განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა იმედის დღის ეთერში დირექტორობის მსურველთა ტერსტირების პროცესზე ისაუბრა და განმარტა, როგორ შეძლებენ სერტიფირებული დირექტორები სკოლებში დასაქმებას.
თუ ვის აქვს დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში მონაწილეობის უფლება, ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ კანონში განხორციელებულ ცვლილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა: „დირექტორობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება. აქამდე კანონში ასეთი ჩანაწერი იყო: სკოლაში რომ შესულიყავი, აუცილებლად უნდა გქონოდა, მათ შორის, სკოლაში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. ახლა ჩვენ რა გავაკეთეთ? სკოლაში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება გავწიეთ იმ ეტაპისთვის, როდესაც უკვე (თუ ყველა ეტაპი გაიარა) სამეურვეო საბჭოსთან წარდგენა მოგვიწევს და მაშინ მოვთხოვოთ ეს“.
რა არის ამ ცვლილების მიზანი – „რაც შეიძლება მეტი შემოსულიყო სერტიფიცირების ამ ეტაპზე. მაგალითად, ჩვენ გვყავს განათლების ადმინისტრირება დამთავრებული ახალგაზრდები, ვისაც შესაძლოა, ტესტირების ამ ეტაპზე არ ჰქონდეს სკოლაში მუშაობის ის ერთწლიანი გამოცდილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სცადოს ბედი, იმიტომ რომ, როცა სერტიფიცირებას გაივლის, მას 7-წლიანი ვადა აქვს, შესაბამისად, ეს მისთვის სტიმული იქნება. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ჩვენ ასეთი კარგი კადრი ირიბად მივმართოთ სკოლისკენ, გავაახალგაზრდავოთ კონტინგენტი და ბევრ ადამიანს მივცეთ სტიმული. ძალიან ბევრი მსურველი ხომ სწორედ ამ დათქმის გამო ვერ შემოდიოდა ტესტირებაზე“.
თამარ მახარაშვილმა, ასევე, ისაუბრა ტესტირების ეტაპებზე და იმაზეც, თუ როგორ განხორციელდება სერტიფიცირებული დირექტორების სკოლებში შესვლა: „როგორც იცით, სერტიფიცირებას ორი ეტაპი აქვს: ტესტირება, რომელიც 28 იანვარს ჩატარდა და მეორე – გასაუბრება. ტესტირების შედეგები, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში, თებერვლის ბოლომდე, იქნება ცნობილი და მას პერსონალური კოდით გაიგებენ აპლიკანტები. შემდეგ ჩავატარებთ გასაუბრებას, რომლის შემდეგაც, სამეურვეო საბჭოს წარვუდგენთ კონკრეტულ კანდიდატებს და, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო მიიღებს.“
თუ კანდიდატს არ ექნა სერტიფიკატი, ის სკოლის დირექტორი ვერ გახდება? -„სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ის შემდეგ სამეურვეო საბჭოს წარვუდგინოთ. თუ ჩვენ გვექნება შემთხვევა, როცა სერტიფიცირებული კანდიდატი არ წავიდა იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში და საბოლოოდ, ამ პროცესის ბოლოს, მაინც მოვალეობის შემსრულებელი დაგვრჩა, რომელსაც, თეორიული დაშვება გავაკეთოთ, რომ არ აქვს სერტიფიკატი, აუცილებლად გამოცხადდება კონკურსი იმ კონკრეტული ლოკაციისთვის“.
რაც შეეხება ტესტირებაზე გამსვლელთა რაოდენობას, მათი სიმცირე, თამარ მახარაშვილის თქმით, იმანაც გამოიწვია, რომ ბევრი ისეთი დარეგისტრირდა, ვისაც არ ეხებოდა ტესტირება, მაინც თავი დაიზღვიეს და დარეგისტრირდნენ. სულ 3200-ზე მეტმა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია და ადგილზე 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.
თამარ მახარაშვილმა მთავარი აქცენტი იმ კომფორტულ გარემოზე გააკეთა, რომელიც აპლიკანტებს საგამოცდო ცენტრებში დახვდათ.
„მთელმა სისტემამ იმუშავა, რომ გამოცდაზე მისული ადამიანისთვის კომფორტული და კეთილგანწყობილი გარემო შეგვექმნა. იცის თუ არ იცის, გამოცდაზე გამსვლელი მაინც ღელავს, ყველას გაგვივლია გამოცდა და ვიცით რასთან არის ეს დაკავშირებული.
49 საგამოცდო ცენტრში, საქართველოს მასშტაბით, სადაც ტესტირება ჩატარდა, ჩართული იყვნენ უნივერსიტეტები, პროფესიული კოლეჯები და სკოლები. მადლობა მინდა მათ ვუთხრა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვას და მარეგულირებელ კომისიას იმისთვის, რომ ასეთ კომფორტულ გარემოში წარიმართა დირექტორობის მსურველთა ტესტირება. სწორედ უკუკავშირებით ვხვდებით, რომ ჩვენ ეს ნამდვილად გამოგვივიდა.“