სოციალური მუშაკის მნიშვნელობაზე, სამწუხაროდ, როგორც წესი, მხოლოდ ტრაგიკული შემთხვევების ფონზე ვიწყებთ ხოლმე აქტიურად საუბარს. თოთხმეტი წლის მოზარდის თვითმკვლელობამ ისევ შეძრა საზოგადოება და ისევ გაჩნდა კითხვა, სად იყო ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებელი სოციალური მუშაკი, რატომ ვერ მოხერხდა პრევენცია, მერამდენედ აღმოვჩნდით ტრაგიკული რეალობის პირისპირ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ საუბარი სოციალური სამსახურის საჭიროებაზე, სოციალური მუშაკების სიმცირეზე. არის რაიონები, სადაც ერთი სოციალური მუშაკი ემსახურება მთელ რაიონს, რა პრევენციაზე შეიძლება ამ შემთხვევაში საუბარი?!
მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა სოციალურ მუშაკთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. რა იქნება მათი უფლება-მოვალეობები, შეცვლის თუ არა არსებულ ვითარებას 50 სოციალური მუშაკის დამატება (ამჟამად 12-ია) და რა ვითარებაა ქვეყანაში ამ მიმართულებით; როგორ იმუშავა, პანდემიის ფონზე, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა და, ზოგადად, მანდატურის სამსახურმა – გვესაუბრება ნინო შატბერაშვილი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე.
– პანდემიის ფონზე, თუ მოიმატა მომართვიანობამ ფსიქოსოციალურ ცენტრებში და, ძირითადად, რა პრობლემებით მოგმართავენ? დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ და ბავშვების სახლებში გამოკეტვამ ბევრი პრობლემა გააჩინა, მათ შორის, ხომ არ გაჩნდა ანტისოციალური აშლილობის – სოციოპათიის ნიშნები?
– ჩვენთან რეფერირება, ძირითადად, სკოლებიდან ხდება, ან თვითმომართვით მოდის მშობელი და მოჰყავს ბავშვი, ან ბავშვი თვითონ მოდის, ასეთი შემთხვევებიც არის, შემდეგ, რასაკვირველია, მშობელთან გრძელდება მუშაობა. ჩვეულ მომართვიანობასთან შედარებით, არ მოიმატა და ვერც მოიმატებდა, წლიური ბრუნვა დაახლოებით 3000-ია, აქედან 80% სკოლებიდან რეფერირებაზე მოდის. რადგან სკოლები გაჩერებული იყო, ამიტომ ეს მაჩვენებელიც ძალიან შემცირდა. ამ შემთხვევაში, ძირითადად, ის 20% იყო, რომელიც ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას თავად მოგვმართავს (დაკვირვებული მშობელი, რომელიც, როგორც კი შეამჩნევს რაღაც უჩვეულოს და მიაჩნია, რომ საჭიროა სპეციალისტის ჩარევა), ასეთი მშობლები ისევ მოდიოდნენ, მაგრამ რაოდენობა არ მომატებულა, პირიქით, როგორც მოსვლით, ასევე გადმომისამართების რეჟიმში იკლო. ჩვენ გვაქვს, ასევე, ცხელი ხაზი, რომლის ნაწილშიც, ჩვეულებრივთან შედარებით, ზარებმა იმატა, რეკავდნენ როგორც მშობლები, ასევე ნათესავებიც, შეიძლება თავად ბავშვსაც დაერეკა. ძირითადი პრობლემა იყო, რომ ბავშვი წუხს, შიშები აქვს ან ყველაფერზე შფოთავს, ან თვითდაზიანების მცდელობები აქვს, ასეთები ნამდვილად იყო.
სამწუხაროდ, საქართველოში, ფსიქოლოგთან ბავშვის მიყვანის პრობლემა დღემდე დგას. რა თქმა უნდა, მშობელმა რომ კარგად გაიაზროს და თუ ბავშვს სჭირდება, შეუყოვნებლივ, დროულად მოვიდეს, ჯობია, მაგრამ სტიგმატიზირებულია და თავს იკავებს. ამ თვალსაზრისით, მომართვიანობის მომატებას ვერ ვიტყვით, პირიქით, საგრძნობლად შემცირდა, თუმცა, გავიმეორებ, ცხელ ხაზზე, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა, შეიძლება, ადრე უფრო მოერიდებოდნენ დარეკვას და ახლა აღარ შეიკავეს თავი, იმიტომ რომ სჭირდებოდათ და რეკავდნენ.
როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ის, რომ არ რეკავენ ან არ მოდიან, პრობლემის არარსებობას არ ნიშნავს, მაგალითად, იმავე ძალადობაზე რომ ვთქვათ, 10 წლის წინ თუ 3 შემთხვევა გვქონდა, ახლა 3000-ზე მეტია. ცნობიერებაც, შესაბამისად, იზრდება ნელ-ნელა. სადღაც რაღაც შეიძლება ხდება, მაგრამ ეს კულტურა ჩვენში არ არის, რომ ოჯახებმა ინიციატივა გამოიჩინონ, უფრო სკოლაში მანდატური თუ შეამჩნევს რამეს ან მასწავლებელი, უმეტეს შემთხვევაში, ინსტიტუციური გარემოდან ხდება გადმომისამართება, თუმცა 20% სტაბილურად არის თვითმომართვა, მშობელი მოდის ბავშვთან ერთად, თავისი ინიციატივით.
– რა მიმართულებით იმუშავა მანდატურის სამსახურმა იმ პერიოდში, როდესაც სკოლებში სასწავლო პროცესი იყო შეჩერებული, რა ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა?
– სკოლებში სწავლა რომ შეწყდა, მანდატურები ძალიან დიდი ინტენსივობით ჩაერთნენ 112-ის, ასევე, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდების სერვისში, მოხალისეობრივად. ჩვენს ნაწილში, ფსიქოსოციალურ ნაწილში, 11 სკოლაში ვნერგავთ საპილოტე პროგრამებს — ჯანსაღი ცხოვრების წესი, ნარკოპრევენცია, ბულინგის პრევენცია. ამ საპილოტე პროგრამების განხორციელებისას, სრულად გადავეწყვეთ ონლაინ რეჟიმზე. რა თქმა უნდა, რაღაც კომპონენტები შეგვიჩერდა, რაც არ ექვემდებარებოდა ონლაინ ფორმატს, ზოგიერთი პროგრამა ჩვენს უცხოელ ექსპერტებთან ერთად გვაქვს შემუშავებული და როგორც მათ გვირჩიეს, შეწყვეტა ჯობდა. რაღაც კომპონენტებში გაგრძელდა მუშაობა, მაგალითად, მშობლების ფსიქოგანათლება, მშობლების ჩართვა სემინარებზე, როგორ მართონ ბავშვის რთული ქცევა. როცა ჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდებოდა, ზოგიერთ კლასში სამ მშობელზე მეტს ვერ ვრთავდით, ახლა, პირიქით, იყო სკოლები, სადაც 700-მდე აგვივიდა მშობლების რაოდენობა, როცა ჩვეულებრივ 10 იყო მაქსიმუმი. უფრო მეტი იყო დაინტერესება, ამიტომ, ჩვენს ნაწილში, საპილოტეები სრულად გავაგრძელეთ. თუ ბავშვი ძალიან კრიზისული იყო, მაგალითად, თვითმკვლელობის მცდელობა ან ძალიან დესტრუქციული ქცევა, ცენტრში ვიღებდით (ყველა წესის დაცვით, როგორც საჭიროა, ეკიპირება, ოთახის დეზინფექცია, როგორი რეკომენდაციებიც იყო), ისე ცენტრს ინტენსიური მიღება არ ჰქონდა იმიტომ, რომ ვექვემდებარებოდით დადგენილებით მოქმედ წესებს. გამონაკლისი დაიშვებოდა მხოლოდ მაშინ, როცა ონლაინ არ გამოვიდოდა კონსულტაცია, ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე.
– სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, რა ფორმით და რა მიმართულებით განაახლებს მუშაობას მანდატურის სამსახური, რა საჭიროებები გამოიკვეთა?
– საპილოტე სკოლებში, ჩვეულებრივ, კონტაქტურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას იმიტომ, რომ ყველა სკოლაში დაიწყო უკვე სასწავლო პროცესი. სადაც ონლაინ უკეთესია, ამასაც შევინარჩუნებთ იმიტომ, რომ ზოგი ბავშვი ონლაინ სწავლებაზე რჩება. რაც შეეხება ფსიქოსოციალურ სამსახურს, შემოვიღეთ მორიგეობითი სისტემა. ცენტრში 50-მდე თანამშრომელი გვყავს და ერთმანეთისგან მაქსიმალურად არიან დისტანცირებული, რომ წესისამებრ იყოს კონტაქტი, ცენტრში ვიღაც სულ არის და ბავშვებს, ჩვეულებრივ, იმის მიხედვით მივიღებთ, როგორც ყოველი კონკრეტული ბავშვის საჭიროება მოითხოვს. ყოველდღიურად ყველა თანამშრომელი თავის სამუშაო სივრცეში არ არის, რადგან ზოგი ოთახი არ იძლევა 1-მეტრიანი დაშორების საშუალებას, ამიტომაც მორიგეობა ერთგვარი გამოსავალია.
– გამოცხადებულია ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის შესარჩევი კონკურსი. დაგვიანებული ხომ არ არის ცენტრებში სოციალური მუშაკების აყვანა, კონკრეტულად რა მოვალეობებს შეასრულებენ?
– ეს კონკურსი გამოცხადდა კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“ შესაბამისად, რომელიც 2018 წელს სამოქმედო გეგმად მივიღეთ. ის განსაზღვრავდა რამდენი სოციალური მუშაკი და რა განათლებით უნდა შეემატოს სხვადასხვა სისტემას. სოციალური მუშაკი არის განათლებით სოციალური მუშაკი. ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს სამი პროგრამა – ილიას უნივერსიტეტში, ჯავახიშვილში და საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში. ჯავახიშვილში სამივე საფეხური გვაქვს – როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და უკვე სადოქტოროც, ილიაში – მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო, ანდრია პირველწოდებულში – მხოლოდ საბაკალავრო. ასე რომ, მათი კურსდამთავრებულები არიან სოციალური მუშაკები, რომლებსაც დიპლომი აქვთ სოციალურ მუშაობაში.
რამ განაპირობა და კანონით რატომ განისაზღვრა? იმიტომ, რომ, დღესდღეობით, სოციალური მუშაკი, საჯარო სივრცეში, ძირითადად, მეურვეობა-მზრუნველობის ნაწილშია, ანუ თუ რაღაც პრობლემა აქვს ოჯახს და რეაგირებაა საჭირო, რომ არ გამწვავდეს, ან ბავშვია ოჯახიდან გასარიდებელი, ან ოჯახური დავებია, ძალადობაა… მეორე ნაწილი სოცმუშაკების მართლმსაჯულების სისტემაშია, როგორც პენიტენციურ, პრობაციის, ისე დანაშაულის პრევენციის ნაწილში. ბავშვი რომ ამ ორ სისტემაში არ მივიდეს, სანამ გართულდება მისი და ოჯახის მდგომარეობა, ვინმეს რომ ემუშავა, დღეს, ჩვენს ქვეყანაში, სხვა სურათი გვექნებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, რადგან პრევენციაზე მომუშავე სოციალური მუშაკები თითქმის არ გვყავდა. საგანმანათლებლო სივრცეში კი დიდი ძვრების მოხდენა შეიძლება სოციალური მუშაკებით და ფსიქოლოგებით (აკადემიური ნაწილის მიღმა, არააკადემიურ ნაწილში წაეშველო სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესს და ის მთავარი აკადემიური ნაწილი ისე განხორციელდეს, როგორც საჭიროა). ზოგ ქვეყანაში სწორედ ეს არის ამ ორივე პროფესიის ერთ-ერთი წამყვანი ხაზი. ამიტომ განისაზღვრა, რომ ჩვენი სოციალური მუშაკები, გარდა იმ შემთხვევებისა, რაზეც სხვა სოციალური მუშაკები მუშაობენ, მაქსიმალურად იმუშავებენ ამ ბავშვების სკოლასა და თემში წარმატებით ადაპტირებაზე, რომ დააძლევინონ პრობლემა ბავშვსაც და მის ოჯახსაც. შემდეგ, თუ სხვა გამოწვევა შეიქმნა, რომელზე რეაგირებაც სხვა უწყებას მართებს, შესაბამისად, ის უწყება ჩაერთვება.
ასე რომ, იმედი გვაქვს, ეს კომპონენტი თუ განვითარდა, როგორც საჭიროა, შედეგიც სათანადო იქნება. რასაკვირველია, 50 სოცმუშაკი საკმარისი არ არის, მაგრამ ამ წლის მატება ასეთია და შემდეგ წელს კიდევ 50 უნდა დაემატოს. თუ ისე მოხდება, რომ სადღაც 250-300 ბავშვზე ერთი სოციალური მუშაკი მაინც აღმოჩნდება საგანმანათლებლო სივრცეში (როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან ჩანს), მართლმსაჯულების ან მეურვეობა-მზრუნველობის სფეროში, ბავშვის საქმე ნამდვილად უკეთესად წავა და უფრო ავარიდებთ მას იმ უამრავ გამოწვევას, რაც არა მარტო საქართველოში, ზოგადად თანამედროვე ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს — ასეთი ბევრია, თავისი სარისკო ქცევებით, მავნე ნივთიერებების მოხმარებით თუ სხვ. ზოგიერთი ბავშვი ისეთი პრობლემური ოჯახიდანაა, რომ ელემენტარული კომუნიკაციის უნარ-ჩვევა არ აქვს ან ისეთი დარდი აქვს, რომ რაღა დროს სწავლაა. ამ დროს თუ ვიღაც არ დაუდგა გვერდში, ბავშვს კი არა, დიდსაც ძალიან გაუჭირდება.
– ზოგადად, სოციალური მუშაკების ძირითადი პრობლემა რა არის, როგორია თუნდაც მათი ხელფასი?
– ვინც საჯარო სექტორში მუშაობს, კანონი განსაზღვრავს, რომ არ უნდა იყოს 1200 ლარზე ნაკლები, მაგრამ არასამთავრობო სექტორი სხვადასხვა ტიპის სოციალურ მუშაკებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაოდ ქირაობს, ვთქვათ, ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირებთან სამუშაოდ, ან ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებთან, ან ხანდაზმულებთან, ან პროსტიტუციაში ჩაბმულთან, ასევე ქალთა საკითხებზე სამუშაოდ და ა.შ. აქ რეგულირება თავად მათზეა დამოკიდებული, რა შრომითი ატრიბუტებით შესთავაზებენ სამსახურს, მაგრამ საჯარო სექტორში, მინიმუმი, კანონით, 1200 ლარი უნდა იყოს.
– რა სიახლეს გეგმავს ცენტრი 2021-ში?
– ცენტრს ძალიან ბევრი სიახლე აქვს. სწორედ ახლა დავიწყეთ, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ძალიან გამოცდილი ბელგიელი ექსპერტის მხარდაჭერით, სასკოლო მედიაციის დანერგვა – როცა სკოლაში კონფლიქტებია, მაგალითად, ბავშვებს შორის, ზოგჯერ წვრილ-წვრილი, მაგრამ ზოგჯერ – ძალიან სერიოზული, ეს კონფლიქტები რომ იქვე დარეგულირდეს, გამოცდილი მედიატორების მხარდაჭერით, რამდენადაც შესაძლებელია დროულად. ეს ძალიან საინტერესო ხაზია, ევროპაში კარგად დანერგილი. ჩვენთან მხოლოდ განრიდების პროგრამაა, როდესაც ბავშვი უკვე რაღაცას დააშავებს, მართლმსაჯულების სიტემაში ხვდება, სასკოლო ოდნავ განსხვავებულია და აი, ამას პირველად შევეჭიდეთ, იმედია, კარგად გამოვა. ცოტა პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რადგან ეს უფრო კონტაქტური ღონისძიებაა, ვიდრე უკონტაქტო, მაგრამ დრო არ დავკარგეთ და დავიწყეთ გადამზადების პროცესი, ჩვენმა ევროპელმა ექსპერტებმა პროგრამა სრულიად გადააწყვეს და ონლაინ რეჟიმში ვიმუშავეთ.
კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, ძალიან კარგი მიდგომაა – ცხოვრებისეული კრიზისული სიტუაციების დაძლევაში ბავშვების დახმარება. ეს ამერიკული მოდელია, ევროპაში დანერგილი და ისიც ევროპელმა ექსპერტებმა შეასწავლეს ჩვენს თანამშრომლებს. სკოლებში გვინდა ამ მოდელის დანერგვა, ჩვენი თანამშრომლები უკვე სასკოლო პერსონალს ასწავლიან, მაგალითად, ბავშვი ეურჩება მასწავლებელს გაკვეთილზე, ძალიან უხეშად იქცევა ან ვთქვათ, ბავშვი წვალობს, უნდა, მაგრამ არ გამოსდის რაღაც და ამას ძალიან განიცდის, თავის შესაძლებლობებსაც ვერ იაზრებს, როგორც საჭიროა ან რაღაც უბედურება ხდება ამ ბავშვის ოჯახში და ამიტომ ვერ კონცენტრირდება სასწავლო პროცესზე და ა.შ. ძალიან საინტერესო მოდულია, რაშიც უკვე გადავამზადეთ თანამშრომლები და ახლა სკოლაში დანერგვას ვაპირებთ.
ასევე გაგრძელდება ნარკოპრევენციის პროგრამა, რომელიც შარშან შეგვიჩერდა, სკოლების დახურვის გამო. იქნებ დაგვცალდეს, 12 სესიაა და იმედია, მოვასწრებთ, ისევ თუ არ დაიხურა. ასევე, ვცდილობთ, სკოლებს დავეხმაროთ, რომ ბავშვების დისციპლინირების ეფექტიანი ზომები შეიმუშაონ, ჯერ ჩვენს საპილოტე სკოლებში, მერე, რაც კარგი მოდელი იქნება, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს.
ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. სპეციალისტები რომ საპილოტე სკოლებში შედიან, ეს ველიც რომ გაჩნდა, რომ სასკოლო გარემოზეც მიდის მუშაობა, ეს დიდი სიახლეა განათლების სისტემისთვის და იმედია, თავისი ეფექტიც ექნება. მოგვიანებით კვლევას ჩავატარებთ, რომ გაიზომოს ეს ინტერვენცია, საინტერესოა, რა შედეგი იქნება. საბაზისო მონაცემები უკვე ავიღეთ, როგორც კი პილოტი დავიწყეთ, 2019 წლის შემოდგომაზე, მაგრამ მერე კოვიდის გამო გავჩერდით, გაზომვაც შეფერხდა. თუ ეს სემესტრი მშვიდობიანად ჩამთავრდა, სემესტრის ბოლოს უკვე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ქვეყანაში.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი