20 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლა მოსწავლისაა – ნუ დაელოდებით სამყარო როდის შეიცვლება, შეცვალეთ ის, რასაც თავად აკეთებთ

spot_img

განათლების სამინისტროში საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ინკლუზიური განათლების მიმართულებით მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა, ეკა დგებუაძემ ის გამოწვევები განიხილეს, რომლებიც სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ეფექტიან ინტეგრაციას უშლის ხელს. „თქვენი ვალდებულებაა, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს – ამას სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს,“ – ასე მიმართა ირინა აბულაძემ შეხვედრაზე მისულ დირექტორებს და მოუწოდა მათ, რომ ცვლილებები საკუთარი თავიდან დაიწყონ. „ნუ დაელოდებით სამყარო როდის შეიცვლება. ამ სამყაროში, გარდამავალ ეტაპზე, მთავარია,  მე რას ვაკეთებ, პირველ რიგში, იმისთვის, რომ რაღაც შედეგამდე მივიდე. სხვაგვარად არ გამოვა, კარგი მენეჯერის და კარგი ლიდერის მთავარი თვისება ეს არის – შევცვალო პერსპექტივა, შევცვალო კუთხე, შევცვალო ის, რასაც თავად ვაკეთებ. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედეთ, ვიდრე სხვის შეცვლაზე დაიწყებდეთ ფიქრს.“

სამმართველოს უფროსმა, ეკა დგებუაძემ დეტალურად წარმოადგინა 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, კერძოდ იმ ცვლილებაზე, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს პირველად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, პირველკლასელთა რეგისტრაციაში განხორციელდება – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, უპირატესობა სსსმ კატეგორიის ბავშვებს მიენიჭება. განხორციელებულ პროექტებს შორის დასახელდა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემის დანერგვა, პროექტი – InclusiveEdu და 500 საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი; პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით, ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი განხორციელდა და შეიქმნა ახალი ქართული ჟესტები. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში ინტეგრირებული იქნება ინკლუზიური განათლება.

2020 წელს, ამ მიმართულებით, სამინისტრო მუშაობას აქტიურად გააგრძელებს. დაგეგმილია ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა: სკოლებში ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის განვითარება, სენსორული დარღვევის მქონე (სმენა, მხედველობა) მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, FM და ინდუქციული სისტემის დანერგვა სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, ჟესტური ენის განვითარება, მცირემხედველი მოსწავლეების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა; მოსწავლეების, სტუდენტების ბრაილის და ხმოვანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, სსსმ მოსწავლეებისთვის დამატებითი მომსახურებების განვითარება და არსებულის გამრავალფეროვნება, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე მუშაობა, სპეციალური მასწავლებლების სერტიფიცირება, ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების სისტემის გამართვა-დანერგვა, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე სსსმ სტუდენტების განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის ზრდა, განათლების მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფა, განათლების სისტემაში სოციალური პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; მიმდინარეობს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ახალი დაფინანსების მოდელზე მუშაობა, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება.

ეკა დგებუაძემ ვრცლად ისაუბრა პირველკლასელთა რეგისტრაციის ძირითად მიზნებზეც. მისი თქმით, სსსმ მოსწავლეებისთვის სპეციალურად რეგისტრაციის შემოღებას სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა. „სამწუხაროდ, ბევრი არასასიამოვნო ინფორმაცია მოდიოდა მშობლებისგან – სკოლა იმ პერიოდისთვის მზად არ იყო სსსმ მოსწავლის მისაღებად, არ ჰქონდა შესასამისი რესურსი, არ ჰყავდა შესაბამისი სპეციალისტი, ასევე, პრობლემა იყო ცნობიერების განსაზღვრაც, ბავშვის უფლებები კი სწორედ აქ ირღვევა. არის შემთხვევები, როცა ბავშვი სკოლაში მიდის, მას არ ხვდება ინდივიდუალური ასისტენტი, სპეციალური მასწავლებელი. სწორედ ამ პრობლემების დროულ მოგვარებას ემსახურება სსსმ მოსწავლეებისთვის სპეციალური რეგისტრაციის გამოცხადება. რეგისტრაციის შედეგად, აპრილის ბოლოს უკვე გვეცოდინება, რომელ სკოლაში რამდენი სსსმ მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელს რა კონკრეტული საჭიროება აქვს. აქედან გამომდინარე, სკოლა დროულად განსაზღვრავს ამ საჭიროებებს და მომზადებული დახვდება. მასწავლებელსაც მეტი ინფორმაცია ექნება კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობებზე და შესაბამისად, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასაც დროულად მოამზადებს. რეგისტრაციის ძირითადი მიზანი ეს გახლავთ – ჩარიცხული ბავშვების რაოდენობის და საჭიროებების დადგენა, მათთვის შესაბამისი გარემოს მომზადება. მივიღეთ მოულოდნელი სტატისტიკა – 510 ბავშვი დარეგისტრირდა, აქედან 510-ვე შეფასდა, სასწავლო პროცესში კი 480 მოსწავლე ჩაერთო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგისტრაციის ბაზის დახურვის შემდეგ კიდევ 120 მომართვა შემოვიდა, ალბათ, მშობლებმა გვიან შეიტყვეს რეგისტრაციის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ბავშვებიც შევაფასეთ. სტატისტიკა იმის მიხედვითაც გავაკეთეთ, რა საჭიროებები აქვთ ბავშვებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა დარგის სპეციალისტები სჭირდება სკოლას – სპეცმასწავლებლები, ინდივიდუალური ასისტენტები თუ სხვა. სკოლებს დავუგზავნეთ რეკომენდაციები, სადაც, დასკვნის სახით, მინიშნებულია რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს, რაზე უნდა გააკეთონ აქცენტები ინდივიდუალური გეგმის შედგენისას და ა.შ. ბევრ რჩევას სთავაზობს მათ სარეკომენდაციო პაკეტი, მთავარია, გაითვალისწინონ, დინამიკაში დააკვირდნენ და სწორად განსაზღვრონ რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება თითოეულ სსსმ მოსწავლეს.“

რაც შეეხება სპეცმასწავლებელს, მათთვის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედება, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს დამტკიცდება. სამწუხაროდ, სპეცმასწავლებლები, დღემდე ისევ პროფესიული განვითარების მიღმა რჩებიან და ვერც მათი სახელფასო ზრდა მოხვდა 2019 წლის ბიუჯეტში. სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ, ვიდრე ისინი დამხმარე სპეციალისტებად მოიაზრებოდნენ, მათი ხელფასი 350 ლარი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილება შევიდა, სპეცმასწავლებლებმა, მასწავლებლის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან გათანაბრებული ანაზღაურება – 510 ლარი მიიღეს. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, ხელფასები გაეზარდათ საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს.

„ახლა მუშავდება სპეცმასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა, დასრულდა ახალი სტანდარტის რევიზიაც და მზად არის დასამტკიცებლად. შეფასებისა და გამოცდების ცენტრი მუშაობს მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე და, 2020 წლიდან, ამ მიმართულებით, გარკვეული სიახლეები გვექნება. იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა და სწავლების ხარისხი გაიზარდოს, სისტემა უნდა განვავითაროთ , ჩვენ გვჭირდება პროფესიონალების კომპეტენციების ამაღლება.“ – განაცხადა ეკა დგებუაძემ და ყურადღება გაამახვილა ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება: „დავიწყეთ სპეციალური მასწავლებლის სასერტიფიკატო პროგრამის მომზადება, რომელიც მოკლე გზა იქნება იმისთვის, რომ მასწავლებელმა, რომელსაც სურს გახდეს სპეცმასწავლებელი, სერტიფიცირების პროგრამის გავლა შეძლოს.“

ირინა აბულაძის განმარტებით სპეცმასწავლებლის სქემა განსხვავებული იქნება ჩვეულებრივი მასწავლებლის სქემისგან, რადგან „სპეცმასწავლებლის საქმიანობა საკმაოდ შრომატევადი და მულტიფუნქციურია, ძალიან ბევრი ელემენტის ერთიანობას გულისხმობს, მათ შორის, თანამშრომლობას სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან, შესაბამისად, სპეცმასწავლებლის სქემა განსხვავებული იქნება. ვვარაუდობთ, რომ გაზაფხულისთვის სქემა დამტკიცდება და, 2020-21 სასწავლო წლიდან, უკვე კონკრეტულად განისაზღვრება მათი საქმიანობა, მათ შორის სტატუსის ამაღლების თუ სერტიფიცირების წესები. რა სახის გამოცდა იქნება, ჯერჯერობით არ ვიცით, ესეც სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება. კონსულტაციები უნდა გავიაროთ როგორც მულტიდისციპლინურ ჯგუფებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან“. მისივე განმარტებით სპეცმასწავლებლის ხელფასის მატებაც სწორედ სქემას მიებმება.

შეხვედრის ყველაზე აქტუალური თემა გახდა – დირექტორები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რადგან ირინა აბულაძემ ხაზგასმით აღნიშნა: „მართალია, მასწავლებელი მთავარი გამწევი ძალაა, მაგრამ დირექტორების გარეშე არაფერი გამოვა. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მშობლების ჩართულობაზე და ვამბობთ, რომ მშობელი „პრობლემაა“ და ა.შ. თქვენ რომ იმას დაელოდოთ, როდის მოხდება მშობლების პედაგოგიზაცია, რომ ყველას ისეთი ადეკვატური რეაგირება ექნეს, როგორიც ჩვენ გვინდა, ძალიან დიდხანს მოგვიწევს ლოდინი და ბევრი ბავშვის შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო გვაქვს. თქვენ კარგად იცით, რომ ეს ძალიან რთული სეგმენტია, რომელთან მუშაობა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. თქვენ ვალდებულები ხართ, როგორც დირექტორები, იმ მოცემულობიდან გამოხვიდეთ, რაც რეალურად გაქვთ სკოლებში – როგორი მშობლები და მოსწავლეებიც გყავთ, რა რესურსებიც გაქვთ, თქვენი ქცევაც ამის მიხედვით უნდა შეცვალოთ.

 სისტემის მონიტორინგი უნდა გავაძლიეროთ. ამას მომავალი წლიდან ვგეგმავთ და ნუ შეხვდებით ცუდი განწყობით. ყველა ისეთ შემთხვევაზე, სადაც სსსმ მოსწავლის უფლება შეიზღუდება (ამის პირობას მე ვდებ), უმკაცრესი რეაგირება გვექნება. რაღაცნაირად ეს მიდგომა უნდა დავამთავროთ. ვისაც არა აქვს ამის უნარი, გვერდზე უნდა გაიწიოს. ხომ ხედავთ 6300 მასწავლებელი წავიდა პენსიაზე, 40 და 50-წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ე.ი. შესაძლებელია ადამიანმა იფიქროს, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად არ არის და გზა ახალს დაუთმოს… ნუ დარჩებით თქვენს ადგილებზე მხოლოდ კომფორტისთვის, დირექტორობა მსახურებაა მოსწავლის კეთილდღეობისთვის, სკოლა მოსწავლისაა.“

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მსოფლიო ბანკთან ერთად წამოწყებულ ახალ პროექტზე – „ინკლუზია, ინოვაცია და ხარისხი“, რომლის ფარგლებშიც დიდი აქცენტები სწორედ ინკლუზიაზე გაკეთდება.

„კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც გვინდა დავიწყოთ მუშაობა და იმედი გვაქვს, 2020 წლისთვის უკვე განსახილველად გამოვიტანთ, სკოლების შეფასების მოდელი იქნება. ზუსტად გვინდა ვიცოდეთ სად უჭირთ და რა ტიპის დახმარება სჭირდებათ სკოლებს.“

 შეხვედრაზე რესურსცენტრების როლის გაზრდასა და გაძლიერებაზეც ისაუბრეს. სკოლების მონიტორინგის ნაწილში, სწორედ რესურსცენტრების ჩართვა იგეგმება, მათ უნდა განახორციელონ სკოლების სტრუქტურირებული შეფასებები, იმავე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მიმართულებითაც. ირინა აბულაძემ თხოვნით მიმართა რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, რომ უახლოეს პერიოდში ჩაატარონ სამუშაო შეხვედრები და უშუალოდ სკოლებისგან მიიღონ ინფორმაცია, რისი განხორციელება უჭირთ და რა დახმარებას ითხოვენ: „ერთია, გქონდეს ოფიციალური სტანდარტები და რესურსები და მეორეა, რეალურად როგორ ინერგება სკოლაში. შეიძლება არის რაღაც, რასაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახორციელებთ, თუნდაც იმიტომ, რომ სპეციალისტი არ გყავთ, ან კონკრეტულ სპეციალისტს გადამზადება სჭირდება, ან გარკვეული ელემენტებია გამორჩენილი, რაც, საბოლოო ჯამში, ვერ კრავს პროცესებს. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები დირექტორებსა და რესუსცენტრებს შორის სასარგებლო იქნება, გამოიკვეთება ის საჭიროებები, სადაც ჩვენი ჩარევა/დახმარება გახდება აუცილებელი. დანერგეთ ამ ტიპის თანამშრომლობა თქვენს მუნიციპალიტეტებში და ნუ დაარქმევთ თათბირებს, უბრალოდ შეხვდით სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებს, იმსჯელეთ საკითხებზე და მოუსმინეთ მათ. პრობლემების იდენტიფიცირება ჩვენ ბევრად გაგვიადვილებს საქმეს. ამით თქვენი სატატუსიც და როლიც გაიზრდება.

ბევრი საინტერესო წამოწყება გვაქვს. ვიმეორებ, რომ ამ პროცესებში დირექტორის როლი ძალიან კომპლექსურია. გარდა იმისა, რომ კარგი მენეჯერები უნდა იყოთ, კარგად უნდა გესმოდეთ სასწავლო პროცესი, ფლობდეთ მოლაპარაკების უნარს, რადგან ხშირად ბევრი რამ სწორედ კომუნიკაციის პრობლემის გამო გაფუჭებულა.

 მოკლე პერიოდში, შეიძლება, ერთდროულად ვერ განვავითაროთ 59 ათასი მასწავლებელი, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრული მიდგომით 2000 დირექტორის განვითარებას შევძლებთ. არ ვართ იმდენი, რომ ვერ გავერთიანდეთ. ჩემი აზრით, სწორედ ამაში ღირს მეტი ინვესტიციისა და ენერგიის დახარჯვაც, რომ შემდეგ, ამ 2000-მა ადამიანმა საკუთარი სკოლის გაუმჯობესებაზე იზრუნოს. თქვენ გარეშე მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელებას ვერ მოვახერხებთ.“

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები