ნინო დოლეჯაშვილი
გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის №182 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი
ქართული სასულიერო მწერლობა მხოლოდ გმირობის ქომაგი როდია. ღმერთთან მიმსგავსებულ სახე-იდეალთა საქმეთა გამოვლენის საკითხში, უფრო მნიშვნელოვან დანიშნულებას ასრულებს ეროვნულ ღირებულებათა ჩამოყალიბების საკითხში, განსაკუთრებით კი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ნაწარმოები, რომელიც მარტივად შეიძლება მივიჩნიოთ სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის შედგენილ სამოქმედო გეგმად, თუ რას უნდა ემყარებოდეს ძლიერი სახელმწიფო და რა ფუნდამენტურ პრინციპებს უნდა იცავდეს სუვერენული კეთილდღეობისთვის. მწერლის მხრიდან საგანგებოდ დარღვეული ტრადიცია საღვთისმეტყველო კანონისაც სწორედ ამას ემსახურება, „ნაკლულევანებად“ მიიჩნიოს დადუმება, მიუხედავად იმისა, რომ სოლომონის სიტყვების მიხედვით დუმილს ოქროს ფასი აქვს. კლარჯეთის მეუდაბნოეთა განსაკუთრებული ღვაწლის, რომლის სათავეში დგას „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“, შეფასება მრავალამხრივ დასაფიქრებელია. პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რა გზას ირჩევენ რელიგიური განმტკიცებისა და ღმერთთან მიმსგავსებულობის განმტკიცების საკითხში. შემოქმედებითობა ღმერთთან მიმსგავსებულობის პირდაპირი გამეორებაა – „ქალაქყოფის“ პრინციპით ბერწი მიწები გაანაყოფიერონ, ახალი სიცოცხლე შთაჰბერონ არაბებისაგან იავარყოფილ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, საიდანაც იწყება ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. „საქორწინე კრებული“, ბერმონაზვნური ცხოვრების მკაცრი ეტიკეტის დაწესებით, „უდაბნოს ვარსკვლავთან“ ერთად, აყალიბებს შინაგანი წესრიგის კულტურას, რაც სისტემურად ქმნის კავშირს რელიგიასა და სახელმწიფოს შორის. დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვები – „პური გულის სათქმელი არა ვჭამო“ – ბერებისა და განსაკუთრებით წმინდა მამის ცხოვრებისეულ პრინციპად იქცა, რასაც მოჰყვა „ფიცხელი კანონმდებლობის“ მხარდაჭერა, მარადდღე ქრისტესთვის მოსწყვეტოდნენ ამა ქვეყნის სიამეს. სიტყვა და საქმე – ამ ორი სიტყვის ურთიერთკავშირი პრინციპების ერთგულებით ყალიბდება. „სანთელი ესე დაუვსებელი“, „განუპარველი ზეთის დაგროვება“, „უსისხლო მსხვერპლი“ – ეს ის პრინციპებია, რომლებიც ქმნიდა „ხორციელი კეთილის“ შექმნილ ქნარს. უდაბნო „პირმეტყველ საცხოვართათვის“ თვითჩაღრმავების ადგილია, რით მიაღწევენ კათარზისის გზას – საგლახაკო საზრდელით, ხორციელი იწროებით, შექმნილი წესრიგითა თუ იმ ტენდენციით, მოძღვარს მიმსგავსებოდნენ ისე, როგორც გრიგოლი ემსგავსებოდა ღმერთს.
საქმით შეზავებული სიტყვით დაიწყო უდაბნოს „ქალაქყოფა“, პრაგმატული ნაბიჯებითა და ლოცვით „ფიცხელ“ კლდეებთან შერკინება. რა იქნებოდა ეს ერთობა „ზეცისა კაცისა და ქუეყანისა ანგელოზის“ გარეშე. ცხადია, ის შედეგი ვერ იქნებოდა, რადგან „სული, ერთი, ოთხთა გვამთა შინა დამტკიცებული“ მხოლოდ მოძღვრის მოწოდებით უნდა აღტყინებულიყო და სწორედ მისი სურვილით უნდა გვეხილა გასვლა ერთი მორწმუნე ადგილიდან მეორეში. ბიბლიური მოსესა და ბიბლიური წინაპრის, აბრაამის, მსგავსად დაწყებულ ძიებას კოლოსალური შედეგი მოაქვს არა მხოლოდ VIII-IX საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის შექმნის თვალსაზრისით, არამედ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის, გიორგი მერჩულე სიამაყით რომ იტყვის: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ აღესრულების“. რა უძღოდა ამ შედეგს წინ. შავი ბერმონაზვნური ცხოვრების მკაცრი ეტიკეტის შექმნა, საერო და სასულიერო ძალთა კონსოლიდაცია, სიტყვისა და საქმის თანაარსებობა, ბაგრატიონთა აბსოლუტური მზაობა – ნივთიერად შესწეოდნენ „საქორწინე კრებულს“, წმინდა მამის მაქსიმალიზმი და ცნობისმოყვარეობა, გასცნობოდა სხვა ქვეყნების საეკლესიო წესდებას და ეროვნულობის გათვალისწინებით შეექმნა საეკლესიო წეს-განგება, სადაც მხოლოდ ერთადერთი სიტყვა – „კვირილეისონ“ იქნებოდა ბერძნული.
„მზვაობრიობისგან“ თავისუფლდება ერიც და ბერიც. სწორედ ამ მანკიერი თვისების დაძლევით ყალიბდება დიდი კულტურა, შენდება ქართული სახელმწიფო, რომლის ჩამოყალიბების საქმეში მთავარი ორგანიზატორი, ბაგრატიონებთან ერთად, გრ. ხანძთელია. პასუხისმგებლობის ხაზგასმა წმინდა მამისგან „ხორციელად ძლიერ კაცებთან“ დამაფიქრებელი მინიშნებით აიხსნება: „სად არს პატივი მთავრობისაი, მუნ არს მსგავსებაჲ ღმრთეებისაЎ“. ალბათ, ეს მინიშნებაც აფხიზლებდა პასუხისმგებლობას ეკლესია-მონასტერთა აღმშენებლობის საქმეში. რწმენით დაწყებულ საქმეს დიდი მომავალი აქვს. დღითი დღე აღორძინებული ერთობა ვენახის მეთერთმეტე ჟამის მუშაკთა და პირმეტყველ საცხოვართა არაერთხელ ამტკიცებს, რა ძალა აქვს თანხმიერ მოქმედებას, მეტიც, ეკლესიის ავტოკეფალიასაც კი უჭერენ მხარს, რამდენად დამოუკიდებელი და შეუვალია ეკლესია საკუთარი პრინციპების დაცვის საქმეში. „სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არა ვისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან“. ეს სიტყვები განსაკუთრებით მართლდება ჯავახეთის კრებაზე,როდესაც „შფოთს, ძნელად მოსაცილებელს“ გრიგოლ ხანძთელი განმუხტავს. „სულიერად ძლიერი ლაშქარი“ ზნეობრივი და სულიერი პრინციპების ერთგულია, მისი რღვევის შემთხვევაში კი – რადიკალური. არც „მახვილზე განმკვეთელი“ სიტყვით მოქმედებაა უცხო წმინდა მამისთვის. შეიძლება, სუბიექტურიც იყოს გრიგოლის გადაწყვეტილება, არსენის კათალიკოსობა ღვთის ნებით ახსნას, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი საქვეყნო სიმშვიდის შენარჩუნებაა, ვიდრე კრების ერთ-ერთი პრეტენდენტის ინტერესისა და უფლების დაცვა. ეს არის ნაწარმოები, რომელიც გვარწმუნებს, რამდენად არსებობს დილემა ადამიანის ცხოვრებაში, მით უმეტეს, რომ „ვერავის ხელეწიფების ორთა უფალთა მონება“, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ არჩევანი. გრ. ხანძთელის არჩევანი იყო, გაქცეოდა ხორციელ პატივს, დაეტოვებინა მონაგები, უარი ეთქვა დაყუდებულ ბერობაზე და „ადგილნი გლოვისათას“ მკვიდრი გამხდარიყო, სასულიერო თუ საზოგადო საქმეებით დატვირთული. „სრბაი აღგისრულებიეს“ – ამ სიტყვებს ამართლებს გრ. ხანძთელი, რომელმაც „საქორწინე კრებულთან“ ერთად ღირსეულად გაიარა გზა წუთისოფლის წარმავლობიდან ზეციურ მარადიულობამდე. იგი ყველაზე დიდი მოქალაქეა, რომელსაც რელიგია არ გაუმიჯნავს საერო ვალდებულებისაგან, რომლის აღტყინებულ ხმას გაჰყვა ერიც და ბერიც.