შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის რჩევები აბიტურიენტებს
🔹🔸 გამოქვეყნდა ცნობარი აბიტურიენტებისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მათთვის. სანამ რეგისტრაციას დაიწყებენ, მინდა მოვუწოდო მათ, აუცილებლად გულდასმით გაეცნონ ამ დოკუმენტს. აქ მოცემულია როგორც ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის, ისე საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი; საგნების ნუსხა, რა საგნები ბარდება თითოეულ პროგრამაზე, პროგრამის აკრედიტაციის სტატუსი, რომელ ქალაქში ახორციელებს ესა თუ ის უნივერსიტეტი კონკრეტულ პროგრამას; ფასი – რა საფასური უნდა გადაიხადოს სტუდენტმა პროგრამაზე სწავლისას ყოველწლიურად, ასევე გრანტის განაწილების წესი, ჩარიცხვის წესი და ა.შ. დოკუმენტი განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე.
🔹🔸 რაც შეეხება რეგისტრაციას, 2 მარტს, დილის 10 საათიდან დაიწყო და, როგორც წესი, ერთი თვე გასტანს – 3 აპრილს, საღამოს 6 საათზე, დასრულდება. აბიტურიენტებს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად შეეცადონ, არ გადადონ რეგისტრაცია ბოლო დღემდე. ვიცით, რომ ასე ხდება ხოლმე და აბიტურიენტების ნაწილი ბოლო დღეს ცდილობს დარეგისტრირებას, შესაბამისად, გარკვეული პრობლემები ექმნებათ. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, იქნებ მარტის ბოლო რიცხვებში უკვე დარეგისტრირებული იყვნენ. ეს ძალიან კარგი იქნება.
🔹🔸 წლევანდელი სიახლეების შესახებაც გეტყვით, რომ ცვლილება გვაქვს საგამოცდო ცენტრების რაოდენობაში. წელს, მინისტრის ხელშეწყობით, ერთი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება რაჭაში, კერძოდ, ამბროლაურში. ადგილობრივი მოსახლეობისგან ამ საკითხზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია. მათ, ვინც წელს დაამთავრებს სკოლას, შესაძლებლობა ექნებათ, იქვე, ამბროლაურის საგამოცდო ცენტრში, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
🔹🔸 ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად, რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს სამაგისტრო გამოცდისთვის და ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, რეგისტრაციის ვადები მათთვისაც იგივეა. ერთადერთი, აბიტურიენტებს, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდი, საგანთა ჩამონათვალში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა ექნებათ – დაამატონ საგანი, რომლის ჩაბარებაც დამატებით სურთ. სხვა მხრივ, თუ ისინი რეგისტრირებული არ იქნებიან 3 აპრილის 6 საათამდე, დარეგისტრირებას ვეღარ შეძლებენ.
🔹🔸 აბიტურიენტებს შევახსენებ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილების შეტანა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუძლიათ ისევე, როგორც ადრე, თუმცა, რატომღაც, აბიტურიენტები არ აქცევენ ამას ყურადღებას და მერე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს დრო მათ, ლამის, აგვისტომდე აქვთ, ანუ, როცა უკვე იციან თავიანთი ქულები, ასევე იციან როგორია კონკურსი თითოეულ პროგრამაზე. აპელაციების გამოქვეყნების შემდეგაც, მეორე დღის 6 საათამდე, აქვთ თავიანთი პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვლის შეცვლის უფლება. შესაბამისად, პროგრამების არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეეძლებათ.
🔹🔸 რაც შეეხება რჩევებს – პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რეგისტრაციის პირველი ეტაპის კარგად გავლა, იმიტომ რომ, თუ რეგისტრაცია ვერ გაიარეს, შემდგომ აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა. რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ, დარეგისტრირება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, აუცილებლად ყურადღებით დარეგისტრირდნენ და აირჩიონ ყველა სავალდებულო საგანი იმ კონკრეტული პროგრამისთვის, სადაც სურთ ჩაბარება. ასევე ყურადღება მიაქციონ თითოეული საგნის გაზრდილ ბარიერს. ვიცით, რომ მინიმალური ბარიერი, რაც დაწესებულია ცენტრის მიერ (25%) კონკრეტულ საგნაში, შეიძლება. კონკრეტულ პროგრამას გაზრდილი ჰქონდეს და იყოს 50%. შესაბამისად, თუ აბიტურიენტმა ასეთი პროგრამები აირჩია და ვერ გადალახა გაზრდილი ბარიერი, რა თქმა უნდა, ის ვერ მოხვდება არჩეულ პროგრამაზე. ასე რომ, ყურადღებით ნახონ ეს ინფორმაცია ცნობარში.
🔹🔸 ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვურჩევ აბიტურიენტებს, გაეცნონ სიახლეებს ჩვენს ფეისბუქგვერდსა და ვებგვერდზე. ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კრებულები საგნების მიხედვით, სადაც მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, როგორია გამოცდის ფორმატი, რა ხანგრძლივობისაა გამოცდა, რა შეცდომებს უშვებენ, ძირითადად, აბიტურიენტები და ა.შ. ასე რომ, ძალიან სასარგებლო იქნება ამ კრებულების გაცნობა.
🔹🔸 შევახსენებ აბიტურიენტებს, რომ წელს მცირედი ცვლილება გვაქვს სამ საგანში – მათემატიკა, უცხოური ენა და ისტორია. თუ არ იციან ამის შესახებ, აუცილებლად გაეცნონ. ასევე ყურადღებით ადევნონ თვალი ღია კარის დღეებს, რომელსაც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი მათთვის ატარებს. რეგიონებში უკვე რამდენიმე ღია კარის დღე ჩავატარეთ, მაგრამ ამის გარდა, რეგისტრაციის პერიოდში, აუცილებლად გვექნება ონლაინ ღია კარის დღეც და ყველა მსურველ აბიტურიენტს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან, ინტერნეტის საშუალებით, შეეძლება, ჩაერთოს და დასვას მისთვის საინტერესო კითხვა. ინფორმაციას ღია კარის დღეების შესახებ, როგორც წესი, ვაქვეყნებთ ცენტრის ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე. თუ აბიტურიენტები არ არიან დამეგობრებული ჩვენს ფეისბუქგვერდზე, აუცილებლად მოძებნონ გამოცდების ეროვნული ცენტრი და დაგვიმეგობრდნენ.