როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო დიდ ქალაქებში — თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი; ბათუმსა და ქობულეთში ისედაც გადადებული იყო. 15 სექტემბერს სწავლა განაახლეს დანარჩენი მუნიციპალიტეტების სკოლებმა. როგორი მომზადებული შეხვდა სახელმწიფო სასწავლო პროცესის განახლებას? რა გააკეთა ან ვერ გააკეთა სისტემამ ზაფხულის განმავლობაში, რაც, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანი დრო იყო იმისთვის, რომ ეფექტურად გამოეყენებინა და, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საჭიროების შემთხვევაში, უფრო ხარისხიანი სასწავლო პროცესი შეეთავაზებინა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. ჩვენი რესპონდენტი, გიორგი ჭაუჭიძე, სრულიად განსხვავებულ ხედვას გვთავაზობს და ამბობს: თუკი რამე უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, არის ის, რომ „თვითონ გადაიწიოს უკან.“ ის მხარს არ უჭერს მოთხოვნას: „მეტი რამე გააკეთოს“, პირიქით, მისი მოთხოვნაა, „როგორმე უკან დაიხიოს სახელმწიფომ ყველა სფეროდან და, მათ შორის, განათლების სფეროდანაც.“ „თავისუფლების გამღვივებელი მასწავლებლისთვის“ ნომერ პირველ გამოწვევად ისევ განათლების სისტემის თავისუფლება რჩება, სადაც მთავარი სიტყვა მთავარ დამკვეთს – მშობელს ეკუთვნის. მთავარი კითხვა კი, ჯერ კიდევ დასასმელია – რამდენად სასარგებლოა და, საერთოდ, საჭიროა თუ არა ბეტონით აშენებულ შენობაში ბავშვის ორ საათამდე ყოფნა, რომ აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ იმ „თავსმოხვეული იდეისგან, რომლითაც ვქმნით დაწესებულებებს და ვაწვალებთ ბავშვებს ცხრიდან ორ საათამდე“. მისი აზრით, უკვე დროა, იმაზეც ვიფიქროთ, რამდენი აკადემიური საგნის შესწავლის შესაძლებლობა და სურვილი აქვს ადამიანს?
გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის გამარჯვებული.
– გიორგი, სწავლის გადადებასთან ერთად, გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ, არდადეგების პერიოდში, დრო დაკარგა და, რეალურად, კარგად ვერ მოემზადა იმისთვის, რომ სწავლა, საჭიროების შემთხვევაში, ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაერთოს. რას ფიქრობთ, რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს და რა ვერ გააკეთა?
– სად არის სახელმწიფო, რა უნდა გააკეთოს ან რა უნდა გაეკეთებინა და ა.შ. – ყველაზე გავრცელებული შეკითხვებია არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ, ზოგადად, საზოგადოებაში. ვფიქრობ, საკითხის ასე დაყენება არის ის შეცდომა, რაზეც შემდეგ სხვა შეცდომებია დაშენებული. ავიღოთ კონკრეტულად განათლების მიმართულება — თუკი რამე უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ის, რომ თვითონ გადაიწიოს უკან. მას მოვთხოვოთ, მეტი რამე გააკეთოს ან რატომ არ აკეთებს — მე ამ მოთხოვნას მხარს არ ვუჭერ. პირიქით, ჩემი მოთხოვნაა, როგორმე უკან დაიხიოს სახელმწიფომ ყველა სფეროდან და, მათ შორის, განათლების სფეროდანაც. არადა, სამწუხაროდ, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. როგორც აღვნიშნე, პირიქით, ისეთ რამეებს ითხოვს, რასაც მე მხარს არ დავუჭერ. თავისთავად, ასეთი მიდგომისთვის საჭიროა, რომ პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა აიღოს, მათ შორის, განსაკუთრებით, მშობელმა, რადგან სწორედ მშობლები არიან მთავარი დამკვეთები განათლების სფეროში. აქედან გამომდინარე, თითოეული მათგანი უნდა ითხოვდეს, რომ თვითონ გადააწყვეტინონ შვილების განათლების საკითხები ისე, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. თუკი შემდეგ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ბავშვი შეიძლება წერა-კითხვის უცოდინარი დატოვოს ვინმემ (ამის შიში არსებობს საზოგადოებაში), ამ შემთხვევაში, შეიძლება ჩაერიონ გარკვეული ინსტიტუციები, რომ საბაზო განათლება ყველა ბავშვისთვის მართლაც ხელმისაწვდომი იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ მე ვერ შევუერთდები მოთხოვნებსა და მოწოდებებს – სად არის სახელმწიფო და რას აკეთებს ის.
შესაბამისად, თუ ასე შევხედავთ საკითხს, რაზეც უკვე ზემოთ ვისაუბრე, მერე გამოჩნდება კონკრეტული გზები, რა უნდა გავაკეთოთ თითოეულ ბავშვთან მიმართებაში, კონკრეტულ სიტუაციაში. იცით, დღეს როგორ ფიქრობს ყველა? ყველას უნდა, ბავშვი ორ საათამდე მიიყვანოს სკოლაში, მაგრამ არ სვამს მთავარ კითხვას – რამდენად ნაყოფიერი და სასარგებლოა დილიდან ორ საათამდე ბავშვის ამ დაწესებულებაში ყოფნა. არადა, წელს ისეთი სიტუაცია დადგა, როცა, ფაქტობრივად, მისი სკოლაში წასვლა უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც არ ვსვამთ ამ შეკითხვას – რამდენად სასარგებლოა და, საერთოდ, საჭიროა თუ არა ბეტონით აშენებულ შენობაში ბავშვის ორ საათამდე ყოფნა… მოკლედ, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ.
ერთსაც დავამატებ – როცა საჭიროებებზე ვსაუბრობთ, თავს მოხვეული გვაქვს ისეთი განათლების სისტემა (ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მარტო ჩვენთან არ არის, გავრცელებულია სხვაგანაც), რომელიც გულისხმობს იმის დაშვებას, რომ ყველა ბავშვს შეუძლია ისწავლოს თერთმეტი აკადემიური საგანი. აი, ეს მოცემულობა გვაქვს თავსმოხვეული და ამ თავსმოხვეული იდეით ვქმნით დაწესებულებებს და ვაწვალებთ ბავშვებს ცხრიდან ორ საათამდე. ჩემი აზრით, უკვე დროა, ეს შეკითხვაც დავსვათ – რამდენი აკადემიური საგნის შესწავლის შესაძლებლობა და სურვილი აქვს ადამიანს? ამაზე პასუხი შემდეგ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს, კონკრეტულად კი, რა ვაკეთებინოთ ბავშვებს ცხრიდან ორ საათამდე ან ათიდან პირველამდე? საჭიროა თუ არა, საერთოდ, ცხრიდან ორ საათამდე მათი დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.
– გიორგი, დავუბრუნდეთ იმ მოცემულობას, რაც ახლა გვაქვს – სწავლა, გარკვეულ სკოლებში (ჩავთვალოთ, საქართველოს სკოლების ნახევარში) 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ამ შემთხვევაში, სად გადის პასუხისმგებლობის ხაზი სკოლის, მასწავლებლისა და სამინისტროს მხრიდან? ამ რგოლებმა ხომ უნდა შექმნან იმის პირობები, რომ ბავშვებს ხარისხიანი განათლება მივცეთ?
– მე სწორედ ამას ვამბობ, სახელმწიფომ უკან უნდა დაიხიოს. უფრო გასაგებად რომ ავხსნა, მაშინ დავსვათ ასეთი შეკითხვა: საქართველოში ბავშვი თორმეტი წელიწადი დადის სკოლაში. მათგან ნახევარზე მეტი (ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ, რადგან არ მაქვს ეს მონაცემები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ნახევარზე გაცილებით მეტია, მოსწავლეთა 52% კი არა, დაახლოებით, 70-80%), სასწავლო პროცესის ბოლო ორი წლის განმავლობაში, იძულებული ხდება, დამატებით იმეცადინოს ე.წ. რეპეტიტორებთან, რათა ჩააბარონ უმაღლესი სასწავლებლების მეტად ადვილი გამოცდები. თუ ციფრებში არა, ამაში მაინც დამეთანხმებით, რადგან, ვფიქრობ, ახლა საყოველთაო ჭეშმარიტებას ვამბობ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ვინ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ბავშვი, დამატებით, რეპეტიტორებთან მოემზადოს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს? რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას იღებს მშობელი (ამაზე სხვა პასუხი არ არსებობს!). შესაბამისად, ასევე, მშობლებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ორ წელიწადზე, არამედ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. სინამდვილეში, ის სერვისი, რომელსაც, ვითომდა უფასოდ, სთავაზობს სახელმწიფო, საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა დააყენონ არა მხოლოდ მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასებში, არამედ ყველა ეტაპზე. რადგან მშობელი ამას არ აკეთებს, სახელმწიფოც ასე უდგება – თავის თავზე იღებს ამ ვალდებულებას და არა თუ უბრალოდ იღებს, უფრო მეტადაც ცდილობს, პასუხისმგებლობა სრულად თავის თავზე გადაიტანოს, ნაცვლად იმისა, რომ უკან დაიხიოს. ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა.
– საინტერესოა, თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება, როგორ არის ეს პასუხისმგებლობები გადანაწილებული? თქვენც ხომ ამ სისტემის ნაწილი ხართ – ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი, როგორ ახერხებთ იმ სოციუმში, სადაც ამჟამად ასწავლით, თქვენი მოსწავლეების მშობლებს მისცეთ თავისუფლება, რომ ისინი იყვნენ დამკვეთი და თვითონვე წარმართონ „კონტროლი“ მიმდინარე პროცესებზე?
– ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეც ამ სისტემის ნაწილი ვარ და აქედან გამომდინარე, რამდენად გამომდის ეს ყველაფერი, სხვა საკითხია.
– და მაინც, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიდგომა მიღწევადი გახადოთ?
– ამის შესახებ ყველგან ვლაპარაკობ და, ამ წუთში, თქვენთანაც ამაზე ვსაუბრობ (იმედია, გაავრცელებთ ჩემს მოსაზრებას). ყოველ შემთხვევაში, რა პოზიციაზეც ვარ და რაშიც მიხდის სახელმწიფო ხელფასს, ვცდილობ, ეს საქმე კეთილსინდისიერად ვაკეთო. ამის გარდა, ვცდილობ სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ის, რასაც მე ვაკეთებ.
– გიორგი ჭაუჭიძემ, მასწავლებელმა (რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელია, ამას თქვენი სტატუსიც ადასტურებს და თქვენი საქმიანობაც), იქნებ გაგვიზიაროთ, კონკრეტული მაგალითის სახით, რა გააკეთა ზაფხულის განმავლობაში, იმისთვის, თუკი სისტემას სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მოუწევდა, უფრო ხარისხიანი სწავლება რომ შეეთავაზებინა მოსწავლეებისთვის და სასწავლო პროცესი იმაზე უკეთესი გაეხადა, ვიდრე გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში იყო?
– ალბათ, გინახავთ კიდეც, რომ მე ელექტრონულ რესურსებს ვაკეთებ – საკითხავ რესურსებს, რომელსაც, ცხადია, ჩემს მოსწავლეებთანაც ვიყენებ და, ასევე, ვაზიარებ კოლეგებისთვის. ამის გარდა, ამ ზაფხულში, გრიფი მიიღო ქართული ენის სახელმძღვანელომ, რომელზეც მე და ჩემი მეგობრები ვმუშაობდით და კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ქართული ენის სახელმძღვანელო არაქართულენოვანი სკოლებისთვის. ბუნებრივია, ვმუშაობ საკუთარ თავზე, რადგან ასე დაწყობილი მასალა, მთელი წლის განმავლობაში რომ გამოვიყენო, არა მაქვს. ბუნებრივია, სწავლების პროცესი მუდმივად რაღაცის დამატებას და კეთებას მოითხოვს.
– ვინ უნდა იზრუნოს მასწავლებლის პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე, მაგალითად, როგორ უნდა გამოსწორდეს დისტანციური სწავლების პროცესში არსებული ხარვეზები?
– არ მიყვარს სახელმწიფოსკენ ხელის გაშვერა, რადგან პირიქით, იმის მითითება მინდა სახელმწიფოსთვის, რომ თავი დაანებოს ბევრ რამეს, ამიტომაც არ ვთხოვ მეტის კეთებას. მასწავლებელი კი, რასაკვირველია, პროფესიულად უნდა გაიზარდოს და თვითონ განვითარდეს. შევეცდები ავხსნა – მე რომ ვმუშაობ და ამაში ვიღაც ხელფასს მიხდის, რა თქმა უნდა, გარდაუვალია, რომ, პარალელურად, განვითარებაზე უნდა ვიზრუნო. თუ მე არ განვვითარდები, ჩემს ნაცვლად, დამქირავებელი სხვას დაიქირავებს, აბა, მითხარით, არ უნდა განვვითარდე? პირველ რიგში, რასაკვირველია, ამას საკუთარი ძალებით უნდა ვეცადო და არ დაველოდო, როდის მასწავლის რამეს ჩემი დამქირავებელი და პროფესიულად განმავითარებს. კი, ბატონო, კარგი იქნება ასე, შეიძლება ხელფასიც ჩამომაჭრას ამაში, მაგრამ ხომ არ უნდა ვიჯდე გულ-ხელდაკრეფილი და ველოდო, იქნებ ვინმემ რამე მასწავლოს? საუბარია ჩემს საქმეზე, იმაზე, რასაც მე ვაკეთებ. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად, ჩემს პროფესიულ ზრდაზე, პირველ რიგში, მე უნდა ვიზრუნო. მოვძებენო ვინ მასწავლის და ფული გადავუხადო იმაში, რომ მასწავლოს. საბედნიეროდ, ჩვენს სისტემაში, ძალიან კარგი და კეთილი პროფესიონალი ადამიანები არიან, რომლებიც, ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე, უამრავ რესურსს აზიარებენ, რითაც ადამიანს შეუძლია, თუ დროს გამოძებნის და სურვილი ექნება, საკმაოდ ბევრი რამ ისწავლოს, პროფესიული განვითარება მოახერხოს. მაგრამ, თუ ეს საკმარისი არ იქნება, რასაკვირველია, მან დამატებით უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე და ამაში ფულიც გადაიხადოს.
– გიორგი, შეიძლება ასეთი ფორმირება მივცე თქვენს აზრს — სისტემას (ამ შემთხვევაში — განათლების სისტემას) უკეთესობისკენ ცვლით ინდივიდები/მასწავლებლები და არა პირიქით — სისტემამ არ უნდა შეგცვალოთ?
– ამ ფორმირებას ვერ დავეთანხმები, რადგან ჩემი სურვილია, სისტემა კი არ შევცვალოთ, არამედ ნელ-ნელა გავაქროთ სისტემა, რომელიც გვაქვს, კი არ უნდა გადავაკეთოთ, არამედ უკან დავწიოთ მასწავლებლებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო მენეჯერებმა და ა.შ. – ამ ადამიანებმა უნდა შევქმნათ ერთგვარი მიკროსისტემები.
– გასაგებია, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, პროფესიულად იზრდებოდეს, მაგრამ ამ პროცესში სკოლის როლი გარდაუვალია. თქვენ როგორ ხედავთ ადმინისტრაციის როლს ამ პროცესებში?
– როდესაც მასწავლებლის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, რასაკვირველია, სკოლაში განვითარება ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი რამაა. სკოლაში განვითარებაში რას ვგულისხმობ, იცით? კოლეგებთან ერთად განვითარებას, ერთად დაჯდომას და მუშაობას გარკვეულ საკითხებზე, რაც პროფესიული ზრდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მიმართულებაა. მასწავლებლები ერთად გაცილებით უკეთ და სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ინდივიდუალურად და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. ამიტომ, თავისთავად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესში სრულად არის ჩართული სკოლა, თავისი ადმინისტრაციით.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ განათლების სამინისტროს როლმა უკან უნდა დაიწიოს, მაშინ რა იქნება მისი ფუნქცია?
– უპირობოდ, უნდა დაიწიოს. მისი ფუნქცია? თავისი უფლებები, მოვალეობები, ფუქნციები და ფინანსები მან როგორმე უშუალოდ დამკვეთებზე/მომხმარებლებზე უნდა გადაიტანოს. მაგალითს მოვიტან – სამინისტრო უამრავ თანხას ხარჯავს მასწავლებლების განვითარებაზე (ამის შესახებ ყველას სმენია), ანუ ამბობს, რომ თქვენ, მასწავლებლებმა და სკოლებმა არ იცით როგორ განვითარდეთ და ჩვენ დაგეხმარებითო. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, მაგალითად, სამინისტრომ გარკვეული თანხები (თუ მაინცდამაინც ფულის გადახდა უნდა) განვითარებისთვის მისცეს ადამიანებს, თვითონ მოიხმარონ და დაგეგმონ როგორ გაიზარდონ პროფესიულად. თავისთავად, ეს უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა და მხოლოდ მასწავლებლების განვითარებას არ უნდა ეხებოდეს, სამინისტრომ, ამავე მიდგომებით, სხვადასხვა მიმართულებით უნდა იმუშაოს.
– გიორგი, საინტერესოა, როგორ ხედავთ პრობლემის მოგვარებას, თუ მასწავლებელს და მოსწავლეს არ აქვს რესურსი, ჩაერთოს დისტანციურ სწავლებაში? სამწუხაროდ, გვქონდა შემთხვევები, როცა არც მასწავლებელს და არც მოსწავლეს არ ჰქონდა სათანადო დივაისები და ინტერნეტი, რომ დისტანციურ სწავლებაში ჩართულიყვნენ. ამ შემთხვევაში, ვინ უნდა იზრუნოს მათზე?
– მე ვმუშაობ მასწავლებლად და არ მაქვს კომპიუტერი, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იზრუნოს ჩემს კომპიუტერზე? თავისთავად, უნდა ვიზრუნო მე თავად. მაშინ ეს შეკითხვა, საერთოდ, რატომ უნდა დაისვას?
– არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია და ჩვენ ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი გვყავს.
– რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, თავიდანვე ხომ ვთქვი, თუკი ვინმე ვერ მოახერხებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამის უზრუნველყოფას და იმის საშიშროება გაჩნდება, რომ სკოლა ბავშვს საბაზისო განათლების, საბაზისო უნარების გარეშე ტოვებს, მაშინ, რასაკვირველია, ასეთ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ. საზოგადოება ამიტომ ვცხოვრობთ ერთად და ამიტომ გვაქვს შექმნილი სტრუქტურები და ინსტიტუციები.
– ერთი ფრაზით რომ შეაფასოთ – სწორი გადაწყვეტილებაა, ნაწილობრივ, სწავლის 1 ოქტომბრამდე გადადება?
– მე არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება, საერთოდ, რის საფუძველზე მიიღეს. მაგალითად, რატომ გადაიდო სწავლა ერთ ქალაქში და არ გადაიდო მეორეში. არ მესმის ეს ლოგიკა. ან რატომ გადაიდო პირველ ოქტომბრამდე და არა, მაგალითად, 15 ოქტომბრამდე. სიმართლე გითხრათ, ვერც ამას ვხვდები. გაუგებარია. შესაბამისად, არც ზუსტი პასუხი მაქვს. ისიც გაურკვეველია, როდემდე ვაპირებთ სწავლის გადადებას ან მერე როგორ ვაპირებთ გაგრძელებას და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, რაღაც საკითხები ეჭვებს ბადებს, სრულ გაურკვევლობაში ვართ. ამიტომ, გამიჭირდება იმის თქმა, ვეთანხები თუ არა სწავლის პირველ ოქტომბრამდე გადადებას. თქვენ რომ მკითხოთ, 30 სექტემბრამდე ან 2 ოქტომბრამდე გადადებას რატომ არ ვეთანხმები? მაშინ ამაზეც ხომ უნდა მქონდეს პასუხი. თავისთავად აბსურდულია. ამიტომ, ეს აუცილებლად ჰკითხეთ გადაწყვეტილების მიმღებებს – რატომ გადაიდო 1 ოქტომბრამდე და არა 5 ოქტომბრამდე? რატომ რუსთავში და არა ჭიათურაში? ამ კითხვებზე პასუხს მეც სიამოვნებით მოვისმენ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე