„გააუპატიურეს და გამოისყიდაო“ – ამ გაუგონარი სიტყვების ავტორი 14 წლის მოზარდის, ნინის ბაბუაა, ბაბუა, რომელმაც ასე სასტიკად შეაფასა შვილიშვილის თვითმკვლელობა, პატარა გოგონასი, რომელიც მრავალმხრივი ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. უმწეო მსხვერპლი გოგონას გახმაურებულ ამბავს, სამწუხაროდ, ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სხვა ახსნა ვერ უპოვეს, გარდა იმისა, რომ თურმე სირცხვილი აჭამათ… მსხვერპლმა კი, ვერც სამართალი იპოვა, ვერც გვერდში მდგომი ადამიანი, მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ გოგონაზე მერე ფიზიკურად იძალადეს „ახლობლებმა“…გოგონამ ჩვენებაში დაწერა, რომ „სიმართლე მაინც ვერ დაამტკიცა“ და პრობლემასთან სრულიად მარტო დარჩენილმა არასრულწლოვანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ გულგრილ და ჯერ კიდევ სტერეოტიპებით მსუნთქავ საზოგადოებაში, სადაც მსხვერპლში ეძებენ დამნაშავეს, მისი ადგილი აღარ იყო… სამწუხაროა, რომ ეს არც პირველი შემთხვევაა და, სავარაუდოდ, ამ პირობებში, არც ბოლო იქნება, რადგან პრობლემის გამომწვევი მიზეზი ბევრია და თან სიღრმისეული. ამ მიზეზებს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატარეინე სხილაძე სახელმწიფოსა და საზოგადოების უმოქმედობას, კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, დაგვიანებულ თუ არასათანადო კომუნიკაციას უკავშირებს, რომელიც წარმოშობს სისტემურ ხარვეზებს და ხელს უშლის არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციას.
მწერალი გიორგი კეკელიძე ნინის ამბავს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეხმაურება და ამბობს, რომ მისი სიტყვებიც ისეთივე სასტიკი და ულამაზოა, როგორც მოზარდის მიმართ ნაქვამი სიტყვები: „სირცხვილი გვაჭამაო და ჯერ შიში აჭამეს და მერე მიწას აჭამეს – აი, ასე სასტიკად და ასეთივეა ჩემი სიტყვებიც – უხეში და ულამაზო.
საფლავში გაუგონრად გაუგებარი წინადადება ჩააყოლეს – „გააპუტიურეს და გამოისყიდაო“.
იმ გოგონას კიდევ, გზები სულ მოჭრილი ჰქონდა – ან ძალადობა ხვდებოდა გზის ბოლოს ან გულგრილობა. რა გზაც იცოდა, ყველგან ეს დასასრული ეგულებოდა. სხვა გზა კიდევ ჩვენ ვერ დავაგეთ და თვითონ სად მოგვძებნიდა? ვერსად.
ამასწინ დავწერე: „ გაზაფხული მოდის. ქაქუთში ბლის ხეები აყვავდებიან, მერე ხასხახა კუნწულებს გამოიბამენ და ბლის ხეებზე ნინის თანატოლები ავლენ. ნინი თებერვალში ავიდა. რომ მოგვესმინა, მაისში უნდა ასულიყო.” და მერე დავფიქრდი – მე რა ვიცი ნინის რომელიმე თანატოლის დარდის? ან შენ რა იცი? არაფერი. ვერაფერი.
ნინისთვის ბრძოლა, გარდა აქ და ახლა სამართლის აღსრულებისა – უფრო დიდი და მთავარი ბრძოლა – ამ გზის დაგება იქნება – ყველა მოსწავლესთან, სკოლასთან, სოფელთან მიმყვანი გზის – ერთმანეთთან ლაპარაკს რომ გვასწავლის. რომ სხვა ნინი, ელენე, ნათია, გვანცა – გადავარჩინოთ. და ის რომ ხან ასეთი სიტყვები პათეტიკად გვეჩვენება, გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საქმეს ყოველდღიურ რუტინად არ ვაქცევთ.“
მედია ექსპერტი ნინო დანელია წერს, რომ „მაინც გაბედეს და გამოფინეს მოკლული გოგოს ჩვენებები, სადაც ის ამბობს, რომ სექსი კაცთან ნებაყოფლობით ჰქონდა. ეგონა, ცოლად მოიყვანდა და იმან მოატყუა. აი, ეს გაბედეს. უცებ დაავიწყდათ, რომ რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული და მასზე ძალადობა. არასრულწლოვანი ვერ აფასებს რისკებს, არის მოწყვლადი. მით უმეტეს მაშინ, როცა, როგორც ირკვევა, ისეთ გარემოში იზრდება, როგორშიც ნინი იზრდებოდა, უდედოდ, უმამოდ, არაემპათიური ბაბუა-ბიძების გარემოცვაში. იქნებ ეს ბიჭი მისი დისფუნქციური ოჯახიდან თავის დაღწევის გზად მიიჩნია? იქნებ იმედი გაუჩნდა, რომ თავს დააღწევდა იმ გარემოს, რომელშიც უწევდა ცხოვრება? გგონიათ, რომ ჩვენ არ გაგვიჩნდება შემხვედრი კითხვები? 1. რა მნიშვნელობა აქვს ნებით მოხდა თუ უნებურად სისხლის სამართლის დანაშაული? 2. რა ვიცით, რა პირობებში დაწერა ნინიმ ჩვენება? 3. რა ვიცით, იძულებით მიაცემინეს ჩვენება თუ არა. თუ გგონიათ ლუკა სირაძე დაგვავიწყდა ან დემურ სტურუა, რომლებიც პოლიციამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე? 4. რატომ დააკავეს სრულწლოვანი ბიჭი გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ, როცა იცოდნენ დანაშაულის შესახებ? 5. როგორ მოახერხეს ბავშვისა და ოჯახის წევრების დაკითხვა (თუ დაიკითხნენ საერთოდ) და იმის ვერ აღმოჩენა, რომ ბავშვი ცემეს, რომ არავინ დაუჭირა მხარი, რომ ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდათ „შემარცხვენელი“? 6. თუ ნებით მოხდა, რატომ დაწერა ბავშვმა, რომ „სიმართლე მაინც ვერ დაამტკიცა”. ვის ვერ დაუმტკიცა? რას უმტკიცებდა? რა იყო მისი სიმართლე, რამაც სიკვდილამდე მიიყვანა?“
♦ ♦ ♦
რასთან გვაქვს საქმე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და როგორ მოვიქცეთ, რომ დავიცვათ ნინი და მისი თანატოლები ასეთი შემზარავი მოპყრობისგან? – ამ კითხვებს უფლებადამცველი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აღმასრულებელი დირექტორი ანა აბაშიძე პასუხობს. ანა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ვისი მსხვერპლია ნინი, ამაზე ვერ გვიპასუხებს, რადგან ეს გამოძიებამ უნდა თქვას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ბევრმა გარემოებამ იმუშავა ბავშვის საწინააღმდეგოდ, რომ მიეღო ასეთი ცუდი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ამ გარემოებების შემქმნელი პირების პასუხისმგებლობები უნდა გამოიკვეთოს, იქნება ეს სამოქალო თუ სახელმწიფო მოხელე.
ანა აბაშიძე: ორი დიდი პოლუსია და ორივეზე თანაბრად უნდა ვილაპარაკოთ, სხვაგვარად, უბრალოდ ვერ შევაჩერებთ ამ ტიპის დანაშაულებს. პირველი არის აქცენტი საზოგადოებაზე — ჩვენზე, რიგით ადამიანებზე, რომლებსაც თანამდებობები არ გვაქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ უპირატესად განმაპირობებელი იმ კულტურისა, რაც საზოგადოებაშია დამკვიდრებული ქალებისა და გოგონების კუთხით. ეს არის გამოკვებილი სტრეოტიპები, რომ ქალზე ძალადობა, თუ ის ასე და ასე მოიქცევა, შესაძლებელია. ეს არის ჩვენი მხრიდან, ხალხის, უბრალო მოქალაქის მხრიდან, შემიძლია ვთქვა, ლეგიტიმირებული დანაშაული. ამიტომ, ამ საკითხზე ხმამაღლა ლაპარაკის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია თემას გადავხედოთ. თუმცა, როცა სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ცხადია, სახელმწიფოა მთავარი პასუხისმგებელი პირი, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოებას, ერთი მხრივ, სწორი მიმართულებით წავიდეს და მეორე მხრივ, კონკრეტული ადამიანების გადარჩენა შეძლოს პრევენციული გზებით, ან უკვე მომხდარი დანაშაულის გამოიძიებით დაიცვას უკვე დაზიანებული მოქალაქე. ამ თვალსაზრისით, კონკრეტულმა ქეისმა გვიჩვენა, რომ სისტემა, რომელიც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ბავშვზე ორიენტირებული, რეალურად ისეთი გაღარიბებულია, რომ ამის აღწერა შეუძლებელიც კია. არ არსებობს დანაშაულის გამოძიების თანამედროვე გზები და, შესაბამისად, გვაქვს დაგვიანებული მართლმსაჯულება. დაგვიანებულმა მართლმსაჯულებამ კი, არაერთხელ შეიწირა ადამიანი არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველგან. ეს არის სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით, როდესაც მოწყვლადი ჯგუფია საქმეში, ანუ როცა დანაშაულის შედეგად დაზიანებული ბავშვები გვყავს. მეორე მხრივ, გამოწვევის პარალელურად, ეს არის გაუმართავი სოციალური სისტემა, რომელიც სოციალურად, ეკონომიკურად და ფსიქოემოციური თვალსაზრისით უნდა ეხმარებოდეს ბავშვს და სანამ გამოძიების უმძიმესი, სტრესული პროცესი მიმდინარეობს, უნდა იძლეოდეს გარანტიას, რომ ბავშვი, მინიმუმ, დაცული იქნება დამატებითი სტრესისგან ან განმეორებითი ძალადობისგან იმავე პირის ან სხვა პირების მხრიდან.
ამ თვალსაზრისით, სოციალური დაცვის სისტემა, უბრალოდ, კრიტიკას ვერ უძლებს. ცხადია, ამაზეც, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, ვგულისხმობ მთვარობას, ყველა სამინისტროს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტსაც, რომელმაც არც ერთხელ არსებითად არ გააუმჯობესა სოციალური დაცვის სისტემა არც ფინანსური თვალსაზრისით და, არც საკანონმდებლო თვალსაზრისით, თუნდაც, ბავშვის დაცვის გარანტიები. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: ლუკა სირაძე იქნება თუ 4 წლის ბავშვის მკვლელობა, ჯართის შემგროვებელი არასრულწლოვანის გარდაცვალება თუ სხვ.
დაგროვილმა სამწუხარო ფაქტებმა ემპირიულად ამხილა სისტემა და ეს არ არის ჩემი შეფასება. იმასაც თუ გადავხედავთ, რა მოხდა მხილების შემდეგ, რეალურად, ვერც აქ დავინახავთ ვერაფერს სასიკეთოს. ბოლო დროს მომხდარი შემთხვევების შემდეგ (4 წლის ბავშვის გარდაცვალება და ლუკა სირაძის თვითმკვლელობა), საზოგადოება შეთანხმდა, რომ რეფორმები აუცილებელია, გარდაუვალია როგორც საკანონმდებლო, ისე პროგრამული და საბიუჯეტო თვალსაზრისით. და რა მივიღეთ? არც კანონმდებლობა შეიცვალა, არც ბიუჯეტი გაიზარდა და სისტემის რეფორმის მაგივრად, პროცესს რეორგანიზაცია დაერქვა, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა სოციალური სამსახური. მივიღეთ ის, რომ რეალურად 33 ძალიან გამოცდილი და კვალიფიციური სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაუშვეს, რის გამოც, ადამიანებს პარალელურ რეჟიმში უწევთ უამრავ საქმეზე მუშაობა, რაც ყველანაირ სტანდარტს სცდება. ეს არის ის ძირითადი კონტურები, რაც ამ საქმეში ჩნდება.
პირველ რიგში, ჩვენი მთავარი გზავნილი იმ არასრუწლოვანების მიმართ, რომლებიც შესაძლოა მსგავს პრობლემებში არიან ან მომავალში აღმოჩნდებიან, არის ის, რომ — გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!!! ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, მათ უნდა ირწმუნონ და ეცადონ, როგორმე ხმა მიაწვდინონ მათთვის სანდო ადამიანებს, ვინც დაეხმარებათ, შეიძლება იყოს ეს პედაგოგი, მეგობარი, ნათესავი… აუცილებლად უნდა ილაპარაკონ პრობლემაზე და მეორე — არც ერთმა, არავითარ შემთხვევაში, თავში აზრად არ გაივლოს, რომ მისი ბრალია თუ დააზიანეს, არ იფიქროს, რომ მისი ბრალია, თუ ვინმემ მის მიმართ დანაშაული ჩაიდინა. ბავშვის ბრალი არასდროს არ არის, დამნაშავე ყოველთვის ზრდასრული ადამიანია; და მესამე — არსებობს სერვისები, ცხელი ხაზები, მათ შორის ჩვენი რესურსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ საჭიროების შემთვევაში. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავეხმაროთ ბავშვებს. ეს უნდა იცოდეს ყველა ბავშვმა და, რაც მთავარია, უნდა იცოდნენ მათმა მშობლებმა, გულშემატკივრებმა, ვისაც შეუძლია მხარი დაუჭიროს არასრულწლოვანს, თუნდაც ემოციურად — ნუ დავტოვებთ ბავშვებს მარტო ასეთი პრობლემების წინაშე!
♦♦♦
9 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი გოგონა, საკუთარ სახლთან ახლოს, ბაბუამ იპოვა. მისი მონათხრობით, გოგონამ თვითმკვლელობის წინა დღესაც სცადა, გაერკვია, როდის დააკავებდა პოლიცია 24 წლის მამაკაცს, რომელიც ძალადობაში 2 თვის წინ ამხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წაუყენა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში (ორი ეპიზოდი) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილის მიმართ შესაძლო ძალადობის სხვა ფაქტებზეც.
მოგვიანებით, შსს-მ გოგონას ბაბუაც დააკავა.
ლალი ჯელაძე