თამარ მახარაძე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარე (კავშირი „ქორბუდა“)
თამარ ჯაყელი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის ექსპერტი
მესამე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დაწყებით საფეხურზე ერთ-ერთი სამიზნე ცნებაა „სიტყვიდან ტექსტამდე“, რომელიც გულისხმობს მიზანმიმართულ მუშაობას როგორც ზეპირი, ასევე წერითი მეტყველების განვითარებაზე – ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, აზრის ჩამოყალიბება-გასიტყვების უნარის, ენობრივი ალღოს, ენობრივ-შემოქმედებითი უნარების განვითარებას. თავის მხრივ, ეს უნარები ბავშვის ცნობიერების, მისი პიროვნული განვითარება-დახვეწის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. როგორც დიმიტრი უზნაძე აღნიშნავს, ბავშვი ენის საშუალებით აგებს ცნობიერ სამყაროს, შესაბამისად, რაც უფრო განვითარებულია მეტყველება, მით უფრო ღრმავდება აზროვნება და იზრდება ცნობიერების საზღვრებიც. სწორედ იმიტომ ეკისრება მშობლიურ ენასა და ლიტერატურას განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ საფუძველს უყრის მშობლიური ენის მეშვეობით სამყაროს აგებას და პიროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას.
მართალია, ყოველ ადამიანს მეტ-ნაკლებად აქვს თანდაყოლილი ენობრივი გუმან-ინტუიცია, მაგრამ ის თავისთავად ვერ განვითარდება – მას საზრდო უნდა მივაწოდოთ და ასპარეზი შევთავაზოთ გასავითარებლად. ქვემოთ მოცემული დავალება, რომელიც მიემართება სამიზნე ცნებას „სიტყვიდან ტექსტამდე“, სწორედ ამას ისახავს მიზნად – მივაწოდოთ ბავშვს საზრდო ენობრივი გუმანის გასავითარებლად და ასპარეზი – ამ უნარის გამოსავლენად.
წარმოგიდგენთ კომპლექსურ დავალებას თემატური ერთეულის სტრუქტურულ ერთეულებთან მიმართებით:
დავალებაში ქვეცნება „ტექსტური პორტრეტი“ წამყვანი მნიშვნელობისაა. შესაბამისად, მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ ტექსტური პორტრეტის მახასიათებლები და ამის საფუძველზე შეძლონ ტექსტური პორტრეტის შექმნა. ტექსტური პორტრეტის კერძო სახეობაა ლიტერატურული პორტრეტი – მწერლის მიერ შექმნილი ტექსტური პორტრეტი მხატვრული ნაწარმოებიდან.
ტექსტური პორტრეტი ადამიანის გარეგნობის აღწერაა, საინფორმაციო ან მხატვრული. ამ დავალების შესრულება გაამდიდრებს და გაააქტიურებს მოსწავლეთა ლექსიკურ მარაგს, განუვითარებს მათ ფუნქციური ტექსტების წერის უნარჩვევებს; მიაჩვევს დეტალებზე დაკვირვებასა და გარეგნული დეტალების საშუალებით უფრო სიღრმისეულ თვისებებზე მინიშნებას.
შენიშვნა: ტექსტური პორტრეტის ცნება მხატვრის მიერ დახატული პორტრეტის (სურათის) და ფოტოპორტრეტის ცნებებს ემყარება, ამიტომ მოსწავლეებს ეს ცნებები უკვე ნასწავლი უნდა ჰქონდეთ (თუკი არა, მაშინ ჯერ ეს ცნებები უნდა ისწავლონ, უმჯობესია – ხელოვნების გაკვეთილზე). ყველა შემთხვევაში სასურველია, რომ მოსწავლეებმა ციფრული ფორმატის ფოტოპორტრეტები შექმნან, განიხილონ ერთმანეთის ნამუშევრები და იმსჯელონ მათ შესახებ.
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები
(აქტივობები, რესურსები, გეზისმიმცემი შეკითხვები)
ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
წინარე ცოდნის გააქტიურება
♦ გაიხსენეთ, წინათ რა აღგიწერიათ წერილობით ან ზეპირად: სურათი, საკუთარი ან სხვისი ეზო, სახლი, საკლასო ოთახი და სხვა.
♦ გაიხსენეთ ხელოვნებიდან, რა ეწოდება ისეთ ნახატს, რომელზეც მხატვარი ფუნჯით ან ფანქრით „აღწერს“ ანუ ხატავს ადამიანს (პორტრეტი).
♦ გაიხსენეთ, ვისი დახატული, ან ვისი პორტრეტები გინახავთ.
♦ კიდევ როგორ შეიძლება, აღვწეროთ ადამიანის გარეგნობა? (სიტყვებით).
♦ თქვენ თუ აღგიწერიათ ვინმე, მაგალითად, მეგობარი, მეზობელი, ნაწარმოების პერსონაჟი?
♦ მოგიხერხებიათ ზუსტად და საინტერესოდ აღგეწერათ ვინმე? რამ გაგიადვილათ ეს აღწერა?
♦ თქვენი ნაცნობებიდან ვის აქვს ლამაზი გარეგნობა?
♦ მართალია თუ არა, რომ როგორიცაა ადამიანის გარეგნობა, ისეთივეა ეს ადამიანი?
დავალების მოთხოვნების გაცნობიერება:
♦ თქვენი სიტყვებით ახსენით, რას მოითხოვს თქვენგან ეს დავალება?
♦ რის შესწავლა დაგჭირდებათ?
♦ რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა
რესურსი 1. ტექსტები: 1, 2
ტექსტი 1. ლუარსაბი გახლდათ კარგად ჩასუქებული კაცი: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქოს იმის სიმძიმეს სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაული ვაშლივით ხაშხაშა ლოყები; სამკეცად ჩამოსული ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, გაბერილი ღიპი, კოტიტა და ბალნიანი ხელები, მსხვილი ფეხები (ილია ჭავჭავაძე).
ტექსტი 2. ჯაყო ქალაქში შემოვარდნილ დათვს ჰგავდა. შუბლი დაბალი და ჩაზნექილი ჰქონდა, ცხვირი – მოკლე და აჭყლეტილი, თვალები – კაკლისოდენა, თან ცოცხალი და ცუღლუტი. თავზე ეხურა ნაბდის ქუდი, ტანთ ეცვა შალის ჩოხა, ხოლო ფეხებზე – ჭრელი წინდები… ხელში მაჯის სისქე კომბალი ეჭირა. ბეჭებზე თოფი ჰქონდა გადაგდებული (მიხეილ ჯავახიშვილი).
გეზისმიმცემი შეკითხვები
♦ ვის აღწერს პირველი (1) ტექსტი? (ადამიანს – ლუარსაბს).
♦ ვის აღწერს მეორე (2) ტექსტი? (ადამიანს – ჯაყოს).
♦ მართალია თუ არა, რომ პირველი და მეორე ტექსტები არის ლუარსაბისა და ჯაყოს გარეგნობის აღწერა? რატომ? (კი, რადგან ჩამოთვლილია გარეგნობის დეტალები და მითითებულია, როგორია ისინი).
რესურსი 1. ტექსტი 1, 2.
რესურსი 2. შედარების ცხრილი
აქტივობა 1. ლუარსაბისა და ჯაყოს გარეგნობის აღწერის (პორტრეტების) შედარება
გეზისმიმცემი შეკითხვები
♦ რა განსხვავებას ხედავთ ამ აღწერებს შორის?
♦ ეს აღწერები რით ჰგავს თქვენ მიერ ნანახ, მხატვრის მიერ დახატულ პორტრეტს? (მხატვრის მიერ დახატული პორტრეტიც ადამიანის გარეგნობას ასახავს თავისი დეტალებით (სახე, გამომეტყველება, სხეულის ნაწილები, ჩაცმულობა…).
♦ თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ადამიანის გარეგნობის სიტყვებით აღწერასაც პორტრეტი ვუწოდოთ? რატომ?
♦ ჯაყოს პორტრეტში ზოგი დეტალი ჯაყოს ხასიათს გვიჩვენებს. ამ მხრივ რომელი დეტალებია უფრო მნიშვნელოვანი? (თვალები – ცოცხალი და ცუღლუტი, ასევე მისი აღჭურვილობა – თოფი, კომბალი).
♦ პერსონაჟის ხასიათის რომელ თვისებაზე მიგვანიშნებს დამატებითი დეტალები – ჩაცმულობა, აღჭურვილობა?
♦ როგორ ადამიანებად წარმოგიდგებათ თითოეული პერსონაჟი? რატომ, რაზე დაყრდნობით ვარაუდობთ ამას?
♦ განსაკუთრებით რომელმა სიტყვებმა მიიქცია თქვენი ყურადღება ლუარსაბის დახასიათებისას? რატომ? ჯაყოს დახასიათებისას? რატომ?
♦ თქვენ თუ შეგიძლიათ პერსონაჟის სიტყვიერი პორტრეტის შექმნა – ანუ პერსონაჟის გარეგნობის ისე აღწერა, რომ საინტერესო და თვალსაჩინო იყოს მკითხველისთვის და თან მიგვანიშნოს პერსონაჟის ხასიათზე? თქვენი აზრით, რა არის საჭირო ამისთვის?
♦ საიდან იქნება უმჯობესი აღწერის დაწყება – სახე, სხეულის ნაწილები, ჩაცმულობა, გამომეტყველება?..
დასკვნა: იმისათვის, რომ ადამიანის/პერსონაჟის აღწერა საინტერესო და თვალსაჩინო იყოს მკითხველისთვის, თან მიგვანიშნოს მის ხასიათზე, საჭიროა:
ა) კარგად დაკვირვება – როგორია, როგორ გამოიყურება, როგორი ნაკვთები აქვს (პირისახე, სხეული), როგორი გამომეტყველება აქვს, როგორ აცვია; რა ნივთები აქვს ხოლმე ხშირად;
ბ) მრავალფეროვანი სიტყვების შერჩევა და გამოყენება აღწერისას.
რესურსი 3. „სიტყვების სკივრი“ (მასწავლებლისთვის)
აქტივობა 2. „სიტყვების სკივრის“ შექმნა
სიტყვების სკივრი
როგორი შეიძლება იყოს:
თავი: დიდი, პატარა, მოგრძო, გასიებული, უზარმაზარი…
თვალები: ლამაზი, ბრიალა, გადმოკარკლული, დიდი, შავი, ცისფერი, ჭრელი (ჭროღა), ეშმაკური, კეთილი, მოციმციმე, თბილი, ცბიერი, მწვანე, წაბლისფერი… ალერსიანი, ბრაზიანი…
პირი, ტუჩები: დიდი, პატარა, ვარდისფერი, წითელი, უფერული, წვრილი, მსხვილი, ლამაზი…
ცხვირი: მოკაუჭებული, გაბუშტული, კეხიანი, გრძელი, პაჭუა, აპრეხილი, ჩამოშვებული, ნისკარტივით, მიჭყლეტილი, მოღრეცილი, სწორი, წვეტიანი, არწივისებური, უშნო, ლამაზი…
შუბლი: ფართო, ვიწრო, ჩაზნექილი, ამოზნექილი, ნაოჭებიანი, გადატკეცილი…
ლოყები: ფუმფულა, ვარდისფერი, წითელი, დიდი, ბუნჩულა, ჩაჩუტული. დაბერილი, ჩაცვენილი…
ნიკაპი: გრძელი, მოკლე, შუაზე გაყოფილი, წვეტიანი…
თმა: წითელი, ცეცხლისფერი, ოქროსფერი, წაბლისფერი, ფაფუკი, ჯაგარა, აჩეჩილი, გაბურძგნული, გრძელი, მოკლე, გაშლილი, შეკრული, დაწნული, ხუჭუჭა, პარიკიანი, ბაფთებიანი…
ხელები, ფეხები: გრძელი, მოკლე, აწოწილი, ბანჯგვლიანი, მსხვილი, წვრილი, დაგრეხილი, სწორი, ლამაზი…
გამომეტყველება: სევდიანი, მეოცნებე, მრისხანე, საცოდავი, მხიარული, ეშმაკური, ცბიერი, ფიქრიანი, მოღიმარი, მოღუშული, ბრაზიანი, დამცინავი, უბოროტო, ბოროტული, ამაყი, ქედმაღლური, ბედნიერი, კმაყოფილი, შეწუხებული, სევდიანი, მწუხარე, მორჩილი, მბრძანებლური, სულელური, ბრძნული, ბრიყვული…
აქტივობა 3. სახალისო პორტრეტის შედგენა „სკივრის“ სიტყვების გამოყენებით
ერთი შესაძლო ნიმუში:
სცენაზე გამოვარდა ერთი უცნაური კაცი: უზარმაზარი თავი და დიდი, ჭრელი და ბრიალა თვალები ჰქონდა. წითელი გაბურძგნული პარიკი თავზე ცეცხლივით მოუჩანდა. დიდი გაბუშტული ცხვირი ბოლოში წასწითლებოდა. დიდი ტუჩები წითელი პომადით ჰქონდა გათხუპნილი. მხიარული და ეშმაკური გამომეტყველება ჰქონდა. კაცს გრძელ, აწოწილ ფეხებზე ჭრელზოლებიანი წინდები და უზარმაზარი ფეხსაცმელები ეცვა, ტანზე – გრძელი ფართხუნა ხალათი. ხელში ბუშტები ეჭირა.
აქტივობა 4. პერსონაჟის ილუსტრაციის შერჩევა; სიტყვების შერჩევა „სიტყვების სკივრიდან“ პერსონაჟის პორტრეტის აღსაწერად და ამ სიტყვებით მაორგანიზებელი ცხრილის შევსება.
პერსონაჟი (მაგ., მიუნჰაუზენი)
♦ რომელი პერსონაჟის (მიუნჰაუზენი, ალისა, ლახუნდარელი) პორტრეტს აირჩევ აღსაწერად? რატომ?
რესურსი 4. შევსებული მაორგანიზებელი ცხრილი.
რესურსი 5. პერსონაჟების პორტრეტები (დასახ. სახელმძღვანელოს მეორე თავიდან).
აქტივობა 5. შერჩეული პერსონაჟის პორტრეტის აღწერა წერილობით (მაორგანიზებელის ცხრილის გამოყენებით)
აღწერითი ტექსტის სათაური: პერსონაჟის პორტრეტის აღწერა
გეზისმიმცემი შეკითხვები:
♦ როგორ/რა სიტყვებით დაიწყებ აღწერას?
♦ საიდან დაიწყებ აღწერას (სახე, სხეული, ჩაცმულობა)?
♦ როგორია (ფორმა, ზომა, ფერი) შენ მიერ შერჩეული პერსონაჟის სახის დეტალები (ნაკვთები): თვალები ცხვირი, პირი, ულვაშები..?
♦ როგორია მისი პირისახის გამომეტყველება?
♦ როგორაა ჩაცმული (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი)?
♦ რომელი დეტალი მიანიშნებს მისი ხასიათის თვისებაზე?
რესურსი 6. მოსწავლეთა მიერ შექმნილი პირველადი ვარიანტები
აქტივობა 6. პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება კრიტერიუმების დახმარებით
♦ პორტრეტის რა მახასიათებლები აქვს შენს ტექსტს — გაქვს თუ არა გამოკვეთილი პორტრეტული დეტალები (სახის ნაკვთები, სხეულის ნაკვთები, ჩაცმულობა, გამომეტყველება)?
♦ აღწერისას გაქვს თუ არა გამოყენებული მრავალფეროვანი სიტყვები (დეტალების ფორმის, ფერის, ზომის გამოსაკვეთად)?
საბოლოო ვარიანტის შექმნა და წარდგენა
ნამუშევრის წარდგენისას დასასმელი შეკითხვები:
♦ რატომ გგონია, რომ შენი ტექსტი პორტრეტის აღწერაა?
♦ რატომ აირჩიე აღსაწერად ამ პერსონაჟის პორტრეტი — რით მიიქცია შენი ყურადღება?
♦ პერსონაჟის გარეგნობის აღწერისას განსაკუთრებით რა დეტალებზე გაამახვილე ყურადღება?
♦ ნიშანთვისების გამომხატველი რომელი სიტყვები შეარჩიე და გამოიყენე?
♦ შენი აზრით, შენი აღწერით შეძელი თუ არა პერსონაჟის ხასიათის ჩვენება? როგორ, რაში ჩანს?