თბილისში, ორი დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, რომლის შესახებაც დეტალურად ისაუბრა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა.
⇒ რა საკითხებს შეეხო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია და ვინ მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე?
⇒ პირველ რიგში მივესალმები თქვენს მკითხველებს და მადლობას მოგახსენებთ, რომ დაინტერესდით და მოგვეცით საშუალება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე.
მიმდინარე წლის 23-24 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესთან მიერთების 20 წლისთავთან დაკავშირებით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე; მინისტრის მოადგილეები: ზვიად გაბისონია და თამარ მახარაშვილი; ცენტრის თანამშრომლები და ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრები; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები; სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორები; უნივერსიტეტების რექტორები; პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები; ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები; ავტორიზაციის, აკრედიტაციის და სააპელაციო საბჭოს წევრები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, კერძოდ – უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) პრეზიდენტი; უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტი და დირექტორი; სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი; ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი; ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) პრეზიდენტი; ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი; ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენელი და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ხელმძღვანელები.
კონფერენციას, ჯამში, დაესწრო 450 მონაწილე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი და განხილული იყო 30 მოხსენება, რომელიც ეხებოდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში არსებული პროგრესისა და გამოწვევების შეფასებას. კონფერენციის ფარგლებში გამოითქვა ბევრი საინტერესო ინიციატივა და რეკომენდაცია, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესებასა და დახვეწას.
⇒ როგორი იყო კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეფასებები და რა მნიშვნელოვანი საკითხები გამოიკვეთა კონფერენციაზე?
⇒ საერთაშორისო კონფერენციაზე ადგილობრივმა და საერთაშორისო მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს უმაღლესი, პროფესიული, სასკოლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრული ჰარმონიზაციისა და შესაბამისობის საკითხები უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015). მოხსენებები ასევე ეხებოდა უმაღლეს განათლებაში დისტანციური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესაძლებლობებს, მეცნიერების განვითარების ძირითად ტენდენციებს; სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თავსებადობას სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიერ დადგენილ მოთხოვნებთან; სასკოლო, პროფესიული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს; უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობასა და ეროვნულ დონეზე მიკროკრედიტების დანერგვის საკითხებს. მოხსენებები ხელმისაწვდომია ცენტრის ვებგვერდზე: https://eqe.ge/ka/page/parent/1120/konferencia-2025
შესაბამისად, ცენტრისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების ყველა საფეხურზე არსებითი ხასიათის რეფორმების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაზრდასა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეროვნულ და საერთაშორისო საჭიროებებზე ორიენტირებულობას. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით ასევე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და მათ გაუმჯობესებაზე, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე.
ასევე, კონფერენციის დასრულების შემდგომ, ცენტრმა უმასპინძლა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტს, ჰარმ პეტერს, რომელმაც ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
⇒ ასეთი მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობა ცენტრის კონფერენციაში, ნიშნავს თუ არა, რომ ქართული საგანმანათლებლო სისტემა საინტერესო და მიმზიდველია საერთაშორისო დონეზე?
⇒ საერთაშორისო კონფერენციაზე მსგავსი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრების დასწრება კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემისადმი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისადმი საერთაშორისო დონეზე მაღალი ნდობისა და რეპუტაციის არსებობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მზაობასა და მათ მხარდაჭერას.
საერთაშორისო ასოციაციებისა და ფედერაციის პრეზიდენტების საქართველოში ჩამოსვლა, მათთან მაღალ დონეზე გამართული სამუშაო შეხვედრები მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენი ქვეყანა აფიქსირებს სრულ მზაობას, გაითვალისწინოს ყველა ის ძირითადი რეკომენდაცია, რაც ცენტრის მისამართით გამოითქვა ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების მიერ.
⇒ როგორც ცნობილია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR) წევრობა შეუჩერა ხარისხის ცენტრს მაშინ, როდესაც 13 სტანდარტიდან, ცენტრმა სრულად დააკმაყოფილა 11 რატომ იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება და დაკავშირებულია თუ არა წევრობის შეჩერება ქართული დიპლომების აღიარებასთან უცხოეთში?
⇒ როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს გახდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) სრული წევრი. 2019 წელსვე ცენტრი დარეგისტრირდა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).
ENQA-ს და EQAR-ის წევრობის სტატუსის განახლების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში განხორციელდა 2023 წელს. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით, ცენტრი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) სრულად შესაბამისად შეფასდა 11 სტანდარტში, ნაწილობრივ შესაბამისად შეფასდა 2 სტანდარტში.
EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტმა, 2024 წლის 27 ნოემბერს, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. EQAR-ის მმართველმა საბჭომ არ გაიზიარა ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების შეფასება მხოლოდ 1 სტანდარტთან მიმართებით – ცენტრის დამოუკიდებლობა. შესაბამისად, EQAR-ის დასკვნით, ცენტრი დამოუკიდებლობის ნაწილში შეფასდა, როგორც სტანდარტთან შეუსაბამო.
როგორც კი მივიღეთ ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, სადაც ცენტრი დამოუკიდებლობის ნაწილში შეფასებული იყო როგორც ნაწილობრივ შესაბამისი მოთხოვნებთან, სამინისტროს უშუალო მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებდა და ზრდიდა ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხს. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, არსებითად შეიცვალა ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურა. კერძოდ, 2024 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად: ცენტრის დირექტორის დანიშვნა ხდება 5 წლის ვადით; ცენტრის დირექტორი, იმავდროულად ვერ დაიკავებს სხვა პოზიციას აღმასრულებელ ხელისუფლებაში; ცენტრის დირექტორის შერჩევისა და გათავისუფლების პროცესში აქტიურად არის ჩართული ცენტრის საკოორდინაციო საბჭო; ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების შერჩევის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს ცენტრის საკოორდინაციო საბჭო; 2 წლიდან 4 წლამდე გაიზარდა ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა.
ასევე, ENQA-ს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, გადაიხედა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმები და განისაზღვრა პირთა წრე, რომელიც არ შეიძლება იყოს ზემოხსენებული საბჭოების წევრობის კანდიდატი. კერძოდ, საბჭოს წევრი ვეღარ იქნება უნივერსიტეტის მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე (რექტორი, პრორექტორი, კანცლერი, დამფუძნებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) დასაქმებული პირი.
გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, ENQA-ს ექსპერტების მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ცენტრმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, შეიმუშავა ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში ცვლილებების პროექტი. აღნიშნული დოკუმენტი განხილულ იქნა როგორც ცენტრის საკოორდინაციო საბჭოსთან, ასევე კონფერენციის ფარგლებში – დაინტერესებულ მხარესთან. წარმოდგენილი ცვლილებებით, კიდევ უფრო მეტად იზრდება ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს როლი ცენტრის დირექტორის, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების შერჩევის პროცესში. ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს ცენტრის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები; ასევე, ENQA-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ცვლილებები შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებში, შემუშავდა ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების ეთიკის კოდექსი. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედება იგეგმება უახლოეს მომავალში.
კანონმდებლობაში უკვე განხორციელებულმა და დაგეგმილმა ცვლილებებმა საფუძველი მისცა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, 2025 წლის ზაფხულში, მიემართა ENQA-სა და EQAR-ისთვის ფოკუსირებული შეფასების მოთხოვნით. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი უკვე დაიწყო.
2025 წლის ნოემბერში ცენტრი, რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, ENQA-ში გააგზავნის თვითშეფასების ანგარიშს, რომლის შესწავლის შემდგომაც, ENQA-ს ექსპერტები თბილისში ჩამოვლენ 2026 წლის თებერვალში, ხოლო შემოდგომის პერიოდში ENQA-ს და EQAR-ის მმართველი საბჭოების მიერ განხილული იქნება საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის საფუძველზეც, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიიღებენ გადაწყვეტილებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე. თუკი გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგება 2024 წლიდან, კერძოდ იმ მომენტიდან, როდესაც შეუჩერდა რეგისტრაცია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ EQAR-ში რეგისტრაციის შეჩერება არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარებასთან. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომები, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, აღიარდებოდა 2019 წლამდეც, როცა ცენტრი საერთოდ არ იყო რეგისტრირებული ამ ორგანიზაციაში. შესაბამისად, საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ცენტრი ინარჩუნებს ENQA-ს სრული წევრის სტატუსს, ისევე როგორც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარებას.
⇒ რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომლის დაძლევაზეც მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი?
⇒ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ცენტრი მუშაობს, არის 2026-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი განვიხილეთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათგან მიღებული უკუკავშირების საფუძველზე პროექტმა მიიღო საბოლოო სახე და მიმდინარე წლის ბოლომდე დამტკიცდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ. ცენტრის სტრატეგიაში მთავარი აქცენტები კეთდება – ცოდნაზე, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიდგომებზე.
ასევე, მუდმივად ვზრუნავთ განათლების ყველა საფეხურზე განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწასა და განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით, ცენტრი არაერთ მხარდამჭერ ღონისძიებასახორციელებს, როგორიცაა მაგალითად: სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების მომზადება.
ამასთან, ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და კლასიფიკატორის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება უზრუნველყოფს საქართველოში არსებული კვალიფიკაციების თავსებადობის დადგენას ევროპულ კვალიფიკაციებთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე.
დიპლომების დადასტურებისა და აღიარების მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ, რომ არსებული რესურსები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი და ეფექტური გავხადოთ. კერძოდ, დაგეგმილი გვაქვს სერვისების გაციფრულება, რაც ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოო ჯამში, ყველა სერვისი ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ ყველა ზემოაღნიშნული მიმართულებით და უზრუნველყოფენ პროცესებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი





