23 ნოემბერი, შაბათი, 2024

როგორ ვიცავთ ბავშვებს საქართველოში

spot_img

 

ანა აბაშიძე

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ბავშვის უფლებათა ადვოკატი

🔸პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და, პირველ რიგში, ყველას ვეტყოდი და განსაკუთრებით ბავშვებს, რომ ადამიანის უფლებების განვითარებაში ბავშვებს უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი. არსებობს უამრავი ისტორიული გამოცდილება, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ და ამით სერიოზული გარანტიები შექმნეს ადამიანის უფლებების დასაცავად, ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ და ამაყობდნენ. მეორე მხრივ, ვეტყვი რომ, მთლიანობაში, ბედნიერებისკენ სწრაფვა თუ ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა ვერ მოხდება მათი მონაწილეობის გარეშე. ასე რომ, იყვნენ ძალიან აქტიურები, არ დაემორჩილონ გაჩუმების მცდელობებს, ისაუბრონ ხმამაღლა, მოიპოვონ მხარდამჭერები. სწორედ ამ გზით შეძლებენ თავიანთი და სხვა ბავშვების ცხოვრების რეალურად შეცვლას. ეს მათ ნამდვილად შეუძლიათ. რაც შეგვეხება ჩვენ – სრულწლოვან ადამიანებს – უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვები ჩვენი თანასწორები არიან და ვესაუბროთ ისე, როგორც ღირსეულ მოქალაქეებს. მთლიანობაში, ყველას მშვიდობას ვუსურვებ.

რას ნიშნავს იყო ბავშვი საქართველოში? იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ბავშვებს აქვთ, ამ კითხვის პასუხად ვიტყოდი, რომ ეს არის გარკვეული ტვირთი. რა თქმა უნდა, ეს ნონსენსია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა. საქართველოში არ აღიარებენ ბავშვს ბავშვად, ანუ არ აღიარებენ განვითარების ეტაპებს და არასრულწლოვნებს უყურებენ და ექცევიან, როგორც ზრდასრულ ადამიანებს. ეს გამოიხატება მათ მიმართ პასუხისმგებლობების განსაზღვრაში, ბავშვების მიმართ ზომაგადასულ კრიტიკაში. უარესი შემთხვევებიც არის, როდესაც კონკრეტულ პრობლემას ვაწყდებით ხოლმე, პრაქტიკულად, ყველა სრულწლოვანი ადამიანი ბავშვის წინააღმდეგ გამოდის. აი, მაგალითად, როდესაც პრობლემაა სკოლაში, იმის მაგივრად, რომ აღიარონ, ეს არის ბავშვი, რომელსაც შეიძლება მისცენ შეცდომების დაშვების უფლებაც, დაიცვან, დააკორექტირონ მისი ქცევა, მისცენ მზრუნველობითი რეკომენდაციები და ეს ყველაფერი ხდებოდეს ძალიან თბილ და მზრუნველობით გარემოში, პირიქით, ხდება აბსოლუტურად საპირისპიროდ. ბავშვი აღქმულია როგორც თანასწორი ოპონენტი და შესაბამისად, საკმაოდ მკაცრია ხოლმე ზრდასრული ადამიანი მასთან მიმართებაში, რაც, მთლიანობაში, ძალიან ართულებს ბავშვად ყოფნას. ამას გარდა, უფლებების არ აღიარებით, ბავშვი რეალურად განივთებულ მდგომარეობაშია. ამ თვალსაზრისით, ქალები და ბავშვები მსგავს ვითარებაში ცხოვრობენ ჩვენს საზოგადოებაში. ბავშვს აღიარებენ როგორც, მხოლოდ და მხოლოდ, დავალებების შემსრულებელს, გარკვეულ წინასწარ განსაზღვრულ პროექტს, რომელსაც არანაირი გადახვევის, იმპროვიზაციის უფლება არ აქვს. ასეთ ვითარებაში გამორიცხულია მას ჰქონდეს რაიმე უფლებები, რომლის მოთხოვნის საშუალებაც ექნებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ ასეთ საზოგადოებაში ძნელია იყო ბავშვი, როდესაც ბევრი რამ არ გესმის, ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ გაიძულებენ, გესმოდეს. შესაბამისად, წნეხი მაღალია და ბავშვები ამას განიცდიან.

როგორ იცავს ჩვენი სახელმწიფო ბავშვებს? ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც „ბავშვის უფლებათა“ კონვენციას შევუერთდით, ფორმალურად ვაღიარეთ, რომ ბავშვებს აქვთ უფლებები. სამწუხაროდ, წლების შემდეგაც, ეს აღიარება არსებითად ფორმალურად რჩება. რას ვგულისხმობ –  სახელმწიფომ, რომელმაც კონვენციას მოაწერა ხელი და რატიფიცირება გაუკეთა, ვერ გაიაზრა, რომ ეს კონვენცია პარადიგმის ცვლილებას ნიშნავს ბავშვებთან მიმართებაში. პარადიგმა კი გულისხმობს, რომ ბავშვი გავხადოთ უფლებების სუბიექტი – მფლობელი, მეპატრონე ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, სრულწლოვანი ადამიანი და შევცვალოთ მიდგომა, რომელიც ბავშვს აღიარებს, მხოლოდ და მხოლოდ, როგორც ზრუნვის ობიექტს. ბავშვები მხოლოდ კარგად გამოკვებილები რომ უნდა იყვნენ, ტანისამოსი ჰქონდეთ და სწავლობდნენ (სწავლა აღიარებულია როგორც ვალდებულება), რა თქმა უნდა, არასწორი დამოკიდებულებაა და საზოგადოებაშიც ტოტალურად ამის განცდაა, ხელისუფლებაც ამის კარგი ანარეკლია. მეტ-ნაკლებად, ყველა ამგვარი პარადიგმით ვცხოვრობთ ბავშვებთან მიმართებაში და, შესაბამისად, სახელმწიფო, როგორც პასუხისმგებლობის მატარებელი პირი, ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც საზოგადოება ამბობს. თუმცა, ხალხისგან განსხვავებით, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, ძალიან ბევრი იშრომოს იმისთვის, რომ მიაღწიოს იმ ღირებულებებსა და მიზნებს, რომელსაც კონვენცია სთავაზობს ბავშვებს და რომელზე ხელმოწერითაც აიღო სამართლებრივი ვალდებულებები.

რეალურად რას აკეთებს სახელმწიფო, ეს მეორე საკითხია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ მინიმალურს, რაც გამოიხატება, პირობითად, 4-5 წელიწადში ერთხელ, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების უმნიშვნელო გაუმჯობესებაში. ეს კი ბავშვების მდგომარეობას უკეთესობისკენ არსებითად ვერ ცვლის, თან სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის ფონზე. გარდა ამისა, ბავშვი, როგორც უფლების სუბიექტი, კონცეპტუალურად თავისუფალი მოქალაქეა, რომლის ნებაში უკანონოდ არ უნდა ჩაერიო, არ უნდა შეზღუდო იმაზე მეტად, ვიდრე ეს კანონითაა დასაშვები. თუმცა, თავისუფლების უფლებებს ბავშვებთან მიმართებაში ჩვენ საერთოდ არ ვაღიარებთ –  ბავშვს არ აქვს გამოხატვის თავისუფლება. უამრავი ფაქტი ვნახეთ, როდესაც ბავშვი, აზრის გამოხატვის გამო, გარკვეული ზეწოლის მსხვერპლი გამხდარა; ბავშვებს აქვთ პრობლემა იძულებით შრომასთან მიმართებაში ან მათი ნება უმკაცრესად დათრგუნულია. ამ იძულებით შრომას ჩვენ უფრო მძიმე სახელსაც ვარქმევთ – ბავშვთა ტრეფიკინგი. თუმცა, სახელმწიფო ერიდება სწორი სახელის დარქმევას. თქვენ ხედავთ ბავშვებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ქუჩაში, ისინი ორგანიზებული დანაშაულის და მანიპულაციის მსხვერპლი არიან. სამწუხაროდ, ამაზე სათანადოდ არავინ რეაგირებს. ვინმეს რომ მიეწოდებინა ინფორმაცია შსს სამინისტროსთვის, რომ სრულწლოვან ადამიანს ვიღაც იძულებით აშრომებს, ვიცით რა რეაგირებაც მოჰყვებოდა, მაგრამ რატომ არ არის იგივე რეაგირება არასრულწლოვნებთან მიმართებით? იმიტომ, რომ ბავშვი არ არის აღქმული უფლების სუბიექტად, თანასწორ მოქლაქედ.

ბავშვებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა შევეხოთ პრობლემას, რომელიც ძალადობას უკავშირდება. არ მერიდება იმის თქმა, რომ ძალადობრივი კულტურა გვაქვს ოჯახების, სოციუმის დონეზე, მათ შორის, კულტურულ, საგანმანათლებლო წრეებში და ა.შ. ამაზე რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა, უნდა შეცვალოს მავნე ტრადიციები, მავნე დამოკიდებულება. თუმცა, აქაც მხოლოდ მინიმალურს აკეთებს – თუ კონკრეტული ადამიანი პოლიციას კონკრეტულ დანაშაულს შეატყობინებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს რაღაც ტიპის რეაგირება. არადა, ეს საკმარისი არ არის, როდესაც საქმე ეხება კულტურული ნორმების ცვლილებას. ამას მთელი პოლიტიკური გუნდის ძალიან დიდი ძალისხმევა, რესურსი, კამპანიური ჩართულობა სჭირდება, რასაც ვერ ვხედავთ.

უამრავი პრობლემაა, მაგრამ ძალადობის ნაწილში გამოვყოფდი სექსუალურ ძალადობას, რომელიც ბოლო წლებში ვაღიარეთ, რომ არსებობს, თუმცა, სულ არსებობდა, მაგრამ ვჩქმალავდით. სამწუხაროდ, მზარდია სექსუალური ძალადობის დანაშაულები და, ჯერჯერობით, არანაირი პრევენციული ღონისძიებები არ ტარდება.  რას ვგულისხმობ პრევენციაში – სულ მცირე, ბავშვებს, მათი ოჯახის წევრებს მივცეთ ინფორმაცია: როგორ მოქმედებს მოძალადე; რა არის სექსუალური ძალადობა; როგორ უნდა აღმოაჩინოს ბავშვმა, ვის მიმართოს; როგორ უნდა იყოს დაცული მისი პირადი სივრცე და ა.შ. ნორმალურ ქვეყნებში ბავშვებს ამას ასწავლიან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვაღიარეთ, რომ ბავშვები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არიან და მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მზარდია, არსად ვასწავლით, განათლების არც ერთ საფეხურზე – არც ბაღში, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტსა და არც პროფესიულ სასწავლებლებში. ეს თემა არსად არ არის აქტუალური. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთლიანობაში, ეს ყველაფერი იქიდან მომდინარეობს, რომ ბავშვებს თანასწორ მოქალაქეებად არ ვაღიარებთ და ჩვენი გაგებით, არც არიან ღირსი ისეთი დაცულობის, როგორც სრულწლოვანი ადამიანები.

საზოგადოების და უფროსების დამოკიდებულებასაზოგადოების და უფროსების დამოკიდებულება ერთგვაროვანია. პირველი – არ ვერიდებით ბავშვის უკიდეგანო კრიტიკას და როდესაც უჭირს, ვამბობთ, რომ ეს ოჯახების პრობლემაა და არა ჩვენი. ქუჩაში დავინახავთ ბავშვზე ძალადობას, არ ვრეკავთ პოლიციაში, არ გამოვესარჩლებით არასრულწლოვანს და ამას იმით ვამართლებთ, რომ ბავშვი თურმე მშობლების საკუთრებაა და მშობელს აქვს ერთადერთი უფლება, შეცვალოს მისი ქცევა, თუნდაც ძალადობრივი გზით. ზოგადად, როდესაც ვინმე დასვამს შეკითხვას ბავშვის შესახებ, მზად ვართ, რომ წყვილ-წყვილად ვაკრიტიკოთ ბავშვთა უფლებები, შევიდეთ ღრმა პოლემიკაში და მორალური განსჯა დავიწყოთ ბავშვების, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ თავიანთ უფლებებზე. ეს საზოგადოების სერიოზული სენია, როდესაც ღირებულება არ არის ჩამოყალიბებული – როგორ ვიცავთ ბავშვებს. სწორედ ამ გაორებული ღირებულებების გამო, საერთოდაც ვერ ვიცავთ. ვინ იცავს მაშინ ბავშვებს? არ მომერიდება, ვთქვა: გამონაკლის შემთხვევებში, იცავენ მშობლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლება ან ინფორმაცია, არიან ემპათიურები, თვითკრიტიკულები და შეუძლიათ პრობლემების გააზრება. საკმაოდ ცოტანი არიან ასეთი ადამიანები, რადგან ძალადობის ფაქტები სწორედ ოჯახის წევრების მხრიდან ფიქსირდება.

მეორე მხრივ, ბავშვებს იცავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ბავშვის უფლებების პოპულარიზაციის მიმართულებით მუშაობენ და აქვთ ბერკეტები დანაშაულის თუ უფლების დარღვევის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად. ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საკმაოდ არაპოპულარულები არიან. ერთი მხრივ, მათ გარკვეული არასწორი ღირებულებების დაცვას აბრალებენ, თითქოს ბავშვის უფლება – დავიცვათ სექსუალური დანაშაულისგან ან ბავშვის უფლება – უბრალოდ მოვუსმინოთ, ამორალურია და გვაკრიტიკებენ. მეორე მხრივ, როდესაც რაღაც პრობლემაა, კრიტიკა ისევ სამოქალაქო სექტორისკენ მიდის – თქვენ სად იყავით, რატომ არ დაიცავით ბავშვები. უნდა დავსხდეთ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენი ღირებულებები, ვაღიაროთ, რომ ბავშვი იმიტომ არის ბავშვი, რომ მას აქვს მეტი თავისუფლება, ვიდრე სრულწლოვან ადამიანს, აქვს მეტი შეცდომის დაშვების უფლება, ვიდრე სრულწლოვანს და არ უნდა მოვექცეთ მას, როგორც დასჯის ობიექტს. გვახსოვდეს, მასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ვალდებულებები: ავუხსნათ, ვასწავლოთ, დავიცვათ, მივცეთ სივრცე განვითარებისთვის. თუ საზოგადოება ამას ვერ ახერხებს, მაშინ ბიძგი ხელისუფლებამ უნდა მისცეს, სხვადასხვა გზით, მათ შორის, ბავშვებისთვის გარკვეული საკანონმდებლო გარანტიების შექმნით. არ დავიღლები იმაზე საუბრით, რომ სახელმწიფო ყოველდღე უნდა ზრუნავდეს, კამპანიურ რეჟიმში, ბავშვთა უფლებებზე. სამწუხაროდ, არც ერთ ამ ასპექტში, რეალურად, ნორმალური მდგომარეობა არ გვაქვს. ამიტომაც ვინარჩუნებთ იმ პრობლემურ ვითარებას, რომელშიც ვართ, თორემ, ეს ისეთი სფერო არ არის, რომლის სწრაფი განვითარებაც შეუძლებელი იყოს.

რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის როლი და რა სურათი გვაქვს რეალურად? ნორმალურ შემთხვევაში სკოლა, ოჯახის შემდეგ, ის ადგილია, სადაც ბავშვი ყველაზე დიდ დროს ატარებს, შეიძლება უფრო მეტ დროსაც კი. რეალურად, პედაგოგები და სკოლის გარემო ბავშვისთვის იგივეა, რაც ოჯახი. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლაში ბავშვი თავს ძალიან დაცულად უნდა გრძნობდეს, არ უნდა ეშინოდეს, მათ შორის, არც აზრის გამოხატვის, არც შეცდომების დაშვების და ყველა იქ მყოფი სრულწლოვანი ადამიანი უნდა ეგულებოდეს, როგორც მისი მხარდამჭერი და მეგობარი. ამ მიდგომის მიღწევას ვცდილობთ, თუმცა რეალობა, სამწუხაროდ, განსხვავებულია. ჩვენი პრაქტიკიდან გეტყვით, ყველა საქმე, რომელიც სკოლის სივრცეში მომხდარ გაუგებრობას თუ ცოტა უფრო მეტს ეხებოდა, იმას ადასტურებს, რომ პირიქით ხდება – ბავშვი სკოლას, ძირითადად, აღიქვამს, როგორც საფრთხის შემცველ გარემოს და არ ენდობა იმ ადამიანებს, რომლებიც მის ირგვლივ არიან; მაგალითად, არ მიიჩნევს პედაგოგს, სკოლის დირექტორს  ან ნებისმიერ თანამშრომელს როგორც მხარდამჭერს და არ ანდობს პრობლემას, რომელიც, შეიძლება, თუნდაც ოჯახში ჰქონდეს. რატომ არ შვება ამას? იმიტომ, რომ ჩვენი ქცევით ნდობას ვერ ვიმსახურებთ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვმა ითხოვა დახმარება და პირიქით, დახმარების მაგივრად, გაუკრიტიკებიათ, უნდობლობა გამოუხატავთ – არ უჯერებენ, ეუბნებიან, რომ აპრიორი იტყუება. ესეც პრობლემაა, როცა მიგვაჩნია, რომ ბავშვი ყოველთვის იტყუება,  სანამ რაიმე გზით არ დავამტკიცებთ, რომ ის სიმართლეს ამბობს. არადა, სულ პირიქით უნდა იყოს – უნდა მივიჩნიოთ, რომ ბავშვი ყოველთვის სიმართლეს ამბობს, სანამ კარგად არ შევისწავლით და არ აღმოვაჩენთ, რომ რაღაც განსხვავებულად ხდება, ვიდრე მას წარმოუდგენია. ჩვენ ბავშვების მეორე სახელი შერჩეული გვაქვს „მატყუარები“, რაც ყველაზე დიდი უნდობლობის წყაროა და ამას ისინი, როგორც გონიერი ადამიანები, ძალიან კარგად ხედავენ. შესაბამისად, სკოლის როლი ისეთი უნდა იყოს, რომ ბავშვი ყველაზე დაცულად გრძნობდეს თავს და ყველა ტიპის გასაჭირს, მათ შორის, ოჯახიდან მომდინარე, სკოლას და პედაგოგებს უნდა უზიარებდეს. ეს პროფესიონალების გამოწვევაა, თვითონ უნდა მოიპოვონ ნდობა. თუმცა, როცა ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ და ვეუბნებით, იშრომეთ, რომ ბავშვს თქვენ მიმართ ნდობა გაუჩინოთ, ისევ ბავშვებისკენ იშვერენ ხელს, თითქოს, ისინი უზრდელები არიან და ა.შ., მიდის თაობების ლანძღვა. ამ დროს ბავშვები დახმარების მიღების, მხარდაჭერის გარეშე რჩებიან. კონკრეტული ქეისები რომ არ გავიხსენოთ, სკოლის სივრცეში მყოფი ბავშვის მიმართ უფლების დარღვევის დადასტურებული ფაქტების უამრავი შემთხვევაა.

ყველაზე ხშირად რომელი უფლება ირღვევა? თვითონ ბავშვთა უფლებების კონვენციის აგებულება და მთელი იდეა ის არის, რომ პრიორიტეტული უფლებები არ არსებობს. მთავარი პრინციპი ის არის, რომ თუ ბავშვის მიმართ ყველა უფლება არ არის დაცული, ჩვენ ვერ ვამბობთ, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა.

არიან თუ არა ბავშვები ჩვენს ქვეყანაში ბედნიერები? ბედნიერება, ერთი მხრივ, სუბიექტურია, მაგრამ მეორე მხრივ, უფლებების კონტექსტში, შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ბედნიერია ადამიანი, როდესაც გამოხატვის შესაძლებლობა აქვს, უსმენენ, პროცესებშია ჩართული და, რა თქმა უნდა, საბაზისო სოციალური და ჯანდაცვის საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვს. მაგრამ ბავშვები, რომლებიც უბრალოდ, სათანადო მკურნალობის არარსებობის გამო, შეიძლება დაზიანდნენ, ბედნიერები ვერ იქნებიან. ამ კონტექსტში, ბედნიერები არიან, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუმცა, ბევრი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვმა თავი ღირსეულ მოქალაქედ იგრძნოს. ამისთვის აუცილებელია მოვუსმინოთ მათ, ჩავრთოთ პროცესებში, ვაგრძნობინოთ, რომ ღირსების მატარებელი თანაბარუფლებიანი მოქალაქეები არიან, რომლებსაც, პერიოდულად, ვაძლევთ რჩევებს და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ვამზადებთ. ეს სჭირდებათ ბავშვებს ბედნიერებისთვის და არა მხოლოდ ლამაზი კედლები ან ლამაზი ტანსაცმელი.

როგორ გვიყვარს ბავშვები?  – ბავშვის უფლებაა უყვარდეს, ასევე, ჩვენი, სრულწლოვანი ადამიანების უფლებაა გვიყვარდეს, მაგრამ მთავარია, რა შინაარსს ვდებთ ამ სიტყვაში. ამ სიტყვაში, პირველ რიგში, ჩადებულია პატივისცემა, ოღონდ, ნამდვილი პატივისცემა და არა ილუზორული. კრიტიკული აზრის მოსმენა უნდა შეგვეძლოს, ასევე, ბავშვის ჩართვა პროცესებში, ის არ უნდა იყოს განყენებულად მყოფი სუბიექტი, რომლის შესახებაც სხვები იღებენ გადაწყვეტილებებს და მას უბრალოდ აცნობენ. ბავშვს უნდა მივცეთ თავისუფალი სივრცე, იცხოვროს და იკვლიოს საკუთარი თავი. რაც მთავარია, შევუქმნათ უსაფრთხო გარემო. ამაში გამოიხატება სიყვარულიც და უფლებების დაცვაც. თუ ამ რომელიმე ნაწილში ჩვენ ყოჩაღები ვართ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვები გვიყვარს. თუმცა, ვეჭვობ, რომ სიყვარულის ნაკლებობა გვაქვს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები