22 დეკემბერი, კვირა, 2024

სახელმძღვანელოების გრიფირების განახლებული კონცეფცია

spot_img
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას ერთ-ერთი უმთავრესი როლი ენიჭება. ამ მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გრიფირების პროცესს განახლებული კონცეფციით განახორციელებს. შედეგად, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკური პარამეტრებით გაუმჯობესებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ. წიგნები შესაბამისობაში იქნება „ახალი სკოლის მოდელთან“, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს ის ძირითადი სიახლეები გააცნო, რასაც გრიფირების ახალი კონცეფცია ითვალისწინებს: „სახელმძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, გაიზარდა მათი რეცენზირებისა და შინაარსობრივი დახვეწისთვის მოცემული დრო. შესაბამისად, გრიფირების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საბოლოო ვადად 2020 წლის 19 ივნისი განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის პროცესი დასრულებული იქნება, ყველა მისი ეტაპის გათვალისწინებით, მათ შორის რეკომენდაციების მიცემის, გასაჩივრებისა და ა.შ. სკოლების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევის ვადაც განისაზღვრა – 2020 წლის 22 ივნისიდან 5 ივლისი ჩათვლით. ეს ის პერიოდია, როდესაც სკოლები უკვე გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს მიიღებენ შესარჩევად და მოვუწოდებთ ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს, მათ შორის მშობლებს, რომ ძალიან გულდასმით განიხილონ სახელმძღვანელოები და გააკეთონ ის არჩევანი, რომელსაც ეფექტურად მიიჩნევენ საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის. შესაძლოა, ერთ საგანში ერთზე მეტი სახელმძღვანელო იყოს, როგორც ეს ყოველ წელს ხდება ხოლმე, შესაბამისად, სკოლამ და მასწავლებელმა, საკუთარი მოსწავლეებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, უნად შეარჩიონ სახელმძღვანელოები.“

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ყველას თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტენსიური კონსულტაციები ჰქონდა გამომცემლებთან და ავტორებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან და დარწმუნებულია, რომ მერვე კლასის სახელმძღვანელოები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იქნება.

გრიფირების მთავარ სიახლედ სწორედ მსგავს ინტენსიურ თანამშრომლობასა და კონსულტირებას ასახელებს, გრიფირების საწყისი ეტაპიდან, სამინისტროსა და დაინტერესებულ პირებს, გამომცემლებს შორის. გამომცემლებს დამატებით მიეცემათ შესაძლებლობა, გრიფირების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, წარმოადგინონ სახელმძღვანელოს სტრუქტურა და ერთი საჩვენებელი თავი და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად სწორი გზით მიდიან სახელმძღვანელოს შედგენისას, რა უნდა გაითვალისწინონ ან გამოასწორონ.

გასულ წლებთან შედარებით, მე-7 კლასის სახელმძღვანელოები, მეთოდიკური თვალსაზრისით, გაუმჯობესებულია – განახლებული საგნობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე, გაჩნდა საკვანძო/სააზროვნო შეკითხვები, კომპლექსური დავალებები. თუმცა, სახელმძღვანელოების ანალიზმა აჩვენა, რომ სუსტ წერტილად რჩება მასწავლებლის წიგნი, რომელიც, ძირითად შემთხვევაში, ზოგადი დებულებებისა და თეორიების ნაკრებია. ამიტომ, წელს დავამატეთ კონკრეტული ფორმები მასწავლებლის წიგნისთვის, რომლებშიც ნაჩვენებია მასწავლებლის წიგნის აგების სტრუქტურა საგნების მიხედვით: როგორ გაიშალოს და დამუშავდეს კონკრეტული თემა (ამ თემის შესაბამისი და არა ზოგადი ხასიათის) ინსტრუქციებით, საკვანძო შეკითხვებით, აქტივობებით, კომპლექსური დავალებებით, რესურსების დაკონკრეტებით და ა.შ.

სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირება ორ ეტაპად განხორციელდება: ძირითადი შეფასება და სახელმძღვანელოს დახვეწა-გაუმჯობესება; მეორე ეტაპზე გადასული სახელმძღვანელოების ავტორებსა და რეცენზენტებს შორის მოიხსნება ანონიმურობის საკითხი და დაიწყება ინტენსიური თანამშრომლობა სახელმძღვანელოების დასახვეწად. ტექნიკური რეცენზირება შეეხება მხოლოდ მათ, ვინც შინაარსობრივი რეცენზირების პირველ ეტაპს (ძირითად რეცენზირებას) გადალახავს.

გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა – ბარიერი 79%-დან 90%-მდე გაიზარდა. თუმცა, ავტორების მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები, ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

სახელმძღვანელოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მისაღწევად, შეიცვალა ხარისხისა და ფასის პროპორცია – 90/10-ზე ნაცვლად, ხარისხს ექნება 95% წილი, ხოლო ფასს – 5%. სახელმძღვანელოების ხარისხის ასამაღლებლად, ასევე, გაიზარდა სახელმძღვანელოს შექმნის, რეცენზირების, შინაარსობრივი დახვეწა-გაუმჯობესების ვადები.

2019 წელს გრიფირება შემდეგ სახელმძღვანელოებს შეეხება:

⇒ VIII კლასის ყველა სახელმძღვანელო (სულ 17 საგანი);

⇒ დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელო: დაწყებითი, VI-VI კლასები – ქართული, როგორც მეორე ენა და ფრანგული ენა; VII კლასი – ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული ენა, რუსული ენა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები