2021 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდის შედეგები, რომელიც სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, 20 სექტემბერს გახდა ცნობილი, არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, რომლებმაც, სტატუსის ასამაღლებლად, „ბოლო შანსის“ გამოყენება ვერ შეძლეს. გამოცდაზე დარეგისტრირებული 4700-ზე მეტი პრაქტიკოსიდან, მხოლოდ 1100-მა შეძლო მინიმალური ქულის – 1, 4, 7, 10 კრედიტის – მოპოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ 3700-მდე პრაქტიკოს მასწავლებელს სკოლიდან წასვლა მოუწევს. თუმცა, პრემიერ-მინისტრის 29 ივლისის ბრძანებით, მათ სკოლაში დარჩენის დრო გაუხანგრძლივდათ და სტატუსის ამაღლების დამატებითი შესაძლებლობაც მიეცათ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც, 2020 წლის 31 იანვრისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლიდნენ და, 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით, დარეგისტრირებულები იყვნენ მასწავლებლის გამოცდაზე და არ ჰქონდათ გავლილი 5-კრედიტიანი ტრენინგი, უფლება მიეცათ, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე, აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი.
მასწავლებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, შევეცადეთ გაგვერკვია რა მოხდება მეორე სემესტრიდან და როგორ განხორციელდება უსტატუსო მასწავლებლების სისტემიდან გასვლა და მათი სტატუსიანი მასწავლებლებით ჩანაცვლება? რა გამონაკლისების დაშვება შეუძლია სკოლას, თუკი გამოცხადებულ ვაკანსიას კვალიფიციური კადრით ვერ შეავსებს? — ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე, რომელიც სპეცმასწავლებლის და სტატუსიანი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას უკავშირდება, საუბრობს მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ბარაბაძე. ინტერვიუში, გარკვეულწილად, ზაფხულის გამოცდების შეფასებაც ვცადეთ.
– ქალბატონო ხათუნა, რამდენმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შეძლო, წელს, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება და სტატუსის ამაღლება?
– ძალიან ცოტამ. დახლოებით, 4700-ზე მეტი ქართულენოვანი სექტორის „პრაქტიკოსი“ მასწავლებელი იყო ზაფხულის გამოცდაზე დარეგისტრირებული, აქედან, მხოლოდ 1100-მა მასწავლებელმა შეძლო დაწესებული მინიმალური ბარიერის გადალახვა. თუმცა, როგორც იცით, ეს მასწავლებლები, დროებით, ისევ რჩებიან სკოლებში და ამ გადაწყვეტილებასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა — რადგან ნაეკმა გვიან, სექტემბრის ბოლოსკენ, მოგვაწოდა საბოლოო შედეგები, სწავლა კი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, ამიტომ, კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, დირექტორები და სკოლები, სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ვეღარ შეძლებდნენ მათ ადგილზე ვაკანსიების გამოცხადებას. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ ცვლილების, რომელმაც უფლება მისცა პრაქტიკოსებს, სემესტრის ბოლომდე, ანუ დეკემბრის ბოლომდე დარჩნენ სისტემაში. ერთი თვით ადრე კი, ვიდრე ისინი სკოლიდან გავლენ (და თუ კათედრის შიგნით საათების გადანაწილების შემდეგაც დარჩება ვაკანტური საათი), სკოლა ვალდებულია, გამოაცხადოს ვაკანსია და ვაკანტური ადგილი კვალიფიციური კადრით შეავსოს.
– აქვს თუ არა სკოლას უფლება, დაუშვას გამონაკლისი და უსტატუსო მასწავლებელს ხელშეკრულება გაუგრძელოს?
– მოდი, ასე დავსვათ კითხვა, მაშინ საერთოდ რატომ განხორციელდა ეს ცვლილება? თუ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უფროსი მასწავლებლის სტატუსისთვის განკუთვნილი საჭირო კრედიტები ვერ დააგროვა და საგნობრივი კომპეტენცია ერთ კრედიტზეც ვერ დაადასტურა, უნდა ექნეს თუ არა სკოლას მასთან ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი, იმ რეალობაში, როცა სასწავლო პროცესი ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლეზე. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე, ძალიან ვწუხვარ და განვიცდი თითოეული იმ პედაგოგის ბედს, რომელსაც მოუწევს სკოლის დატოვება, ვთვლი, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესები აუცილებლად უპირატესია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფომ არაერთი შესაძლებლობა მისცა მათ, კომპეტენცია დაედასტურებინათ და სწავლა-სწავლების ხარისხი გაეუმჯობესებინათ. შესაბამისად, სკოლამაც სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესზე უნდა იფიქროს, ხარისხიან განათლებაზე ორიენტირდეს. სკოლების გადაწყვეტილებაში ჩვენ ვერ ჩავერევით, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ აუცილებლად მოუწევთ, არსებული კანონმდებლობის მიხედვით იმოქმედონ – ჯერ კონკურსის გამოცხადების გზით სცადონ ვაკანსიის შევსება და, რაც მთავარია, უპირატესობა, აუცილებლად, სტატუსიან მასწავლებელს უნდა მიანიჭონ. თუ სტატუსიან მასწავლებელს არ აიყვანენ, მაშინ ძალიან არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
– თუ სწორად გავიგე, სკოლამ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე, რაიმე მიზეზით, შეიძლება კვალიფიციური კადრი არ აიყვანოს და ხელშეკრულება ისევ პრაქტიკოსს გაუგრძელოს?
– კანონმდებლობიდან რომ ამოვიდეთ, დღევანდელი მდგომარეობით, უსტატუსო მასწავლებლებს კანონი ცნობს, ასე რომ, თუ სკოლა, ვაკანსიის შესავსებად, ვერ შეარჩევს სტატუსიან მასწავლებელს, ანუ ვერ ჩაანაცვლებს პრაქტიკოსს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ისევ იგივე მასწავლებელი აიყვანოს სტატუსის გარეშე, დროებით, ვაკანსიის შევსებამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, კვალიფიციური კადრი შეირჩეს, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრია სკოლაში დასაქმების მსურველი, რომელსაც გამოცდაც ჩაბარებული აქვს, ზოგ მათგანს გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამაც და მზად არიან სისტემაში შემოსასვლელად.
– ვინ არის უპირატესი ვაკანსიის გამოცხადების დროს – სტატუსიანი მასწავლებელი თუ მაძიებელი, ან მაძიებელი თუ პრაქტიკოსი?
– იგივე დამოკიდებულება ვრცელდება მაძიებელთან მიმართებითაც – ერთმნიშვნელოვნად უპირატესია სტატუსიანი/კვალიფიციური მასწავლებელი, თუმცა, შერჩევისას გასაუბრება სწორედ იმიტომ ინიშნება, რომ სკოლამ კვალიფიციური კადრიც ისე შეარჩიოს, რომ მორგებული იყოს სკოლის საჭიროებებზე. აქედან გამომდინარე, მსურველს გამოცდა უნდა ჰქონდეს ჩაბარებული, მაგრამ ეს აპრიორი არ არის. შესაძლოა, კომისიამ, არგუმენტირებულად, გადაწყვეტილება ვაკანსიაზე მოსული მასწავლებლის სასარგებლოდ არ მიიღოს და აიყვანოს, მაგალითად, მაძიებელი.
ვერც იმას ვიტყვი, რომ მაძიებელი უპირატესია, პრაქტიკოსთან შედარებით, ამასაც სკოლა წყვეტს, რადგან დამოუკიდებელი ერთეულია და თავად უნდა გადაწყვიტოს რომელი კადრის აყვანა იქნება უმჯობესი მისი მოსწავლეებისთვის, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
– როგორია მოლოდინი, იანვრიდან, როცა სკოლებს ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილზე ვაკანსიების გამოცხადება მოუწევთ, შექმნის თუ არა ეს პროცესი მასწავლებლების დეფიციტს?
– არ შექმნის, რადგან ძალიან ბევრი სტატუსიანი კადრია სკოლის გარეთ, რომელსაც აქვს მზაობა და სურვილი, დასაქმდეს. თუ ასეთი კადრი არ გამოჩნდა, როგორც გითხარით, სკოლას შეუძლია, ვაკანტური ადგილის შევსებამდე, ისევ გაუგრძელოს ყოფილ პრაქტიკოს მასწავლებელს დროებითი ხელშეკრულება. არის შემთხვევები, როცა გარკვეულ ტერიტორიულ ორგანოებში, ვაკანსიის გამოცხადებისთანავე, არ მიდიან კადრები, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება გამოჩნდნენ მსურველები. ამიტომ სკოლა ვაკანსიას, პერიოდულად, სულ უნდა აცხადებდეს, სემესტრში ერთხელ მაინც, რომ კვალიფიციური კადრი აიყვანოს. რაც მთავარია, ამით სკოლა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაინტერესებული.
– საინტერესოა როგორია მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების სტატისტიკა საგნების მიხედვით – რომელ საგანშია ყველაზე მეტი ჩაჭრილი მასწავლებელი, ანუ რომელ საგანში ვერ მიიღეს თუნდაც 1 კრედიტი და პირიქით, რომელი საგნის მასწავლებლები ლიდერობენ?
– ყველაზე მეტი მასწავლებელი დაწყებითის, სპორტისა და ხელოვნების მიმართულებით ჩაიჭრა, ანუ ეს ყველაზე დეფიციტური საგნებია, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის უცხო ენაში, ქართულში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ამ საგნებს გაცილებით უკეთესი პოზიცია უჭირავთ. შუალედური შედეგებია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
რაც შეეხება დაწყებითებს, დაბალი შედეგები კომბინირებული გამოცდისთვის რომ არ დაგვებრალებინა, პარალელურად, მასწავლებლებს შეეძლოთ ცალკე ჩაებარებინათ I-VI კლასების ქართული და I-VI – მათემატიკა. ამის მიუხედავად, დაწყებითის მიმართულებით, სერიოზული პრობლემა გვაქვს და მდგომარეობა მართლაც არასახარბიელოა.
– წელს პირველად ჩატარდა სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. საინტერესოა როგორი შედეგები აჩვენეს გამოცდის პირველ წელს და როგორი იქნება სპეცმასწავლებელთა შემდგომი კარიერული წინსვლა?
– სპეცმასწავლებელთან გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. წელს გამოცდაზე 1900 მასწავლებელი გავიდა და თითქმის 50%-მა პირველივე მცდელობაზე ჩააბარა. დაახლოებით, 931-მდე მასწავლებელმა შეძლო უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვება. საუბარია დასაქმებულ მასწავლებლებზე, მხოლოდ 12 იყო გარეშე პირი, დანარჩენი 919 პრაქტიკოსი სპეცმასწავლებელია.
მათთვის გამოცდები ისევ გაგრძელდება, მათი პროფესიული განვითარება კი, სქემაში არსებული ჩანაწერით, სკოლის ბაზაზე მოიაზრება. პირველი პრეცედენტი იყო 2020 წელს, როცა სპეციალური მასწავლებლისთვისაც შეიქმნა სქემა, განისაზღვრა მათი ფუნქციები და კომპეტენციები. ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ წინსვლა განხორციელდეს. უფროსი სპეციალური მასწავლებლისთვის, წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად, ორი გზაა – დოქტორანტის ხარისხი ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილი გამოცდის ჩაბარება.
– ზოგადად, როგორი სურათია, რამდენმა მასწავლებელმა შეძლო წელს სტატუსის ამაღლება საფეხურების მიხედვით?
– ფაქტობრივად, წამყვანის და მენტორის სტატუსი მინიმალური რაოდენობის მასწავლებელმა მოიპოვა, წამყვანი – 12-15 მასწავლებელია, ახალი მენტორი წელს არ გვყავს. რაც შეეხება უფროსის სტატუსს, საერთო ჯამში, 1600-ს მიენიჭა. ამ რიცხვში შედიან მაძიებლებიც, პრაქტიკოსებიც და უსტატუსო მასწავლებლებიც, რომლებმაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარეს.
– როდის შეძლებენ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები სტატუსის გაუმჯობესებას და რა გზით?
– ეს მასწავლებლის ინდივიდუალურ სურვილზეა დამოკიდებული. არსებული სქემის მიხედვით (2020 წლის 26 ივნისს განხორციელდა ცვლილება 241-ე დადგენილებაში), თუკი მასწავლებელი თვლის, რომ წამყვანის სტატუსს იმსახურებს და მზადაა ამისთვის (თვითშეფასებაც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია), ის ჩააბარებს სტატუსისთვის განკუთვნილ გამოცდას პროფესიული უნარების მიმართულებით – უფროსი წამყვანისთვის განსაზღვრულ გამოცდას, ხოლო წამყვანი – მენტორის გამოცდას. გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოგვმართავს მასწავლებელთა სახლს სტატუსის ასამაღლებლად. ამის შემდეგ იწყება უკვე მასწავლებლის პრაქტიკული შეფასება – ჯერ შევისწავლით მის პორტფოლიოს, ელექტრონულ საქაღალდეს, განვლილი საქმიანობის მტკიცებულებებს, რაც ადასტურებს რა აქვს გაკეთებული და რომ ეს საქმიანობა ეფუძნება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ ფუნქციებსა და ვალდებულებებს და მიმართულია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. პორტფოლიოს შესწავლის შემდეგ, ექსპერტები, წინა სქემისგან განსხვავებით, უშუალოდ სკოლაში შეისწავლიან კიდევ ერთხელ მის საქმიანობას. ადრე ეს არ ხდებოდა, ძირითადად სკოლა აფასებდა მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. დღეს მოქმედი სქემის მიხედვით, სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარება და ხარისხზე ზრუნვა, მიბმულია სასწავლო პროცესზე და მხოლოდ სკოლის გადასაწყვეტია რა მექანიზმებით წარმართავს პროცესებს. სწორედ სკოლამ უნდა ადევნოს თვალი, როგორ ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გაკვეთილზე. მას ამ მხრივ აქვს სრული თავისუფლება. რაც შეეხება წინსვლას – წინსვლა, როგორც აღვნიშნეთ, გარე შეფასებით ხორციელდება. თუკი სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება და მასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის ციკლი აბსოლუტურად დეცენტრალიზებულია და სკოლის შიგნითაა გადასაწყვეტი, კარიერული წინსვლისთვის, მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, გარე მექანიზმები ერთვება და მისი სტატუსის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მხრიდან ხდება.
– გამოცდა არის გზა სტატუსის ასამაღლებლად, თუმცა, ჯერჯერობით, წამყვანის და მენტორის გამოცდა არ ჩატარებულა, როდის შეძლებენ მსურველი მასწავლებლები ამ გამოცდის ჩაბარებას?
– დიახ, ჯერ ეს გამოცდები არ ყოფილა. ჩვენ ამას ვერ გადავწყვეტთ, ნაეკმა უნდა მოამზადოს გამოცდები, პილოტიც გაიაროს და შემდეგ ჩატარდეს მასშტაბურად. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ გამოცდას, ყოველ შემთხვევაში, ასეთი გეგმა გვქონდა, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად.
– დაბოლოს, თქვენ აღნიშნეთ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი დეცენტრალიზებულია და სკოლის გადასაწყვეტია, როგორ წარმართავს საკუთარი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას…
– ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება ისევე ევალება წამყვან და მენტორ მასწავლებელს, როგორც უფროსს. მასწავლებლის სტანდარტში პირდაპირ წერია, რომ სტანდარტის პირველი ნაწილი: სასწავლო პროცესის წარმართვა და პროფესიული განვითარება და ეთიკა, ყველა სტატუსის მასწავლებლისთვის ერთნაირად სავალდებულოა. წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ამის გარდა, განსხვავებული ფუნქციები და ვალდებულებები აქვთ, რომელთა შესრულება ხელშეკრულებითაც ევალებათ. შესაბამისად, სკოლას უნდა ჰქონდეს ანგარიშვალდებულების გამართული სისტემა და უზრუნველყოს ფუნქციების შესრულების კონტროლი. სკოლა, ასევე ვალდებულია შექმნას თავისი, დამოუკიდებელი ხარისხის მართვის სისტემა. მან ყველაზე უკეთ იცის დასაქმებული მასწავლებლების კვალიფიკაცია და მოსწავლეთა საჭიროებები. უნდა წარმართოს დემოკრატიული პროცესები და იზრუნოს თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებაზე, ურთიერთდახმარებაზე, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაზე, კრიტიკული მეგობრის ფუნქციის შესრულებაზე და ა.შ. გარედან წარმოუდგენელია გააკონტროლო რა ხდება 2080 სკოლაში. ამიტომ, სკოლამ შიდა მექანიზმებით უნდა იზრუნოს მასწავლებელთა განვითარებაზე მხარდაჭერისა და განმავითარებელი შეფასების მიწოდების გზით.
თუ წინა სქემის მიხედვით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის განსაზღვრული იყო კონკრეტული რუბრიკები, პირდაპირ გაწერილი ვალდებულებები და ფუნქციები, დამატებითი და სავალდებულო აქტივობები, ახლა, ამ ნაწილში, სკოლა აბსოლუტურად დეცენტრალიზებულია და თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ინსტრუმენტებს აირჩევს, როგორ მოხდება ხარისხის კონტროლი. ეს უნდა მოხდეს მონიტორინგისა და მხარდაჭერის გზით. როგორც აღვნიშნეთ, სკოლას მხოლოდ განმავითარებელი შეფასების ფუნქცია აკისრია, ამიტომ დირექტორმა, როგორც საგანმანათლებლო ლიდერმა, თავად უნდა იზრუნოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, ოღონდ, ეს აუცილებლად თითოეული მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული და აუმჯობესებდეს მოსწავლეთა შედეგებს. მხოლოდ ტრენინგზე დასწრება არაფერს ნიშნავს, თუ ეს კონკრეტული ტრენინგი მასწავლებლის საჭიროებიდან არ გამომდინარეობს. თვითონ მასწავლებელი კი, უნდა იყოს რეფლექსიური, მუდმივად აკონტროლებდეს საკლასო ოთახში საკუთარ საჭიროებებს, წარმოქმნილ პრობლემებს, რომლის მოგვარებაში დირექტორი, კათედრა და სკოლის ლიდერი მასწავლებლები (წამყვანები და მენტორები) უნდა ეხმარებოდნენ. ასეთი ურთიერთდახმარებით უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობითი კულტურა და გაძლიერდეს მასწავლებელიც და სკოლაც. დირექტორის მხრიდან მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა არაფრის მომცემია, ბოლომდე უნდა მიჰყვეს, სადამდე მივიდა ამ რეკომენდაციების შესრულება, რა ინტერვენციებია საჭირო და დადგა თუ არა უკეთესი შედეგი. დირექტორი, მასწავლებელთან ერთად, თითოეული მოსწავლის უკეთესი შედეგის მიღწევაზე უნდა ზრუნავდეს და შესაბამისად, მასწავლებლის საჭიროების განსაზღვრაც მოსწავლეთა შედეგების შესაბამისად უნდა მოხდეს. ეს აბსოლუტურად ახალი მიდგომაა ამ მიმართულებით – მეტი თავისუფლება სკოლას და იმედია, ამ თავისუფლებას ისინი მოსწავლეთა სასარგებლოდ გამოიყენებენ.
ესაუბრა ლალი ჯელაძე