17 ოქტომბერს სიღარიბის აღმოფხვრის დღე აღინიშნა. ჩვენი გამოცემა კიდევ ერთხელ დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში? მკითხველს კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ბავშვთა სიღარიბის კუთხით და როგორ უპირისპირდება სახელმწიფო ამ გამოწვევას. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, მიმდინარე წელს გამოქვეყნებული „ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, გამოწვევა მართლაც დიდია და სიღარიბეც თვალნათელი, რადგან 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიანი შემწეობით უპირისპირდება უკიდურეს სიღატაკეს, რაც ამ ასაკის ბავშვების საერთო რაოდენობის 28%-ზე მეტია. ისევ ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ საქართველოში, 16 წლამდე ბავშვებიდან, ყოველი მეოთხე შემწეობას იღებს. თუმცა, აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად საკმარისია 200 ლარი ოჯახების სიღარიბიდან გამოსაყვანად. კვლევის ფარგლებში, განისაზღვრა ბავშვის კეთილდღეობის მრავალინდიკატორიანი საზომი – ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსი, რომელიც გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს მას ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფის (საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარება თუ სხვა) შესაძლებლობას. 16 საჭიროებიდან, სულ მცირე, სამის დანაკლისის მქონე ბავშვების წილი განსაზღვრავს მატერიალური და სოციალური დანაკლისის ინდექსს. რეალურად, კვლევა ყველა კითხვას პასუხობს, რაც ბავშვთა სიღარიბის მიმართ ჩნდება და პასუხი ძალიან მძიმეა – მატერიალური და სოციალური დანაკლისი ბავშვების 37.8%-ს აღენიშნება.
რამდენად საკმარისია სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ბავშვთა სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით და რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ დავიცვათ ისინი უკიდურესი სიღატაკისგან? ამ თემაზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი სოფიკო მენაბდიშვილი
2023 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, მოამზადა ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა, რომელშიც არც ისე სახარბიელო მონაცემებია – 245 ათასამდე ბავშვი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. სოციალური შემწეობის მიღება ნიშნავს იმას, რომ ბავშვების გარკვეული ნაწილი, ანუ ის 245 ათასამდე ბავშვი, რეალურად, ვერ აკმაყოფილებს სიღარიბის ინდექსის გასაზომად, 16 ძირითადი საჭიროებიდან, მინიმალურ სამ საჭიროებასაც კი.
ბავშვის საჭიროებები, შესული ბავშვის დანაკლისის ინდექსის დაანგარიშებაში:
♦ რამდენიმე ახალი (არა მეორადი) ტანსაცმელი;
♦ ორი წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც კარგად ერგება;
♦ ნედლი ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად ;
♦ ხორცი, ქათამი, თევზი ან მათი ვეგეტარიანული ეკვივალენტი ყოველდღიურად;
♦ ასაკის შესაფერისი წიგნები სახლში (სასკოლო წიგნების გამოკლებით);
♦ გასართობი მოწყობილობები ღია ცის ქვეშ;
♦ ოთახის თამაშები, ბავშვის გართობა/დასვენების რეგულარული აქტივობები;
♦ განსაკუთრებული შემთხვევების აღნიშვნა;
♦ დროდადრო მეგობრების დაპატიჟება სათამაშოდ ან სადილად;
♦ მონაწილეობა სასკოლო ექსკურსიებსა და სასკოლო ღონისძიებებში, რაც გარკვეული თანხა ჯდება;
♦ არდადეგები სახლიდან მოშორებით;
♦ დავალიანებები (ქირა, იპოთეკა, კომუნალური გადასახადები და სხვ.);
♦ ადეკვატურად თბილი სახლი;
♦ კერძო მოხმარებისთვის ავტომობილის ან, საჭიროების შემთხვევაში, ტაქსის ხელმისაწვდომობა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა.
ნამდვილად ასეა, ჩვენს ქვეყანაში დღემდე გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისები ამ მოსაზრებაში. თავისთავად, ბავშვის უფლებების კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი (რომელიც 2007 წელს მივიღეთ) – ორივე მნიშვნელოვანი კანონი, ამბობს, რომ ბავშვებს აქვთ უფლება ცხოვრობდნენ შესაბამის გარემოში, სადაც მათი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული. კვლევის მონაცემების საფუძველზე კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი არის სიღარიბის ქვეშ. შესაბამისად, აქ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ორასი ლარი, რომელსაც შემწეობის სახით იღებენ, რეალურად, საკმარისი არ არის და ლოგიკურად, ბავშვის ყველა საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებს, ანუ მხოლოდ ეს ფულადი დახმარება არ არის ის ქმედება, სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ბავშვის ყველა საჭიროებას რეალურად დააკმაყოფილებს. იუნისეფმა, ამავე კვლევით, თქვა, რომ აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკა, კონკრეტულად გაწერილი სტრატეგიული გეგმა, როგორ გავაძლიეროთ ბავშვები და ოჯახები, სადაც ისინი ცხოვრობენ. შესაბამისად, 200-ლარიანი შემწეობა მართლაც შემწეობაა და არა დახმარება, რადგან 200 ლარად ბავშვებს, ყოველთვე, ვერ ვუყიდით სათამაშოს, წიგნებს, ტანსაცმელს, საკვებს და ა.შ., ანუ ვერ დავაკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი, რომ სიღარიბის დასაძლევად მხოლოდ 200-ლარიანი შემწეობა საკმარისი არ არის და საჭიროა, არსებობდეს სტრატეგიული გეგმა და პოლიტიკა ბავშვების გასაძლიერებლად.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები არიან, მათ შორის, შშმ ბავშვები, რომლებიც, ანალოგიურად, 200-ლარიან დახმარებას იღებენ (თუ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობისაა და თან სიღარიბის ზღვარს მიღმაა). ლოგიკურად შეუძლებელია, ტიპური განვითარების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ერთნაირი საჭიროებები ჰქონდეთ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ასე აფასებს, შესაბამისად, ეს საკითხიც ნამდვილად ძალიან პრობლემურია. შშმ ბავშვებს და მათ ოჯახებს გაცილებით მეტი საჭიროებები და ბარიერები აქვთ, ამიტომაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ, სახელმწიფოს მხრიდან, იმ ბავშვებთან შედარებით, ვისაც ეს საჭიროებები არ აქვთ. აქ თუ მხოლოდ სიღარიბეა პრობლემა, შშმ პირების შემთხვევაში, სიღარიბესთან ერთად, დამატებითი კომპონენტი შემოდის, რაც ასევე გამოწვეულია იმ სერვისებისა და მომსახურებების ნაკლებობით, რასაც შშმ ბავშვები უნდა იღებდნენ ადრეული ასაკიდან. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონებში, რადგან დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, მეტ-ნაკლებად, არსებობს მათთვის სერვისები, მაგრამ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას.
სოციალური დაცვის სისტემა, დღეს, ვერ პასუხობს ბავშვთა სიღარიბის გამოწვევას, თავად ქვეყანაში არსებული პოლიტიკა ვერ პასუხობს რეალობას. იმავე კვლევაში ძალიან კარგად იყო განმარტებული, რომ ეს მიდგომა ხანძრის ჩაქრობას ჰგავს, მაგალითად, ბავშვს თუ შაქარი ან პური არ აქვს, მხოლოდ ამ ელემენტარული საკითხების მოგვარებაში შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფოს 200-ლარიანი დახმარება, თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში არ არსებობს ხედვა, რომლითაც სიღარიბეს დაძლევს და აღმოფხვრის ოჯახებში, იქნება ეს დასაქმების ხელშეწყობა თუ სკოლებში ბავშვების კვება. მაგალითად, ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ნუტრიციულად დაბალანსებული კვების შესაძლებლობა ოჯახში, საკვებს საგანმანათლებლო სივრცეში რომ იღებდნენ. ესეც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც გამოყო იუნისეფმა და კიდევ ბევრი სხვა პროგრამა თუ მომსახურება, რომლითაც ბავშვიანი ოჯახები გაძლიერდებიან. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ასეთია სოციალური დახმარების და სოციალური პოლიტიკის მიღმა არსებული რეალობა.
მესამე თემაზეც მინდა ყურადღების გამახვილება – ეს არის სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახიდან განცალკევების საკითხი. ეს პრობლემა ძალიან მწვავედ იდგა და დღესაც დგას – ოჯახებიდან, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები გაჰყავთ. ისინი შორდებიან მშობლებს, ოჯახის წევრებს, მშობლიურ გარემოს და, კარგ შემთხვევაში, მიდიან მინდობით აღზრდაში, დანარჩენ შემთხვევაში – საოჯახო ტიპის საცხოვრისებში. სახალხო დამცველი ამაზე გასულ წელსაც წერდა, იმის წინა წელსაც და უთითებდა, რომ ბავშვის ოჯახიდან გაყვანის მიზეზად ოჯახში არსებული მძიმე მატერიალური მდგომარეობა პირდაპირ ეწინააღმდეგება კონვენციისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპებს.
კანონში წერია, ბავშვის სიღარიბის საფუძვლით ოჯახისგან განცალკევება დაუშვებელია, ასეთ დროს, აუცილებელია, ოჯახები სახელმწიფომ გააძლიეროს, ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახში დარჩენის პროცესს. სამწუხაროდ, ამ საფუძვლით, საკმაოდ მაღალი პროცენტულობით გადიოდნენ ბავშვები ოჯახებიდან. თუმცა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აღარ უთითებს სიღარიბეს, როგორც საფუძველს და ახლა მარტივად („ჭკუა იხმარეს“) წერენ, რომ მშობლის მხრიდან ბავშვის საჭიროებების უგულვებელყოფაა ბავშვების ოჯახიდან გასვლის საფუძველი. რას ნიშნავს უგულვებელყოფა? მშობელი იაზრებს ამას და იცის, რომ მშობლიური გარემოდან გაყვანა ბავშვს აზიანებს, მაგრამ განზრახ აკეთებს. წარმოვიდგინოთ ახლა ოჯახები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, დღის განმავლობაში, შეიძლება, შვილს ჩაის და პურის მეტი ვერაფერი აჭამონ, მაგრამ ამავე დროს, ძალიან კარგი მშობლები იყვნენ. ეს უგულებელყოფა კი არ არის, მას ფინანსურად არ აქვს საშუალება, მეტი გაუკეთოს შვილს. აქედან გამომდინარე, ეს მოცემულობაა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება და არა ბავშვის საჭიროებების განზრახ უგულებელყოფა, მშობლის მხრიდან.
როგორ შეიძლება ასეთ ოჯახებს დავავალოთ, ნუტრიციულად დაბალანსებული საკვები მისცენ შვილებს, თუ სახელმწიფო არ დაეხმარება. აქედან გამომდინარე, რეალურად, სიღარიბის მაჩვენებელი კი არ შემცირდა, სახელმწიფომ, სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და გაუთავებელი კრიტიკის შემდეგ, შეცვალა მიდგომა და გადაწყვიტა, რომ სიღარიბე კი აღარ ჩაწეროს ბავშვების ოჯახიდან გაყვანის მიზეზად, არამედ მშობლის მხრიდან ბავშვთა უფლებების დარღვევა.
უფასო სასკოლო კვება
ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, სახელმწიფოს მხრიდან, უფასო სასკოლო კვების დანერგვა. იუნისეფის კვლევაში წერია, რომ სკოლის საათებში საკვების არ მიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%), ვიდრე ამ დანაკლისის არმქონე პირებთან. ეს ნიშნავს, რომ ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ მატერიალური და სოციალური დანაკლისი, არასოდეს იკვებებიან სკოლის საათების განმავლობაში. შესაბამისად, წარმოვიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსწავლეების 44,9% თუ საკვებს უფასოდ მიიღებს. სკოლაში რომც იყოს კვების სივრცე (ბუფეტი, კაფე…), ისინი მაინც ვერ შეძლებდნენ საკვების ყიდვას, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. 200-ლარიანი შემწეობის პირობებში, რომელი ბავშვი შეძლებს, ყოველდღიურად, საკვების ყიდვას სკოლაში? აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ სასკოლო კვება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა. ბავშვი, რომელსაც შია და არ აქვს საკმარისი საკვები სახლში, სრულყოფილ განათლებას ვერ მიიღებს. არა მხოლოდ იუნისეფის, სხვა კვლევებითაც დასტურდება, რომ ბოლო გაკვეთილებზე მშიერ ბავშვებს ძალიან უჭირთ კონცენტრაცია და ხშირად ჩივიან, რომ მუცელი სტკივათ ან თავი. მნიშვნელოვანია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა – 83% ამბობს, რომ სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის კვებას, მათ შორის არიან მშობლები, ბავშვები, მასწავლებლები. აქედან 74% ამბობს, რომ მზადაა გადაიხადოს საკვების ფული, თუ, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება. ბუნებრივია, თანხის გადახდის სურვილი ვერ ექნებათ იმ ოჯახებს, სადაც მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვები ცხოვრობენ.
სიღარიბე ყველა სფეროს მიემართება და შესაბამისად – ყველა უფლებას. ბავშვებისთვის, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, ვერც სრულყოფილი განათლება იქნება ხელმისაწვდომი და ვერც ჯანდაცვა, გართობა, თამაში და ნებისმიერი ის უფლება, რომელიც კონვენციითაა გათვალისწინებული – განვითარება, მათი საუკეთესო ინტერესის დაკმაყოფილება, მათ შორის, უფლებების დაცვის კუთხითაც, ანუ ეს დანარჩენ უფლებებთანაა კავშირში და ბმაში.
როგორ ვაიძულოთ სახელმწიფო, ქმედითი ნაბიჯები გადადგას ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად?
ჩვენს სახელმწიფოს ეს ვალდებულება ნაკისრი აქვს მას შემდეგ, რაც მოახდინა ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება და საერთაშორისო დონეზე აიღო ვალდებულება, ამ სტანდარტით, ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ. ამიტომ, უკვე დიდი ხანია, სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა უფლება, ბავშვები დაიცვას სიღარიბისგან. თუმცა, იძულების მექანიზმზე რა გითხრათ… არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მუდმივად უნდა აცნობონ რა მდგომარეობაა, ამ კუთხით, ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ამ კვლევით, ძალიან კარგად იცის რა ხდება ქვეყანაში. ჩვენი ბერკეტია ამ საკითხზე ბევრი საუბარი. ჩვენი ორგანიზაციის მაგალითზე გეტყვით, რომ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დავა ბავშვზე ზრუნვის სააგენტოსთან, რომელმაც, სიღარიბის გამო, სამი წლით, ორი ბავშვი დააშორა დედას. ბავშვები ამბობდნენ, რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდათ, სკოლაში რომ ევლოთ, „მრცხვენოდა სკოლაში წასვლის იმიტომ, რომ იქ ბავშვები დამაბულინგებდნენ, დახეული ფეხსაცმლის გამო“. სახელმწიფომ ეს ბავშვები მინდობით აღზრდაში გაიყვანა. რაც მთავარია, ოჯახიდან ბავშვები სიღარიბის გამო გაიყვანა და, მათი გაყვანის მომენტიდანვე, დედას და ერთ ჩვილ ბავშვს, რომლებიც ოჯახში დარჩნენ, შეუწყვიტა სოციალური დახმარება. როცა ვეკითხებოდით, ეს რატომ გააკეთეს, პასუხი არ ჰქონდათ. სასამართლომ დაადგინა დარღვევა – ბავშვები უკანონოდ იყვნენ გაყვანილი და ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა სახელმწიფოს, 35 ათასი ლარის ოდენობით. რა თქმა უნდა, ნამდვილად კანონის დარღვევა იყო, ნაცვლად იმისა, რომ გაეძლიერებინათ ოჯახი, შეეთავაზებინათ მრავალფეროვანი სერვისები. სიღარიბის საფუძვლით ბავშვების ოჯახიდან გაყვანა უკიდურესი ზომაა. თუ შენ არ დაეხმარე, არ გააძლიერე და უბრალოდ ხელი მოკიდე და გაიყვანე ოჯახიდან, მოაშორე მშობელს, რა თქმა უნდა, ამით უხეშად არღვევ მის უფლებებს. ასე ვიბრძვით, სამართლებრივი კუთხით. თუ რომელიმე ბავშვის უფლება დაირღვევა, გვწამს და გვჯერა, რომ სასამართლოა ის უწყება და ორგანო, რომელიც სახელმწიფოს აიძულებს, დაინახოს მისი საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და აიძულებს აღასრულოს კანონი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ დავეხმარეთ ბავშვებს, დავაბრუნეთ ოჯახში. მათ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, ეცხოვრათ დედასთან ერთად, თუნდაც იმ სიღარიბეში. როდესაც ეს საქმე მოვიგეთ, უკვე დაიძრა საკითხი, რომ სიღარიბე აღარ ყოფილიყო ბავშვების ოჯახიდან გაყვანის საფუძველი. ამ პრეცედენტმა სისტემურ დონეზეც გარკვეული გავლენა იქონია და ახლა უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა ამ მიმართულებით.
ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა, რა მოხდა მერე, სახელმწიფომ იზრუნა მის სოციალურ გაძლიერებაზე?
ბავშვები ახლაც ანალოგიურ პირობებში ცხოვრობენ, დღესაც უჭირთ, აქვთ პრობლემები და ისევ მხოლოდ 200-ლარიან შემწეობას იღებენ. უბრალოდ, ხმა ამოიღეს, დაიწყეს ბრძოლა და დაუბრუნდნენ ოჯახს. ეს საქმე გასაჩივრებულია ზემდგომ ინსტანციებში, თუმცა, ის პროცესები, რაც ბავშვებმა აქამდე გამოიარეს, მათთვის გადარჩენის ტოლფასი იყო – დაუბრუნდნენ დედას. იცით კიდევ რა არის საინტერესო ამ საქმესთან დაკავშირებით? მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები მინდობით აღზრდაში გადავიდნენ, სწავლასთან დაკავშირებული გამოწვევები მაინც ჰქონდათ, სახელმწიფომ ვერც მინდობით აღზრდაში უზრუნველყო, დახმარებოდა მათ, მიეღოთ სრულფასოვანი განათლება და აღარ ყოფილიყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. ძალიან კომპლექსური საკითხია, ამიტომ კომპლექსური პოლიტიკისა და სისტემური გეგმის არსებობა სჭირდება მის მოგვარებას. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ანგარიშებს თუ ნახავთ, წლების განმავლობაში, სიღარიბის საფუძვლით, ბავშვების ოჯახებიდან გაყვანის ძალიან ბევრი შემთხვევაა.
მახსენდება ერთი ბავშვი აფრიკის დასახლებიდან, რომლის სახლიც დაანგრიეს, უკანონო მშენებლობის გამო. მშობელს არ ჰქონდა საშუალება ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ ვეკითხებოდით რა სჭირდებოდა, ხომ არ უნდოდა, რომ დახმარებოდნენ ადამიანები. წარმოიდგინეთ (ეს სიტყვები არც ერთ ჩვენს თანამშრომელს არ ამოგვდის ყურებიდან), ბავშვს ყველი არ ჰქონდა გასინჯული, ანუ არ იცოდა რა იყო ყველი, ხორცი… მისი ძირითადი საკვები იყო ჩაი და პური. ძალიან მძიმე იყო ამის მოსმენაც და ისიც, რომ ასეთ ბავშვებს და მათ ოჯახს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაუნგრიეს სახლი. სხვათა შორის, სასამართლომაც უკანონოდ მიიჩნია ეს ქმედება და დაწერა – ეს სახლი რომ არ დანგრეულიყო, პროცესები აუცილებლად გაჩერდებოდა, ბავშვის ინტერესების დაცვის გამო.
და როცა ამდენი ბავშვი შიმშილობს, გამოსავალი რა არის?
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიდრე სახელმწიფო არ შეიმუშავებს გეგმას, არ ექნება ბავშვებისა და ოჯახის გაძლიერების, საჭიროებების შეფასების ერთიანი პოლიტიკა, სიღარიბიდან ოჯახების გამოყვანის მრავალფეროვანი პროგრამები და სერვისები, ეს მაჩვენებლები უფრო და უფრო გაიზრდება. აუცილებელია ინდივიდუალური შეფასების სისტემის დანერგვა, მხოლოდ ფულადი სახით გამოხატული სოციალური შემწეობით, ისიც არასაკმარისი რაოდენობით, რა თქმა უნდა, სიღარიბეს ვერ დავძლევთ.
ესუბრა ლალი ჯელაძე