4 მაისი, შაბათი, 2024

გაზრდილ ხელფასთან ერთად, პედაგოგები გაზრდილ საშვებულებო ანაზღაურებას მიიღებენ

spot_img

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა, პირველი მოსმენით განსახილველად, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი წარადგინა. ერთ-ერთი ცვლილება საჯარო სკოლის მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურების საკითხის დარეგულირებას ითვალისწინებს, 2024 წლის 1 ივლისიდან ასამოქმედებელი ახალი სახელფასო ფორმულის შესაბამისად. რადგან საშვებულებო ანაზღაურება პროპორციულადაა მიბმული ხელფასის ოდენობაზე, ცვლილების თანახმად, როდესაც გაიზრდება ხელფასი, პროპორციულად დაანგარიშდება საშვებულებო ანაზღაურების ოდენობაც და, შესაბამისად, გაზრდილი განაკვეთით მიეცემა პედაგოგს.

„პირველი ივლისიდან შევა ძალაში გადაწყვეტილება, რომელიც ეხება პედაგოგების ხელფასების გაზრდას. აქ საუბარია, დაახლოებით, 500 ლარის ოდენობის სახელფასო ანაზღაურების ზრდაზე საშუალოდ. ეს დამოკიდებულია პედაგოგის დატვირთვის ოდენობაზე. შესაბამისად, დატვირთვის პროპორციულად გაიზრდება საშვებულებო ანაზღაურებაც,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, შემდგომში აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით რაიმე მანიპულაციების ან არასწორი ინფორმაციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, უფრო დეტალურად და გარკვევით მოითხოვა განმარტება: „მართალია, ეს ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, უფრო მარტივად რომ განვმარტოთ. რადგან ნახევარი წელი ეძლევათ ის ხელფასი, რაც იანვრიდან ისედაც ჰქონდათ, ივლისიდან კი ემატებათ 500 და მეტი ლარი, ვისაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს, როგორ აისახება ეს, მაგალითად, იმ შემთხვევაში, ადამიანმა შვებულება, პირობითად, ნოემბერში რომ ითხოვოს? და მეორე, მაგალითად, კანონმდებლობაში, როგორც მახსოვს, გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ თუ შვებულების რაღაც ნაწილი  გამოუყენებელია, მეორე წელს შეგვიძლია გამოვიყენოთ წინა წლის. ამ შემთხვევაში, როგორ მოხდება ამ ყველაფრის დაანგარიშება? თუ შესაძლებელია, დეტალურად განვმარტოთ, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს“.

როგორც ნოდარ პაპუკაშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება ეხება სწორედ საშვებულებო ანაზღაურების კოეფიციენტს. როდესაც პირველი ივლისიდან ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომელიც პედაგოგების ხელფასების ზრდას ეხება, შესაბამისად, პროპორციულად, დატვირთვიდან გამომდინარე, გაიზრდება საშვებულებო ანაზღაურებაც. „ვის რამდენი ექნება, გამომდინარე პედაგოგის სტატუსიდან, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით იმიტომ, რომ პრაქტიკა აჩვენებს კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, თითოეული პედაგოგი ამას იგრძნობს. კანონში ეს ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას იმისთვის, რომ მათ, გაზრდილ ხელფასთან ერთად, მიიღონ გაზრდილი საშვებულებო ანაზღაურება. აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ამ საკითხთან მიმართებაში“.

დაისვა შეკითხვა, შეეხება თუ არა ეს ცვლილება სადეკრეტო შვებულებას და აღინიშნა, რომ, ამ ცოტა ხნის წინ, უპრეცედენტო ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც სადეკრეტო შვებულება ხელფასის ტოლი გახდა.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა საკითხს ექცევა ყურადღება და, ეტაპობრივად, შესაძლებელი იქნება დღის წესრიგში ბევრი საკითხის დაყენება, რომელიც გადაჭრას საჭიროებს,“ – უპასუხა ნოდარ პაპუკაშვილმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები