პედაგოგიური პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას, საჯარო პოლიტიკის კონტექსტში მასწავლებლის როლის გადახედვას და განათლების ადმინისტრირების პროცესებში მასწავლებელთა ჩართულობის გაღრმავებას.

ეს კონკურსი, თავის არსში, არა მხოლოდ პროფესიული ხარისხის აღიარებაა, არამედ მასწავლებლის, როგორც ცვლილებების ინიციატორის, დაფასება. სწორედ ამ მიდგომამ შეიძლება განაპირობოს განათლების პოლიტიკის ადამიანისეულ ღირებულებებზე ორიენტაცია და მასწავლებლის გამოცდილების ინსტიტუციური კაპიტალიზაცია, როგორც განათლების რეფორმების საფუძველი.

ათეულთა კლუბში გაწევრიანება ჩემთვის ერთგვარი გადასვლაა პედაგოგიური პრაქტიკიდან განათლების სისტემურ ხედვაზე დაფუძნებულ ლიდერობაში. ეს არის შესაძლებლობა, პროფესიული საქმიანობა ვაქციო გავლენიან პლატფორმად, სადაც მასწავლებელი მონაწილეობს არა მხოლოდ საკლასო პროცესების დიზაინში, არამედ განათლების პოლიტიკის კრიტიკულ ანალიზსა და საჯარო საგანმანათლებლო დისკურსის განვითარებაში.

კლუბის წევრობა ნიშნავს გაფართოებულ შესაძლებლობას, ვიყო ჩართული განათლების რეფორმის ინტეგრირებულ მოდელებში, შევიტანო წვლილი მასწავლებელთა განვითარების მექანიზმების გადახედვაში და ხელი შევუწყო სკოლის, როგორც სამოქალაქო ინტელექტის ცენტრის, გაძლიერებას.

ჩემი, როგორც მასწავლებლის, მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის ასეთია: მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი. ის არის ცვლილებების არქიტექტორი, კრიტიკული მსჯელობის მოდერატორი და ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის ქვაკუთხედი. ამიტომ საჭიროა, რომ განათლების სისტემა აღიარებდეს მასწავლებლის როლს, როგორც თანაბარუფლებიან პარტნიორს პოლიტიკის ფორმირებაში და არა მხოლოდ პოლიტიკის შემსრულებლად.

განათლება იწყება იქ, სადაც მასწავლებელს ენდობიან, უსმენენ და საშუალებას აძლევენ, შექმნას მომავლის საზოგადოება – ღირებულებაზე ორიენტირებული და დემოკრატიული.

 

ხათუნა ყოჩაშვილი

რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის №4 და რუსთავის №15 საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი: მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ძალიან საპასუხისმგებლო და პრესტიჟული ჯილდოა ჩემთვის. ამიტომ ამ ათეულში მოხვედრა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ამ ჯილდოზე ორჯერ ვიყავი წარდგენილი, თუმცა ვერც ერთხელ ვერ დავდე სასურველი შედეგი. წელს ეროვნულ ჯილდოზე წარმადგინეს ეროვნული ჯილდოს პირველი ხუთეულის წევრმა, ქალბატონმა ეკატერინე წულუკიძემ და ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, გორის №6 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ნინო მღებრიშვილმა. როდესაც ქალბატონმა ეკატერინემ მომწერა წარდგენის თაობაზე, გამიხარდა, მაგრამ თითქოს შემეშინდა კიდევ ერთი მარცხის. ფეხს ვითრევდი, არ ვჩქარობდი აპლიკაციის შევსებას. განმეორებით ვესაუბრე ეკატერინეს, ვკითხე ხომ არ გადაიფიქრა ჩემი კანდიდატურის წარდგენა და როცა მისი დამაჯერებელი პასუხები მოვისმინე, შემრცხვა ჩემი შიშის. მივხვდი, რომ არ შემეძლო უარი თქმა მისი ნდომისა და რწმენისთვის! თანაც მე არ გავჩერებულვარ, გავაუმჯობესე ჩემი შედეგები. ხოლო როცა ჩემს მეგობარს, ნინო მღებრიშვილს ვუამბე ამის შესახებ, მითხრა რომ ჩემი ნაშრომები იმსახურებდა კიდევ ერთ მცდელობას. ასე აღმოვჩნდი წარდგენილ კანდიდატებს შორის. თუმცა , ძალიან კარგად მესმოდა, რომ უდიდესი შრომა მელოდა, თუნდაც აპლიკაციის შევსების დროს, რადგანაც მსგავს შემთხვევაში ყველა სიტყვას დიდი ფასი აქვს.

ათეულის წევრობა ეროვნული ჯილდოს შარშანდელმა გამარჯვებულმა, ნათია უჩავამ მახარა! დათქმულ დრომდე ლოდინი რომ არ გამჭირვებოდა, 15 ივლისს უამრავი საქმე გამოვიჩინე. დრო ისე გაიპარა, 2 წუთით დამაგვიანდა კიდეც ინფორმაციის ნახვა. 16.03 წუთზე კი ნათიას წერილი და ჩემი ფოტო მომივიდა Facebook-ზე მესენჯერში: „გილოცაავ!!!“ უზომოდ გამიხარდა!!!

ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა დაგინახავენ, როცა დააფასებენ იმას, რისთვისაც არ გძინავს, რისთვისაც დღედაღამ ფიქრობ! მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ქალბატონი ეკატერინე წულუკიძის და ნინო მღებრიშვილის მიმართ: ისინი რომ არა, მე ვერ ვიგრძნობდი ამ სიხარულს, რადგან აღარ ვაპირებდი კონკურსში მონაწილეობას. მენდნენ და ძალიან მიხარია, რომ მათი ნდობა გავამართლე! აქვე მადლობას ვუხდი ჟიურის გამოცხადებული ნდობისთვის! ათეულის წევრობა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის: პირველი ის, რომ ამ ჯილდოს ქვეშ დგანან საქართველოს უძლიერესი პედაგოგები (მათ შორის ბევრი ჩემი მეგობარია!), კარგი პედაგოგების გვერდით, შენც უფრო კარგი გინდა გახდე! ათეულის წევრობა ნიშნავს, რომ ბევრ ახალ და საინტერესოს გავიგებ! მიღებულ ცოდნას ჩემს მოსწავლეებს გავუზიარებ! ბავშვებისთვის გამარჯვებული მასწავლებელი უფრო მისაბაძი ადამიანი ხდები! ანუ გამარჯვებული სადღაც შორიდან ან ეკრანიდან კი არ ელაპარაკება, არამედ მათ გვერდითაა, მათთან ერთად იცინის, თამაშობს, კითხულობს! გამოდის, მასთანაც ახლოსაა გამარჯვება! და თუ მოინდომებს, ისიც გაიმარჯვებს!!! თითქოს ჩემი გამარჯვება მათი გამარჯვების უძლიერესი რწმენა და გარანტიაა! თითქოს ჩემი გამარჯვებიდან მათ გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია! და კიდევ, ეროვნული ჯილდოს წევრობა უდიდესი პასუხისმგელობაა! თითოეული სიტყვა თუ ქმედება იძენს განსაკუთრებულობას და უდიდეს მნიშვნელობას.

მე ორ სკოლაში ვასწავლი, ორივე სკოლას თავის პრობლემები აქვს. ეროვნული ჯილდო ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას მომცემდა. №4 სკოლას დიდი დარბაზი აქვს, მაგრამ სცენას მოწესრიგება სჭირდება. სცენის მოწყობით ხელოვნების მოყვარულ ბავშვებს ძალიან გავახარებდი; №15 სკოლას არ აქვს მოწესრიგებული გარე სპორტული მოედანი. ამ მოედნის მოწესრიგებით სპორტით დაინტერესებულ ბავშვებს ავუხდენდი ოცნებას. შესაძლებლობა რომ მქონდეს, მეწარმეობის ოთახს გავაკეთებდი სკოლაში და ბავშვებთან ერთად კიდევ ერთხელ დავამტკიცებდი, რომ ყველაზე პატივსაცემი მშრომელი და შემოქმედი ადამიანია!

32 წელია ვსწავლობ და ვასწავლი, 32 წელია თავდაუზოგავად ვშრომობ ჩემი ტიპური და ატიპური, ქართველი და არაქართველი, ემიგრანტი მოსწავლეებისათვის, პირისპირ თუ დისტანციურად. ჩემთვის შრომისმოყვარეობა ჯადოსნური ჯოხია და მისი დახმარებით უამრავ სურვილს ვისრულებ! ამას ვასწავლი მოსწავლეებსაც და ვშრომობთ განუწყვეტლივ. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ახალ ცოდნას, ვსწავლობთ კრიტიკულ აზროვნებას, წინდახედულებას, მოსმენისა და თანამშრომლობის უნარს, ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს და ვისახავთ ახალ გეგმებს. ვიცავთ საკუთარ და სხვათა უფლებებს, ვცდილობთ, ვიყოთ ემპათიურები და შემწყნარებლები. წარსულის და აწმყოს გააზრებით, ვფიქრობთ როგორ ავაშენოთ უკეთესი მომავალი. პატარ-პატარა წესების დაცვით, სიმართლის თქმითა და შეცდომების აღიარებით ვყალიბდებით დემოკრატ, ტოლერანტ, გამბედავ და ემპათიურ ადამიანებად!

მე, როგორც მასწავლებელი, ხელს ვუწყობ ჩემს მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის პრინციპების მატარებელი პიროვნების ჩამოყალიბებას, რითაც ქვეყნის უკეთეს მომავალს ვაშენებ! ჩემთვის მასწავლებლობა გადარჩენის გზაა, რადგანაც განათლებული აწმყო უზრუნველყოფს განათლებულ, პერსპექტიულ და გაუმჯობესებულ მომავალს!

ჟანა ხაჩატურიანი

ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლისმე და საზოგადოების“, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი: რა გრძნობა დამეუფლა როცა, საკუთარი თავი საუკეთესო ათეულში აღმოვაჩინე, ძალიან რთულად გადმოსაცემია ერთი სიტყვით, რადგან ერთბაშად ვიგრძენი სიხარული, პატივისცემა, ნდობა და აღიარება. მთელი ჩემი გაწეული შრომისთვის, ერთ წამში, მივიღე მადლობა. დედაჩემის ბედნიერი, ცრემლებით სავსე თვალები არ დამავიწყდება. ღირდა ცხოვრება, თუნდაც, მხოლოდ ამ წუთებისთვის… „თუ ვინმე კვარცხლბეკზე უნდა დააყენო, მაშინ მასწავლებლები დააყენე, ისინი საზოგადოების გმირები არიან“ (გაი კავასაკი).

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების სფეროში ყველაზე დიდი აღიარებაა, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მადლიერებასა და პატივისცემას მასწავლებლის მიმართ. ეს ჯილდო არა მხოლოდ კონკრეტული მასწავლებლის დამსახურების აღიარებაა, არამედ ზოგადად მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდა და მასწავლებლის როლის შეხსენებაა ფართო აუდიტორიისთვის. ამავდროულად, ჯილდო ხელს უწყობს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა მოტივაციის ზრდას, პროფესიის პოპულარიზაციას. ეროვნული ჯილდო ქმნის პლატფორმას, სადაც პედაგოგებს შეუძლიათ თავიანთი საუკეთესო პრაქტიკის ერთმანეთისთვის გაზიარება/თანამშრომლობა, რაც ესოდენ დეფიციტურია ჩვენი საზოგადოებისთვის. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, ეს გახლავთ იმ ჯილდოთაგან ერთ-ერთი, რომელიც ალბათ გმირობის წოდების ტოლფასია. ეს არის მასწავლებლის ენით აუღწერელი შრომის საპასუხოდ მიღებული დაფასება და აღიარება. ყველას სჭირდება ამ ქვეყანაზე მოტივაცია, მათ შორის „დაღლილ“ მასწავლებელსაც. ვფიქრობ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დამეხმარება, ახალი შემართებით შევუდგე როგორც სამეცნიერო/კვლევით, ასევე პრაქტიკულ/საგაკვეთილო საქმიანობას. აღნიშნული ჯილდოთი ადამიანებში გაჩნდება ის განცდა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არ იკარგება თავდაუზოგავი შრომა. მოსწავლეებში გაჩნდება მადლიერების განცდა.

ათეულთა კლუბის წევრობა უდიდესი პატივია ჩემთვის. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია პროფესიულად კიდევ უფრო გაიზარდო, გაეცნო სხვა, ძალიან წარმატებული პედაგოგების გამოცდილებას. კლუბის წევრობა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, ჰქონდეთ წვდომა ახალ პლატფორმებზე – მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონფერენციებში. ვფიქრობ, მომეცემა საშუალება, საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რაც სასკოლო საზოგადოებას აწუხებს, გავხდე, ცვლილებების ინიციატორი ჩემს რეგიონში.

ეროვნული ჯილდოს ათეულში ყოფნა, შესაძლოა, ბევრი მასწავლებლისთვის გახდეს სტიმული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ეს აღიარება მაძლევს დაფიქრების საშუალებას – რა სიკეთის მოტანა შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის?! საზოგადოებისთვის მხოლოდ ერთი რამ მექნება სათქმელი, არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება! დასვით კითხვები და ეცადეთ მიიღოთ პასუხები!

◊◊◊

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:

⇒  გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;

⇒ მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;

⇒ ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

⇒  მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);

⇒ მხარდამჭერები – EPAM Georgia და ალტე უნივერსიტეტი.

ლალი ჯელაძე

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება