20 მაისი, ორშაბათი, 2024

აქვთ თუ არა სკოლებს დირექტორების არჩევნების ჩატარების რეალური შესაძლებლობა

spot_img

როგორც ცნობილია, 5 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაქვეყნა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.

დირექტორების არჩევნები, საზოგადოების მხრიდან, დიდი კრიტიკისა და უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რადგან სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, არჩევნები 927 სკოლაში გაიმართება და სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი.

სკოლებში თითო კანდიდატის წარდგენას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. პედაგოგები და კანდიდატები წერენ, რომ სკოლებს, არჩევანის გარეშე, რეალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არ ექნებათ. აღნიშნავენ იმასაც, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ამავე სკოლებში, წინასწარ, ერთზე მეტმა კანდიდატმა გამოთქვა.

9 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დირექტორთა არჩევნებთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა.

„ეს არ არის სამინისტროს გადაწყვეტილება, მეგობრებო, მინდა იმ ხალხს ვუპასუხო, ვინც ამ კრიტიკას აჟღერებს, აბსოლუტურად არასამართლიანს და საკითხში ჩაუხედავს.“ მისი თქმით, იმ სკოლებში, რომლებშიც ახლა კონკურსი ტარდება, 71%-ში, მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი. „შესაბამისად, ბუნებრივია, სამინისტროს არავითარი სხვა შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, სურვილის შემთხვევაში, რომ ერთზე მეტი კანდიდატი წარედგინა ამა თუ იმ სკოლაში, ვინაიდან ერთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული“.

ამის გარდა, მინისტრი ამბობს, რომ გამორიცხავს სკოლის დირექტორთა წარდგენის პროცესის პოლიტიზირებას და ყველა კრიტიკოსს მოუწოდებს, ჯერ გაერკვნენ საკითხში და შემდეგ აკეთონ კომენტარები.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია რაიმე ნიშნით ამ პროცესის პოლიტიზირება ან ჩირქის მოცხება. პროცესი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მიმდინარეობს ღიად, საჯაროდ, ტრანსფარანტულად და ინკლუზიურად. კომისიაში არიან როგორც სამინისტროს, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არავის, ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში, რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, არც ერთ კანდიდატს, ორგანიზაციას თუ პიროვნებას არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით მიკერძოებულია ან არასამართლიანი. ბუნებრივია, ყველაფერი კომისიაზე იყო დაფუძნებული, ერთი მხრივ, სერტიფიცირების პროცესი, მეორე მხრივმეორე ეტაპი, როდესაც გასაუბრებაზე უნდა განისაზღვროს, თუ რომელი კანდიდატი რომელ სკოლას წარედგინება.

გიორგი ამილახვარმა კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას შეახსენა, რომ რადგან დირექტორებს სამეურვეო საბჭოები ირჩევენ, ამიტომ ყველაფერი საზოგადოების ხელშია. „აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საკითხი, რომ დირექტორებს სამეურვეო საბჭოები ირჩევენ. ამიტომ, ისევ სასკოლო საზოგადოების ხელშია, რომელი კანდიდატია მათთვის მისაღები თუ მიუღებელი.“

მინისტრის ბრიფინგს მყისიერად მოჰყვა განათლების სპეციალისტის, შალვა ტაბატაძის მიმართვა სოციალურ ქსელში, სადაც წერს, რომ „გარკვეული ვართ, ბატონო მინისტრო, და გარკვეული რომ ვართ და გული შეგვტკივა განათლებაზე, განვითარებაზე, დემოკრატიულ და განათლებულ საქართველოზე, ქვეყნის მომავალზე, იმიტომ ვართ კრიტიკულები“.

გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

რამდენიმე განმარტება მინისტრის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ბრიფინგიდან, რომლის დროსაც კრიტიკოსებს მოუწოდა ჯერ საკითხში გარკვეულიყვნენ:

  1. სკოლის დირექტორობის 1409 სერთიფიცირებული კანდიდატი იყო, რომლის წარდგენა უნდა მომხდარიყო სამეურვეო საბჭოებისთვის. სამინისტრომ სამეურვეო საბჭოებს წარუდგინე 927 ანუ 482 სერთიფიცირებული კანდიდატი დაიბლოკა კომისიის მიერ, იმ კომისიის მიერ, რომელმაც შეითავსა რეალურად სამეურვეო საბჭოების კომპეტენცია, რადგან ამ არჩევნების არსი სწორედ ის არის, რომ სამეურვეო საბჭოებმა თვითონ გადაწყვიტონ რომელი კანდიდატი უკეთეს სტრატეგიულ გეგმას წარადგენს. კომისია იმ გასაუბრებით ვერ გადაწყვეტს ამ საკითხს რადგან არ იცის თითოეული სკოლის კონტექსტი და არც უნდა წყვეტდეს. რეალურად ამ კომისიის მუშაობის მიზანი, რაც იყო ყველამ კარგად დავინახეთ.
  2. პირველადი არჩევანის მიხედვით, 382 სკოლაში იყო ერთზე მეტი დირექტორობის კანდიდატი დარეგისტრირებული. მათ შორის იყო სკოლები, სადაც 10 კანდიდატზე მეტი იყო დარეგისტრირებული, იყო 16 კანდიდატიანი სკოლებიც. 894 სკოლაში მხოლოდ 1 კანდიდატი იყო. 798 სკოლაში საერთოდ არ იყო კანდიდატი. გასაუბრების შედეგად 382 სკოლაში სადაც ერთზე მეტი კანდიდატი იყო რეგისტრირებული და რეალურად არსებობდა არჩევანის შესაძლებლობა, სამინისტრომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა გააგზავნა მხოლოდ ერთი კანდიდატი ანუ 382 სკოლაში არჩევანის შესაძლებლობა არ მისცა სამეურვეო საბჭოებს;
  3. კანდიდატების რეგისტრაციიდან გამომდინარე 1276 სკოლაში იყო შესაძლებელი, რომ ყოფილიყო სერთიფიცირებული დირექტორი. დღევანდელი მოცემულობით მხოლოდ 927 სკოლაში შესაძლოა გვყავდეს სერთიფიცირებული დირექტორი. ანუ სამინისტრომ გასაუბრების შედეგად იმ კანდიდატებთან რომლებსაც თავის კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ, 350-მდე სკოლა დამატებით დატოვა სერთიფიცირებული ხელმძღვანელის გარეშე, ისედაც მწირი კვალიფიციური კადრების პირობებში;
  4. სამეურვეო საბჭოებს რჩებათ ერთადერთი უფლებამოსილება, რომ წარდგენილი კანდიდატები თუ ვერ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს ჩააგდონ და არ აირჩიონ დირექტორად, თუმცა ესეც ფიქტიური პროცესია, რადგან სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული კანდიდატის დისკრეციით დანიშვნის უფლებამოსილება გააჩნია მინისტრს. შესაბამისად ერთკანდიდატიანი არჩევნების პირობებში, რომ გადაწყვეტილებას მაინც სკოლები იღებენ, რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება;
  5. გარკვეული ვართ, ბატონო მინისტრო, და გარკვეული, რომ ვართ და გული შეგვტკივა განათლებაზე, განვითარებაზე, დემოკრატიულ და განათლებულ საქართველოზე, ქვეყნის მომავალზე იმიტომ ვართ კრიტიკულები.

„დაწუნებული“ სერტიფიცირებული სკოლის დირექტორობის მსურველები კი მინისტრს თხოვნით მიმართავენ, მათთან შეხვედრა დანიშნოს და მოუსმინოს. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ უმსგავსო საქმის დეტალები თქვენ არ იცით, თორემ არ დაუშვებდით. შეიძლება, ერთ ადამიანს ჰქონდეს პროტესტი, მაგრამ როცა ძალიან ბევრს აქვს, გამოდის რომ, პრობლემა რეალურია. მოგვისმინეთ! არსებობს საინიციატივო ჯგუფი და ველოდებით თქვენთან შეხვედრის ჩანიშვნას“.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების ჩამონათვალი შეგიძლიათ, იხილოთ ⇓⇓

თბილისი

იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი

გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი

აჭარა

 

♦ ♦ ♦

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი, შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში, უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასევე წარუდგენს:

  • დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
  • ცნობას ნასამართლობის შესახებ;
  • ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები