2 ნოემბერი, შაბათი, 2024

კრიტიკული აზროვნების განვითარება დაწყებითი კლასების საფეხურზე

spot_img

თანამედროვე ეპოქაში ტემპით ვითარდება ტექნოლოგიური და ინფორმაციული სივრცე. შესაბამისად, იზრდება ინფორმაციის მოპოვების, გაგების, გაანალიზებისა და გაზიარების საჭიროება.

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მიზანი ზოგადი სააზროვნო უნარების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარების ხელშეწყობაა.

კრიტიკული აზროვნების პოტენციალი თითოეულ ადამიანში დევს. ყველას აქვს სამყაროს შეცნობის ბუნებრივი უნარი, მაგრამ აუცილებელია მისი განვითარება და სრულყოფილ აზროვნებად ჩამოყალიბება.

კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი ეტაპები:

  1. ინფორმაციის მოძიება;
  2. ინფორმაციის დახარისხება – პირველ და მეორეხარისხოვან თემებად განსაზღვრა;
  3. ტექსტში ღია და დაფარული ინფორმაციის გამოვლენა;
  4. ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა;
  5. სანდოობის ხარისხის განსაზღვრა;
  6. ვარაუდების გამოთქმა;
  7. არგუმენტების მოყვანა;
  8. შედარება სხვა ფაქტებთან და მოვლენებთან;
  9. დასკვნების გამოტანა.

მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების სწავლება ეფექტურია მაშინ, როცა  ის სწავლების პროცესში იძენს გაკვეთილთან ინტეგრირებულ სახეს. განსაკუთრებით კრიტიკული კითხვის უნარის განვითარება ეხმარება მოსწავლეებს დასახული მიზნის მიღწევაში. სასურველია, კრიტიკული კითხვის უნარის განვითარებას საფუძველი დაწყებითი კლასების საფეხურზე ჩაეყაროს.

კრიტიკული კითხვა არის კომპლექსური მოქმედება. იგი, მაღალ სააზროვნო უნარებთან ერთად, ასევე შედგება მარტივად დასაუფლებელი უნარებისგანაც. მაგალითად: კრიტიკული კითხვის დროს უპირველესია ტექსტის შინაარსის გაგება. თუ ეს დაბალი დონის უნარი საფუძვლიანად არ არის განვითარებული, ვერ  წავალთ მაღალი სააზროვნო უნარებისკენ და კრიტიკული აზროვნება ვერ შედგება.

კრიტიკული კითხვა ის დონეა, როცა მკითხველს, წაკითხულის გააზრებასთან ერთად, მისი შეფასებაც შეუძლია.

გაგება-გააზრების სტრატეგიები დიდი ხანია ისწავლება, მაგრამ მისი შეხსენება და გადახალისება არ იქნებოდა ურიგო.

იმისათვის რომ კრიტიკული აზროვნების განხორციელება სასწავლო პროცესში ეფექტიანად მოხდეს, საჭიროა, პედაგოგმა გაითვალისწინოს შემდეგი სტრატეგიები:

  1. გონებრივი იერიში გვეხმარება, ზოგადი და კონკრეტული კითხვების დასმის მეშვეობით, მოვახდინოთ მოსწავლეთა მხრიდან იდეების გენერირება, მათი განსჯა და დაჯგუფება.
  2. ორიენტირებული კითხვა მეთოდის გამოყენებით ხდება წინარე ცოდნის გააქტიურება, ტექსტში მნიშვნელოვანი ლექსიკური ერთეულების განხილვა, ტექსტის წაკითხვის მიზნის ჩამოყალიბება და ეფექტური კითხვისათვის საჭირო უნარების განვითარება, წაკითხულის შეჯამება, დასკვნების გამოტანა.
  3. პაუზებით კითხვა კითხვის მეთოდი გამოიყენება რთული ტექსტების დასამუშავებლად და ხელს უწყობს, ყველა მოსწავლის ჩართვას კითხვის პროცესში. მოსწავლეს უვითარდება ლოგიკური აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, დასკვნების გამოტანა, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა.
  4. სტრატეგია 3-2-1მეთოდი მოსწავლეს აძლევს საშუალებას მიღებული ინფორმაცია დაახარისხოს, დასვას შეკითხვები, შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი, ხოლო მასწავლებელს ეხმარება თვალი გაადევნოს მოსწავლის მიერ ინფორმაციის გააზრების პროცესს.
  5. დებატები აქტიური სწავლების საუკეთესო საშუალებაა. მისი მიზანია ორი ურთიერთსაპირისპირო გზით ერთ-ერთის გამარჯვება. ის ეხმარება მოსწავლეებს პრობლემის სიღრმისეულ გააზრებაში, არგუმენტების და კონტრარგუმენტების უნარის ჩამოყალიბებაში და ავითარებს მსჯელობითი დაცვის უნარს.

ზემოთ წარმოდგენილი სტრატეგიებით მოსწავლეებს გაუადვილდებათ სხვადასხვა სირთულის ტექსტების გაგება-გააზრება, ძირითადის და მეორეხარისხოვანის გარჩევა, განუვითარდებათ ინფორმაციის ადეკვატურად აღქმის და დამუშავების, ლოგიკური მსჯელობის, მოვლენათა შორის კავშირების, წვდომის უნარი. ეს კი ცხოვრებისეულ მოთხოვნებზე რეაგირების, ანუ გარემოსთან ადაპტაციის საფუძველია.

როდესაც მოსწავლე აზროვნებს კრიტიკულად, აფასებს მოვლენებს, უყალიბდება რაციონალური გადაწყვეტილებების უნარი, არის გლობალურად მოაზროვნე მოქალაქე. პედაგოგებმა კი ბოლომდე უნდა გამოიყენონ უნიკალური შესაძლებლობა და განავითარონ თითოეულ მოსწავლეში კრიტიკული აზროვნება.

 

ქეთევან ჩინჩალაძე

სსიპ 218- ე სკოლის ქართული ენის მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები