24 ოქტომბერი, კვირა, 2021

რჩევები I-VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამსვლელებისთვის

spot_img

მოახლოვდა პედაგოგთა და პროფესიაში შემომსვლელთა საკვალიფიკაციო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ ეტაპზე, I-VI კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საკვალიფიკაციო (კომპეტენციის დასადასტურებელ) გამოცდაზე გამსვლელთათვის, მცირე რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ:

ტესტის სტრუქტურა – დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა ტესტში წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმატის დავალებები:

♦ დავალებები არჩევითი პასუხით;

♦ დავალებები ღია დაბოლოებით;

♦ შესაბამისობის დადგენის დავალებები;

♦ თხზულება.

პროფესიაში შემომსვლელთათვის მთლიანი ტესტის ბარიერად (60%) განისაზღვრა 32 ქულა და მეტი, ხოლო ანალიტიკური უნარების შიდა ბარიერად (40%) – 6 ქულა და მეტი.

გამოცდაზე გამსვლელებს მოუწევთ ორი ტიპის ტესტთან მუშაობა. ტესტებით შეფასდება საგნობრივი ცოდნა და აკადემიური უნარები.

მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებულია „ტესტების ბუღალტერიაზე“, რაც გულისხმობს ემოციურ შეკითხვას საკუთარ თავთან – „რამდენ ქულას დავაგროვებ“? პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ ეს მიდგომა გვაკარგვინებს კონცენტრირების ხარისხს. ემოციის გამო, შესაძლოა, სრულიად არაადეკვატური პასუხი აღვნიშნოთ/დავწეროთ, ამიტომ „გამოვრთოთ“ „ტესტების ბუღალტერია“. ქულების დაანგარიშება გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეროგატივაა და არა ჩვენი, ამის გარდა, არავინაა დაინტერესებული, რომ ხელოვნურად შეგიმციროთ ქულების რაოდენობა.

ყველაზე მარტივად ითვლება დავალებები არჩევითი პასუხით. არჩევითპასუხებიან დავალებებში, პირობასა და შეკითხვასთან ერთად, ოთხი სავარაუდო პასუხიცაა  მოცემული. ოთხიდან მხოლოდ ერთ პასუხს არჩევთ და სწორი არჩევანის შემთხვევაში, 1 ქულას დაიმსახურებთ.

დავალებები ღია დაბოლოებით პედაგოგისგან მოითხოვს დასმულ შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებას, საკუთარი მსჯელობის გამყარებას სათანადო არგუმენტებით. თითოეული ღიაბოლოიანი დავალება ფასდება სპეციალური სქემის მეშვეობით. შესაბამისად, დავალებები განსხვავდება მაქსიმალური ქულების მიხედვით. შესასრულებელი ნაბიჯების გათვალისწინებით, დავალება შეიძლება შეფასდეს 1, 2 ან მეტი ქულით. დავიმახსოვროთ, ასეთი ტიპის დავალების შეკითხვაში ხშირად კარგად ჩანს სწორი პასუხი/სწორი პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ კონცენტრირდით ტესტის შეკითხვასა და პირობაზე!

შესაბამისობის დავალებებში წარმოდგენილია მონაცემთა ორი სვეტი. ერთ სვეტში მოცემულია ე.წ. პირობა (მოვლენები, ფრაზები და ა.შ.), მეორეში კი – სავარაუდო პასუხები (ცნებები, ტერმინები და ა.შ.). დავალების შესასრულებლად საჭიროა, ერთ სვეტში მოცემული ინფორმაცია შევუსაბამოთ (მივუსადაგოთ) მეორე სვეტში მოცემულ ინფორმაციას. შესაბამისობის თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. თუ თქვენ კარგად დააკვირდებით „საინფორმაციო სვეტს“, მაშინ მისი შესაბამისობის აღმოჩენა საერთოდ არ გაგიჭირდებათ მეორე სვეტში.

ანალიტიკური წერის ნაწილში უნდა დავწეროთ თხზულება/ესე, რომელშიც გამოვხატავთ ჩვენსავე პოზიციას, მოსაზრებებს შეთავაზებული საკითხის შესახებ. კონკრეტული არგუმენტებით უნდა დავასაბუთოთ სათქმელი. თხზულება ხუთი კრიტერიუმით ფასდება. არგუმენტირებული ესეს შესახებ კიდევ ერთხელ გადახედეთ ინფორმაციას ბმულის მეშვეობით https://akhaliganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94/ .

რაც შეეხება წაკითხულის გააზრებას, აქ ერთი რჩევა გავითვალისწინოთ: ტესტის პირობის მიღმა ნუ ეცდებით „თავი მოიწონოთ“ სხვა (მსგავსი, მომიჯნავე) საკითხების ცოდნით. იყავით ორიენტირებული უცნობი ტექსტის ადეკვატურად გაგება-გააზრებაზე, ტექსტიდან ინფორმაციის მოპოვებაზე, ინტერპრეტირების, გაანალიზებისა და შეფასების უნარის წარმოჩინებაზე.

 დაიმახსოვრეთ: ინტერპრეტაცია არ გულისხმობს თავისუფალ ვარიაციას. ინტერპრეტაცია ხედვის კუთხის შეცვლაა. ანალიზი და შეფასება მაღალი სააზროვნო უნარებია და ეცადეთ, რომ თქვენი მოსაზრებები „მტრის პოზიციიდან“ განჭვრიტოთ, რათა შედეგი გქონდეთ მაღალი.

როლანდ ხოჯანაშვილი

ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით 

 

 

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები