სასწავლო პროცესში კოგნიტური სქემების ეფექტურობის შესახებ ბევრი რამ დაწერილა და ამ საკითხთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ვიტყვით, თუმცა გვინდა მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნააზრევზე, რომლის წარმოდგენა კოგნიტური სქემის სახით ხელს შეუწყობს ისეთი მაღალი სააზროვნო დონეების განვითარებას, როგორიცაა ანალიზი და შეფასება.
ქართული მწერლობა განმსჭვალულია გმირობის, თავდადებისა და ზნეობრიობის უბადლო მაგალითებით. ეს თვისებები უმაღლესი სათნოების მწვერვალებს განეკუთვნება, რომელთაც (ფსალმუნთა გამოძახილით) პირობითად შეიძლება ვუწოდოთ აღსვლა „მაღალსა მას მთასა წმინდასა“. ილია ჭავჭავაძე ადამიანური სრულყოფილებისაკენ სწრაფვად სწორედ ამგვარ აღმასვლას მიიჩნევდა. დიდი მოღვაწე აღნიშნავდა: „ჭეშმარიტი კაცობა არქონა ცოდვისა კი არ არის, არამედ ქონაა მადლისა, სიკეთისა“. ილია ერთმანეთისაგან მიჯნავდა minimum-ი და maximum-ი სათნოებებს და აქტიურ, გააზრებულ, პრაქტიკულ ქმედებას მიიჩნევდა ერის გადარჩენის პირობად. მისი აზრით, minimum-ი სათნოებას „საზოგადოება, მოქალაქური ერთმანეთობა და ყოფა-ცხოვრება ჰკმარობს. ამ minimum-ზედ, ამ ხაზზე დგომა ყველასთვის სავალდებულოა. ხოლო, შესაძლოა, ადამიანი ამ ხაზს ძირსაც დასცილდეს და ზე ასცილდეს კიდეც. დამცილებელი სცოდავს საზოგადოებას და ისჯება საზოგადოებისგანვე, რადგან ამ შემთხვევაში დაცილება დანაშაულობაა. ამიტომ არ-დაცილებას ითხოვს კაცისაგან საზოგადოება, ვითარცა მოვალეობას, და ზე-აცილებას კი თვითოეულის ნებაზედ სტოვებს. ამ ხაზზე ზე-აცილება, ესე იგი ამ ნაკლები სათნოების წარმატება, განდიდება, გაძლიერება გადამეტებული სამსახურია, მსხვერპლია, გმირობაა კაცისა… კაცური კაცობის ნიმუში minimum-ი სათნოება კი არ არის, რომელიც არ-ცოდვის საზღვარია, არამედ maximum-ი, რომელიც მადლის სამფლობელოა და საუფლისწულოა.“
თავისთავად ცხადია, ი. ჭავჭავაძე სამოქალაქო და ზნეობრივი კანონების დიფერენცირებას ახდენს. ილიას ეს ნააზრევი კოგნიტური სქემის სახით შეიძლება ასე წარმოვადგინოთ:
ამ სქემის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში თვალსაჩინოს ხდის, სათნოების რომელ საფეხურზე დგანან პერსონაჟები, არიან ისინი უბრალოდ პატიოსნები, კანონმორჩილები, თუ უფრო მაღალი სათნოებების მოხვეჭისაკენ მიისწრაფვიან.
ეს სქემა გვეხმარება არა მხოლოდ ცალკეული ნაწარმოების ანალიზისას, არამედ საშუალებას იძლევა, უფრო ფართო მასშტაბით მოვახდინოთ პერსონაჟთა კატეგორიზაცია.
მოცემული აზრის ნათელსაყოფად განვიხილოთ სულხან-საბა ორბელიანის იგავი „მოხერხებული არაბი“. ამ ნაწარმოების სიღრმისეული გააზრების გარეშე შეიძლება გამოგვრჩეს მთავარი პერსონაჟის ქცევის მოტივები. ვგულისხმობთ იმ მოვლენას, რომ არაბი შეგნებულად არღვევს სამოქალაქო კანონებს, შეჯდება თავის ცხენზე, ვერცხლით სავსე ტომარას გადაჰკიდებს ბედაურს და გააჭენებს. მან ხალიფასა და მის ჯარს აფიქრებინა, რომ ფულიცა და ცხენიც გაიტაცა. არაბი არაორდინალურად იქცევა, ის ხედავს, რომ მას მოსდევენ „კაის ცხენებითა“ და, თუ დაიჭერენ, დასჯა არ ასცდება, არანაირი თავის მართლება არ უშველის. ასე რომ , ის თავს საფრთხეში იგდებს და ამას აკეთებს პრინციპულად.
მართალია, ბოლოს არაბი უკანვე ბრუნდება და ასახელებს თავისი საქციელის მიზეზს („შორს ვიდექ, საკიდარი არა მყვანდა რა, ვერცხლი მძიმე არის, ვერ ვზიდევდი, წავიღე და ახლა ცხენი მომიყვანიაო“), მაგრამ ისმის კითხვა, რამდენად დამაჯერებელი და ამომწურავია მისი ახსნა-განმარტება? თუ არაბის პასუხს დავეყრდნობით, მაშინ ცხადია, ილიასეული კოგნიტური სქემის მიხედვით, ის დგას სათნოების minimum-ის საფეხურზე, მას ცოდვა არ ჩაუდენია, ცხენი და ვერცხლი არ მოუპარავს. ცხენი გარკვეული მიზნისთვის გამოიყენა და მერე დააბრუნა. მაგრამ პერსონაჟის ამგვარი თავის მართლება ეჭვქვეშ აყენებს ნაწარმოების სათაურს. რატომ, რა კრიტერიუმის მიხედვით უწოდა სულხან-საბამ არაბს მოხერხებული? ცხადია, მხედრის ქცევაში იკვეთება უცნაურობის ელემენტები. არაბს შეეძლო თავიდანვე აეხსნა მეფისა და ჯარისკაცებისათვის თავისი პრობლემა. მაგრამ ის ასე არ მოიქცა, პირქით, ყველას აფიქრებინა, რომ მუხთალი, მატყუარა და ყაჩაღია. მან თითქოს მასხრად აიგდო ამდენი ხალხი, შეურაცხყო ხალიფაცა და მისი მხლებლებიც. თუ არაბს დაიჭერდნენ, როგორც სამოქალაქო კანონების დამრღვევსა და ავაზაკს, მკაცრად დასჯიდნენ. ეს სასჯელი იქნებოდა მართლაც სამაგალითო, რადგან მან უპრეცედენტო დანაშაული ჩაიდინა. რასაკვირველია, მის თავის მართლებას არავინ გაითვალისწინებს. საინტერესოა, რატომ წავიდა არაბი მხედარი ამხელა რისკზე?
არაბს ვერ იჭერენ. მესამე დღეს ხდება საოცარი მოვლენა: მხედარი მოდის და ცხენს აბრუნებს. ყველა გაოგნებულია. მისეული ახსნა-განმარტება უფრო მეტად აოცებს საზოგადოებას და ისინი უნებურად ეკითხებიან: „ვინღა მოგდევდა, ცხენი რადღა მოგყვანდაო?“ აქ, სწორედ ამ შეკითხვაში, დაჭერილია ადამიანთა სულის ფარული ბნელი მხარეები. სულხან-საბა დიდი ფსიქოლოგია. იგი აშიშვლებს საზოგადოების ზნეობრივი დაცემის სურათს. ამ შეკითხვაში სრულიად უგულვებელყოფილია უმაღლესი მსაჯულის პოზიცია, სინდისის ქენჯნის მოტივი.
გაოცების საგნად ქცეულა პატიოსნება და პირმტკიცობა. სწორედ ამიტომ გაიცინა არაბმა და „უზრახა უპირობა“ ამ ზნედაცემულ ადამიანებს, რომლებიც გარეგნულად ალბათ მართლაც ჰგავდნენ ლამაზად მორთულ, შეფეთქილ საფლავებს, რომელთა მიღმა სრული გახრწნა და სიმყრალე იფარებოდა. სულხან-საბას აზრით, სწორედ ასეთი ფასადური პატიოსნებაა დამღუპველი იმ საზოგადოებისთვის, რომელიც თავად გვევლინება სამართლიანობისა და სამოქალაქო კანონების დამცველად (განა ისინი არ დაედევნენ არაბს დანაშაულის ასალაგმად?). აქ სრული კონტრასტია გარეგნულ, მოჩვენებით პატიოსნებასა და შინაგან გარყვნილებას შორის. იცინის არაბი და ამ დაცინვით ცდილობს საზოგადოების ზნეობრივი სიმების შერხევას, მის გამოფხიზლებას.
საგულისხმოა ისიც, რომ ხალხის შეკითხვას არაბი მხედარი მზამზარეულ პასუხს არ აძლევს. იგი იქით უბრუნებს კითხვას ხალხს: „კარგის პასუხად ეგ მექნა, ღმერთი რას მიზამდაო?“ მისი შეკითხვა ადამიანებს ფიქრისათვის, განსჯისათვის განაწყობს.
და მაინც რატომაა არაბი მოხერხებული? დავაკვირდეთ, როგორ ახერხებს იგი ხალხის სულზე ზემოქმედებას. არაბს პირდაპირ რომ ექადაგა, პირუმტკიცობა და სიცრუე ცოდვაა და ამისათვის ადამიანებს ღმერთი დასჯისო, ეს იქნებოდა მშრალი, მოსაწყენი დიდაქტიკა, ათასჯერ მოსმენილი და გაცვეთილი დარიგება, ამიტომ მისი სიტყვები სულს ვერ შეძრავდა, მიზანს ვერ მიაღწევდა. საჭირო იყო გაყინული ზნეობრივი შეგონებების საქმით გაცოცხლება, ისეთი არაორდინალური ქცევა, რომელიც შოკისმომგვრელად იმოქმედებდა. ცხენზე ამხედრებული არაბი იგავური ქცევის მაგალითს გვაძლევს, თავისი უცნაური და მოულოდნელი ქმედებით ის ახერხებს საზოგადოების სულის, გულისა და გონების შეძვრას, რათა მათ შეგნებაში აღბეჭდოს ის აზრი, რომ ღმერთი არავის აპატიებს სიცრუესა და ორპირობას. საინტერესოა, რომ ამ სიტყვებით იგი ხალიფასაც აფრთხილებს, როგორც ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალს. ღმერთის წინაშე ყველას თანაბრად მოეკითხება.
საგულისხმოა, რომ ამ იგავის ერთ-ერთი უჩინარი პერსონაჟი არის უფალი, რომელიც განსჯის ჩვენს საქციელს. სწორედ უფლის რუპორია არაბი მხედარი.
სულხან-საბა ორბელიანის არაბი მხედარი გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ მთავარი პერსონაჟის სულიერი წინაპარია. და, საერთოდ, ცხენზე ამხედრებული რაინდი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახე-სიმბოლოა.
საბოლოოდ, შეიძლება დავასკვნათ, რომ არაბი არის არა მარტო პატიოსანი, პირმტკიცე, ღვთის მოშიში, არამედ თავისი გონებაგამჭრიახობის, გაბედულებისა და მოხერხებულობის წყალობით, ხალხისათვის თავდადებული გმირია. საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ, საზოგადოების წინაშე ქადაგებს მაღალ იდეალებს. ამიტომ ეს პერსონაჟი, ილიასეული კოგნიტური სქემის მიხედვით, „მადლის სამფლობელოს“ მკვიდრია.
საინტერესოა, კოგნიტურ სქემაზე რომელი ადგილი მივაკუთნოთ იგავში წარმოდგენილ საზოგადოებას. ცხადია, მათ არანაირი ცოდვა არ ჩაუდენიათ და ისინი minimum-ის ხაზზე უნდა დავაბინავოთ, მაგრამ ვგრძნობთ, როგორი მერყევი და არამდგრადია ეს ნეიტრალური ხაზი.
სრულიად აშკარაა, რომ ზნეობრივი კანონების გარეშე ადამიანების ყოფა მწირი და უბადრუკია. სამოქალაქო კანონები საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს და არ შეუძლია კაცის გაადამიანების სამსახურში ჩადგომა, არ ხელეწიფება ადამიანთა სულიერი ფერისცვალება და კათარზისი. როგორც ილია იტყოდა: „ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან“. სწორედ ამ მსაჯულს უნდა მოვუსმინოთ.
ეკატერინე მხეიძე
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი