2020 წლის მიწურულს, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნა — სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებელი (უმაღლესი განათლების I საფეხური. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს VI დონე). ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სკოლამდელი განათლების ბაკალავრის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების შესწავლით მისაღწევ მინიმალურ კომპეტენციებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წლიდან საქართველოში არსებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეწყვიტეს სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების განხორციელება, ახალი დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება უნდა ჩაითვალოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად. ჩვენი ყურადღებაც ამიტომ მიიქცია ამ დოკუმენტმა.
ჩვენი ამოცანა მისი პროფესიული თვალსაზრისით შეფასება არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ მის შემუშავებაში მონაწილეობდნენ, თითქმის, ყველა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები — პროფესორები, დარგის სპეციალისტები, მკვლევრები, კონსულტანტები, ტრენერები, განათლების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, სულ 24 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ადრეული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე დოკუმენტთან დაკავშირებულ რამდენიმე შეკითხვას პასუხობს.
⇓ რა კომპეტენციებს უნდა ფლობდეს კურსდამთავრებული? რა პერსპექტივები აქვს კარიერული წინსვლის თვალსაზრისით და როგორი იქნება მისი სტატუსი (დიპლომში რა ჩაეწერება)?
⇒ დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი სწავლის მინიმალური შედეგები ცოდნის, უნარებისა და პასუხისმგებლობის სახით, რომლებიც სტუდენტს სკოლამდელი განათლების ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დასრულებისას მოეთხოვება.
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისად, კურსდამთავრებულის კვალიფიკაცია იქნება — სკოლამდელი განათლების ბაკალავრი.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში როგორც საგანმანათლებლო (აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი, პროგრამის სპეციალისტი, მეთოდისტი), ასევე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე; აგრეთვე, სხვა ტიპის ადრეული განათლებისა და ზრუნვის დაწესებულებებსა და პროგრამებში.
⇓ ხომ არ გულისხმობს ახალი დარგობრივი მახასიათებელი ინკლუზიური განათლების კუთხითაც სპეციალურ მომზადებას?
⇒ ცხადია, თანამედროვე ხარისხიანი განათლება ინკლუზიური განათლების ღირებულებებისა და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული გადაწყვეტების გარეშე არ მოიაზრება. ამ თვალსაზრისით, არც ეს დოკუმენტია გამონაკლისი. მეტიც, პროფესიონალებს, რომლებიც ამ დოკუმენტზე მუშაობდნენ, მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ადრეული ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის კუთხით. ამიტომ, დოკუმენტი გაჯერებულია ინკლუზიური ღირებულებებითა და პრინციპებით, ხოლო კომპეტენციები (ცოდნა, უნარები, პასუხისმგებლობა) მოიცავს ისეთ სპეციფიკურ შედეგებს, როგორიცაა, მაგალითად: „სტუდენტი აყალიბებს პედაგოგიურ ხედვასა და მიდგომებს, რომლებიც განამტკიცებს ინკლუზიურ პრაქტიკას საბავშვო ბაღებში; შეუძლია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირება, მათი ინკლუზიისთვის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება/მოდიფიცირება და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერა“.
⇓ რა იგულისხმება ფრაზაში — „დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს პროგრამის მრავალფეროვნება და მოქნილობა“.
⇒ დარგობრივი მახასიათებელი აღწერს სწავლის მინიმალურ შედეგებს, რომლებსაც შესაბამისი დონისა და სწავლის სფეროს/დარგის კვალიფიკაციის მფლობელმა უნდა მიაღწიოს. საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის შედეგები დარგობრივ მახასიათებელში ჩამოთვლილ სწავლის შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს, თუმცა არ იზღუდებოდეს ამ ჩამონათვლით ან განსხვავებულად იყოს ფორმულირებული. სკოლამდელი განათლების პროგრამები უნდა პასუხობდეს დარგის პრაქტიკული, აკადემიური და პროფესიული განვითარების ცვალებად ტენდენციებსა და თანამედროვე გამოწვევებს.
⇓ როგორ ფასდება პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნა?
⇒ შეფასების მეთოდები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ეფუძნებოდეს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს, შეესაბამებოდეს საგანმანათლებლო პროგრამის ზოგად მიზნებს, სწავლის შედეგებსა და კონკრეტული კურსის შინაარსობრივ და სტრუქტურულ სპეციფიკას.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების ეფექტურად შეფასებისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები (კომბინაცია კონკრეტული კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით განისაზღვრება):
♦ ვერბალური მოხსენება, პრეზენტაცია;
♦ პროექტი;
♦ ესსე და სხვა წერითი დავალებები (მაგ., კურიკულუმის მიხედვით საგანმანათლებლო გეგმის შედგენა, აქტივობების შემუშავება და სხვ.);
♦ სტუდენტის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსი;
♦ რეფლექსური ჩანაწერები;
♦ დაკვირვების და შეფასების ჩანაწერები;
♦ არაფორმალური დაკვირვების ინსტრუმენტები;
♦ პრაქტიკის პორტფოლიო;
♦ პრაქტიკის კვლევის ანგარიში;
♦ შემთხვევის („ქეისის“) განხილვა/ანალიზი;
♦ შემაჯამებელი ანგარიშები;
♦ ინდივიდუალური გეგმები სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროებებზე;
♦ საჭიროებებზე დაფუძებული პროფესიული განვითრების გეგმა.
⇓ ხომ არ იგეგმება სისტემაში არსებული აღმზრდელების გადამზადება ახალი დარგობრივი მახასიათებლების მიხედვით? თუ იგეგმება, როგორ და როდის?
⇒ აღნიშნული დარგობრივი მახასიათებელი სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების შემუშავებას ემსახურება. რაც შეეხება არსებული აღმზრდელების გადამზადებას, არსებობს მარეგულირებელი დოკუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიაში მყოფი პირების გადამზადებას. დარგში არსებული თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ეს დოკუმენტებია: „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა და დამტკიცდა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული და იგეგმება მოქმედი აღმზრდელების გადამზადება.