კესო ქობალია
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
🔳 დამრიგებლის მთავარი აღმზრდელობითი ფუნქცია სკოლაში
ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებების, უნარების, შესაძლებლობების გარკვევა და მისთვის ისეთი საქმიანობის შეთავაზება, რომელშიც მაქსიმალურად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს და წარმატებას მიაღწევს; ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც დაეხმარება ბავშვს იმ ფსიქოსოციალური მოთხოვნილებების რეალიზებაში, რომლებიც ადამიანის მოტივაციური სფეროს საფუძველია. იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებული გახდეს, უნდა მიისწრაფოდეს მისკენ, კმაყოფილებას პოულობდეს წარმატებაში. აღზრდისა და აღმზრდელის მთავარი ამოცანაა მოსწავლის არა გონების, კუნთებისა და ფიზიკური უნარების, არამედ მოტივაციური სფეროს განვითარება, ანუ გაღვივება მაღალი ზნეობის ადამიანად ყოფნის სურვილისა, მისწრაფებისა, რომელიც განმტკიცებული იქნება გონებით და გრძნობით.
🔳 მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან
მოსწავლის ინტელექტუალურ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს უარყოფით გავლენას. პატარა ნინოს შემთხვევა ამ ფაქტის შესანიშნავ დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს. ის მესამე კლასის მოსწავლე იყო, მშვიდი, წყნარი, აუღელვებელი, გაკვეთილზე მასწავლებელს ყურადღებით უსმენდა, თუმცა, დასმულ შეკითხვებს ვერ პასუხობდა. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ნინო გონებრივი განვითარების საკმაოდ მაღალი დონით ხასიათდებოდა. ცოდნაც საკმარისი ჰქონდა იმისათვის, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ გასჭირვებოდა, თუმცა, ხელს არასოდეს იწევდა, პასუხის გაცემისა და ცოდნის გამომჟღავნების არანაირ სურვილს არ ამჟღავნებდა. ხოლო, როცა მას პირადად მიმართავდი, მორცხვად, თავჩაღუნული იდგა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს არაფერი იცოდა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს შევეცადე, ნინოს ღირსებებზე მისი თანაკლასელების თანდასწრებით მესაუბრა. „ნინო ისეთი ჭკვიანი და გონიერი გოგონაა, ისეთი დავალებების შესრულება შეუძლია, რომელსაც ზოგი მასზე უფროსი ბავშვიც კი ვერ ასრულებს“ (ასეთი შესაძლებლობები ბავშვმა ნამდვილად გამოამჟღავნა ჩვენი პირველივე შეხვედრის დროს). ამ სიტყვების მოსმენისას ნინომ თავი ასწია, გაეღიმა და შეკითხვას უპრობლემოდ უპასუხა. მორცხვი ბავშვები ხშირად ძალიან ნიჭიერები არიან. თუმცა საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და იმ სირთულეების გამო, რომლებსაც განიცდიან თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას, ისინი პოზიციებს იმათ უთმობენ, ვინც შესაძლოა ნაკლებად ნიჭიერი, თუმცა უფრო აქტიურია. ამიტომ აუცილებელია დამრიგებლის ზრუნვა, ყურადღებისა და სიყვარულის გამოხატვა მათ მიმართ, რათა თავი ავარიდოთ მსგავსი პრობლემის გართულებას.
🔳 მოსწავლეთა რანჟირება
თანამედროვე სტანდარტები ფართოდაა მიმართული განათლების ჰუმანიზაციაზე და სწავლების ინდივიდუალიზაციაზე, რაც ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების რეალიზებას. სწორედ ამიტომ,მოსწავლეთა რანჟირება ყოველთვის სტრატეგიულია, თუმცა, არა დისკრიმინაციული ხასიათის. მოსწავლეები განსხვავდებიან დასწავლის ტიპის მიხედვით, შესაბამისად, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ გააქტიურებას სხვადასხვა სტრატეგიებითა და მეთოდებით. ჩვენი მიზანია მოსწავლეთა უნიკალური უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას.
🔳 ყველაზე მწვავე პრობლემა მოზარდებში
დღესდღეობით ყველაზე მწვავედ დგას ფსიქოლოგიური პრობლემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლაში ადაპტაციისა და კომუნიკაციის, ასევე ბავშვის ზედმეტი დატვირთულობისა და ყურადღების ნაკლებობის პრობლემა. მოგვარებაში კი ბავშვს უნდა დაეხმაროს მშობელი, მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტი, რათა თავიდან ავიცილოთ ის სირთულეები, რაც შეიძლება მოჰყვეს ამას.
🔳 თვითრეალიზაციისთვის რა უნდა გააკეთოს დამრიგებელმა
21-ე საუკუნის მასწავლებელი /დამრიგებელი/ თავისი საგნის პროფესიონალი, ერუდირებული, მოტივირებული, შემოქმედი, ნოვატორი, მოქნილი, კომუნიკაბელური და კოლეგიალური უნდა იყოს, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს თავისი ცოდნისა და გამოცდილების თანამშრომლებისთვის გაზიარება. მუდმივად ზრუნავდეს იმაზე, რომ მოსწავლე ჩამოყალიბდეს კეთილშობილ, სრულფასოვან მოქალაქედ, რომელსაც ეცოდინება თავისი უფლებები, მოვალეობები, ვალდებულებები საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. მაქსიმალურად უნდა ეცადოს თითოეული გაკვეთილი გახადოს მრავალფეროვანი, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი. მისცეს მოსწავლეს კვლევა-ძიების, შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და განვითარების თავისუფლება, თვითონ იყოს გეზის მიმცემი, მუდმივად იყოს სიახლეების ძიებაში.
🔳 შესაბამისობა გაწეულ საქმიანობასა და ანაზღაურებას შორის
დამრიგებლის ანაზღაურება, ვფიქრობ, ნაკლებად შეესაბამება მის მიერ გაწეულ საქმიანობას, მაგრამ მასწავლებლის მოტივაცია თუ ენთუზიაზმი მხოლოდ ანაზღაურებაზე ნამდვილად არ არის მიმართული, პირიქით, იყო დრო, როდესაც ისინი უფასოდ ასრულებდნენ ამ საპასუხისმგებლო მოვალეობას, ეს ბავშვების უანგარო სიყვარულმა განაპიობა.
🔳 ფინანსური მხარდაჭერის გარდა, რა არის საჭირო დამრიგებლისთვის
მშვიდი გარემო, თანამშრომლობითი კულტურა სკოლაში და მოსწავლის შედეგი, რომელიც მის მოტივაციას გაზრდის. ამასთანავე, შესაბამისი ტექნოლოგიური რესურსი.
🔳 არაფორმალური განათლება
არაფორმალური განათლება მოსწავლეს აძლევს საშუალებას, მკვეთრად გამოავლინოს შინაგანი შესაძლებლობები, იმავდროულად, კავშირშია პროფესიულ განათლებასთან, რაც მოსწავლეს ეხმარება კარიერის დაგეგმვაში. ამ მიმართულებით ვითვალისწინებ მოსწავლეთა სურვილებსა და ინტერესებს, შესაბამისად ვარჩევ „შემოქმედებითი კლუბისთვის“ საჭირო თემას, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. მაგალითისთვის, ამ ეტაპზე, მე და ჩემი მოსწავლეებმა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ვიდეოკოლაჟი მოვამზადეთ.
საკუთარი გამოცდილებიდან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, თუმცა აღვნიშნავ ერთ ფაქტს, „ეკო კლუბის“ შექმნის შემდეგ მოსწავლეები უფრო აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში ვიდრე ამ კლუბის შექმნამდე.