2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

აღზრდასთან დაკავშირებული მითები

spot_img

ზანდა ჩეჩელაშვილი

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის“ ფსიქოდიაგნოსტი და ფსიქოკონსულტანტი

 

 

აღზრდის სტილი არის ზუსტად ის თემა, სადაც ყველაზე მეტი მითი არსებობს არა მხოლოდ მშობლების მხრიდან, არამედ მთლიანად საზოგადოების მხრიდან. ყველაზე გავრცელებული მითები არის რეალურად ჩვენი ყოველდღიურობა, როგორ ვოპერირებთ ბავშვებთან ურთიერთობის დროს და რა მეთოდებს ვიყენებთ აღზრდის პროცესში.

მითი #1 ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი, რომელიც მშობლებს აქვთ და რასაც, ძალიან ხშირად, არგუმენტებად გვეუბნებიან, არის ის, რომ გოგონებთან სხვა მეთოდები ამართლებს, ბიჭებთან – სხვა და თითქოს ბავშვის სქესზეა დამოკიდებული, აღზრდის პროცესში, რომელი სტილი უნდა ავირჩიოთ. ეს არის საკმაოდ გავრცელებული მითი და ჩვენ ამას რაღაცნაირად ინერციით მოვყვებით იმიტომ, რომ შეიძლება, ჩვენც ამ მითებით გავიზარდეთ. როგორები უნდა ვყოფილიყავით გოგონები და როგორი – ბიჭები, შესაბამისად, ამის მიხედვით ხდებოდა აღზრდის გარკვეული სტილის ჩვენზე მორგება. ეს მითი რომ დავანგრიოთ, ამისთვის არის ერთადერთი არგუმენტი – აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია არა ბავშვის სქესი, არამედ მისი პიროვნული ნიშნები.

ჩვენ თუ გამოვალთ შეხედულებიდან, რომ სქესს ახლავს გარკვეული ნიშნები, რასაც გოგონა უნდა აკეთებდეს ან რასაც ბიჭი უნდა აკეთებდეს და ამ სქესის მიღმა დავინახავთ პიროვნებას, რომელსაც თავისი სპეციფიკური, უნიკალური პიროვნული ნიშნები აქვს, მივხვდებით, რომ აღზრდის სტილი უნდა მოვარგოთ არა სქესს, არამედ ბავშვის პიროვნებას, იმას, კონკრეტულად მასთან რა მეთოდი შეიძლება იყოს გამართლებული – იქნება ეს წახალისება, სასჯელი, ზოგ შემთხვევაში, ან გადაჭარბებული მზრუნველობა, თუ ამის აუცილებლობაა. თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ ამის აუცილებლობა თითქმის არასდროს არ არის და ესეც მშობლის დამოკიდებულებაა. ასე რომ, ამ მითის დანგრევა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მითის დანგრევა ზუსტად ამით შეიძლება, რომ ცოტა ხანი სქესს, რომელიც პირველია, რასაც ვხედავთ, როდესაც ადამიანს ვუყურებთ, ნებისმიერ ასაკში, თავი დავანებოთ, აქედან გამოვიდეთ, ამ სტერეოტიპიდან თავი გამოვიყვანოთ და დავიწყოთ იმაზე დაკვირვება, შვილს, კონკრეტულ პიროვნებას, რა ნიშნები აქვს და რა გაამართლებს მასთან კომუნიკაციის პროცესში, რა სტილი ავირჩიო ჩემი შვილის აღზრდის პროცესში.

მითი #2 მეორე მითი, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდებით და ცოტა მტკივნეულია, თუ დაფიქრდები, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ამან რა შეიძლება მოიტანოს, არის ის, რომ მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბავშვის ხშირი შექება ან ხშირი მოფერება მასზე ცუდად აისახება. თითქოს ამით, ერთგვარად, ბავშვს შეიძლება ძალიან ვათამამებთ და მერე გაუჭირდება, რომ ცხოვრებაში რაღაცები აკეთოს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მოდი, ასე ვთქვათ, რაც ბავშვმა არ უნდა დაიმსახუროს და მუდმივად, უპირობოდ და უმასშტაბოდ უნდა ეძლეოდეს, ეს არის სიყვარული მშობლის მხრიდან და ეს სიყვარული მშობელს უნდა ეტყობოდეს. თუკი მე, ბავშვის აღზრდის პროცესში, გარკვეული პირობები შემომაქვს და მას ვაგრძნობინებ, რომ თუ ის ამ პირობებს დააკმაყოფილებს, მარტო მაშინ მეყვარება, ეს ბავშვზე ძალიან ცუდად აისახება როგორც ხანმოკლე პერსპექტივაში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში. ამ მეთოდმა შეიძლება გაჭრას აქ და ამჟამად, ქცევის მართვის პროცესში, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში და ზრდასრულობაში ბავშვებს, იცით, როგორი პრობლემები ექმნებათ – მუდმივად ეძებენ აღიარებას, მუდმივად ეძებენ სიყვარულს და უჭირთ ავტორიტეტებთან ურთიერთობა. ეს ავტორიტეტი, შეიძლება, მერე  გახდეს მეგობარი, ან უფროსი, ან თანამშრომელი. ნებისმიერ ადამიანში ისინი ეძებენ ავტორიტეტს და ავტორიტეტისგან აღიარებას. თუ ამას ვერ იღებენ, მათი ფუნქციონირების ხარისხი ცოტა მცირდება და მათ პიროვნებაზე, თვითშეფასებაზე და თვითეფექტურობაზე აისახება. აი, ეს განცდა, რომ მე ვიყო მიღებული იმიტომ, რომ მე ეს მაკლია მთელი ბავშვობა, განაპირობებს იმას, მე როგორ ვიქცევი და შეიძლება, ვერ ვახერხებდე რაღაცების კარგად გაკეთებას, იმდენად მიშლის ხელს ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ, ბავშვს ეს არასდროს არ უნდა გავუკეთოთ და უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ის მიღებულია, აღიარებულია და საყვარელია და მას ამის მოპოვება არ სჭირდება.

მითი #3 აქვე, შეგვიძლია ვახსენოთ შემდეგი, ყველაზე გავრცელებული, მითი იმის თაობაზე, რომ დასჯის გარეშე ბავშვი არ იზრდება და ხშირად ეს დასჯა ასოცირებულია ფიზიკურ და ემოციურ ძალადობასთან, ამის გარეშე ბავშვი ვერ აღიზრდება და ვერ ისწავლის, რომ ცუდი საქციელი არ უნდა ჩაიდინოს. ესეც ძალიან გავრცელებული და ძალიან მტკივნეული მითია და ჩვენ, ინერციით, ამას ვინარჩუნებთ იმიტომ, რომ რაღაცნაირად ჩვენს კულტურაში დასჯის ეს მეთოდები და აღზრდა ნამდვილად გაიგივებული იყო. ცოტა კი განვთავისუფლდით ამისგან, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ განვთავისუფლდით. აი, ახლა, ეს მითი რომ დავანგრიოთ, დასჯაზე ვიტყვი მხოლოდ ერთ რამეს, როგორ გავარჩიოთ სად გადის ზღვარი დასჯასა და ძალადობას შორის. ერთი შეხედვით, თითქოს, ეს ორი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული რამაა, მაგრამ პრაქტიკაში მთლად ასე არ არის და ამ ზღვრის გავლება სულ უფრო და უფრო გვიჭირს, კიდევ და კიდევ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და იქიდან, რომ ჩვენც ასე ვიზრდებოდით, შესაძლოა და ეს უკვე ნორმალიზებულია ჩვენთვის და თითქოს ძალადობად არ აღიქმება.

რა არის დასჯა? ბავშვს, რომელიც ცუდად  იქცევა, ეუბნები, რომ ეს არის ცუდი ქცევა. შენ კი არ ხარ ცუდი, შენი ქცევაა ცუდი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ცუდად იქცევა თუ კარგად, ის კარგია და მე ის მაინც მიყვარს, მაინც ვიღებ, მაგრამ მისი ეს კონკრეტული ქცევაა ცუდი და აქამდე რომ ვსაუბრობდით, ქცევა და პიროვნება უნდა გავაცალკევოთ, ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ შენ კარგი ხარ მაშინაც, როცა ცუდად იქცევი და შენი ერთი ცუდი საქციელი შენს პიროვნებაზე, როგორც კარგზე ან ცუდზე, არ მეტყველებს. ამის ცოდნა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს ვეუბნები, რომ ეს კონკრეტული ქცევაა ცუდი და ვუხსნი, რატომ არის ცუდი. მერე ვეუბნები, რას ველოდები მისგან, რა მინდა, რომ ამის სანაცვლოდ გააკეთოს. თუკი მას უბრალოდ ვსჯი ისე, რომ არ ვუხსნი, რატომ არის ეს ცუდი ქცევა და არ ვეუბნები, ამის საწინააღმდეგოდ, რა გააკეთოს, ბავშვი სწავლობს, რომ რაღაც ცუდს კი აკეთებს, მაგრამ ვერ ხვდება, ამის სანაცვლოდ, რა შეიძლება მოიმოქმედოს. ნუ ჩავთვლით, რომ ბავშვმა ეს ისედაც უნდა იცოდეს. პირდაპირ გეტყვით, არ იცის. ჩვენ უნდა ვუთხრათ, რას ველოდებით, ამის საწინააღმდეგოდ, მისგან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნახეთ, ბავშვმა წინასწარ იცის, ამას თუ გააკეთებს, ეს ცუდი ქცევაა და არსებობს სანქცია, ამისთვის როგორ დაისჯება.

ეხლა მივდივართ მთავარ კითხვამდე, რომელსაც მშობლები გვისვამენ – როგორ დავსაჯოთ ბავშვი? ძალიან ხშირად მეკითხებიან, სხვათა შორის, ამას მშობლები – მასწავლეთ, როგორ დავსაჯო ბავშვი? პირველი, რასაც მათ ვეუბნები, არის ის, რომ ჯერ, სანამ დავსჯით ბავშვს, კარგად დავფიქრდეთ, იქნებ სხვა გამოსავალიც არსებობს. დასჯას უკიდურეს შემთხვევაში ვიყენებთ. მაგრამ, თუკი ვთანხმდებით, რომ ეს დასჯა აუცილებელია და ერთ-ერთი სტილია, რომელიც მე აღზრდის პროცესში მჭირდება და, ხშირ შემთხვევში, ნამდვილად გარდაუვალია, ვამბობთ, რომ დასჯაა, როდესაც ბავშვს მისთვის სასიამოვნო სტიმულს ვართმევ. მაგალითად, მას ვეუბნები, რომ დღეს ეზოში ვერ ჩახვალ და ჩვენ ამაზე უკვე წინასწარ შევთანხმდით. შენ თუ არ იმეცადინებ, ეზოში ვერ ჩახვალ და ბავშვმა იცის, თუ არ იმეცადინებს, ეს არ გამოვა. რატომ არის, იცით, ეს რთული და აქ მოვდივართ ზუსტად არათანმიმდევრულობასთან აღზრდის პროცესში? მშობელს, რომელიც ხედავს, რომ ბავშვი ძალიან დაითრგუნა, ძალიან უჭირს, რომ ეს წესი შეასრულოს და ბავშვს, რაღაცნაირად, ეზოში მაინც უშვებს იმიტომ, რომ ბავშვმა ამაზე არ ინერვიულოს. მერე, სხვა დროს, ეს ქცევა არ გამოსწორდება. თუკი მე ბავშვს წინასწარ ვეუბნები, ამას თუ გააფუჭებ, ეს ესე მოხდება, რაც უნდა მოხდეს, ეს წესი უნდა დავიცვა და ეს არის სწორედ ის, რაც, მათ შორის, მშობლის ავტორიტეტის შენარჩუნებაში მეხმარება.

მეორე ფორმა დასჯის არის, როდესაც ბავშვს არასასიამოვნო სტიმულს ვაწვდი, მაგალითად, შენიშვნას ვაძლევ, ან ვუბრაზდები, ან ვაკრიტიკებ რაღაცის გამო, რომ ცუდად გააკეთა. ბაღის და სკოლის შემთხვევაში, შეიძლება, ცუდ ნიშანს ვუწერ იმიტომ, რომ გაკვეთილი არ ჰქონია მომზადებული, ან სტიკერს არ ვაძლევ, სხვებს კი ვაძლევ, რომლებიც კარგად იქცეოდნენ და ამ კონკრეტულ ბავშვს ამის გარეშე ვტოვებ. ყველაფერი სხვა არის ძალადობა, რომელიც ბავშვს აზიანებს ან ფიზიკურად, ან ემოციურად და აქვე მინდა ვთქვა, რომ ემოციური ძალადობა, რომელიც ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის არ არის სასურველი და არ არის საყვარელი, შეიძლება იმაზე დრამატული იყოს, ხანგრძლივ პერსპექტივაში, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, ვიდრე ფიზიკური ძალადობა. ამიტომ, როცა ბავშვთან ვურთიერთობთ, ძალიან გამახვილებული უნდა გვქონდეს ყურადღება ზუსტად ამაზე, არ წამოგვცდეს დამოკიდებულებაში რაღაც ისეთი, რაც ბავშვს თავს აგრძნობინებს უღირსად და იმად, რომ ის არ იმსახურებს სიყვარულს, თუნდაც გარკვეულ კონკრეტულ სიტუაციაში.

აი, ეს არის ძირითადი, ყველაზე გავრცელებული მითები, რომლებითაც ვოპერირებთ ჩვენ აღზრდის პროცესში და ეს მითებია ზუსტად, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობა დავამყაროთ. ამიტომ, აქაც ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ და როგორ შეიძლება, ამ შემთხვევაში, ალტერნატიული გზა გამოვნახოთ.

 

ვიდეო ბლოგი დამზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლების“ მიერ, პროექტის „მშობლობა იზოლაციის დროს“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.ვიდეო ბლოგში გამოხატული მოსაზრებები არაა აუცილებელი გამოხატავდეს გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პოზიციას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები